კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-4(474)

ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცხოვრება მოულოდნელობითა და სიურპრიზებით არის სავსე. გარანტიები არ არსებობს არსად და არაფერში. მით უმეტეს, რომ მარადიული არაფერია, აბსოლუტურად არაფერი და აბსოლუტიზმიც მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული. ადამიანს მხოლოდ ჰგონია, რომ შეუძლია საკუთარი ბედის მართვა. არა, რაღაც-რაღაცეები ნამდვილად არის მასზე დამოკიდებული, მაგრამ ცენტრალური ხაზი თავად ცხოვრებას მიჰყავს თავისი კანონზომიერებით და, თუ ერთ დღეს აღმოაჩენთ, რომ სიტუაციას ვერ მართავთ, დარდს ნუ მიეცემით – განსაკუთრებული და გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. პირიქით, სწორედ ეს არის ნორმა...

***

ია მიხვდა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა, ზუსტად მაინც ვერ განსაზღვრა, როდის აჯობა მასში საღ აზრს ემოციამ. როცა ერთბაშად აღმოაჩინა, რომ მისი ქმედებები ნიკუშას ბინაში ნანახი ეპიზოდით იყო ნაკარნახევ-განპირობებული, საკუთარ თავზე გაბრაზდა, მაგრამ, რა აზრი ჰქონდა ოთხ კედელშუა სირბილს?! ვერც ლანძღვა-გინებით მოიოხებდა გულს, ამიტომ, ერთ საღამოს ვახოს დაადგა თავზე. ვახოს მისი დანახვა არ გაუკვირდა, მაგრამ არც გაუხარდა. კარი მოღუშულმა გაუღო და საყვედურიც არ დააყოვნა:

– უკვე ჩვევად გექცა მამაკაცებზე გაუფრთხილებლად თავდასხმა. დაგერეკა და ისე მოსულიყავი. არ იცი, უცოლო მამაკაცი ფაქტის წინაშე რომ არ უნდა დააყენო? ერთხელ ხომ იწვნიე, მაგრამ, გეტყობა, არ გეყო.

იამ შეუბღვირა და სავარძელზე მოიკალათა.

– შენ მეგობარი ხარ, ჩემი დიდი ხნის მეგობარი და, მგონი, აქვს ამას მნიშვნელობა.

– რა თქმა უნდა, აქვს, – უხალისოდ დაეთანხმა ვახო და ჩაიბურტყუნა: – მაგრამ, ძვირფასო, არ გიფიქრია იმაზე, რომ ამ მეგობრებსაც შეიძლება ჰქონდეთ ბუნებრივი მოთხოვნილებები?

– როგორ არ გრცხვენია! – დაანამუსა იამ.

– კარგი, აგრესორო, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შენ გაიმარჯვე. გინდა რამე? ანუ, იმის თქმა მინდოდა, დალევ რამეს? ჩაი, ან ყავა ხომ არ გინდა?

– დავლევ, ოღონდ, ჩაი და ყავა ვერ მიშველის, რამე უფრო მაგარი შემომთავაზე. ისეთ გუნებაზე ვარ, იქნებ დათრობამ მაინც მიშველოს.

ვახომ შუბლი მოისრისა:

– აჰა, მგონი მივხვდი: ნიკუშა წავიდა, „ჩვენ“ დეპრესია გვაქვს.

– დეპრესია არაფერ შუაშია. უბრალოდ, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, თანაც, მგონი, გამოუსწორებელი შეცდომა.

– გააჩნია, რას გულისხმობ.

– იმას ვგულისხმობ, რომ ნიკუშა საბოლოოდ დავკარგე.

– აჰა, რას გეუბნებოდი?! – ნიშნის მოგებით დააკანტურა თავი ვახომ და მუქი ფერის სითხით სანახევროდ შევსებული ჭიქა გაუწოდა, – გამომართვი, უკეთესი არაფერი მაქვს.

– ეს რა არის? მწამლავ? – ეჭვით ჩაიხედა ჭიქაში ქალმა.

– კონიაკია, მაგრამ ბევრი არ დალიო, ძალიან მაგარია და, ცუდად რომ გახდე, ვერ მოგივლი – სად მაქვს ამდენი თავი!

იამ კონიაკი მოწრუპა და დაიჯღანა.

– ფუჰ, მწარეა!

– ტკბილი – კომპოტი მაქვს მაცივარში, მოგიტანო? – გაეხუმრა ვახო, – სხვათა შორის, იმ დღის შემდეგ, შენთან რომ დავრჩი, ლევანს ჩემი დანახვა არ უნდა, მოსისხლე მტრად გადამეკიდა, დათოც ეჭვის თვალით მიყურებს, ნიკუშა კი ისე გაფრინდა, არც გამაგებინა. ვერაფერი გავიგე.

– არა, მაინც, რა ბოთე ხარ! – გაიცინა იამ და თითქმის მაშინვე შეიჭმუხნა, – ესე იგი, საქმე იმაზე უარესად ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მაგათ ჰგონიათ, რომ... იეჭვიანეს ღმერთო! ყველა კაცი ერთნაირი რატომ არის?

– რაა? ერთი გაიმეორე, რა თქვი? – ვახო ძლივს ჩასწვდა იას სიტყვების აზრს და გაწითლდა, – რაა?! გაგიჟდნენ ეგ ჩემისები? შეიშალნენ? ეგ როგორ იფიქრეს, ტო!.. ფუუ, მართლა რა ბოთე ვარ, ნამდვილი ბოთე! აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ ცხვირ-პირი გამეერთიანებინა მაგ კრეტინებისთვის. ლევანი მაინც, სულ გამოტვინდა?! მოვკლავ და იმ კრეტინ დათოსაც ზედ მივაყოლებ! – ვახო ნელ-ნელა ფეთქდებოდა. წამოხტა და ჭიქა ისე მოიქნია, სითხემ შადრევანივით ამოასხა.

– არა, ამას ვერ ვაპატიებ! ერთიც უნდა ვნახო და მეორეც. რანაირად, ტო! ჩემზე და შენზე?!. ვაა, მაგათ თავი ხომ არ მიარტყეს კედელს!.. შენ კიდევ, რა გაცინებს, გულზე ვსკდები და ჭკუიდან ვიშლები!

– დამშვიდდი. უბრალოდ, ეჭვი გაუჩნდათ.

– რა ეჭვი, ტო... რისი ეჭვი... ესე იგი, მე ავადმყოფი ვარ? შენც ხომ არ აურიე?

– ნუ ყვირი, – მოიღუშა ია, – მე თუ მკითხავ, ახია შენზე. რა გეგონა, რომ მიახალე, წუხელის იასთან დავრჩი, მთვრალი ვიყავი და იმიტომო. ჰოდა, ახლა ნუ გიჟდები. არაფერია, გაირკვევა სიმართლე და შერიგდებით, მაინც ყველანი ერთნაირები ხართ.

– ერთნაირები? ამას მე მეუბნები? მე რა დაგიშავე, ტო, რას მერჩი?!

– რას გერჩი? ვერ ხვდები? ჯერ ერთი, შენი წინდაუხედავი ლაპარაკით, მგონი, ნიკუშა საერთოდ დამაკარგვინე, მაგრამ მთავარი დანაშაული ის არის, რომ ხელს აფარებდი. სწორედ მაგან მიმიყვანა ამ შედეგამდე.

– ვის ვაფარებდი ხელს? რა სისულელეა!

– სისულელე? კარგი. მაშინ, მითხარი, რომ არ იცნობ იმ გოგოს და წარმოდგენა არ გქონდა, ნიკუშა მას რომ ხვდებოდა.

– ამას ვერ გეტყვი!

– აი, ხედავ?! – ნიშნისმოგებით დაუქნია თითი იამ.

ვახომ შუბლი მოისრისა:

– აუ, კარგი, რა... რას უნდა ვხედავდე! რა დაგემართა, რა გჭირს? ვიცნობ ნატუკას, ვიცნობ, მერე რა? იმასაც ვაღიარებ, რომ მისი და ნიკუშას ურთიერთობის შესახებაც ვიცოდი.

– და... ეგეც „მერე რაა“, ხომ?

– ჰო. ნატუკა „ნაშაა“, უბრალოდ, „ნაშა“! ამიტომაც, ეს არაფრად ჩამიგდია.

– თუ ნაშაა, შენ რატომ არ გეკურკურება? ან, შენ რატომ არ წაგიცდა ხელი მისკენ?

– წამიცდა, რა, სექსუალური მანიაკი კი არ ვარ. რაც შეეხება იმას, მეკურკურებოდა თუ არა ნატა, როგორც შენ ბრძანე, თუ ეს დაგამშვიდებს – დიახ, მაგრამ მე აზიატი ვარ და რაღაც სტერეოტიპების ერთგული ვრჩები.

– ნუ მაცინებ! რომელი სტერეოტიპები, ოთხი ცოლი გყავდა!

– ოთხი ცოლი რა შუაშია. მე ძმაკაცის ნაშებთან არ ვწვები.

– ამან მაინც არ გიშველა – ვერ ნახე, რა დაგაბრალეს?! – ნიშნის მოგებით გაუცინა იამ.

ვახო გაწითლდა, თვალები ჩაუსისხლიანდა და კბილები გააღრჭიალა:

– ჩემს ნერვებზე ნუ ითამაშებ! მშვიდი კი ვჩანვარ, მაგრამ ძალიან ცუდი გაბრაზება ვიცი... საშინელი. ხვალვე მივალ ლევანთან და ამ სისაძაგლეს ბოლოს მოვუღებ!

– არა! – თქვა მოულოდნელად იამ. ვახომ თავი ასწია:

– რა?! რაღაც კარგად ვერ გავიგონე!

– არა-მეთქი! მე ვთქვი – არა! შენ ლევანთან არ მიხვალ! – მტკიცედ გაიმეორა ქალმა.

– მოიცადე, ეს რას ნიშნავს, ბრძანებაა? – ვახოს არ ესიამოვნა ქალის კატეგორიული ტონი.

– რომ გითხრა, თხოვნაა-მეთქი, გააკეთებ?

– ია, ძალიან მაბნევ! მაბნევ კი არა, შოკში მაგდებ. ვერ ხვდები, როგორ უხერხულ მდგომარეობაში ვარ? გული მერევა, ისეთი სიბინძურე დამბრალდა უნებლიეთ. ეს რომ არ გავარკვიო ჯერ ლევანთან, მერე – ნიკუშასთან, გავგიჟდები! თუ დამჭირდა, პარიზში ავაკითხავ. თქვენი ურთიერთობა თქვენი პრობლემაა, ეს მე არ მეხება, ამ ბრალდებას კი თავად უნდა მოვუარო.

– რამდენიმე დღით მაინც გადადე ეგ ამბავი.

– რისთვის?

– ჩემთვის, პირადად ჩემთვის!

ვახომ გაოცებით შეხედა გაჯიუტებულ მეგობარს:

– ვერაფერი გავიგე! არ შეგიძლია, უფრო გარკვევით ამიხსნა? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, როდის გაიგებს ლევანი სიმართლეს? თანაც, ეს მამაკაცური საუბარი იქნება.

– ეგ ვიცი. უბრალოდ, გინდა, რაღაც კითხვას გავცე პასუხი?

ვახომ ყოყმანით გადააქნია თავი:

– რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები. არც კი ვიცი, რა გიპასუხო. მაგარ შარში რომ გავეხვიე, ამას კი ვხვდები. ნეტავი იმ დღეს შენთან საერთოდ არ მოვსულიყავი და არც რესტორანში წამეყვანე. ჩემი ჭკუით, კარგი საქმე მინდოდა გამეკეთებინა, საბოლოოდ კი მაგარი დომხალი გამოვიდა. არ ვიცი, რა კითხვაზე გაქვს პასუხი გასაცემი, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედი, რა!

– მხოლოდ რამდენიმე დღე – სამი-ოთხი... ძალიან გთხოვ, – იამ ალერსით მოუჩეჩა კაცს თმა. ვახომ ამოიოხრა:

– აუუ! ყველა ქალი ერთნაირი უბედურებაა კაცისთვის, გინდ მეგობარი იყოს, გინდ – ცოლი; ნამდვილი სტიქიური უბედურება! რას მიჩალიჩებ, ია, რა გინდა ჩემგან? დიდი კი ვარ, მაგრამ ძალიან სუსტი გული მაქვს. შემიბრალე, ძალიან გთხოვ!

იამ სატირლად გაბუსხა ტუჩები:

– რადგან ასეა... კარგი, ის გააკეთე, რასაც საჭიროდ ჩათვლი! რატომ მეგონა, რომ შეიძლებოდა, შენი იმედი მქონოდა?

ვახომ საცოდავად შეხედა მეგობარს და ია მიხვდა, რომ გაიმარჯვა.

– კარგი, ორი დღე არ ვნახავ ლევანს.

– სამი, – წაისლუკუნა იამ.

– კარგი, სამი. მაგრამ, მერე აუცილებლად მივალ მასთან და სიმართლეს მოვუყვები.

– კიდევ ერთიც... ერთი სათხოვარი კიდევ მაქვს...

– რა? – იყვირა ვახომ, – გეხვეწები, არაფერი მთხოვო, თორემ გავგიჟდები.

– იმ გოგოს ტელეფონის ნომერი მინდა, – იამ ყურადღება არ მიაქცია ვახოს ბღავილს.

– რომელი გოგოსი, ნატუკასი?

– ჰო.

– რად გინდა?

– მჭირდება.

– ია, გეყოფა, რა!.. შენ ის ქალი არა ხარ, შეყვარებულის ნაშას სცენებს რომ გაუმართავს. თავი არ დაიმცირო!

ია მოიღუშა:

– მაგას მე მეუბნები? მაგან და შენმა ძვირფასმა ძმაკაცმა რომ დამამცირეს, მაგას რა ვუყო? თუმცა, სცენების გამართვას მაინც არ ვაპირებდი, ისე მჭირდება, ჩემთვის.

– „ისე მჭირდება, ჩემთვის“! – გამოაჯავრა ვახომ, – მატყუებ, არა?!

– კარგი, მე თვითონ გავიგებ როგორმე... შენ კი არ დაგავიწყდეს, რასაც დამპირდი.

– არ დამავიწყდება, მაგრამ, მართლა ვერ ვხვდები, ეს სამი დღე რას გიწყვეტს.

იამ გაიცინა:

– ეტყობა, მიწყვეტს რაღაცას, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ.

ვახომ თავი გადააქნია:

– აუ!.. შენც მაგრად „გაჭედე“ უკვე. ნიკუშას რა ვუთხარი, რომ თქვენი ურთიერთობა აქამდე მიიყვანა...

***

ნიკუშა კი შორს იყო... თანაც, მარტო ფიზიკურად არა. დედასთან შეხვედრა იმაზე ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა, ვიდრე წარმოიდგენდა. ვერ აცნობიერებდა და არც უკითხავს საკუთარი თავისთვის, სიხარული იყო ის, რასაც იმ წუთას გრძნობდა თუ მონატრება. უბრალოდ, შესცქეროდა ქალს, რომელზე ახლობელიც არავინ ჰყავდა და ფიქრობდა, რამდენი დრო დაკარგა ტყუილუბრალოდ. ელენე მისთვის ოდნავაც არ შეიცვალა – ისევ ისეთი მომხიბვლელი იყო, როგორიც მაშინ, როცა ნიკუშა წარმოდგენაში იდეალური ქალის მოდელს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი მომხდარით ძალიან იყო აფორიაქებული, ტიროდა და ისტერიკას აღარაფერი უკლდა, ნიკუშასთვის მაინც ყველასა და ყველაფერზე ძვირფას არსებად რჩებოდა...

ჟანი ცოლის დამშვიდებას ცდილობდა:

– საყვარელო, გემუდარები, დამშვიდდი, რაც უნდა წაეღოთ, რაც უნდა მოეპარათ, არაფერი მიღირს შენი ერთი ცრემლის ფასადაც კი, თანაც ახლა, როცა შენი შვილიც აქ არის, ჩვენთან.

ელენე შვილისკენ შებრუნდა და გაუბედავად გადადგა მისკენ რამდენიმე ნაბიჯი. ნიკუშა თვალს არ აცილებდა, თუმცა არაფრით, უმნიშვნელო ჟესტითაც კი არ გამოუხატავს მასთან ჩახუტების სურვილი. მხოლოდ უყურებდა, უყურებდა და თითქოს უღიმოდა. ელენე მისგან ორ ნაბიჯზე შეჩერდა და რაღაცნაირი, მუდარანარევი მზერა მიაპყრო – თითქოს რაღაცას სთხოვდა ან ელოდა... და ნიკუშამაც უბრალოდ, ძალდაუტანებლად ჰკითხა:

– რა მოხდა, დედა?..

... ქალში უზარმაზარი პოტენციალია ჩადებული, გამონაკლისი, უბრალოდ, არ არსებობს. ყველა ქალს შეუძლია, შეძლოს შეუძლებელი, თუმცა ამისთვის სტიმული სჭირდება. ყველაზე დიდი სტიმული კი ქალისთვის მისი შვილია. ყველა დედა ნებისმიერ ფასად გააკეთებს ყველაფერს ბიოლოგიური შვილისთვის. შეიძლება, არაბიოლოგიური შვილისთვისაც კი, იმიტომ, რომ მასში დედობრივი ინსტინქტი განსაკუთრებით ძლიერია. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ბუნების შეცდომაზე, როცა ქალს საკუთარი თავი არ უყვარს. ნუ გამოიწვევთ ორთაბრძოლაში დედას და ნუ დადებთ სასწორის პინაზე მისი შვილის კეთილდღეობას, რადგან, ეს ბრძოლა აუცილებლად თქვენი სრული კრახით დასრულდება. ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ქალი თქვენზე ძლიერია. არ გაეჯიბროთ მას, უბრალოდ, გიყვარდეთ და ნახავთ, როგორი მორჩილი, ერთგული არსება გეყოლებათ გვერდით...

ჟანმა ხელსახოცი ტუჩებთან მიიდო და ელენეს სიყვარულით შეხედა.

– აი, ახლა შემიძლია, ყველაფერი საღი გონებით გავაანალიზო. ესე იგი, მარტო ნახატი დაიკარგა და სხვა არაფერი!..

ელენემ მხრები აიწურა:

– ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით სხვა დანაკარგი არ ჩანს: სამშვენისები, ჩემი სამკაული – ყველაფერი ადგილზეა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა შემოსულიყო სახლში.

– ეგ ის სურათია, რომელზე გაკეთებული სიუჟეტიც ყველამ ნახა, ჩემ გარდა? – ღიმილით იკითხა ნიკუშამ. მას ნაკლებად აღელვებდა ნახატის ბედი. მთელი არსებით დედასთან მყოფმა წარმოიდგინა, რომ ისევ პატარა იყო. სიხარულით, მომავლის იმედით, რწმენით სავსე. თან, საკუთარი სიჯიუტე უკვირდა – როგორ შემეძლო, ამდენი წლის განმავლობაში ამ ქალისგან შორს ვყოფილიყავიო.

– რატომ – ახლა, რატომ, როცა ჩემი შვილი უკვე ჩემ გვერდით არის და აღარაფერზე აღარ უნდა მენერვიულა?

– რატომ ნერვიულობ? დიდი რამე ერთი ნახატი! – ანგარიშმიუცემლად წამოიძახა ნიკუშამ.

ჟანმა შეხედა და გაიცინა.

– უცნაურია! რა სწრაფად იცვლებიან ადამიანები! უფრო სწორად, იმის თქმა მინდოდა, რა მალე შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, თანაც – რა ადვილად.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა ელენემ, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დამშვიდებული და თვალებიც დაწითლებული ჰქონდა ტირილისგან.

– ნიკუშა ძალიან კარგი ადამიანია. არაჩვეულებრივი შვილი გყავს. კიდევ ვის შეუძლია, ორმილიონიან ნახატზე ასე მშვიდად და გულგრილად ილაპარაკოს?

– რას ამბობ, ჟან? – ელენემ ხელები გაასავსავა, – საშინლად განვიცდი ამას. ვერაფრით მოვინელებ ამ ამბავს. სასწრაფოდ რაღაც უნდა ვიღონოთ!

– პოლიციას დაურეკე?

– არა. ისე დავიბენი... მე ხომ საკმაოდ გვიან აღმოვაჩინე, რომ ნახატი თავის ადგილას აღარ ეკიდა. თქვენც გელოდებოდით და... ერთი სიტყვით, ჯერაც ვერ გამოვედი შოკიდან. ნიკუშა, შვილო, მაპატიე... ამდენი წელი ველოდი ამ დღეს, ისე ველოდი, რომ არ მჯეროდა, ოდესმე თუ დადგებოდა. ახლა ჩემთან ხარ, ჩემზე ბედნიერი არავინ უნდა იყოს. მე კი ცრემლების ფრქვევით დაგხვდი.

– ამასაც არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მთავარია, რომ ჩამოვედი. ახლა, ყველა ჩემს კითხვას გაეცემა პასუხი.

ელენე შეკრთა, მაგრამ მანამ აიყვანა თავი ხელში, სანამ ნიკუშა რამეს შეამჩნევდა. პრინციპში, სანერვიულო რეალურად ჰქონდა და შეეძლო, ნახატის დაკარგვით გამოწვეული უარყოფითი ემოციისთვის დაებრალებინა თავისი მღელვარება.

– მართლა ორი მილიონი ღირს ის ნახატი? – იკითხა უცებ ნიკუშამ.

– ჰო, – მშვიდად მიუგო ჟანმა, – დიდი შანსია, უფრო მეტადაც გაიყიდოს. აუქციონზე გასატანი პირველადი ფასია ორი მილიონი.

ნიკუშამ წაუსტვინა:

– სერიოზული ქონება ყოფილა! ვერსიები არის?

ჟანი ცოლს მიუბრუნდა:

– საყვარელო, შეგიძლია, დეტალები გაიხსენო?

– ვეცდები... – ელენემ შუბლზე მოისვა ხელი, – პრინციპში, გასახსენებელი არც არაფერია. დილით ავდექი, ვისაუზმე... – ქალი ჩაფიქრდა, – მერე ცოტა გავისეირნე, თქვენს ჩამოსვლამდე დრო ხომ უნდა გამეყვანა როგორმე. დავბრუნდი და... – ელენემ დაცარიელებული კედლისკენ გაიხედა და ამოიოხრა, – ცუდად ვხდები, როცა ვრწმუნდები, რომ იქ აღარ კიდია.

– რამდენ ხანს სეირნობდი? – ჟანმა ყურადღებით შეხედა კედელს.

– არ მახსოვს, შეიძლება, თხუთმეტი-ოცი წუთი. შორს არსად წავსულვარ, აქვე, პარკში ჩავედი.

– გაინტერესებს, რამდენი დრო ჰქონდა ქურდს? – დაინტერესდა ნიკუშაც, – გამოძიება საკმაოდ აზარტული გასართობია. მაგრამ, ხომ არ აჯობებს, ეს საქმე პროფესიონალებს მივანდოთ?

– არავითარ შემთხვევაში, ამის წინააღმდეგი ვარ! – გაცხარდა ელენე, – არ შემიძლია და არ მინდა, პოლიციელები ავიტანო ჩემს სახლში. ამას ვერ გავუძლებ, სიმშვიდე მჭირდება! ჯერ ჩემს შვილს ნორმალურადაც კი არ დავლაპარაკებივარ. თუ აქ პოლიციელებმა შემოყვეს ცხვირი, სიმშვიდეს ვერც ერთი ვეღარ ვეღირსებით. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება! მით უმეტეს, რომ ასეთი ცნობილი ოჯახია...

– ჰო, მაგაზე კი აღარ მიფიქრია. კარგია, რომ ჟურნალისტებს ჯერ არ გაუგიათ ეს ამბავი.

– ოი, ღმერთო! ჟურნალისტები საერთოდ არ გამახსენდა. დავიღუპებით, თუ ეგენი შემოგვესევიან. არა, არა, სიმშვიდე ძალიან ძვირი მიღირს!

– როგორი ძვირი – ორი მილიონი დოლარი? – გაიღიმა ნიკუშამ.

– როცა საქმე შენს სიმშვიდესაც ეხება, შვილო, მაშინ ორი მილიონიც, – წარბი არ შეიხარა ელენემ.

ჟანმა ფინჯანი გადადგა და წამოდგა. ჯერ წინ და უკან დადიოდა. მერე ცოლთან მივიდა და თვალებში ალერსით ჩააცქერდა:

– საყვარელო, ხომ ხვდები, რომ ამ ამბავს ასე ვერ დავტოვებთ? იმიტომ არა, რომ ბევრი ფული ჩემთვის რაღაცას ნიშნავს – უკვე გითხარი, რომ შენ გაცილებით მეტად მიღირხარ, მაგრამ, უნდა გავიგო, ვინ იქურდა ჩვენს სახლში. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ამას უცხო არ გააკეთებდა.

ელენე გაფითრდა:

– რისი თქმა გინდა ამით?

– საყვარელო, ხომ ამბობ, სახლიდან ოციოდე წუთით გავედიო?! ქურდს ან ქურდებს ეს დრო ნამდვილად არ ეყოფოდათ, ამ ოთახში შემოეღწიათ და ნახატი მოეპარათ.

– ვერ დაგეთანხმები, – თავი გააქნია ნიკუშამ, – მე ამაში ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ, ვფიქრობ, პროფესიონალ ქურდს ოცი წუთი ეყოფოდა კი არა, დროც დარჩებოდა ფინჯანი ყავის დასალევად.

– მით უმეტეს, რომ არ ვიცით, ნახატი ზუსტად როდის მოიპარეს. იქნებ ეს ღამით გააკეთეს? – მხარი აუბა შვილს ელენემ.

– რას ნიშნავს – ღამით?

– იმას, რომ მე დილით კედლისთვის საერთოდ არ შემიხედავს. ამიტომ, არ ვიცი, როცა ავდექი, ნახატი აქ იყო თუ არა. მხოლოდ სეირნობიდან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე.

– ეს საქმეს ართულებს, მაგრამ ქურდი ღამით ხმაურს გამოიწვევდა. ასე არ ფიქრობ? – ჟანი ცდილობდა, ცოლისგან მეტი ინფორმაცია მიეღო.

– ჟან, მომისმინე! ფაქტია, რომ სურათი გაქრა. ერთადერთი, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ წინა დღეს აუქციონიდან დამირეკეს. მთხოვეს, არა, კი არ მთხოვეს, მომთხოვეს, სურათი აუქციონზე გამეტანა, მგონი, იმ ვიღაც შეშლილი კოლექციონერის გამო. იქნებ, ეს ყველაფერი იმან მოაწყო?.. ხომ იცი, კოლექციონერების ამბავი!..

– გამორიცხული არაფერია. ამიტომაც არის საჭირო პოლიციის ჩარევა. ელენ, მოდი, ასე მოვიქცეთ: შენ და ნიკუშა ქალაქგარეთ გაემგზავრეთ, ამას კი მე მივხედავ.

– არ გამოვა. პოლიცია ჩემთან შეხვედრასაც მოინდომებს. არ გამოვა სხვანაირად. არ იცი, პოლიციელები როგორები არიან?

– მე გავცემ პასუხებს, მე დაველაპარაკები. ვითომ შენ აქ საერთოდ არ ყოფილხარ.

– არა, რაღაც შეგეშლება და ეჭვი გაუჩნდებათ. დამიჯერე, პრობლემებს შევიქმნით, თანაც, სერიოზულ პრობლემებს.

– მაშ, რა ვქნათ, ხელი ჩავიქნიოთ და ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის? შეველიოთ ნახატს? ეს შენი გადასაწყვეტია, საყვარელო, მხოლოდ შენი, იმიტომ, რომ ნახატი შენ გეკუთვნის.

– მართალია, მაგრამ ძალიან გამიჭირდება იმასთან შეგუება, რომ პოლიციელებმა თავისი კითხვებით უნდა ამომხადონ სული. შენც ხომ არ დაუშვებ ამას?

– მაშინ, ჯანდაბას, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს და ჩვენი გეგმები დავაწყოთ.

– რა ვქნათ, ნიკუშა?

ნიკუშამ ხელები გაშალა:

– იცი, გამიჭირდება რამის თქმა. ცოტა რთულია სხვის მილიონებზე ლაპარაკი.

– რატომ – სხვისი? ყველაფერი, რაც ჩემია, შენიც არის. უფრო მეტიც – სულ შენია, შვილო, მე უკვე აღარაფერი მინდა, შენთან ყოფნის გარდა.

– მაშინ, მეც ჟანს ვეთანხმები იმაში, რომ პოლიციის გარეშე ეს საქმე არ ჩაივლის.

– ნუთუ სხვა გამოსავალი არ არსებობს?

ჟანმა თავი გადააქნია:

– ვშიშობ, რომ არა. თანაც, რაც მალე დავურეკავ პოლიციას, მით უკეთესი! დრო არ უნდა დავკარგოთ, – ჟანი კარისკენ გაემართა.

– იქნებ, ჟურნალისტები მაინც არ აგეკიდონ! – სიტყვა დააწია ელენემ.

– ვეცდები, მაგრამ გარანტიას ვერ მოგცემ. ხომ იცი, ასეთი ამბები როგორი სისწრაფით ვრცელდება? გპირდები, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ, რისი შესაძლებლობაც კი იქნება....

***

... ლევანს შეეძლო, ესარგებლა დროებითი „ტაიმაუტით“ და დაესვენა, ანუ, მხოლოდ თავის საქმეებზე ეფიქრა – სამინისტროს საქმეებზე. პრობლემები აქაც ჰქონდა, მაგრამ ამაზე ნაკლებად ღელავდა: „დიდი-დიდი, მომხსნან, სხვას რას მიზამენ? იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, ამას როგორმე გადავიტან, მთავარია, ის საქმე გამომივიდეს. რა ყრია ამ ჩემს თანამდებობაში? – არც არაფერი. ზოგს ჰგონია, რომ მილიონებს ვშოულობ. მაგრამ, მე ხომ ვიცი, რისი პატრონიც ვარ? მგონი, მირჩევნია, იმ მილიონებს მივხედო. არავინ იცის, კიდევ რა მოხდება, იქ კი ვერავინ შემედავება. მით უმეტეს, თუ ნიკუშას ნებით მოხდება ეს ყველაფერი. ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედო. იქნებ, იქაც ჩავფრინდე, მასთან. ვნახოთ. ჯერ ცოტას კიდევ დავიცდი...“

მდივანმა მორიდებით შემოაღო კარი:

– ბატონო ლევან, თქვენი მეუღლეა.

– ჩემი მეუღლე? თიკა? აქ არის?

– დიახ. ჩემს ოთახში გელოდებათ!

– შემოვიდეს, შემოვიდეს...

მდივანი შეყოყმანდა.

– რა მოხდა, რისი თქმა გინდა? – ჩაეკითხა ლევანი.

– ბატონო ლევან, ჟურნალისტიც რომ გელოდებათ? ერთი საათია, აქ არის და ფეხს არ იცვლის. როგორ მოვიქცე?

– ჩემი ცოლი შემოვიდეს, იმ ჟურნალისტს კი უთხარი, რომ არანაირ საკითხზე კომენტარს არ ვიძლევი. პრესაა თუ ტელევიზიიდან არიან?

– მგონი, პრესიდან უნდა იყოს, ზუსტად არ ვიცი.

– რა უნდა მაგის მიხვედრას... – გაბრაზდა ლევანი, – ამდენი ხანია ჟურნალისტებთან გაქვს ურთიერთობა და მაინც ვერაფერი ისწავლე. კამერას ხედავ?

– იცით, ბატონო ლევან...

– „ბატონო ლევან“, „ბატონო ლევან“... რომ მომჩერებიხარ ბატივით! გეკითხები, კამერას ხედავ-მეთქი?

– ააარა! მგონი, ოპერატორი არ ახლავს... – დაიბნა ქალი.

– მიკროფონი თუ უჭირავს ხელში, მიკროფონი? – ხუმრობის გუნებაზე დადგა ლევანი, – ჰო, კარგი, როგორმე მოიშორე, ძალიან გთხოვ! ახლა ინტერვიუს ნერვები არ მაქვს, მით უმეტეს, პირად საკითხებზე. თიკა კი შემოვიდეს.

– თქვენი მეუღლე იმ გოგოს ელაპარაკება...

– ო, ღმერთო! მაინც რა შტერი ხარ. რატომ მიეცი ამის საშუალება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორ არის? – ლევანმა კარი გააღო, მდივნის ოთახში გავიდა და ცოლს სწორედ იმ მომენტში მიუსწრო, როცა თიკა გააფთრებით იგერიებდა ჟურნალისტის შეტევას.

– აბა, აქ რა ხდება? გოგონა, რატომ შემოიჭერით ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე დაუკითხავად? შემითანხმდით ინტერვიუზე? არ შემთანხმებიხართ. ახლა კი, მიბრძანდით აქედან, ძალიან გთხოვთ და ჩემს მეუღლესთან დალაპარაკების საშუალება მომეცით.

– სწორედ თქვენს მეუღლესთან მინდა ინტერვიუ. უფრო სწორად – ორივესთან და, აქედან მანამ არ წავალ, სანამ თანხმობას არ მივიღებ, – გაჯიუტდა ჟურნალისტი და ლევანს გამომწვევად დაუდგა წინ. ლევანმა წარბშეკვრით შეხედა გაჯიუტებულ გოგოს და უცებ მოლბა.

– კარგი, მოგცემთ ინტერვიუს, ოღონდ, ახლა არა და აქ არა. თქვენ ისეთი თემა გაქვთ, ოჯახური გარემო სჭირდება. ამიტომ, ჩვენთან მობრძანდით, თან ყავას დავლევთ და თან ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

თიკამ გაოცებით შეხედა ქმარს. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლევანმა ანიშნა, მაცადეო.

– ძალიან კარგი! მეც სახლში მოსვლა მირჩევნია, – გაიბადრა ჟურნალისტი, რომელიც ვერ მიხვდა ლევანის ეშმაკობას. შეიძლება, ვერც წარმოიდგენდა, რომ მინისტრი ასე ბოროტად გაეხუმრებოდა.

– მე მისამართს მოგცემთ. ჩაიწერთ?

ჟურნალისტმა ბლოკნოტი მოიმარჯვა. ლევანმა მისამართი უკარნახა, ისე, რომ ცოლისთვის არ შეუხედავს და გოგონა გასასვლელამდე მიაცილა. უკან მობრუნებულს სახე შეკავებული სიცილისგან ჰქონდა აჭარხლებული.

თინიკო მაშინვე ეცა:

– გაგიჟდი? ვისი მისამართი მიეცი?

– ვისი და ვახოსი. არაფერი დაუშავდება, ცოტას გაართობს, – ლევანი უკვე ხმამაღლა ხარხარებდა.

– ბავშვივით იქცევი! – უსაყვედურა ცოლმა.

– მერე რა, ზოგჯერ ბავშვივით მოქცევა სულაც არ არის საზიანო. პირიქით, რელაქსაციის ერთ-ერთი საშუალებაა. კარგი, რა თინი, რისთვის მსაყვედურობ? აბა, ისე მაგას თავიდან ვერ მოვიშორებდით და, გინდოდა, ინტერვიუს მიცემა?

თინიკომ თავი გადააქნია:

– არა, მაგრამ ასეც არ შეიძლება.

– კარგი, რა! არაფერი მომხდარა, ვახო არ შეჭამს. დიდი-დიდი – გაეთამაშოს. ამ ბოლო დროს ისეთი მუსუსი გახდა, შინაურს და გარეულს აღარ ინდობს. სულ არ გამიკვირდება, თუ მისკენაც წაუცდება ხელი.

– სულაც არ არის სასაცილო, – თინიკომ არ გაიზიარა ქმრის მხიარულება, – რა გამოდის, ვახოს სამაგიერო გადაუხადე თუ რაშია საქმე? თანაც ჟურნალისტების გადაკიდებაც არ არის გონივრული საქციელი.

– გადაკიდებაო, ისე ამბობ, თითქოს ვცემე და ისე გავუშვი. უბრალოდ, ვეხუმრე. თუ ის გოგო აცრილია ხუმრობაზე, ცოტა ეწყინება. თუ არა, მაშინ, პირიქით – გაუხარდება ვახოს გაცნობის შანსი რომ მიეცა.

– იცი, რაღაც ვეღარ გცნობ, – ეჭვით შეხედა ქმარს თინიკომ, – ძალიან ცელქობ. ასეთი რამ ადრე არ გიქნია.

– რას იზამ, ჩემო თინიკო, დრო მიდის და რაღაც-რაღაცეები იცვლება. მაგრამ შენ გულთან ახლოს ნუ მიიტან ამ ამბავს. შენთვის ისევ ის ლევანი ვიქნები.

– ჰოო? მე ცოტა უკეთესის იმედი მქონდა, – ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა. ლევანი მიუხვდა, ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა.

– ყველაფერი კარგად იქნება, მე ხომ დაგპირდი!

– იცი, ძალიან მინდა, აქაც არ მუშაობდე. პატარა ბიზნესი გქონდეს და ჩვენთვის, შეუმჩნევლად ვცხოვრობდეთ.

– მეც მინდა. როგორ გგონია, რატომ ვიკლავ იმ ნახატისთვის თავს? მასში აღებული ფული მშვიდად შემიძლია მოვიხმარო და ვერც ვერავინ შემედავება.

– ის ნახატი ჩვენ არ გვეკუთვნის, მამაჩემმა აჩუქა ნიკუშას დედას.

– კარგად თქვი, მამაშენმა აჩუქა. ესე იგი, თავიდან მამაშენის საკუთრება იყო. ამიტომ მისი გაყიდვიდან აღებული თანხის ნახევარი მაინც მას ეკუთვნის, შენ კი მამაშენის მემკვიდრე ხარ. ასე, რომ, ყველაფერი კანონიერად მოხდება.

– ლევან, შენ თვითონ თუ გჯერა ამის?

– მე?! რა თქმა უნდა! მით უმეტეს, თუ მამაშენს იმის მტკიცებულებაც აქვს, რომ სურათი მას ეკუთვნოდა, მაგრამ, მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ნიკუშა თვითონ დამიკავშირდება, როგორც კი სურათი გაიყიდება, აი, ნახავ!

– საერთოდ რომ არ გაყიდოს? – ჰკითხა თიკამ და ქმარს გამომცდელად შეხედა.

– რატომ არ უნდა გაყიდოს, რომელი კოლექციონერი ეგ მყავს, რომ საძინებელში დაიკიდოს და მისი ცქერით დატკბეს? – გაეღიმა ლევანს.

– შენ გავიწყდება, რომ გადაწყვეტილებებს ჯერ კიდევ დედამისი ელენე იღებს. იქნებ, ის ქალი სულაც არ აპირებს სურათთან განშორებას?

– კარგი, რა თინი, რა დროს სენტიმენტებია, როცა ორ მილიონ დოლარზეა ლაპარაკი!

– ამასაც ნუ იტყვი. ზოგჯერ მოგონებები მილიონებზე ძვირფასია.

– აუუ! ახლა არ მითხრა, რომ ელენეს ისევ უყვარს მამაშენი, თორემ, სიცილით ჩავბჟირდები.

– ვითომ რატომ? – ეწყინა თიკას.

ლევანი ცოლს მიეფერა:

– ნუ იბუსხები, რა, საწყენად არ გეუბნები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მამაშენის შეყვარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

– რას ამბობ, იცი, ახალგაზრდობაში როგორი სიმპათიური იყო?!

ლევანს გაეცინა ცოლის გულუბრყვილობაზე.

– ეგ არაფერ შუაშია. სიმპათიურები არ არიან, მაგრამ, მაინც უყვართ. მამაშენს რაღაც ისეთი აქვს, რაც ადამიანებს აფრთხობს.

– ის მაინც მამაჩემია. – ჩაილაპარაკა თინიკომ და თვალები ცრემლით აევსო.

– ვიცი, ამიტომაც არის წყნეთში, სავარძელში ნებივრად მოკალათებული და ციხეში არ ზის. მარტო შენ უნდა გიმადლოდეს იმასაც, რომ, რაც ეს ქვეყანა ღლიტა, შევარჩინეთ.

თინიკომ იგრძნო, რომ საუბარი სახიფათო მიმართულებას იღებდა და, რადგან ქმართან დამთბარი ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდა, უკან დახევა არჩია. ტონი შეცვალა და ქმარს მხარზე მიეხუტა:

– ისე, აქ მამაჩემზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. იმიტომ შემოგიარე, რომ სადმე გაგვევლო. მოდი, ჩვენ საყვარელ რესტორანში წავიდეთ, ან კინოში.

ლევანი დაფიქრდა:

– მე უკეთესი ვარიანტი მაქვს – ჩინური რესტორნიდან სახლში წავიღოთ საჭმელი. კარგი ფილმიც ვიყიდოთ და საღამო მშვიდად გავატაროთ. სიმართლე რომ გითხრა, შენ მეტი არც არავინ მჭირდება.

თინიკომ კმაყოფილებით გაიღიმა:

– ძალიან კარგი, წავიდეთ. მეც შემიყვარდა სახლში ყოფნა.

სუფრა საოჯახო კინოთეატრის წინ, ხალიჩაზე მდგარ დაბალ მაგიდაზე გაშალეს. თინიკომ სანთლებზეც იზრუნა, და, სინათლე რომ ჩააქრო, ოთახს საოცარი სურნელი მოეფინა.

– რა კარგია! – თქვა ლევანმა, – მაგრამ, საყვარელო, ხომ არ გამიბრაზდები, თუ ჯერ საინფორმაციო გამოშვებას ვუყურებ? კიდევ ორმოცი წუთი ამიტანე, სახელმწიფო მოხელის როლში და გპირდები, მერე მოლოდინს არ გაგიცრუებ.

თინიკომ ყასიდად ამოიოხრა:

– რა ვქნა, უარს ვერ გეტყვი. დღეს მეტისმეტად დამთმობი ვარ. ოღონდ, სინათლეს ავანთებ, თორემ საინფორმაციო გამოშვება და სურნელოვანი სანთლები, ერთმანეთთან სრულ კონტრასტშია.

ლევანმა საფერფლე ახლოს მიიჩოჩა, ტელევიზორს ხმა მოუმატა და სიგარეტს მოუკიდა. პირველმა ორმა სიუჟეტმა ნაკლებად დააინტერესა. სამაგიეროდ, უცებ ისეთ რამეს მოჰკრა თვალი, ტუჩებთან მიტანილი სიგარეტიანი ხელი გაუშეშდა და მთელი ხმით იყვირა:

– თინიკო, მოდი აქ, ჩქარა!



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3