კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიძველის გარდა კიდევ რა თვისებით არის საინტერესო მამუკა ონაშვილის მეთოთხმეტე საუკუნის სასმისი

ყველასთვის საყვარელი მომღერლის – მამუკა ონაშვილის კოლექციაში ას ოცამდე ჭიქაა თავმოყრილი, რომელთაგან ყველაზე ძველი მეთოთხმეტე საუკუნეში, შავი თიხისგან დამზადებული სასმისია. საუკეთესო კოლექციონერი და საინტერესო მოსაუბრე მამუკა ონაშვილი დღეს ჩვენი რესპონდენტია.

მამუკა ონაშვილი: ჩემს კოლექციაში ბევრნაირი ჭიქა ინახება – განსხვავებული სასმისით დაწყებული ყავის ფინჯნით დამთავრებული.

თავდაპირველად ეს ლუდის ბოკალი გახდა ამ კოლექციის შემადგენელი ნაწილი. ის დედაჩემის მამამ ჩამოიტანა პოლონეთიდან, სადაც გასტროლებზე იმყოფებოდა. ეს 28 წლის წინ მოხდა.

როდესაც პირველად დავაგემოვნე ლუდი და მისი მოყვარული გავხდი, გამიჩნდა სურვილი, რომ ამ კათხითაც შემესვა, რადგან გაგონილი მქონდა, თუ გინდა, ლუდის ნამდვილი გემო შეიგრძნო, აუცილებლად ლუდის კათხით უნდა შესვაო. მეც დავრწმუნდი ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში. ამის შემდეგ ვიფიქრე, მარტო ხომ არ დავლევ-მეთქი. ჰოდა, ავდექი და მეორე კათხა ვიყიდე, შემდეგ მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ამას დაემატა ისიც, რომ პარალელურად დავიწყე სპეციალური სასმისების შეგროვება. ასე გავხდი ჭიქების კოლექციონერი.

– სულ რამდენი ჭიქაა დღეისთვის თქვენს კოლექციაში?

– ამ კოლექციაში დაახლოებით ას ოცამდე ჭიქაა თავმოყრილი.

– კოლექციონერები აღნიშნავენ, რომ ყოველ ნივთს მათ კოლექციაში თავისი ისტორია აქვს.

– ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ყველა ჭიქას თავისი პატარა ისტორია აქვს. ზოგი მათგანი შეძენილი მაქვს, ზოგიც საჩუქრად გადმომცეს. ეს ჭიქა მაგალითად, ჩემმა მოგვარემ, ჩემმა დამ – ირინა ონაშვილმა ჩამომიტანა ტაილანდიდან, ეს ორი კათხა კი ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა, კობა ბერიძემ მისახსოვრა. აქ ბევრია ჩემი მეგობრების ნაჩუქარი ჭიქები. მეც, სადაც ჩავდივარ, ყოველთვის ჩამომაქვს სამახსოვროდ სასმისები ჩემი კოლექციისთვის. აქ ნახავთ ეგვიპტიდან, საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და კიდევ მრავალი ქვეყნიდან ჩამოტანილ ჭიქებს.

– რომელია ამ კოლექციაში ყველაზე ძველი სასმისი?

– ეს არის შავი თიხის სასმისი, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნით თარიღდება. მას დღესაც ატყვია შავი ღვინის ლაქები. ის კახეთის მხარეში, ულიანოვკის მინდვრების მიდამოებში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ზედ ხელოსნის თითის ანაბეჭდიც ეტყობა. მე ეს სასმისი განსაკუთრებულად მიყვარს. ზუსტად ერთი ლიტრი სასმელი ეტევა მასში. როდესაც ეს სასმისი მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა. მისი ჩემს მფლობელობაში მოხვედრის პირველ დღესვე აღმოვჩნდი სუფრაზე. სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ვინ იყო თამადა. მოკლედ ამ თამადამ ამომიჩემა – ეტყობა, პატარა რომ ვარ, იფიქრა, ამას მოვუვლიო. (იცინის) ჰოდა, რა სასმისითაც დალევდა, ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ ალავერდს ჩემთან გადმოდიოდა. გულში ვფიქრობ: რა უნდა ამ კაცს ჩემგან?! არ მიყვარს სმაში პაექრობა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვსვამ. ბოლოს და ბოლოს, დაახლოებით მეხუთე სადღეგრძელოს შემდეგ გამახსენდა ჩემი ახლად ნაჩუქარი სასმისი. მაშინვე მოვიტანე, ისე, როგორც იყო, მიწის ნაკვალევიც არ მომიშორებია, ერთი სული ჩავბერე და შევავსე. წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნის განმავლობაში იდო მიწაში ეს სასმისი და კიდევ რამდენ რამეს ინახავს მიწა. ჰოდა, სადღეგრძელოს დავარქვი „მიწისქვეშა საქართველოს სადღეგრძელო,“ დავლიე და ახლა მე გადავედი ალავერდს მოპაექრესთან. მე, რატომღაც, დამინდო ამ სასმისმა, შემერგო, ძალიან გემრიელად დავლიე. აი, ჩემი მოპაექრე კი, ნახევრამდეც არ იყო ჩასული, რომ თავი დაადებინა მაგიდაზე. ჰოდა, მაშინ ვთქვი, გარდა იმისა, რომ ძველი და ისტორიულია, კიდევ სხვა თვისების გამო არ არის უბრალო ეს სასმისი-მეთქი. (იცინის).

– ეს ლუდის კათხა სად არის შეძენილი?

– ეს კათხა გერმანიაში, ლუდის ერთ-ერთ პაბში შევიძინე. სწორედ იქ, სადაც ჰიტლერმა თავისი პირველი სიტყვა წამოთქვა ომის დაწყებასთან დაკავშირებით. იქვე, მის მიერ ნასროლი ტყვიის ნაკვალევი ჩარჩოში ჰქონდათ საგულდაგულოდ ჩასმული. რაღაც სამახსოვრო აუცილებლად უნდა წამოიღო იმ ადგილიდან. ეს „რაღაც“ იყო ზუსტად ის კათხა, რომელიც იმ პაბში გამოვცალე (იცინის), ისიც ლიტრიანია. ეს, ცხადია, ის კათხა არ არის, რომლითაც ჰიტლერი მიირთმევდა ლუდს, მაგრამ კონკრეტულად იმ კედლებში და იმავე დიზაინის სასმისით ნამდვილად სვამდა.

– ჰიტლერისეული განწყობა იგრძნობოდა შიგნით?

– არანაირი. როდესაც ლუდს მიირთმევ, თუნდაც ისეთ ადგილას, სადაც ჰიტლერი იჯდა, იქ ჰიტლერზე ნამდვილად არ ფიქრობ.

– ჰიტლერს უყვარდა ლუდი?

– როგორც ამბობენ, ჰიტლერს ლუდი ჰყვარებია, ჩემსავით. (იცინის).

– კარგი სადღეგრძელოებიც გეცოდინებათ ლუდით დასალოცი...

– ვიცი, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით. (იცინის). ძალიან მიყვარს ერთჯერადი სუპები, განსაკუთრებით – ქათმის. ეს ეგრეთ წოდებული „სუპნიცა“ ჰოლივუდში შევიძინე და საკმაოდ ხშირად ვიყენებ. ჰოლივუდში ყოფნისას, ვარსკვლავთა ბულვარში სეირნობის დროს, უცბად ვიღაც ქალი გამოვარდა, სურათებს მიღებს; მერე მეორე, მესამე და, სოპრანო, სოპრანოო – გაიძახოდნენ. გულში ვფიქრობ, ნეტავ რა უნდათ-მეთქი. თურმე, ფილმ „სოპრანოს კლანის“ მთავარ პერსონაჟს მიმამსგავსეს, რითი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფოტოაპარატებით რომ დამდევდნენ, ფაქტია. ბიჭებს ვეუბნებოდი, ცოტა ხანს გავჩერდეთ, მგონი, ბედი მეხსნება, ეგება ვიღაცამ ფილმში გადასაღებად მიმიწვიოს-მეთქი. (იცინის).

– ეს ცხვირიანი ჭიქა სად შეიძინეთ?

– „ცხვირი“ საფრანგეთშია შეძენილი. შვეიცარიიდან კი რა უნდა წამომეღო, თუ არა ძროხა? (იცინის) ეს ძროხის ფორმის ჭიქა იქ ვიყიდე.

– ძროხა თუ შვეიცარიაში შეიძინეთ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ბუღას ფორმის სამისი ესპანეთში უნდა იყოს ნაყიდი, მართალი ვარ?

– აბსოლუტურად მართალი ხარ, კორიდაზეა შეძენილი. (იცინის).

– განსაკუთრებით რომელი ალკოჰოლური სასმელი გიყვართ?

– ლუდი, კონიაკი, ვისკი. მაქვს მოწყობილი ცალკე კუთხე, სადაც ნებისმიერი სასმლის დაგემოვნება შეუძლია ოჯახის სტუმარს, ყველანაირი სასმელი მაქვს განლაგებული ღვინიდან – ლიქიორამდე. სტუმრებს სურვილისამებრ, ნებისმიერი ჭიქით შეუძლიათ, რომ შესვან ჩემი კოლექციიდან. რომ ვთქვა, სახლში ყოველდღე ვსვამ-მეთქი, მოგატყუებთ. კარგა ხანია, არ დამილევია. ნაბახუსევის პრობლემა არ მაწუხებს, რადგან თუ დავიწყებ ღვინით, ვამთავრებ ღვინით და, თუ კონიაკით – კონიაკით, არ მიყვარს არევა.

– ყველაზე დიდი რაოდენობით რომელი სასმელი გაქვთ დალეული?

– (იცინის) სამ კაცს დაგვილევია 20 ლიტრი ღვინო. ყოფილა შემთხვევა, რომ ორ კაცს აგვითვისებია ცამეტი ბოთლი არაყი. ჩემდა წილად, ხუთი ბოთლი კონიაკიც მაქვს დალეული.

– ნეტა, გინესის რეკორდსმენები თქვენზე მეტს სვამენ?

– არ ვიცი (იცინის).

– პირადად თქვენ თუ გაქვთ ამოჩემებული ერთი ჭიქა, რომლითაც სასმელს მიირთმევთ ხოლმე?

– რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი ჭიქა, რომელსაც თავისი კონკრეტული ადგილი აქვს მიჩენილი და ჩემს მეტს, არავის აქვს მისით სარგებლობის უფლება.

– ახლა არაალკოჰოლურ სასმელებზეც ვისაუბროთ, თქვენი კოლექცია თავისუფლად იძლევა ამის საშუალებას. ჩაი თუ ყავა?

– ყავა ნალექიანი.

– რამდენია ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ამ კოლექციის რომელიმე ნიმუშის შესაძენად გაქვთ გადახდილი?

– 300 ევრომდე მაქვს გადახდილი ლუდის კათხაში, რომელიც გერმანიაში, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ და სერიოზულ კათხების მაღაზიაში შევიძინე.

– თვითონ კოლექცია რა ღირს?

– ამ კოლექციაში მთელი ჩემი მოგონებებია თავმოყრილი, ჩემთვის ის ძალიან ბევრს ნიშნავს და შეუფასებელია.

ეკა სალაღაია

скачать dle 11.3