როდის არ ეუბნებოდნენ ნინო ჩხეიძეს გამარჯობას და რისი რცხვენიათ მამაკაცებს მისი თანდასწრებით
მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალ ამპლუაში მოგვევლინა. ის თბილისის ერთ-ერთი ახალგახსნილი მაღაზიის დიასახლისია. როგორც ნინო ამბობს, ორგანიზატორული ნიჭი და სწორი ინტუიცია მის ძირითად საქმიანობას ძალიან ეხმარება და ბიზნესშიც ერთადერთი იმაზე წუხს, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, ჯერჯერობით მხოლოდ „პიერ კარდენის“ მამაკაცის ხაზია და კოლექციის ულამაზეს კოსტიუმებს თავისთვის ვერ იტოვებს.
ნინო ჩხეიძე: ამ ახალ, ჩემთვის ცოტა უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩენა ძალიან მოულოდნელად მოხდა. ბიზნესი ჩემი ოჯახისთვის უცხო არ არის და ყოველთვის მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რასაც სიმღერისთვის თავის დანებების შემდეგ გავაგრძელებდი. სულ ხომ ვერ ვიმღერებ?! რომ მოვხუცდები, საქმე ხომ უნდა ვაკეთო?! თუმცა „პიერ კარდენის” ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა ჩემი იდეა არ იყო. ჩემი ქმარი დაუკავშირდა „პარიზ გრუპს”, რომელიც რამდენიმე მოდის სახლს აერთიანებს და მას მიანდეს თბილისში ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა. ანუ, ჩვენ ვართ „პარიზ გრუპის” ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. მერე ჩემმა ქმარმა მითხრა, თუ შეძლებ და დროს გაანაწილებ, ჩაიბარე ეს საქმეო. მაღაზია მამაკაცებისთვისაა და ამაზე ეტყობა, რომ თავიდანვე მონაწილეობა არ მაქვს მიღებული, თორემ ქალების ტანსაცმლის მაღაზიას გავხსნიდი და ნახევარზე მეტს მე ჩავიცვამდი.
– რატომ? ასე უფრო საინტერესო არ არის?
– ჩემთვის არა. ახალი კოლექცია ჩამოდის და ვერაფერს ვისინჯავ. არ მიხარია ახალი კოლექციის ნახვა (იცინის).
– მყიდველ მამაკაცებს არ უკვირთ, როდესაც მაღაზიაში დიასახლისად ხვდები?
– (იცინის) საშინლად იბნევიან და რატომ, ვერ ვხვდები. მაღაზიაში რომ დამინახავენ, მაშინვე გარბიან, აღარაფერს იზომებენ. ამიტომ, ისინი რომ არ დავაფრთხო, კაბინეტში ვზივარ ხოლმე და კამერით ვუყურებ, რა ხდება მაღაზიაში. არ ვიცი, რატომ რცხვენიათ – მიდიან და ამბობენ, მერე გამოგივლითო. ვაჭრობა კვდება, მაღაზიაში რომ შევდივარ. (იცინის) ერთიანობაში, ჩემს მისვლას თუ არ ჩავთვლით, მაღაზიის მუშაობამ გაამართლა და ალბათ, მეორე მაღაზიასაც გავხსნით. ცოტა ხანში კი შესაძლოა, „პარიზ გრუპის” სხვა ბრენდებიც შემოვიტანოთ. ბოლოს იქამდე მივალ, რომ საქართველოში „შანელსაც” შემოვიტან. ვგიჟდები ამ ბრენდზე და სხვა გამოსავალი არ მრჩება.
– არ გიჭირს საქმის მართვა?
– არა და გეტყვი, რატომ: ეს საქმე ძალიან ჰგავს ჩემს ძირითად საქმიანობას, სიმღერას. აქაც საჭიროა სწორი დაგეგმვა, კადრების სწორად შერჩევა, სწორი გათვლა: რა გაიყიდება, რა – არა, რა მოეწონებათ და რა – არა. შეიძლება, ჩემს საქმეში ბევრი მუდმივი კადრი არ მყავს, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, ვის დააწერინებ სიმღერას, ტექსტს, ვის ანდობ კლიპის გადაღებას და სხვა. უნდა შეგეძლოს წინ გახედვა, კარგი ინტუიცია უნდა გქონდეს და არსებობს კარგი რუსული სიტყვა „სხვატკა”, რაც ბიზნესისთვის აუცილებელია. მომღერლის შემთხვევაში, ამ ყველაფერზე სხვა ადამიანები ზრუნავენ, მაგრამ ჩვენთან, საქართველოში ეს თავად მომღერლის კისერზეა. ამიტომ, ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი. ყოველთვის აუცილებელია, თანამშრომლებთან ბალანსის დაცვა, რომ არც ძალიან მკაცრი იყო და არც პირიქით.
– კარგი უფროსი ხარ?
– სხვათა შორის, საქმეში რთული ვარ. ჩემთან ვინც მუშაობს, ეს ძალიან კარგად იცის. საკუთარი თავის მიმართაც ძალიან მომთხოვნი და კრიტიკული ვარ. შესაბამისად, იგივეს ვთხოვ სხვასაც. არ ვიცი ჩხუბი, წივილ-კივილი, მაგრამ თუ ადამიანი საქმეში არ მომეწონა, მასთან ყველანაირ ურთიერთობას ვწყვეტ. შემიძლია, მაქსიმალურად დავუდგე გვერდში, იქნება ეს ფინანსური საკითხები, გათავისუფლება, დაგვიანება, მაგრამ თუ მისი მხრიდან არ ვიგრძენი, რომ საქმე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანაირი სკანდალების გარეშე ვამთავრებ მასთან ურთიერთობას.
– ანუ, ახერხებ დისტანციის დაცვას?
– კი, თუმცა იმის ხარჯზე არა, რომ ძალიან ვუფროსობ. პირიქით, არასდროს არაფერს ვითხოვ მკაცრი ტონით – ის ზოგადად, საქმიდან, ურთიეთობებიდან გამომდინარე უნდა მიხვდეს, რა არის საჭირო. არ მიყვარს, თუ რაღაცის თქმა მაღალი ტონით მიწევს – ეს გამიკეთე, ის გამიკეთე, ჩემში არ ზის. ჩემს თანამშრომლებთან ძირითადად მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. მაგალითად, მაღაზიაში ჩემი მენეჯერია სოფო გორდაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, ჩემი მეგობარი, რომელიც საოცრად პუნქტუალური და მობილიზებულია. არაფერი ავიწყდება, სულ იღიმება. აბსოლუტურად ვენდობი მას.
– ისეთი სიტუაცია არ არის, რომ დამეგობრების გამო, რაღაც ზღვარი იშლებოდეს და მერე თანამშრომელს ეწყინოს თუ რაღაცას როგორც უფროსი, ისე მოსთხოვ?
– კი, ამ პრობლების წინაშე ხშირად აღმოვჩენილვარ. არის შემთხვევები, როდესაც მეგობარი, ნაცნობი, ან უცნობი მაგრამ ვიღაცის თხოვნით ამყავს სამსახურში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათ არ გაუმართლებიათ. როგორი მომენტია იცი, მათთვის შენიშვნის მიცემა გეუხერხულება, ოდნავი კრიტიკაც კი საწყენია. ჩემზე ჭკვიანმა და გამოცდილმა ადამიანებმა თქვეს, რომ თუ გინდა, საქმე წარმატებული იყოს, კადრები პროფესიონალებისგან უნდა დააკომპლექტო და არა ახლობლებისგანო. დავრწმუნდი, რომ ეს მართლაც ასეა. რა თქმა უნდა, გამოსწორება ყველაფრის შეიძლება და ამით დანაშაული არ მომხდარა, მაგრამ მაინც არასასიამოვნოა. საქმეში, მკაცრი კი არა, უფრო პირდაპირი ვარ. არ ვიცი უკან დახევა, პირდაპირ ვამბობ ყველაფერს. როგორც მე ვცდილობ, რომ თანამშრომელს სამსახურში მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა, მანაც ასევე უნდა გამიკეთოს საქმე. თუ შენიშვნამ არ უშველა, მას აუცილებლად გამოსაცდელ ვადას მივცემ.
– შენმა მეუღლემ ეს საქმე აბსოლუტურად მოგანდო, თუ მაინც არის კონტროლის მომენტები?
– კონტროლი არ დაუწესებია, მაგრამ საქმეს ერთგვარად მაინც ზედამხედველობს. ამ მაღაზიასთან დაკავშირებით ბევრი რამ მანდო – იგივე კადრების საკითხი, გამყიდველი გოგონებიც მე შევარჩიე, მაგრამ, საქმეში არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებს შეცდომას. იგივე შემიძლია, ვთქვა ჩემს სიმღერაზე. შეიძლება, ოცი ძალიან მაგარი გამოსვლა გქონდეს და არაფერი თქვას, მაგრამ ერთი იყოს – ისე რა, საშუალო გამოსვლა და არ შეგარჩენს, გატირებს, იმ ზომამდე მიგიყვანს. როგორ მოგეჭრა თავი, როგორ გადაგიბრუნდა ფეხი, ეს რა მოგივიდა?! – არ გაგახარებს. ერთი მხრივ ეს კარგია, რადგან სულ მობილიზებული ხარ, სულ ცდილობ, ყველა ნიუანსი სრულყოფილად გააკეთო.
– ყველა საქმეში, რომელსაც იწყებ წარმატებას აღწევ, ამას რას მიაწერ?
– ძალიან ბევრი რაღაც დამოკიდებულია გამართლებაზე. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრია ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც ვერ ამჩნევენ. თუმცა, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული შრომისმოყვარეობაზეც. თავს არ ვიქებ, მაგრამ რაღაცეები, რაც გარედან მარტივად ჩანს, სინამდვილეში ბევრ დროსა და ენერგიასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, არ მაშინებს ეს წარმატება. ზოგი ამბობს, ისე კარგად არის ყველაფერი, მეშინია რამე ცუდი არ მოხდესო. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი ისეა გაწელილი დროში, რომ უცებ მოსული წარმატება ნამდვილად არ მქონია. იგივე ჩემი საქმე ავიღოთ. არ არსებობს სიმღერის ჩაწერა ძალიან არ გაიწელოს, რაღაც პრობლემები არ გაჩნდეს, ბევრი სარბენი და სამუშაო არ გქონდეს. შეიძლება, ოცი სიმღერა ჩავწერო, მაგრამ ამ ოციდან მხოლოდ ერთი გახდეს პოპულარული და საყვარელი. არადა, ყველას ერთნაირად სჭირდება შრომა, თანხა, დრო, ნერვები. ძალიან ბევრს ვმუშაობ და ამ ნამუშევრებიდან ბევრია წარუმატებელი. შესაბამისად, ტკბობის მომენტი არასდროს მაქვს.
– პირად ცხოვრებას რამდენად უთავსებ ამ ყველაფერს, დრო გყოფნის?
– ახალი წლის დღეებში მქონდა საშინელი გრაფიკი, ხუთი წუთით ვერ ვიცლიდი ვერაფრისთვის, ვერ ვახერხებდი ქმართან და მეგობრებთან ერთად ყოფნას. ბოლოს გიორგიმ მითხრა, თუ ხვდები, რომ დროს ვერ ანაწილებ, ვერ ახერხებ ამდენ საქმეს გაართვა თავი, სახლში დაჯექი, სულ გადაღლილი სახე გაქვს, აღარ იღიმები, მიდიხარ-მოდიხარ, ჩვენთან ერთად ვეღარ ხარ, ამიტომ დაფიქრდიო. სასწრაფოდ ჩავრთე ყველანაირი მობილიზება, დავალაგე საქმეები, გადავანაწილე გრაფიკები და თვითონაც დავლაგდი. იმის შემდეგ, სულ ბედნიერი სახე მქონდა და დაღლას აღარ ვიმჩნევდი. ასე რომ, არც ზედმეტი მუშაობაა კარგი – ცხოვრებამ მაჩვენა რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა.
– ფიქრობ, რომ წარმატებული ხარ?
– დიახ, და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს. როდესაც ოჯახში დალაგებული გაქვს ყველაფერი, სიმშვიდე გაქვს და ყველა გვერდში გიდგას, ადვილია წარმატების მიღწევაც. დედაჩემი რომ არ მეხმარებოდეს, ამდენი დრო არ მექნებოდა მუშაობისთვის. ასეთი სიმშვიდე რომ არ მქონდეს პირად ცხოვრებაში, სიმღერისთვის ნამდვილად არ მეცლებოდა – ერთმანეთთან არის კავშირში. ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში დიდი წვალების შემდეგ მოვიდა. ბევრს ჰგონია, რომ ერთ დღეს ვიმღერე „წაღვერი და თბილისი”, ბრახ და პოპულარული გავხდი. საიდან ეს გოგო, ქუჩიდან მოვიდა? ჩვიდმეტი წლიდან აქტიურად ვარ ამ საქმეში ჩართული – ვწერდი სიმღერებს, დავდიოდი ძალიან კარგ პედაგოგებთან, „ფლეშთან”, უნივერსიტეტის ანსამბლთან მქონდა დუეტები, რომელიც არავინ იცის. შემდეგ იყო ერთი სიმღერა, რომელიც გახდა პოპულარული და პუბლიკის აღქმაშიც იქიდან იწყება ჩემი კარიერა.
– შემდეგ იყო საზოგადოებაში მიღების პრობლემაც?
– ეს კიდევ ცაკლე თემაა. ამ შემთხვევაში ხალხს არა, გარკვეულ წრეს ვგულისხმობ. ძალიან გაუჭირდათ ჩემი მიღება. კარიერის დასაწყისში ძალიან გულახდილი და მიამიტი ვიყავი. მაგალითად, შეიძლება, სადმე მივსულიყავი, იქ ნაცნობი სახეები მენახა, მართლა მთელი გულით მივსალმებოდი და იქიდან ან ძალიან მკვახე გამარჯობას მივიღებდი ან საერთოდ არ მესალმებოდნენ. ეს პერიოდიც იყო.
– შენ ასე არ მოქცეულხარ დამწყებ მომღერალთან?
– არა. არასდროს. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ძალიან კარგად მახსოვს. ამიტომ, არ მეპატიება, რომ იგივენაირად მოვიქცე.
– ამის გამო ყველაფრისთვის თავის დანებების სურვილი არ გაგჩენია?
– პირიქით. სხვათა შორის, საოცრად აზარტული ვარ და თუკი რამე წინააღმდეგობა მხვდება ცხოვრებაში, უფრო მეტის გაკეთება მინდა. რაღაცის დამტკიცების სურვილი მიჩნდება. ამიტომ, ფარ-ხმალს არასდროს ვყრი. ასეთი დამოკიდებულების გამო არასდროს გამჩენია სიმღერისთვის თავის დანებებისა და სალონის გახსნის სურვილი. საქმისთვის ყოველთვის მაქვს ორმაგი ენერგია. ერთი მომენტია კიდევ, ვცდილობ ძალიან ახლო ურთიერთობაში არავისთან შევიდე, მათ შორის მეგობრებთანაც. ძალიან ახლო კონტაქტი ენერგიას მართმევს. საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი უფრო ვახერხებ ხოლმე ენერგიით დამუხტვას და მობილიზებას.
– შენს ჯიბეზე როგორ იმოქმედა ახალმა საქმემ?
– გადასარევად. (იცინის) დაეტყო შემოსავლები.