ვის უნდა მამის პოვნა ბოლნისში და რაზე ოცნებობს თურქეთში მცხოვრები ქალიშვილი
28 წლის იულია ნუვრუზის ასული კუტნიაში ეძებს: 65-67 წლის ნუვრუზ მუსას ძე ალაზოვს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 65-67 წლის ნუვრუზ მუსას ძე ალაზოვს. მამაჩემი არასდროს მინახავს და ძალიან მინდა, მისი გაცნობა. ჩემ გარდა მას კიდევ ორი ვაჟი ჰყავს, ორივე ჩემზე უფროსია. რამდენადაც ვიცი, მამა ბოლნისის სოფელ დორბაზში ცხოვრობდა (არ ვიცი, რამდენად სწორია სოფლის სახელწოდება). უკვე 28 წლის ვარ და ამჟამად თურქეთში ვცხოვრობ. მაქვს ჩემი ოჯახი და ძალიან მინდა, მამის პოვნა.
– როგორ გაიცნეს თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი? მოგვიყევით თქვენი ისტორია.
– 1980 წელს მამაჩემი ჩამოსული იყო ქალაქ კორენოვსკში. მას რაღაც ბიზნესი ჰქონდა და საქმის თაობაზე გახლდათ იქ, სწორედ მაშინ გაიცნო დედაჩემი – ვალენტინა პავლეს ასული კუტნიაში. მათი გაცნობიდან ორი თვის შემდეგ მამა საქართველოში დაბრუნდა. დედა წერილებს წერდა, მაგრამ პასუხი არც ერთხელ არ მოგვსვლია. 1981 წელს დავიბადე მე. იმის გამო, რომ ჩემი მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ, მე დედის გვარზე ვარ. 28 წელია მამა არ მინახავს. ძალიან მინდა, მის პოვნაში დამეხმაროთ. ამჟამად მე უკვე ჩემი ოჯახიც მაქვს და თურქეთში ვცხოვრობ. ძალიან მინდა, მამა ვიპოვო და ვიცნობდე მაინც. რვა წლის ვიყავი, როდესაც დედამ გამიმხილა მამის ვინაობა, მას შემდეგ მინდა და მაინტერესებს მისი ნახვა და გაცნობა.
– მამის შესახებ რა იცით? გამოდის, ის დაქორწინებული იყო მანამდეც, სანამ დედათქვენს გაიცნობდა, რადგან თქვენივე თქმით, უფროსი შვილები ჰყავდა.
– ვიცით, რომ მას ჰყავდა ორი ბიჭი. ახლა ალბათ იქნებიან, დაახლოებით, 31-32 წლის ილგარი და 30 წლის ადალეტი. ვიცი, რომ მამა ცხოვრობდა ბოლნისში. იქ, თუ არ ვცდები, არის სოფელი დორბაზი. სწორედ იქ უნდა იყოს. გამორიცხული არ არის, რომ მას ნათესავები ჰყავს თბილისშიც.
– როგორ ფიქრობთ, მისმა ოჯახმა თუ იცის თქვენი არსებობის შესახებ და რა რეაქცია ექნებათ მათ ამასთან დაკავშირებით?
– ნამდვილად ვიცი, რომ მისმა ოჯახმა არ იცის, ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ბოლოს და ბოლოს ის მამაჩემია და მე მაქვს სრული უფლება, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ვნახო ჩემი ბიოლოგიური მშობელი. იმედია, ჩემი ნახევარძმებიც გამიგებენ და მათაც გაუხარდებათ, რომ და ჰყავთ. მე, ყოველ შემთხვევაში, მათ სისხლად და ხორცად მივიჩნევ და ძალიან მინდა, მათი გაცნობაც. მათ გარდა, დედმამიშვილი არ მყავს. დედაჩემს არაფერი უთქვამს მამაჩემისთვის ჩემი არსებობის შესახებ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დედა მას წერილებს უგზავნიდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ შვილი ჰყავდა მისგან. ამჟამად ყველანი მგულშემატკივრობენ, ჩემი ოჯახის წევრებიც და დედაც, რომელიც სულ იმას დარდობს, მისი სიკვდილის შემთხვევაში სულ მარტო რომ დავრჩები – მშობლების გარეშე და ეს სასტიკად არ უნდა. ნამდვილად არ ვიცი, რა რეაქცია ექნებათ მამაჩემსა და მის შვილებს, მაგრამ ნებისმიერი რეაქციისთვის მზად ვარ. მაინცდამაინც ოცნების კოშკებს არ ვაგებ, რომ ისინი სიხარულით მიმიღებენ, მაგრამ მაინც ძალიან მინდა, მათთან შეხვედრა.
– მამას თუ იპოვით და მასაც მოუნდება თქვენთან ურთიერთობა, თქვენი ნახვა, როგორ ფიქრობთ, სად მოხდება თქვენი შეხვედრა?
– თურქეთი საქართველოსთან ახლოსაა, რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად, უფრო მეტად მომინდა მამის პოვნა. ასე მგონია, ჩემთან ახლოს არის, უფრო ახლოს, ვიდრე ადრე იყო. ღმერთმა ქნას და მასაც თუ მოუნდება ჩემთან შეხვედრა, მე, ალბათ, ჩამოვალ საქართველოში და ბოლოს და ბოლოს გავიცნობ ჩემს ბიოლოგიურ მშობელს. დედაჩემი სულ მეუბნება, რომ ფიზიკურად მამაჩემს ვგავარ. ძალიან მაინტერესებს, სიმართლეა ეს თუ არა. იმედია, ჩემი ნახევარძმებიც მიმიღებენ. მე მათგან არაფერი მინდა, მხოლოდ და მხოლოდ გაცნობა და ნახვა. დიდი სიყვარულით ვარ განმსჭვალული მათ მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მამა არასდროს მინახავს და არასდროს მიგრძვნია, რას ნიშნავს მამაშვილური სიყვარული, მაინც მინდა მისი პოვნა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.