ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: აუქციონზე შევიძინე ავეჯის გამომშვები საწარმო. აღნიშნულ საწარმოს, ჩემ მიერ მისი შეძენისას, ჰყავდა პენსიონერი, რომელიც იღებდა პენსიას სამუშაო ტრავმის გამო. გთხოვთ, განმიმარტოთ, ვალდებული ვარ თუ არა, მეც გადავუხადო მას ეს პენსია?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ თქვენ მიერ აუქციონზე მოხდა ავეჯის გამომშვები საწარმოს შეძენა თქვენს ხელში და საკუთრების გადასვლის შემდეგ გახდით იმ ურთიერთობის მონაწილე და დაიკავეთ ძველი მესაკუთრის ადგილი, ასეთ შემთხვევაში თანხის გადახდის ვალდებულება თქვენ გეკისრებათ.
კითხვა: 2009 წლის იანვარს სასამართლომ დამაკისრა (ელექტროენერგიის) ჯარიმა 600 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა ჩემ მიერ არ იქნა გადახდილი. 9 თვის შემდეგ, თბილისის სააღმსრულებლო ბიუროს აღმასრულებლისგან მივიღე გაფრთხილება აღნიშნული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ. აღმასრულებელს წარვუდგინე საბუთები, რაც ადასტურებდა, რომ ვეკუთვნი სოციალურად დაუცველ ოჯახთა რიცხვს, ვარ პენსიონერი და ავადმყოფი, თუმცა, აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული. ამიტომ, იძულებული გავხდი, ფული მესესხა და გადამეხადა აღნიშნული ჯარიმა. გთხოვთ, განმიმარტოთ, იყო თუ არა აღმასრულებელი ვალდებული და უფლებამოსილი, გაეთვალისწინებინა აღნიშნული და ჩამოეწერა ჩემთვის ჯარიმა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების/გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება ეკისრება აღმასრულებელს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყავით დაჯარიმებული 600 ლარით, აღმასრულებელი ვალდებული იყო, აღესრულებინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. აღმასრულებლის კომპეტენციაში არ შედის თანხის ჩამოწერა.
კითხვა: 13 წლის წინ ჩემი შვილი დაქორწინდა გოგონაზე, რომელიც მეც მომწონდა სარძლოდ. მე 12 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი საბერძნეთში და იქიდან ვინახავდი ჩემს შვილს და მის ოჯახს. ჩემს შვილს ვუყიდე 2 ბინა, რომლებიც მის სახელზეა გაფორმებული. ახლა ჩემს შვილსა და რძალს შორის არის უთანხმოება და ჩემმა რძალმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი განქორწინებაზე. მაინტერესებს, ეკუთვნის თუ არა ჩემი შეძენილი ქონებიდან ჩემს რძალს რაიმე წილი და რა ასაკიდან შეუძლიათ ბავშვებს, ქონებაზე განაცხადონ პრეტენზია?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება არის მათი თანასაკუთრება. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია სხვა შემოსავალი. აღნიშნული ქონება შეიძინა თქვენმა შვილმა და რეგისტრირებულია მის სახელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას. შესაბამისად, თუ სასამართლო ცნობს თქვენს რძალს ქონების თანამესაკუთრედ, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია. სასამართლო უფლებამოსილია, გადაუხვიოს თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესის გათვალისწინებით. ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს, თუ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, ან თუ ის შრომისუუნაროა.
კითხვა: ვმუშაობ ხელშეკრულებით, სადაც აღნიშნულია, რომ ხელფასის გაცემა ხდება ყოველთვიურად ერთსა და იმავე რიცხვში. მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნული არ სრულდება და ხელფასებს გვაძლევენ ორ თვეში ერთხელ, თანაც, ნაწილ-ნაწილ, რითაც ძალიან ვზარალდები. მაინტერესებს, მაქვს თუ არა უფლება, მივმართო სასამართლოს და რა დაეკისრება დამსაქმებელს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მხარეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა. სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მიმართეთ დამსაქმებელს და მოსთხოვეთ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ასევე, დაუსაბუთეთ ის გარემოება, თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობა რა სახის ზიანს გაყენებთ.
ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და, ასევე, ზიანის ანაზღაურება (ვინაიდან, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების შედეგს).
კითხვა: სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, მომეხსნა ყაზტრანსგაზის ჯარიმა და მომეცა სიტყვიერი გაფრთხილება. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების გამოტანიდან 10 თვის შემდეგ, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა, იმავე საბუთებზე დაყრდნობით, მაინც დამაჯარიმეს. აღნიშნულის მიზეზად მისახელებენ იმას, რომ გადაწყვეტილებაში არ წერია საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებო. მაინტერესებს, კანონიერია თუ არა მათი ქმედებები და ვის მივმართო სამართლის დასადგენად?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ერთ-ერთი სახდელის ზომაა გაფრთხილება. ის ფაქტი, რომ სასამართლომ ჯარიმის ნაცვლად მოგცათ გაფრთხილება, ნიშნავს, რომ სასამართლომ გცნოთ სამართალდამრღვევად. მოცემულ შემთხვევაში ყაზტრანსგაზს უფლება აქვს, დაგარიცხოთ დატაცებული ბუნებრივი აირის საფასური.