„ადესა“ და „იზაბელა“
იგინივე, ანუ მებაჟე და მეპორტალე
მართალია, გასულ კვირას რკინისქალამნიანი ფინანსთა მინისტრი ბაზრობებს ლაშქრავდა და წვრილ მეწარმეებს მძიმე ყოფას უმსუბუქებდა, მაგრამ მის ფინანსურ გულში ადგილი მსხვილებსა და საშუალოებსაც ერგოთ. ეს ნოვაცია ჯერჯერობით საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ საერთო მაუწყებლებმა უკვე გვამცნეს, რომ ქვეყნის ფინანსურ ცხოვრებაში ახალი რევოლუციური საგადასახადო ცვლილებები იგეგმება, პირობითი სახელწოდებით: „მეწარმეები ზედმეტი გადასახადებისგან თავისუფლდებიანო!“ (არადა, წინასაარჩევნოდ, ეს იგივეა, მგელს კრავი მიაბარო). ყველაზე შთაგონებით ეს სიახლე მაინც „იმედმა“ გააშუქა (უნდა ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტ ლელა წიკლაურის ხმა ლევიტანისას არაფრით ჩამოუვარდება). სწორედ მისი მჭექარე და ოდნავ მოგუდული ხმით შევიტყვეთ, რომ ეს იმავე დონის რეფორმაა, როგორიც საბჭოთა „გაის“ დასავლური პატრულით შეცვლა! ნოვაციის შინაარსი კი შემდეგნაირია: საგადასახადო და საბაჟო კოდექსები ერთ კოდექსად გაერთიანდება, საბაჟოს – პორტალი დაერქმევა, მებაჟეს – პორტალის ოფიცერი, საბაჟო-გამშვებ პუნქტს კი – ეკონომიკური საზღვარი (დაახლოებით, ასე: ზოგისთვის „ადესაა“, ზოგისთვის – „იზაბელა“). რთული სათქმელია, როგორ დაიცავენ პორტალის ოფიცრები ეკონომიკურ საზღვარს (რთული, თუ სამხედრო ოფიცრების მიერ იურიდიული საზღვრის დაცვის მწარე ისტორიას გავიხსენებთ), თუმცა გვაიმედებენ, რომ ეს რევოლუციური ცვლილებები ქვეყანაში ინვესტიციების ოკეანეს დააყენებს, ჰოდა, სანამ ოკუპაციაა (და ინვესტიციებსაც ველოდებით), ხომ უნდა შევიქციოთ თავი რაიმეთი?!