ფეხშეწმენდილები
უკან – პროფისაკენ!
საჯარო სკოლებში არათუ გამოსაშვები გამოცდებიც აღდგება, პროფესიული სასწავლებლებიც აღორძინდება (როგორც მაშინ, როდესაც თბილისის თავზე ნამგალუროიანი წითელი დროშა ფრიალებდა), ბუნებრივია, მათთვის, ვისაც გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება ან არ უნდა, ან არ შეუძლია, ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფული არ აქვს. მართალია, მოსწავლეებმა ჯერჯერობით არ იციან, პროფესიული სასწავლებლები იჭმევა თუ ისმევა, მაგრამ, ზემოდან გვარწმუნებენ, რომ ბარმენის, მზარეულისა და სასტუმრო-რესტორნის მენეჯერის პროფესია მოდურია, მეტიც, მათ დასაუფლებლად იმდენად დიდი კონკურსია, რომ პროფესიული სასწავლებლები არ გვყოფნის. ჰოდა, რაკი არ გვყოფნის, განათლების მინისტრი გვპირდება, რომ ამ ხარვეზს უმოკლეს დროში გამოასწორებს. ბუნებრივია, პროფესიონალიზმის თვალსაზრისით პროფესიულ განათლებაშიც მოვიკოჭლებთ, ამიტომაც პროფესიული სწავლება მართლაც მისწრებაა. ისიც არანაკლებ ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ბარმენის, მზარეულისა და სასტუმრო-რესტორნის მენეჯერების გაწვრთნა-გამოყვანას ეთმობა, რადგან არავისთვისაა სიახლე, რომ ჩვენი ხელისუფლების ოცნება საქართველოს ერთ დიდ ტურისტულ ქვეყნად გადაქცევაა, ამ დიდ ტურისტულ სამყაროში კი მოსახლეობისთვის მომსახურე პერსონალის როლი ზედგამოჭრილია. შესაბამისად, ჩვენი პატიოსანი გვამების პირით, ბარმენი და მზარეული (ოღონდ შეფ-მზარეულს ევროპიდან გვაახლებენ) ყველაზე „მოთხოვნადი“ და „დასაქმებადი“ პროფესიებიაო, სწორედაც რომ, ჭეშმარიტება ღაღადებს. ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ყველა, ვისაც არ ეზარება, ამ ჩვენს ქვეყანაზე იწმენდს ნამუსს (გნებავთ, ფეხებს), ზემოჩამოთვლილ „მოთხოვნადებს“ მწმენდავები აკლია.