კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასჯელი – 5 წელი და 6 თვე არჩადენილი დანაშაულისთვის


თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვინმე ვანო გომიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კახელი კაცი, რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, პოლიციელებმა ნახირის მწყემსვისას დააკავეს. მათი წყალობით, სრულიად უდანაშაულო კაცმა ათი თვე ციხეში გაატარა. საინტერესოა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გომიაშვილმა ფარ-ხმალი თუ დაყარა. სხვათა შორის, მოსამართლემ მას საგანგებოდ განუმარტა, რომ ტყუილუბრალოდ დაპატიმრებისთვის, შეუძლია, დამკავებლებს პასუხი სათანადოდ აგებინოს.

რომ არა სასამართლოს ჩარევა, ვანო გომიაშვილი ციხეს 2012 წელს დატოვებდა. ოფიციალურად მას ბრალი ედებოდა ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალების – მარიხუანას შეძენა-შენახვაში, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა: ბრალდებულს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ პატიმარმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მოსამართლეებმა: თამარ ალანიამ, ლია ორკოდაშვილმა და მანანა ოთარაშვილმა პატიმარი დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

სასამართლო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, იმდენი უდანაშაულო პატიმარი გაათავისუფლეს დარბაზიდან, გამოდის, რომ ციხეში არაერთი პატიმარი ზის უდანაშაულოდ. ვინაა დაინტერესებული მათი დაკავებით, ალბათ, უკვე დროა, ვინმემ ეს საქმეები საგანგებოდ შეისწავლოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვანო გომიაშვილის მიმართ დაინტერესება აშკარად იკვეთება და ამ დაინტერესების მიზეზი, ერთ-ერთი ვერსიით – ფულია. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ იმ დღეს, 22 აგვისტოს, როდესაც ვანო დააკავეს, მისი ასაკოვანი მამა, რომელიც ციხეში (დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქურდობისთვის – ე.ბ.) იჯდა, საპროცესო გარიგებით ანუ ფულის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გაჭირვებულმა ოჯახმა ვანოს მამისთვის ფული მარჩენალი ძროხების გაყიდვით გადაიხადა – ოჯახმა 5 ძროხა გაყიდა და 2 000 ლარი „სათანადო“ დეპოზიტზე დადო. თუმცა, იმავე დღეს, მამას ციხეში შვილი „ჩაენაცვლა“. როგორც საქმეში ჩახედულები ვარაუდობენ, სამართალდამცველებს ეგონათ, რომ ძროხების გაყიდვიდან მიღებული ფული ოჯახს კიდევ დარჩა. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, დამკავებლებმა უტყუარად იცოდნენ, რომ ოჯახს გასაყიდი ძროხები კიდევ ჰყავდა და ამიტომაც უკრეს თავი ციხეში. ამ ეჭვს ამძაფრებს ერთი გარემოებაც: მამის მსგავსად, საპროცესო შეთანხმებას შვილსაც ეხვეწებოდნენ, მაგრამ პატიმარმა კატეგორიული უარი თქვა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სიმართლეს საქართველოში თუ ვერ დაამტკიცებდა, ბრძოლას სტრასბურგში გააგრძელებდა. ამისათვის საქართველოში მას ყველა ინსტანცია უნდა მოევლო, მაგრამ უზენაეს სასამართლომდე მისვლა აღარ დასჭირვებია – ყოველგვარი თანხის გარეშე სააპელაციო სასამართლომ ის დარბაზიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. სხვათა შორის, როგორც პატიმრის გარემოცვა აცხადებს, ისევე როგორც შვილი, მამაც ტყუილად იყო დაკავებული, მაგრამ მამა პასუხს ვერავის მოსთხოვს, რადგან, შვილისგან განსხვავებით ის საპროცესო გარიგებას დათანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალი აღიარა, თუმცა, მის თავისუფლებას 5 ძროხა შეეწირა.

სპეცოპერაცია ნახირში

ვანო გომიაშვილი დაკავებამდე უკრაინაში ცხოვრობდა. სოფელში ის დროებით იყო ჩამოსული და მალე უკან წასვლას აპირებდა, მაგრამ მამამისი დააკავეს. 22 აგვისტოს მამა ციხიდან გამოიყვანა და სასწრაფოდ უკრაინაში დააპირა გამგზავრება, მაგრამ, ამის ნაცვლად, ათი თვე ციხეში გაატარა.

მოკლედ, იმ დღეს, როდესაც ვანოს მამა ციხიდან გაათავისუფლეს, პოლიციამ თავად ვანო დააკავა. სამართალდამცველებმა მას ბრალი ქურდობასა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში დასდეს. გამოძიების მასალებით, პირველი დანაშაული – ქურდობა მან 21 აგვისტოს, მეორე დანაშაული, ნარკოტიკების შენახვა-შეძენა კი – მეორე დღეს, ანუ 22 აგვისტოს მაშინ ჩაიდინა, როდესაც მინდორში ძროხებს მწყემსავდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – როგორც პოლიცია ირწმუნებოდა, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ ვანო გომიაშვილი „პლანს“ ინახავდა და, მას შემდეგ, რაც ინფორმატორმა პოლიცია საქმის კურსში ჩააყენა, ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე, ანუ მინდორში გავიდა დამნაშავის დასაკავებლად.

ცნობისათვის: პიროვნების ჩხრეკას მოსამართლის ნებართვა სჭირდება. თუ პოლიცია შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადის, მართალია, ასეთ დროს ჩხრეკა დასაშვებია, მაგრამ 24 საათში უნდა დაკანონდეს. ასე მოხდა ვანოს შემთხვევაშიც: პოლიციამ ვანო ყოველგვარი ნებართვის გარეშე გაჩხრიკა და არცთუ „უსაფუძვლოდ“ – ძროხების მწყემსვისას, მას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ნედლი კანაფი, ანუ „მარიხუანა“ უპოვა და ადგილზე დააკავა. პოლიციამ მეორე ბრალდება მას წინა დღეს ჩადენილი დანაშაულისთვისაც წაუყენა: გამოძიების ვერსიით, წინა დღეს გომიაშვილმა 200 ლარი მოიპარა.

ქურდობა ნათესავის ბინაში

ერთი სიტყვით, ვანო გომიაშვილს „პლანის“ გარდა ახლობლის სახლიდან 200 ლარის ქურდობაც დაბრალდა, მოვლენები კი შემდეგნაირად განვითარდა: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აგვისტოს დასაწყისში ბრალდებულ გომიაშვილის ახლობელმა ქერი გაყიდა და ნავაჭრი, 200 ლარი, ოჯახის უფროსმა შესანახად ცოლს მისცა. დიასახლისმა ფული მისაღებ ოთახში, საწოლის გვერდით, სკამზე დადებულ პოლიეთილენის პარკში შეინახა და ფულს ზემოდან ტანსაცმელი დაადო.

გამოძიების მასალებით, ამ ოჯახს ბინის გაყოფასთან დაკავშრებით წლების განმავლობაში, ჰქონდა დავა უფროს შვილთან. მათი უფროსი შვილი ცალკე ცხოვრობდა და ბიჭმა საქმის მოგვარება ნათესავს – ვანო გომიაშვილს მიანდო. უფრო ზუსტად, სთხოვა, რომ მშობლების ბინასთან დაკავშირებული ყველა საბუთი მას მოეწესრიგებინა, რომ მშობლებთან პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ, კანონიერი გზით მოეგვარებინა. ვანო ბიჭს დახმარებას დაჰპირდა და, სწორედ ამ მიზნით, 21 აგვისტოს, ამ ბინაში სახლის ასაზომად სპეციალისტი მიიყვანა. როგორც გამოძიება ამბობს, სწორედ ამ აზომვის პროცესში, ვანო საძინებელში შევიდა, 200 ლარი მოიპარა და გადამალა... ეს გახლავთ მის მიერ ჩადენილი ქურდობის ისტორია, რასაც მეორე დღეს ნედლი კანაფის, ანუ „პლანის“ შენახვა დაემატა და ამ მიზეზით ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

„გულდასმით“ გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ საქმე სასამართლოს გადასცა, მაგრამ, არც გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესზე, ვანომ არც ერთი ბრალდება არ აღიარა. იგი აცხადებდა, რომ მას არც ფული უნახავს და არც მარიხუანა ჰქონია, მაგრამ 200 ლარით დაზარალებული ოჯახის წევრებისა და პოლიციელების ჩვენებებით, მოსამართლემ მას 5 წელი და 6 თვე პატიმრობა განუსაზღვრა.

საქმეში საყურადღებო 200 ლარით დაზარალებული ოჯახის წევრების ჩვენებები იყო. ცოლი, ქმარი და მათი 11 წლის შვილი – სამივე აცხადებდა, რომ ფული სწორედ იმ დღეს დაკარგეს, როდესაც მათ სახლში, მათივე შვილის პრობლემის მოსაგვარებლად ვანო მხაზველთან ერთად მივიდა. თუმცა, მათგან ვერც ერთი ვერ ადასტურებდა, რომ ქურდობა მათ თავის თვალით ნახეს.

ცნობისათვის: როდესაც თანხა იკარგება, დაზარალებული ვალდებულია, გამოძიებას ისიც განუმარტოს, თუ რა კუპიურები დაკარგა. ამ საქმეშიც ასე მოხდა. დაზარალებულებმა კუპიურები დაასახელეს და მათ მიერ დასახელებული კუპიურები ვანოს მამის ციხიდან გამოსახსნელად გაყიდულ ძროხებში აღებულ ფულს შეადარეს. თანხაში 50 და 100-ლარიანები აღმოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, დაზარალებულების მიერ დასახელებულ კუპიურებს არ დაემთხვა...

ჰქონდა თუ არა განსასჯელს „პლანი“? პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ჰქონდა. ის კი არა, ირწმუნებოდნენ, რომ, როდესაც მინდორში მივიდნენ, ვანოს მარჯვენა ჯიბე „პლანით“ ჰქონდა გამოტენილი. სწორედ ამიტომ, ექსპერტიზაზე გაიგზავნა შარვალი, რომლის ჯიბეშიც, ჩვენების თანახმად პატიმარს ნარკოტიკი ედო.

ცნობისათვის: როდესაც ექსპერტიზაზე ტანსაცმელი ან სხვა ნივთი იგზავნება, აუცილებელია, გამოძიემამ ექსპერტებს დაუსვას კითხვები იმ საკითხების ირგვლივ, რაშიც პიროვნებას ბრალი ედება. ამ შემთხვევაში ექსპერტებს დაესვათ კითხვა: აღინიშნებოდა თუ არა შარვლის ჯიბეზე „პლანის“ სუნი. მაგრამ... სამართალდამცველებს ექსპერტიზამ ცივი წყალი გადაასხა: ჯიბე, რომელზეც პოლიციელებმა მიანიშნეს, ისე იყო გახეული, რომ ექსპერტთა დასკვნით, მასში „მარიხუანა“ ვერ შეინახებოდა და, შესაბამისად, ჯიბეზე „აკრძალული ხილის“ სუნი არ დაფიქსირდა...

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სასამართლომ დაკავებული არა მხოლოდ „პლანის“ ნაწილში გაამართლა, არამედ ქურდობაშიც, რადგან რეალურად, ოჯახის არც ერთ წევრს არ დაუნახავს, რომ მათი სახლიდან ვანომ 200 ლარი მოიპარა – მათი ვარაუდი სასამართლოსთვის მტკიცებულება არ აღმოჩნდა. ამიტომაც, ათთვიანი პატიმრობის შემდეგ, დაკავებული დარბაზიდან გათავისუფლდა...

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამოძიება ბოლო მომენტამდე ცდილობდა, დაკავებულთან საპროცესო გარიგება გაეფორმებინა, ანუ საქმე „გაეპრავებინა“, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ დაკავებულების უმრავლესობა საპროცესოზე ოცნებობს, გომიაშვილმა მასზე კატეგორიული უარი თქვა. ამაზე თუ წავიდოდა, არა მხოლოდ რამდენიმეათასიან ჯარიმას გადაიხდიდა, შედეგში მის დოსიეში ნასამართლეობაც ჩაიწერებოდა. ამიტომ მან ბედი მოსამართლეებს მიანდო და გაუმართლა – პროცესზე რეზინის ჩუსტებით მისული პატიმარი დარბაზიდან გაათავისუფლეს და საგანგებოდ განუმარტეს, რომ მას რეაბილიტაციის უფლება აქვს. რა ბედი ეწიათ გომიაშვილის უკანონოდ დაპატიმრებისთვის პოლიციელებს, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის ეს ფაქტი ჯერჯერობით უცნობია.


скачать dle 11.3