ვის ჩააბარა მაკა ზამბახიძემ ქვითინ-ქვითინით აღსარება მოპარული ფეხსაცმლის გამო და როგორ შეუვარდა ის უცხო ბაბუას ფეხებში
მართალია, მომღერალ მაკა ზამბახიძეს აზარტულ თამაშებში არ უმართლებს, არც არაფერი მოუგია ცხოვრებაში და არც არაფერი უპოვია, მაგრამ, მისმა ერთმა წარმატებამ, კერძოდ, იურმალის ფესტივალზე აღებულმა პირველმა ადგილმა, მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა და თავდაყირა დააყენა. დღეს ის პოპულარულიცაა და ყველასათვის საყვარელი მომღერალიც. მაკას თავისი ხალისიანი განწყობით ყველგან სიხარული და სითბო შეაქვს.
მაკა ზამბახიძე: ვერ გეტყვით, რომ ხშირად ვხვდები კურიოზულ სიტუაციებში, მაგრამ, გასახსენებელი მაინც მაქვს. ერთხელ მე და რატი დურგლიშვილი ბაკურიანში ვიყავით. გამოგიტყდებით და, არც მე ვიცი თხილამურებზე დგომა და სრიალი და არც რატიმ. არადა, ზამთარში, თოვლში, თანაც ბაკურიანში, სხვა რა უნდა აკეთო? ჰოდა, ჩვენც ავდექით და გადავწყვიტეთ, ციგებით გვესრიალა. რატი დაეშვა მთიდან და დაბლა დამელოდა. მეც შემოვაჯექი ციგას, საჭე კარგად მოვმართე და დავეშვი. დავეშვი და, მტრისას, რაც მე ჩავიდინე (იცინის) – ბაბუა და შვილიშვილი იდგნენ თავისთვის პატიოსნად, მე საჭე ვერ დავიმორჩილე, შევუვარდი ბაბუას ფეხებში და თოვლში ავაყირავე ამხელა კაცი. კინაღამ სირცხვილით დავიწვი, იმ წუთას ისეთ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ რატის რომ გავხედე, ისე გულიანად იცინოდა, მეც ავყევი. გადაირია ის კაცი, მე ასეთ დღეში ჩამაგდო და ამას რა აცინებსო. ახლაც რომ მახსენდება ის დღე, სულ ვიცინი. რატის კი, მეტი რა უნდოდა, ყველას უყვებოდა ჩემი „გმირობის“ ამბავს. ერთხელ კი, „თუ საიდში“, სადაც მე და რატი ვმღერით, ისე დავთვერი, თავი აღარ გამომეყოფოდა (იცინის). სუფრასთან ჩვენი მეგობრებიც ისხდნენ. გეტყვით, რომ, დალევა არ მიყვარს, მაგრამ, რადგან ყველა სვამდა, იმ დღეს მეც „ჩავარტყი“ სამი ჭიქა არაყი და მაგრად შევჟუჟუნდი. ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, მოდი, „სიყვარულის კოქტეილი“ დავლიოთ ვახტანგურად. არ დავიხიე უკან. კარგი, დავლიოთ-მეთქი და, აი, იქ მომეღო ბოლო. ხომ დავლიე სიყვარულის სადღეგრძელო, ხომ მოვიყუდე კოქტეილი, ხომ გამოვცალე და მოვწყდი კიდეც, მერე ისეთები ჩავიდინე – მტრისას! თურმე იმ ერთ ჭიქაში ას ოცი გრადუსის სასმელი ყოფილა ჩასხმული და, მე, რომელსაც სამი ჭიქა არაყი მთიშავს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა?! ცეკვა მომინდა და, რომ მოვწყდი და დავეშვი იატაკზე, ყველა მე მასულიერებდა, ძლივს მომიყვანეს აზრზე. გარეთ რომ გამოვედით, ვახომ, ჩემმა ქმარმა, ტაქსის გაჩერება, გადაწყვიტა და შუა ტრასაზე დადგა ნასვამი, მე კი ამ დროს მეგობრებზე ვიყავი ჩამოკონწიალებული, აბა, სიარულის თავი არ მქონდა და! (იცინის). სახლში რომ ძლივს მივფოფხდით, დედაჩემი გაგიჟდა და გადაირია. მეორე დღის შუადღისას ჩაცმულებმა, ჯინსებში გამოვიღვიძეთ ორივემ.
– მაკა, მართლა მოიპარე ფეხსაცმელები?
– მართლა მოვიპარე (იცინის). ხელოვნების გიმნაზიაში ინგლისელი კომპოზიტორი დგამდა ინგლისურ ოპერეტა „კონკიას“. ამისთვის გვჭირდებოდა შესაბამისი ფეხსაცმელები. დავირაზმეთ და წავედით გოგო-ბიჭები ბაზრობაზე. „ციგანკებს“ ჰქონდათ მიწაზე გაშლილი ნაირ-ნაირი ფეხსაცმელი. იმდენი იყო, ძლივს ავარჩიეთ. თან, ბევრი ხალხი ირეოდა. არ მოგვაქციეს ყურადღება და ჩვენც ჩავაწყვეთ პარკში ეს ფეხსაცმელები და წამოვედით. იმ წუთას მაგრად ვიხალისეთ მოპარულ ფეხსაცმელებზე, მაგრამ, სახლში რომ მივედი, მერე მივხვდი, რა „კრიმინალი“ ჩავიდინე და გავსკდი ტირილით. გადაირია დედაჩემი, რა გატირებს, რა გჭირსო, მეც დედასთან მოვინანიე გულწრფელად და მასთან ვთქვი აღსარება ქვითინ-ქვითინით.
– ყველაზე ორიგინალური საჩუქარი ვისგან გახსოვს?
– ყველაზე ორიგინალური, უფრო სწორად, ორიგინალურად მორთმეული საჩუქარი, ჩემი მეუღლისგან მახსოვს. მოკლედ, შარშან, ახალი წლის წინა დღეებში, გადავწყვიტეთ, რომ ვახო პირველად ამოვიდოდა ჩემთან სახლში და ჩემი ოჯახის წევრებს დაელაპარაკებოდა. თან, სახლი ახალი გარემონტებული მქონდა და ჭკუაზე არ ვიყავი. ნაძვის ხეღა მაკლდა და წინა დღით დავიწუწუნე ვახოსთან ეს ამბავი. მეორე დილას საქმეზე წავედი და, ვახომ გამომიარა. მანქანაში რომ ჩავჯექი, უკანა სავარძელზე დავინახე, რაღაც იდო დიდ ყუთში. ვკითხე კიდეც, ეს რა არის-მეთქი. მითხრა, მაცივარია, საჩუქრად გიყიდეო. ჯერ არ დავუჯერე, მაგრამ ისე დამარწმუნა, მეტი რა გზა მქონდა, დავიჯერე. უხერხულად ვიგრძენი თავი, ვიფიქრე მაცივარი რამ მოაფიქრა-მეთქი. თან, ეჭვი შემეპარა, ამხელა მაცივარს მარტო როგორ ამოიტანს ჩემთან, ჰერკულესი ხომ არ არის-მეთქი (იცინის). რომ ამოიტანა, გახსნა და ნაძვის ხის ტოტები დავინახე, ერთი საათი ვკიოდი. ზუსტად ასეთი დიდი და ლამაზი ნაძვის ხე მინდოდა. ასე შემრჩა ორიგინალური საჩუქარი – ნაძვის ხე და ვახო „დუეტში“ (იცინის).
– ცნობილი სახე ხარ. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ გიცნეს და სხვას მიგამსგავსეს?
– ასეთი შემთხვევები ხშირია ჩემს ცხოვრებაში. როცა კონცერტი არ მაქვს, მაკიაჟს არ ვიკეთებ და ისე გავდივარ ქუჩაში. შეუღებავს ბავშვური სახე მაქვს. თან, თუ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, მეხუთეკლასელი გოგონა გეგონებით. მაღაზიაში რომ შევდივარ, იტანჯებიან ხოლმე, სახეზე აწერიათ, ნეტავ, ის არის თუ გვეშლებაო. მე ამაზე მაგრად ვხალისობ. ხომ არ ვეტყვი – კი, მე ვარ-მეთქი? როცა მცნობენ, ხომ მცნობენ და მცნობენ. ერთხელ ფილარმონიაში ვიყავი და საპირფარეშოში შევედი. უნდა გენახათ ხალხის რეაქცია. შოკში ჩაცვივდნენ. წავიდა გადაჩურჩულება: „მაკა ზამბახიძე, მაკა ზამბახიძე, შეხედე, შეხედე“... ვითომ ჩუმად ამბობდნენ, მე კი მესმოდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მსიამოვნებს, მაგრამ მათ რეაქციებზე მეცინება ხოლმე. ერთმა სახელი და გვარი ვერ გაიხსენა და გაბრწყინებულმა მკითხა, თქვენ მომღერალი ხართო? ვუპასუხე – დიახ-მეთქი. ის მომღერალიო? წადი ახლა და მიხვდი, ვინ მომღერალი ვეგონე, ან, საერთოდ, მიცნო თუ არა.
– მოდი, ისიც მომიყევი, სტამბულის აეროპორტში რომ ათრიე ბარგი შეშინებულმა. იქ როგორ აღმოჩნდი მარტო?
– ყაზახეთში მიგვიწვიეს კონცერტების ჩასატარებლად. ასეთი რეისი გვქონდა: ჯერ უნდა ჩავსულიყავით სტამბულში, მერე ასტანაში და ბოლოს – ალმა-ატაში. სტამბულში რომ ჩავედით, დრო გვქონდა, ვიფიქრეთ, ცოტა მოვწესრიგდეთ, დავისვენოთო და სასტუმროში დავბინავდით. აეროპორტში რომ დავბრუნდით, სად არის ჩვენი თვითმფრინავი?! თურმე, რეისი შეცვლილა და გაფრენილი დაგვხვდა. უნდა გენახათ ჩვენი რეაქცია. კონცერტია და, ხომ ვერ აუხსნი ხალხს – იცი, დავისვენეთ და ამიტომ გამოგვასწრო თვითმფრინავმაო. მოკლედ, აეროპორტის შენობის ცენტრში დააწყვეს ბარგი-ბარხანა, დამსვეს ზედ და წავიდნენ ამბის გასაგებად აეროპორტის დისპეტჩერთან. ვარ ასე დაგდებული ბომჟივით აეროპორტში. გავიხედავ – იქიდან მოდის ჩადრიანი ქალი, გამოვიხედავ – აქედან მოდის დიდულვაშებიანი მამაკაცი, ზოგი ტერორისტი მგონია, ზოგი მკვლელი, ზოგი ვინ და ზოგი – ვინ. ცალი თვალით რომ დაგენახათ, იმ დროს როგორი იყო მაკა ზამბახიძე, შეიძლება, სიცილით გაგუდულიყავით. მერე ვიფიქრე, ეს ადგილი უნდა შევიცვალო, ცოტა თვალს მივეფარო-მეთქი. მოვიკიდე მთელი ბარგი ზურგზე მარტომ და გადავიტანე ვითომ უსაფრთხო ადგილას. რომ დავინახე რატი და ჩემი მეგობარი, გეფიცებით, მეორედ დავიბადე. როგორც იქნა, მოვაგვარეთ საქმე და გავფრინდით.
– მართალია, იურმალაში გაიმარჯვე, მაგრამ, ამბობენ, მაკა უიღბლოაო. რაში გამოიხატება ეს უიღბლობა?
– ცხოვრებაში არაფერი მომიგია. ჩემი უიღბლობა აზარტულ თამაშებში კი მაშინ დავამტკიცე, როცა „ვა ბანკში“ შანსი მომეცა, გავედი და ერთი ლარი მოვიგე. თან, ეს ერთი ლარიც დამიბეგრეს, ოცი პროცენტი ჩამოაჭრეს და 80 თეთრი მომცეს.
– მერე, რა იყიდე იმ ფულით?
– ლარი რომ მოვიგე, ვიფიქრე, ამ ერთლარიანს სიმბოლურად ჩარჩოში ჩავსვამ, ხანდახან ავხედავ ან რამეს ვიყიდი სამახსოვროდ-მეთქი, მაგრამ ისიც დამიხურდავეს და, აბა, 80 თეთრად რა მეყიდა სამახსოვროდ? არც წამომიღია, იქ დავტოვე. ასე რომ, იღბალი მარტო სიმღერაში მაქვს და კაზინოში ცხვირსაც აღარ შევყოფ (იცინის).