კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს ფიქრისა და ნერვიულობისთვის დრო და რატომ ეძებს პრობლემის მიზეზს ია კიწმარიშვილი საკუთარ თავში


როგორც ყოველთვის, წელსაც, სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ ხელმძღვანელი, ია კიწმარიშვილი ქართველებს ახალი პროექტებით გაგვანებივრებს. ერთ-ერთია პროფესიული სამოდელო კონკურსი „ნიუ ფეის მოდელ სერჩ“ – მამაკაცებისთვის და წელს პირველად მიიღებს საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას კონკურსზე „მისტერ მსოფლიო“, ტოპ-ხუთეულს კი, საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობა ელოდება.


– წარმატებული იყო გასული წელი თქვენთვის?

– ზოგადად რთული წელი გამოვიდა, რადგან აგვისტოს მოვლენების მომდევნო წელი იყო და გლობალური კრიზისი ჩვენზეც აისახა, თუმცა, არ გავჩერებულვართ, ყველა პროექტი ჩავატარეთ, წლის დასაწყისში ახალი პროექტი დავიწყეთ და, ფაქტობრივად, შედეგების შესაჯამებლადაც კი ვერ მოვიცალეთ. პრობლემების გარეშე არაფერი ხდება, მთავარია, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, შედეგები კი საზოგადოებამ შეაფასოს.

– პირად ცხოვრებაში როგორი იყო 2009 წელი?

– პირად ცხოვრებას არ ვუჩივი, იქ ყველაფერი შედარებით მშვიდად მიმდინარეობს, ყველა თავისი საქმით არის დაკავებული. უფროსი შვილი, ლუკა, კოლეჯში სწავლისთვის ემზადება. მომდევნო წელს ამ მხრივ სერიოზული განცდები გვექნება, წელს კი ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. დანარჩენ საკითხებში შედარებით მშვიდი და სტაბილური ვითარებაა.

– ალბათ, პირადი ცხოვრება რომ არ გქონდეთ მშვიდი და სტაბილური, ეს ცუდად იმოქმედებდა და აისახებოდა თქვენს საქმიანობაზე.

– რა თქმა უნდა! თავისთავად, რაც უფრო სტაბილური სიტუაციაა ოჯახში, მით უფრო მეტი საშუალება აქვს ქალს იმისთვის, რომ საქმეს მიხედოს, მეტი დრო დაუთმოს მას. შესაბამისად, როდესაც ოჯახში ნაკლებად გიქმნიან პრობლემას ნებისმიერ საკითხზე, შენც ნაკლები გაქვს საზრუნავი და ეს ერთგვარი ხელშეწყობაა.

– როგორ ცდილობთ პირად ცხოვრებაში, ოჯახში შექმნილი, პრობლემების მოგვარებას?

– როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმეში, ვცდილობ, პრობლემაზე არ შევჩერდე. როგორც კი რამე სირთულე შეიქმნება, ნერვიულობას არ ვიწყებ და ვცდილობ მისი გადასალახავი გზების მოძიებას, რაც მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად გადავჭრა ნებისმიერი პრობლემა, საკითხი და გადავიდე შემდეგ ეტაპზე. ანუ, ვცდილობ, ნაკლები დრო დავუთმო ნერვიულობას, თვითგვემას. რაც მთავარია, სხვაში არასდროს ვეძებ მიზეზს. თუ რაღაც ხდება, იქ გარკვეული პროცენტი ჩემი დანაშაულიც არის, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ვეძებ პრობლემას და ვცდილობ, გავარკვიო რისი გამოსწორება შემიძლია – ასეთი მიდგომით უფრო იოლად გვარდება ყველაფერი. ვეძებ გამოსავალს, ვიღებ გადაწყვეტილებას და მივდივარ წინ, არ ვჩერდები. თანაც, რაღაც დიდი პრობლემა ნამდვილად არ მახსენდება, უბრალოდ, საქმეში უფრო მეტი პრობლემები მაქვს, ვიდრე პირად ცხოვრებაში.

– თქვენი მეუღლეც თქვენსავთ ეძებს საკუთარ თავში ამა თუ იმ პრობლემის მიზეზს?

– შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით განსხვავებულები ვართ. ალბათ, გამიჭირდება იმის თქმა, ის როგორია. ეროსიც მსუბუქად, მშვიდად უყურებს პრობლემებს და, ამ თვალსაზრისით, ალბათ, ვგავართ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, როგორც ჩემი, ასევე ეროსის სპორტული ცხოვრების დამსახურებაა. ეროსი მთამსვლელი იყო და მთაში რომ პრობლემა წამოგეჭრება, ფიქრისა და ნერვიულობისთვის ნამდვილად აღარ გაქვს დრო, უნდა მიიღო სწრაფი გადაწყვეტილება და უნდა იმოქმედო. მეც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება მაქვს და, პრინციპში, ამ საკითხს ერთნაირად ვუდგებით.

– ადამიანებს ხშირად უყვართ საკუთარი პრობლემების სხვებისთვის თავს მოხვევა, აფიშირება, რომ რაღაც არ აქვთ კარგად...

– მე სხვანაირად ვარ აღზრდილი. ძალიან მკაცრი მშობლები მყავდა და არასდროს მქონია იმის ფუფუნება, რომ თავი შემეცოდებინა ვინმესთვის, ან, ვიღაცას ეთქვა – ჰო, შენი ჭირიმე, მე დაგეხმარებიო. ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ, რომ ჩემს საქმეს მე უნდა მივხედო, ჩემი პრობლემა თავად უნდა გადავჭრა. მიყვარს, როდესაც ადამიანები ჩემთან კომფორტულად გრძნობენ თავს და მეც ვცდილობ კომფორტული გარემო შევუქმნა მათ, ასეთ შემთხვევაში მეც მიიოლდება მათთან ურთიერთობა. ალბათ, რბილი ხასიათი მაქვს და ეს მეხმარება.

– მაგრამ, თქვენც ხომ გჭირდებათ, რომ შეგიქმნან კომფორტი?

– თუ საპასუხო რეაქცია, ემოციები მოდის ადამიანისგან, ჩვენი ურთიერთობა ხანგრძლივია, მაგრამ, თუ ეს მხოლოდ ცალმხრივია და მხოლოდ მე მიწევს სხვისთვის კომფორტის შექმნა, როგორც წესი, ეს ურთიერთობა მალე მთავრდება. სახლში ბავშვებიც, მეც და ეროსიც, ვცდილობთ ერთმანეთს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და ნაკლებად ვანერვიულოთ ერთმანეთი. ანუ, „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“ – ჩვენი ოჯახის დევიზია.

– როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?

– გადასარევად. ჯანსაღი კრიტიკის მიმართ მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი დამოკიდებულება, არ მიყვარს შეურაცხყოფა, ამ დროს ყველაფერი მთავრდება, ინტერესს ვკარგავ იმ მხარის მიმართ, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს. კრიტიკას ყოველთვის ვიღებ და ყოველთვის მაქვს ჩემი ახსნა, ხარვეზს ყოველთვის ვაღიარებ, მაგრამ, თუ ვერ შევამჩნევ, მაშინ ვიღებ კრიტიკას და ვცდილობ, შემდეგისთვის გავითვალისწინო და აღარ გავიმეორო – რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ სრულყოფილი გახადო შენი საქმიანობა და თავად გახდე სრულყოფილი.

– მახსოვს, რომ ერთ-ერთ გაზეთში თქვენს გემოვნებაზე, ჩაცმულობაზე აკეთებდნენ აქცენტს, გაკრიტიკებდნენ.

– ერთ-ერთ გაზეთში ისიც ეწერა, რომ მე ორ ქასთინგზე ერთი და იგივე ფეხსაცმელი მეცვა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავას, რომ მე ფეხსაცმელები არ მაქვს. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ერთგული ადამიანი ვარ და, თუ ვიღაც ან რაღაც მიყვარს, ესე იგი, ბოლომდე მიყვარს. რაც შეეხება კრიტიკას ჩაცმულობის მიმართ, გააჩნია, ამას ვინ გეტყვის და სად. ახლა, „ოსკარების“ დაჯილდოებაზე, ცნობილი, წარმატებული, ნომერ პირველი ქალების გვერდით რომ დამაყენონ და გამაკრიტიკონ, რომ მათ უფრო კარგად აცვიათ, ვიდრე მე, ამ კრიტიკას ძალიან ჯანსაღად მივიღებ, რადგან ასეთი გამოცდილება ნაკლებად მაქვს. თუმცა, უცხოეთში ვყოფილვარ ძალიან ცნობილ, მაღალი დონის წვეულებებზე, მეჯლისებზე და იქ არ მქონია პრობლემა – გავუჩერებივარ და კომპლიმენტები უთქვამთ აბსოლუტურად უცნობ ადამიანებს და ყოველთვის დეტალურად მეკითხებოდნენ, ვინ ვარ, საიდან ვარ... ყოველთვის ვიღაც განსაკუთრებული სტუმარი ვგონივარ ხოლმე, მაგრამ საქართველოში პოზიტიურისა და დადებითის თქმა უჭირთ და არც ველოდები ვინმესგან დადებით შეფასებას, მთავარია, მე თვითონ მომწონს ის, რაც მაცვია, როგორც მაცვია და ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი გემოვნებით.

– ნათელი ფერებიც გიყვართ?

– ძალიან, მიყვარს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი საპატრიარქოში, სადაც ჩატარდა ნაციონალური კოსტიუმების ფესტივალის პრეზენტაცია და, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პატრიარქმა ბრძანა, ეცადეთ, რაც შეიძლება ნათელი ფერები გამოიყენოთ თქვენს ჩაცმულობაშიო. კიდევ ძალიან გამიხარდა, როდესაც მან აღნიშნა, სილამაზე გადაარჩენს მთელ სამყაროსო. პატრიარქი ძალიან სწორად და თანამედროვედ აფასებს ყველაფერს, რაც კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევს და, იმედი მაქვს, რომ საქართველოში ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ შეიცვლება, შეეცდებიან ამა თუ იმ სფეროს განვითარებას და ქვეყანაში ნათელი ფერების შემოტანას.

– დაბოლოს, მაინტერესებს, სად ყიდულობთ სამოსს?

– როდესაც უცხოეთში ვარ, ვცდილობ, იქ შევიძინო ტანსაცმელი, თუმცა, ბოლო დროს ქართველი დიზაინერების მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა. მქონდა შესაძლებლობა, შემეძინა სამოსი ირაკლი ნასიძის კოლექციიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე, ვნახე ავთანდილის ძალიან ლამაზი კოლექცია, მისი კაბებით აღფრთოვანებული დავრჩი და სიამოვნებით შევიძენდი რომელიმეს.


скачать dle 11.3