კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინდისის „მსხვერპლი“


აგათა კრისტი

გოგონა სკამზე ჩამოჯდა და მისტერ პარკერ პაინს გაუბედავად შეხედა. ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ საშინლად ნერვიულობდა. ბოლოს დაიწყო:

– ძალიან გამიჭირდა თქვენთან მოსვლა... ნერვიულობისგან კინაღამ გავგიჟდი. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. შემდეგ თქვენი განცხადება წავიკითხე გაზეთში და ვიფიქრე, შევივლი, იქნებ მართლაც დამეხმაროს-მეთქი... მე დაფნი სენტ-ჯონი მქვია... ყველაფერი ამის გამო მოხდა...

გოგონამ ხელი ჩანთაში ჩაყო, იქიდან პატარა, მრგვალი საგანი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. საგანი პლატინის ბეჭედი აღმოჩნდა დიდი ბრილიანტის თვლით. მისტერ პარკერ პაინმა ბეჭედი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და ქვა მინას გაუსვა. შემდეგ ლუპით დააკვირდა და ბრილიანტი გულდასმით დაათვალიერა.

– საოცარი სისუფთავის ქვაა, – შენიშნა მან, – მე მას მინიმუმ, ორი ათას ფუნტად შევაფასებდი.

– დიახ. ოღონდ ეს ბეჭედი მოპარულია. ის მე მოვიპარე და ახლა არ ვიცი, რა ვქნა.

– ოჰო! – გაიოცა მისტერ პარკერ პაინმა, – ეს უკვე საინტერესოა.

გოგონას ნერვებმა უმტყუნა და ტირილი დაიწყო. პარკერ პაინმა დააწყნარა და ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა სთხოვა.

– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვალებში ჩავეფალი. ძალიან არაპრაქტიკული ვარ. ჩემი ქმარი, ჯერალდი ამის გამო ჭკუიდან გადადის. მისთვის ვალები სამყაროს დასასრულს ნიშნავს. მოკლედ, მას ვალების შესახებ ვერ ვეტყოდი და მეც კაზინოში წავედი... თავიდან გამიმართლა, მოვიგე. შემდეგ ყველაფერი წავაგე. ჯერალდს ამას უკვე ვეღარ ვეტყოდი. სწორედ ამ დროს დორტჰეიმერებმა სტუმრად დაგვპატიჟეს. ისინი ძალიან მდიდრები არიან. ნაომის, რომელსაც რაღაც დაემართა, როდესაც ვემშვიდობებოდით მთხოვა, ეს ბეჭედი ბონდ-სტრიტზე, იუველირთან დამეტოვებინა. ბონდ-სტრიტზე მოგეხსენებათ, ბევრი საიუველირო მაღაზიაა და ერთ-ერთ მათგანში ძვირფასეულობის ასლებს აკეთებენ. შევედი და იმ ბეჭდის ზუსტი ასლის გაკეთება ვთხოვე. შემდეგ კი... შემდეგ კი ნამდვილი ბეჭედი დავაგირავე...

გოგონამ სახე ხელებში ჩამალა.

– ღმერთო, როგორ შემეძლო ამის გაკეთება? მე ალბათ, ქუჩის ქურდზე უკეთესი არაფრით ვარ!

მისტერ პარკერ პაინმა დელიკატურად ჩაახველა.

– ამ ამბიდან ექვსი თვე გავიდა, – განაგრძო გოგონამ, – ვალები დავაბრუნე, მაგრამ მას შემდეგ ადგილს ვერ ვპოულობ. ცოტა ხნის წინ ჩემი შორეული ნათესავი გარდაიცვალა და ცოტა თანხა მიანდერძა. პირველი, რაც გავაკეთე, ბეჭედი გამოვისყიდე. მის დაბრუნებას ვაპირებდი, რომ ერთი უსიამოვნო ამბავი მოხდა. სწორედ იმ დღეებში დორტჰეიმერებს წავეჩხუბეთ. სერ რუბენმა ჯერალდს ერთ-ერთი ფირმის აქციების ყიდვა ურჩია. რამდენიმე დღეში ეს აქციები გაუფასურდა და ჯერალდმაც სერ რუბენს ყველაფერი უთხრა, რასაც მასზე ფიქრობდა. აღმოჩნდა, რომ კარგი აზრის მათზე ნამდვილად არ იყო. მთავარი ის არის, რომ ახლა ბეჭედს ვერ ვაბრუნებ. შეიძლება, ნაომიმ პოლიციაში არ განაცხადოს, მაგრამ ყველას მოუყვება. ამას ციხეში ჩაჯდომა, ჯობია. ჯერალდი გაიგებს და არასოდეს მაპატიებს. მისტერ პაინ, იქნებ თქვენ მირჩიოთ, რა ვქნა?

– რა პრობლემაა, ბეჭედი ჩუმად უნდა შევცვალოთ.

– ყველაზე ცუდი ისაა, რომ ახლახან, შემთხვევით, ჩვენი საერთო ნაცნობისგან გავიგე, რომ ნაომი აპირებს, ბეჭედში ქვა გამოცვალოს...

– ანუ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. ამისთვის კი საჭიროა, სახლში შესვლა მოვახერხოთ. თქვენ გაქვთ რაიმე იდეა ამასთან დაკავშირებით, მისის სენტ-ჯონ?

– ოთხშაბათს ნაომი დიდ მიღებას მართავს. იმავე საერთო ნაცნობისგან ვიცი, რომ პროფესიონალ მოცეკვავეებს ეძებს, თუ უკვე არ იპოვა...

– ამის მოგვარება შეიძლება, – შენიშნა პარკერ პაინმა, – თუ უკვე იპოვა, უფრო ძვირი დაგვიჯდება, ესაა და ეს. ბეჭედს ახლავე მომცემთ, თუ ოთხშაბათამდე თქვენ გექნებათ?

– მირჩევნია, მე მქონდეს, – უპასუხა ქალმა.

ლედი დორტჰეიმერი მიღებისთვის მზადებით კმაყოფილი იყო. მართალია, ბოლო მომენტში მიშელმა დარეკა და განაცხადა, რომ მისმა პარტნიორმა ხუანიტამ კუნთი იტკინა და ვერ მივიდოდნენ, მაგრამ თავადვე მოუძებნა სხვა მოცეკვავეები.

ახალი მოცეკვავეებიც მოვიდნენ. ლედი დორტჰეიმერმა ნახა ისინი და მოეწონა. საღამო მშვენიერი გამოვიდა. ჟიული და ალექსანდრა ნამდვილ სენსაციად იქცნენ. შემდეგ უკვე ყველამ იცეკვა. მომხიბვლელმა ჟიულიმ საცეკვაოდ ლედი დორტჰეიმერი გაიწვია და დაატრიალა. აქამდე მას არასოდეს ჰყოლია ასეთი პარტნიორი. სერ რუბენი მონდომებით ეძებდა ალექსანდრას, მაგრამ ის ოთახში არ იყო და აზრადაც არ მოსვლია, ჰოლში, გამომრთველ მოწყობილობასთან მოეძებნა.

ის იყო, ჟიულიმ ლედი დორტჰეიმერს თავბრუ დაახვია, რომ მოულოდნელად, შუქი ჩაქრა. ჟიულიმ თავი დახარა და ტუჩები დორტჰეიმერის ხელს შეეხო, რომელიც ქალს მის მხარზე ედო. ხელი ნერვიულად შეტოკდა, მაგრამ ჟიულიმ ის დაიჭირა და ტუჩებთან კიდევ ერთხელ მიიტანა. ბეჭედი, როგორც ცოცხალი არსება თითიდან ჩამოცურდა. რამდენიმე წამში შუქი ისევ აინთო.

– თქვენი ბეჭედი, – გაუღიმა ქალს ჟიულიმ, – მოგძვრათ. ნებას მომცემთ გაგიკეთოთ?

ხუთშაბათს, როდესაც მისის სენტ-ჯონი მოვიდა, მისტერ პარკერ პაინმა, პირველი რაც გააკეთა, ქალს ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა:

– მგზავრობა, კოსტიუმები, 50 ფუნტი მიშელის და ხუანიტასთვის... სულ სამოცდახუთი ფუნტი და ჩვიდმეტი შილინგი.

– ოჰ, ესე იგი, მან მართლაც მიიღო თავისი ბეჭედი და ვერაფერს მიხვდა? – მისის სენტ-ჯონი სიხარულს ვერ მალავდა, – გულიდან ლოდი მომეხსნა.

ქალმა ჩანთა გახსნა და კაცს თანხა გადასცა.

– აიღეთ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ხარჯებია. რაც შეეხება თქვენს ჰონორარს?

– ამ შემთხვევაში ჰონორარს არ ავიღებ. ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. – უპასუხა მისტერ პარკერ პაინმა და მაგიდაზე ბეჭედი დადო.

– ეს საზიზღრობა! – ქალმა ცხვირი აიბზუა, – როგორ ვერ ვიტან! ფანჯარაში გადავაგდებ.

– თქვენს ადგილზე ამას არ ვიზამდი, – შენიშნა პარკერ პაინმა, – გამვლელები ვერ გაგიგებენ.

– ის ხომ ასლია, არა? – დაინტერესდა დაფნი.

– რა თქმა უნდა. ახლა ლედი დორტჰეიმერი იმ ბეჭედს ატარებს, რომელიც გუშინ მომეცით.

– მაშინ ყველაფერი რიგზე ყოფილა, – მხიარულად წამოიძახა დაფნიმ.

– სხვათა შორის, საინტერესოა, რომ თქვენ ამის შესახებ მკითხეთ. ხომ შეიძლებოდა ჟიულის შეშლოდა. ამიტომ, ყველაფერში დასარწმუნებლად ბეჭედი იუველირთან წავიღე.

– იუველირთან? – შეშფოთებით იკითხა მისის სენტ-ჯონმა, – და, რა გითხრათ მან?

– რომ ეს საოცრად კარგი იმიტაციაა, – გაბრწყინებული სახით აცნობა მისტერ პარკერ პაინმა, – საუკეთესო ნამუშევარია. ახლა ალბათ დაწყნარდით.

მისის სენტ-ჯონმა რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. პარკერ პაინი მის წინ სავარძელში მშვიდად მოკალათდა და ქალს მიმართა:

– ერთ ამბავს მოგიყვებით. მასში ერთი ახალგაზრდა ლედი ფიგურირებს. მოდით, იგი ქერათმიანი და გაუთხოვარი იყოს. დავარქვათ მას ერნესტინ რიჩარდი – ლედი დორტჰეიმერის ყოფილი მდივანი.. ერთ მშვენიერ დღეს, ლედი დორტჰეიმერი ამჩნევს, რომ ბრილიანტი მის ბეჭედში ამოვარდნაზეა და თავის მდივანს იუველირთან აგზავნის. ჰგავს ხომ თქვენს შემთხვევას? შემდეგ მის რიჩარდს იგივე აზრი გაუჩნდა, რაც თქვენ. მანაც გააკეთა ასლი, მაგრამ ის წინდახედული გოგო იყო. კარგად ესმოდა, რომ ადრე, თუ გვიან ლედი დორტჰეიმერი სიყალბეს აღმოაჩენდა და მიხვდებოდა, ეს ვინც გააკეთა. როგორ გგონიათ, რას აკეთებს ჩვენი მის რიჩარდი? თმას შავად იღებავს და ჩემთან მოდის. მაჩვენებს ბეჭედს. უფლებას მაძლევს დავრწმუნდე, რომ ნამდვილია. ამის შემდეგ მიაქვს იუველირთან, ის კი მას ლედი დორტჰეიმერს უგზავნის. მის რიჩარდი კი ჟიულის აძლევს მშვენივრად შესრულებულ ასლს. თუმცა, მან არ იცის, რომ მე ერთ ჩემს ნაცნობ იუველირს ამ ბეჭდის შემოწმებას ვთხოვ, ის კი დაადასტურებს, რომ ბეჭედი ყალბია.

უკვე ხვდებით, რაშიცაა საქმე? ვის გაიხსენებდა ლედი დორტჰეიმერი, როდესაც სიყალბეს აღმოაჩენდა? ახალგაზრდა მოცეკვავეს, რომელმაც სიბნელეში თითიდან ბეჭედი მოხსნა. ცნობების შეგროვებას რომ დაიწყებდა, უპრობლემოდ გაარკვევდა, ვინ გადაუხადა მის მიერ მოწვეულ მოცეკვავეებს, რათა ისინი მასთან არ მისულიყვნენ. ასე კვალი მას ჩემს ოფისში მოიყვანდა, სადაც მოისმენდა ისტორიას, მისის სენტ-ჯონის შესახებ, რომელიც მის ნაცნობებს, შორის არც კი არსებობს. და ლედი დორტჰეიმერი მივიდოდა დასკვნამდე, რომ მის წინაშე თაღლითია. იმედი მაქვს, ხვდებით, რომ ამას ვერ დავუშვებდი. ამიტომ იძულებული გავხდი, ჩემი მეგობრისთვის მეთხოვა ლედი დორტჰეიმერის თითზე იგივე ბეჭედი წამოეცვა, რომელსაც მოხსნიდა.

მის რიჩარდი სკამიდან წამოხტა.

– ბებერი მატყუარა! როგორ გამაბითურა! თან ხარჯებიც ამანაზღაურებინა!...

ქალს სიბრაზისგან ხმა ჩაუწყდა.

– ბეჭედი არ დაგავიწყდეთ, – მშვიდად შეახსენა მისტერ პარკერ პაინმა.

ქალმა ბეჭედი გამოსტაცა, ფანჯრიდან გადააგდო და კარი გაიჯახუნა.

მისტერ პარკერ პაინი ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა.

– როგორც ვფიქრობდი, – ჩაიბურტყუნა მან, – ნამდვილი გაურკვევლობაა. შეხედეთ, ჯენტლმენს, რომელიც სათამაშოებს ყიდის, ვერც წარმოუდგენია თავზე ნამდვილი ბრილიანტი რომ დაეცა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.


скачать dle 11.3