რა არის ნინო ლიკუჩოვას სუსტი წერტილი და როგორ იქცევა ის საკუთარი სიამოვნებისთვის
„მის საქართველო“ ნინო ლიკუჩოვა, რომელიც მშვენიერი გარეგნობითა და არაჩვეულებრივი ხასიათით გამოირჩევა, გარეგნობაზე ზრუნვას ყოველთვის მნიშვნელოვან დროს უთმობს და ცდილობს, მუდამ ფორმაში იყოს.
ნინო: ყოველთვის ვცდილობ, ფორმაში ვიყო. მართალია, დრო ყოველთვის ნაკლები მაქვს, მაგრამ, თავს მაინც არაფერს ვაკლებ. დედა დამცინის ხოლმე, მთელ შენს დროს საკუთარ გარეგნობას უთმობო. ყოველდღიურ რუტინაში თავს გაცილებით კომფორტულად მაშინ ვგრძნობ, როცა ჩემთვის სასიამოვნო ფორმაში ვარ. ქალი ყოველთვის საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა იპრანჭებოდეს. ყველაზე დიდ მნიშვნელობას თმის მოვლას ვანიჭებ, ამიტომაც მესიზმრება ჩემი პარიკმახერი ძალიან ხშირად.
– როგორ უვლი სახის კანს? კრემებს, ნიღბებს თუ ხმარობ, თუ დადიხარ კოსმეტოლოგთან?
– სახის კანი ნაკლებად პრობლემური მაქვს, ასე რომ, ვცდილობ, კრემებს არ მივაჩვიო, არც მჭირდება. კოსმეტოლოგთანაც იშვიათად დავდივარ. ასაკის მატებასთან ერთად, ალბათ, მოვუხშირებ მასთან სიარულს. ძირითადად ვხმარობ „ეისენბერგისის“ ხაზის სახის კანის საწმენდ საშუალებას და სხვადასხვა მკვებავ კრემებს, რელაქსაციის ეფექტით. მიმაჩნია, რომ ზეითუნის ზეთი კანს ძალიან კარგად კვებავს და უხდება. მთელი დღის დაღლილობა სახის კანისთვის დიდი სტრესია, მაშინვე აისახება მასზე. შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობ, მოვიხსნა ეს დისკომფორტი, დაღლილობა. ნიღბებს რაც შეეხება, კანის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ ამის საჭიროება არის, აუცილებლად ვიკეთებ.
– როგორ უვლი თმას?
– თმას ჩემი პარიკმახერის ჯადოსნური ხელები უვლის. თუ გიო დამესიზმრა, ესე იგი, დროა, მასთან მივიდე. ხშირად ვიღებავ, შესაბამისად, სახლში, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე ნიღბებს ვიდებ თმაზე. მიმაჩნია, რომ ქალს თმა ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონდეს. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. გრძელი თმა ყოველთვის ძალიან ეფექტურია, მაგრამ ჯანსაღად უნდა გამოიყურებოდეს.
– იოლად ირუჯები თუ იწვები ხოლმე მზის აბაზანების მიღებისას?
– ძალიან იოლად ვირუჯები და არასდროს დავმწვარვარ. სამწუხაროდ, წელს სულ სამჯერ მოვახერხე ზღვაზე გასვლა, ამიტომაც დავდივარ ფიფქიასავით. არადა, ძალიან მიყვარს, როდესაც მუქი ფერის კანი მაქვს. იმედია, ჯერ კიდევ მოვასწრებ გარუჯვას.
– როგორ ფიქრობ, არ არის აუცილებელი, ქალმა იზრუნოს საკუთარ სხეულზე?
– „მის საქართველოს“ მოსამზადებელ პერიოდში იმდენი გვავარჯიშეს, რომ დღემდე მყოფნის. სამაგიეროდ, ბოდი-ლოსიონებისა და დუშ-გელების კოლექცია მაქვს, ხშირად ვიტარებ სურნელოვან თერაპიას, რაც ჩემს განწყობაზე კარგად მოქმედებს. იდეალური სხეული არ არსებობს, ამიტომ ქალმა უნდა იცოდეს, სხეულს სწორად როგორ მოუაროს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ტანსაცმლის სწორად შერჩევაც. ქალმა ყოველთვის უნდა წარმოაჩინოს სხეულის საუკეთესო მხარე.
– გიყვარს მასაჟები?
– მასაჟებს არ ვიკეთებ, საშინლად არ მსიამოვნებს, ვერ ვუძლებ. რამდენჯერაც მქონდა მასაჟის გაკეთების მცდელობა, იმდენჯერვე შუა გზაში კრახით დასრულდა – კანი გამიღიზიანდა, ალბათ, ზედმეტად ნაზი ვარ.
– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?
– სუნამო ჩემი სუსტი წერტილია. აქაც მრავალფეროვნება მიყვარს, ხასიათის მიხედვით ვისხამ სუნამოს. ძალიან მიყვარს „ქელვინ კლაინის“ „ეიფორია“ და „ნინა რიჩის“ „ნინა“.
– სუნამოს სურნელით თუ იმახსოვრებ ცხოვრებისეულ მომენტებს და ადამიანებს?
– როგორ არა. ჩემი ერთ-ერთი ლექტორი სუნამოს სურნელით დავიმახსოვრე. ახლა, სადაც არ უნდა იყოს, საკმაოდ დიდ დისტანციაზე ვცნობ. შესაბამისად, ადამიანებს ძალიან იოლად ვიმახსოვრებ სუნამოს სურნელით, სიტუაციებს – ნაკლებად.
– როგორ ფიქრობ, მამაკაცი არ უნდა უვლიდეს თავს, არ უნდა ვარჯიშობდეს? სახის კანი, თმა ხომ უნდა ჰქონდეს წესრიგში?
– ცხადია, უნდა უვლიდეს თავს, ოღონდ, ზომიერების ფარგლებში, თორემ, ნარცისიზმში გადაეზრდება. ზემოთ ვახსენე, ჩემი ერთი ლექტორი სუნამოს სურნელით დამამახსოვრდა-მეთქი, ალბათ, იმიტომ, რომ ბატონი მირიანი ყოველთვის უვლის თავს და, შესაბამისად, საკმაოდ სასიამოვნოდ გამოიყურება. რაც მთავარია, ფრჩხილები ყოველთვის წესრიგში აქვს, ასე უნდა იქცეოდეს ყველა მამაკაცი.
– აქცევ მამაკაცის სუანამოს ყურადღებას?
– დიახ, მამაკაცის სუნამოს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ, შესაბამისად, ჰენრის მე ვურჩევ სუნამოებს. ძალიან მიყვარს „დოლჩე და გაბანას“ და „ვერსაჩეს“ მამაკაცის სუნამოები, ძალიან სასიამოვნო სურნელი აქვს.
– როდესაც ქალს გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს, ეს ხომ დიდი სტიმულია მისთვის?
– რა თქმა უნდა. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც საყვარელი მამაკაცი აღფრთოვანებული გიყურებს. ეს დიდი სტიმულია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ქალი საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა იპრანჭებოდეს. ასე გაცილებით მეტად დააფასებს საკუთარ თავს.
რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, საკუთარი თავი, გარეგნობა, ყოველთვის სათანადოდ დააფასოს და სასიამოვნო გარემო შეიქმნას. ასე გაცილებით მიმზიდველი იქნება და სხვასაც გადასცემს დადებით მუხტს. მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს, მოუარონ და ეს ყოველთვის დადებითად აისახება მათ სახეზე, გარეგნობაზე.
ნათია უტიაშვილი