ვის „გადაადებინეს“ ქორწილი თიკა ფაცაციამ და ვანიკო თარხნიშვილმა და სად იქცევიან ისინი არასტანდარტულად
ეს მხიარული, ყველასგან განსხვავებული და საინტერესო წყვილი, როგორც ვიზუალურად, ისე ნებისმიერი სხვა გაგებით, დღეიდან ახალ სატელევიზიო შოუს – „ნიჭიერი“, წაიყვანს. სხვა ქვეყნის ანალოგებს თუ ავიღებთ, პროექტი საოცარი წარმატებით მიმდინარეობს და მსგავსი ტიპის შოუში მოპოვებული პოპულარობით, მაგალითად, სუზან ბოილი, საკუთარ ალბომებს მილიონობით ყიდის. თიკა ფაცაცია და ვანიკო თარხნიშვილიც ეცდებიან მონაწილეებს ასეთი წარმატებისკენ გაუკვალონ გზა, პარალელურად კი, საკუთარ თავშიც აღმოაჩინონ ახალი „ნიჭიერებები“.
თიკა ფაცაცია: უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაცემის წამყვანთა შესარჩევ ტურზე პირველი წყვილი სწორედ მე და ვანიკო ვიყავით. შემდეგ უკვე რა წყალმა ჩაიარა, ვინ იყო, რა იყო, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ საბოლოოდ, ისევ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ისეთი ფურორი მოვახდინეთ!
ვანიკო თარხნიშვილი: მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა, თუმცა შემდეგ პროდიუსერებმა, საკუთარ გადაწყვეტილებაში რომ დარწმუნებულიყვნენ, მაინც გასინჯეს სხვა ადამიანებიც და საბოლოოდ, არჩევანი მაინც ჩვენზე შეჩერდა.
თიკა: მოკლედ, ასე აგვირჩიეს ჩვენ, ჩვენი სიხალისის და სილაღის გამო. (იცინიან) არაჩვეულებრივი წამყვანები ვიქნებით, ამ სიტყვის არატრადიციული გაგებით. ანუ, არ ვიქნებით სტანდარტულები, ჩარჩოებში ჩასმული, კონკრეტული ტექსტით, რომლის გადახვევაც არ შეიძლება. არანაირი ტექსტი არ იქნება, ჩვენი საუბარი მხოლოდ ემოციებსა და იმპროვიზაციებზე იქნება აგებული.
ვანიკო: წაყვანის ასეთი სტილი ჩემთვის საინტერესოა. წამყვანობაზე ფიქრი ყოველთვის მიჭირდა, ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი ამ ამპლუაში, თუმცა პროექტმა ისე დამაინტერესა, რომ ვცადე. რადიკალურად განსხვავდება იმ სტილისგან, რომელიც მინახავს და რაც ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იქნებოდა. ასე, მართლა ვერ წავიყვანდი. რაც მინახავს იმ ტიპის კონფერანსიეობისგან, მართლა განსხვავდება. წამიც არ გექნებათ მოსაწყენად, გარწმუნებთ.
თიკა: უამრავი ადამიანი აღმოაჩენს, რომ იმ რაღაცეების გაკეთება, რომელსაც გადაცემაში ნახავს, თავადაც შეუძლია და ბევრს სინანულის გრძნობაც გაუჩნდება, რატომ არ სცადა ბედი. რომ მცოდნოდა ბავშვს მოვიყვანდი; მოვიდოდი, ამას ხომ მეც გავაკეთებდი – ეს ფრაზები უკვე მესმის.
– რას ვნახავთ?
– დაწყებული ცხოველების არაჩვეულებრივი ქცევით, დამთავრებული ადამიანების ზეარაჩვეულებრივი ქმედებით. მომღერალ და მოცეკვავე ადამიანებს რომ ნახავთ, ეს გარდაუვალია, რადგან ყველაზე მეტად თუ რამეში ნიჭიერები ვართ, ეს სიმღერა და ცეკვაა.
ვანიკო: არიან „ფოკუსნიკები“, მოხტუნავეები – ადამიანები, რომლებიც თავით სადღაც ხტებიან; „პარკურისტებიც“ – თანამედროვე ქართველი „სპაიდერმენები“, რომლებიც საოცარ რაღაცეებს აკეთებენ.
– სხვათა შორის, ჩვენს ჟურნალში დაიწერა ბიჭზე, რომელიც პირით და ცხვირით სათბურას ხეთქავდა.
– იმ ბიჭზე ამ წუთსაც იწერება თქვენს ჟურნალში. (იცინიან) სათბურას, რომ პირით ხეთქავს, ის ბიჭი მე ვარ.
თიკა: ვანიკომ იმდენი განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში, რომ უკვე დაბნეული ვარ. ყველაფერზე როგორი მომენტი სჭირდა, იცი?! ამას ხომ მეც გავაკეთებ. იმედია, ამას მაყურებელი ნახავს.
– ანუ, თქვენც აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ახალი „ნიჭები“.
– ამ ყველაფერს რომ უყურებ, იმდენად აზარტულია და იმდენად გადამდები, რომ სულ ფიქრობ, – „აუ მეც ვცდი“.
ვანიკო: თვითონაც ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც „გრელკა“ შემომეხეთქა. (იცინიან) კიდევ ბევრი რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ ყველაფერს ხომ არ მოვყვებით?! ასეთი რაღაცეები ხდება საქართველოში.
თიკა: გარდა ამისა, კიდევ იქნებიან ტიპები, „როლიკებით“ წარმოუდგენლად სარისკო ილეთებს რომ აკეთებენ.
ვანიკო: ძალოსნები და ელასტიკური ადამიანები გვყავს თურმე, უზომოდ ბევრი – ფეხის ხელში გამოძვრენა, შემდეგ თავიდან გადმოტარება, ხელის დაგრეხვა და ასეთ სიგიჟეებს რომ აკეთებენ. ჩვენთან ყოველი მეორე ელასტიკური ყოფილა.
თიკა: გვყავდა გიგანტური ზომის კურდღლები, მოცეკვავე ძაღლები. გვქონდა ბევრი, ბევრი საინტერესო ამბავი.
ვანიკო: ჩვეულებრივი, კარგი და კეთილი ადამიანები ვიქნებით, აბსოლუტურად არაოფიციალურები. ანუ, გადაცემის პირველი ეტაპია ნიჭიერების შერჩევა იმ ხუთი ათასი ადამიანიდან, რომელსაც უნდოდა შოუს გამარჯვებული გამხდარიყო. შემდეგ უკვე წავა მეორე ეტაპი, ლაივ კონცერტები, რომელიც საბოლოოდ, გამოავლენს გამარჯვებულს. საინტერესონი იყვნენ ისინიც, რომლებიც ქასთინგებზე მოდიოდნენ. ყველას თავისი ისტორია ჰქონდა – განსაკუთრებული, ინდივიდუალური და ძალიან საინტერესო. ბევრი პირადი ისტორიაა.
თიკა: მაგალითად, ადამიანი იყო მოსული, რომელსაც საერთოდ არ ჰყავდა ნანახი ოჯახის წევრები და უნდოდა, აქედან დანახვებოდა, ხელი დაექნია და ეთქვა, რომ კარგად არის.
ვანიკო: ვიღაცას უნდოდა, ერთხელ მაინც ემღერა ოპერის სცენაზე, შემდეგ მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს პროექტი მისთვის გაგრძელდებოდა თუ არა. იყო წყვილი, რომელმაც ქორწილი გადადო და თუ ქასთინგებზე გაიმარჯვებდნენ, მეორე ტურში გადავიდოდნენ და საბოლოოდაც მიაღწევდნენ გამარჯვებას, მერე დაქორწინდებოდნენ. იმის თქმა მინდა, რომ ამ პროექტთან ერთად, ბევრი ადამიანის ცხოვრებაც იცვლება.
– ყველაზე მეტად რამ გაგაოცათ?
– იმდენად სულ შოკირებული და გაოცებული ვიყავით, ისე ხშირად გვქონდა გაოგნებისგან პირი დაღებული, რომ მგონი, უკვე აღარაფერი გვაოცებს. თუმცა, მაინც იყო ერთი-ორი ისეთი შემთხვევა, რომლის გამორჩევაც შეიძლება.
თიკა: ყველაზე დიდი ემოცია ჩემში მაინც ბელგიიდან სპეციალურად ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულმა მაიკლ ჯექსონმა გამოიწვია.
ვანიკო: ამ მონაწილის შემთხვევაში მისი ისტორია იმითაა საინტერესო, თუ რა გავლენა მოახდინა მან წამყვანზე. მონაწილის შემხედვარემ აღმოაჩინა, რომ ჯექსონის საოცარი ფანი ყოფილა.
თიკა: ყოველთვის ვაფასებდი როგორც გენიოსს, მაგრამ ეს ბიჭი რომ დავინახე, იმდენად ჰგავდა მას და ისეთი ემოციები წამოვიდა, მივხვდი, რომ ჯექსონის ყველაზე დიდი ფანი ვარ. (იცინიან).
ვანიკო: სერიოზულად შევშინდი, ისეთი რაღაცეები დაემართა. თავიდან ვიფიქრე, შოუსთვის იქცეოდა ასე, მაგრამ როდესაც მივხვდი, როგორი გულწრფელი ემოციებით ჩავარდა ამ დღეში და გაგიჟდა, მართლა შემეშინდა. ასეთი საოცარი და არაორდინალური პარტნიორი მყავს. (იცინიან).
– ორი აღმოჩენა გავაკეთეთ, ვანიკო „გრელკებს“ ხეთქავს, თიკა – ჯექსონის ფანია. ალბათ, კიდევ ბევრ რაღაცას აღმოვაჩენთ გზადაგზა.
თიკა: რა თქმა უნდა, წეღან გაოცებაზე გვკითხე და კიდევ იცი, რამ გამაოცა ყველაზე მეტად?! არაადეკვატურობამ თუ არაშესაბამისობამ. მოულოდნელი გარეგნობისა და ვიზუალის ადამიანი, უცებ ისე შეუსაბამოდ იმღერებდა ან იცეკვებდა, რომ გაოგნებულები ვუყურებდით. ისეთი ემოცია წამოვიდა, დარბაზიც ისე აჰყვა, რომ ჟრუანტელმა დამიარა და მართლა ამეტირა.
ვანიკო: მოულოდნელობების ეფექტებია საოცარი. გვყავს ძალიან მაგარი ბიჭები, რომლებიც „ბიდბოქსს“ აკეთებენ, ანუ პირით საინტერესო რიტმებს გამოსცემენ და ერთი სიტყვით, დიდი მხიარულებაა.
– ერთმანეთში რა აღმოაჩინეთ ახალი? პროექტამდე თუ იცნობდით ერთმანეთს?
– შორიდან, მხოლოდ გამარჯობით. ამას წინათაც ვლაპარაკობდი, რომ ჩვენი თინიკო ცოტა სხვანაირი მეგონა. შორიდან ვიცნობდი და მას გარკვეული ტიპის ადამიანების რიცხვში ვწერდი. ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით და აღმოვაჩინე, რადიკალურად გასხვავებული და მხიარული ადამიანი, ზუსტად იმ ადამიანების კატეგორიაში აღმოჩნდა, როგორებთანაც ზოგადად ვმეგობრობ. ახლა კი თამამად ვიტყვი, რომ ვმეგობრობთ.
თიკა: ზუსტად იგივე დამოკიდებულება მქონდა ვანიკოს მიმართ, რაღაც უცნაური და სხვანაირი მეგონა. ხომ არის, ადამიანს შორიდან რომ უყურებ, ცოტა გეუცნაურება.
ვანიკო: პანკი გეგონე? (იცინიან).
თიკა: პანკი არა, მაგრამ არც ასეთი თავისუფალი და დადებითი, როგორიც სინამდვილეში ხარ, თურმე – ძალიან თბილი და ყურადღებიანი.
ვანიკო: ფრჩხილებში ჩაწერე, რომ – გაწითლდაო.
– თიკა, შენ იპოვე ენერგიის დახარჯვის წყარო?
თიკა: რა თქმა უნდა. არ მიყვარს ენერგია, რომელიც დაუხარჯავია და კარგია, რომ ის ასეთ კარგ საქმეში იხარჯება.
ვანიკო: ასჯერ მოყოლილს, ერთხელ ნანახი ჯობია. თუ არ ნახავთ, შეგრცხვებათ მეორე დილით, რადგან არ გეცოდინებათ, რაზე საუბრობენ თქვენი ახლობლები.
თიკა: ძალიან ბევრ სხვადასხვა ემოციას გამოიწვევს ეს ყველაფერი თქვენში – გაგიკვირდებათ, გაგეცინებათ, აგეტირებათ, შეგეშინდებათ, შეგიყვარდებათ, მოგეწონებათ და სხვა.