ის თავისუფალია
როგორც იქნა, მოხდა სასწაული და შენი ოცნების რაინდს შეხვდი – მამაკაცს, რომელიც კეთილიც არის, ჭკვიანიც, ყურადღებიანიც, თბილიც, ალერსიანიც... მაგრამ ერთი ნაკლი აქვს – განქორწინებულია. თუმცა, იქნებ, ეს პირიქით, პლუსია? მაშ, მოდი, დავფიქრდეთ.
სტატისტიკის მიხედვით, მთელ მსოფლიოში 100 შექმნილი ოჯახიდან 70 ინგრევა. ჩვენს ქვეყანაში რომ უკეთესად არ იქნება საქმე, ალბათ, ხვდებით. ამიტომაც, განქორწინებული მამაკაცი უფრო ადვილი საპოვნელია, ვიდრე დაუქორწინებელი. რატომღაც, ბევრ ქალს აშინებს ის ამბავი, რომ მისი მომავალი მეუღლე ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული. ისინი ფიქრობენ, რომ მათი ურთიერთობაც კრახით დასრულდება. მაგრამ გარანტიები ხომ მაშინაც არ არსებობს, როცა მამაკაცს ცოლი არასოდეს ჰყოლია?! ასე რომ, თუკი კითხვის ნიშანი მხოლოდ მის წარსულშია, ნუ შეიქმნით პრობლემას, რომელიც არ არსებობს. უბრალოდ, გახსოვდეთ, რა არ სჭირდება განქორწინებულ მამაკაცს თქვენგან.
* უპირველესად – თანაგრძნობა, რადგან ცოლს გაშორდა, გგონიათ, რომ დამშვიდება სჭირდება?! – ეს საკმაოდ წამგებიანი ვარიანტია: ან მიგატოვებთ, როცა დეპრესიიდან გამოვა, ან მუდმივად „მაშველ რგოლად“ ეყოლებით.
* ნუ ეცდებით მის გადარჩენას ნურაფრისგან. კაცია და თვითონ გაართვას პრობლემებს თავი. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მისი ყოფილი ცოლი ურჩხული იყო, რომელმაც საწყალი, საყვარელი ბიჭი დაჩაგრა. ისიც გახსოვდეთ, რომ ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია.
* არ დაინტერესდეთ ცოლთან მისი განშორების მიზეზით, ყოველ შემთხვევაში, არ გაარკვიოთ ეს მასთან. არ არის საჭირო, სულში უფათუროთ ხელი. ყოფილ ცოლზე ზედმეტი შეკითხვებითაც, ნუ შეაწუხებთ. თუკი უნდა, რომ თავისი განქორწინება წარსულში დატოვოს, რატომღა ცდილობთ, ის ისევ რეალობაში გადმოუტანოთ? თქვენთვის ხომ მთავარი აწმყო და მომავალია. დატოვეთ წარსული წარსულში.
* ნუ იქნებით მისი დედა. ნუ ეცდებით ამას. არ გეგონოთ, რომ მამაკაცებს „დედიკოები“ სჭირდებათ ცოლებად. არავითარ შემთხვევაში! თუ სჭირდებათ – მხოლოდ, ისეთებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. გჭირდებათ ასეთი მამაკაცი?!