ვინ ეძებს ბელორუსიიდან მამას და რას პატიობს შვილი თავის მშობელს
25 წლის ალინა ვასილის ასული შუსტინა ეძებს: დაახლოებით 48 წლის ალექსი თეიმურაზის ძე მგალობლიშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 47-48 წლის ალექსი თეიმურაზის ძე მგალობლიშვილს. ვიცი, რომ მამაჩემი თბილისში ცხოვრობდა, თუ არ ვცდები, რუსთავის გზატკეცილზე. დამოუკიდებლად მამა ვერ ვიპოვე და ვიმედოვნებ, თქვენ დამეხმარებით. ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ბელორუსიაში, გომელში გაიცნეს. მე დავიბადე და გავიზარდე ამ ქალაქში. ამჟამად, მამინაცვლის გვარს ვატარებ. გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი მამიკო.
– ალინა, როგორ დაკარგეს თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი და ვისგან და როგორ გაიგეთ მამის შესახებ?
– მამაჩემმა და დედაჩემმა ბელორუსიაში, ქალაქ გომელში გაიცნეს ერთმანეთი, სწორედ იქ, „ალმაზნოე უჩილიშჩაში“, სწავლობდა დედაჩემი – ელენა ვალენტინის ასული კოვალიოვა. მათი შეხვედრა 1984 წელს მოხდა. ალექსიც იქ სწავლობდა და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ, სწავლის დასრულების შემდეგ მამა თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა. 1985 წლის 12 იანვარს დავიბადე, და დედამ თავის ქალიშვილობის გვარზე დამწერა. ვიყავი ალინა ალექსეის ასული კოვალიოვა, მაგრამ, შემდეგ დედა გათხოვდა და მეც, ბუნებრივია, მამინაცვლის გვარზე გადამიყვანეს. ამჟამად ვარ ალინა ვასილის ასული შუსტინა. ამის შესახებ, რომ ჩემი ბიოლოგიური მამა ქართველია და თბილისში ცხოვრობს, უკვე მოზრდილ ასაკში გავიგე. მანამდე სიმართლე არ ვიცოდი. მახსოვს, როგორი რეაქცია მქონდა – ყველაფერმა, დამაინტერესა რაც კი მამას ეხებოდა, მაგრამ, დედას ბევრის შეკითხვას ვერ ვუბედავდი. ამას დღესაც ვერ ვბედავ. რაღაცნაირად არ მინდა, მის ცხოვრებაში ჩავერიო და წარსული გავახსენო. მით უმეტეს, რომ ამჟამად მას თავისი ოჯახი აქვს. უბრალოდ, მე უნდა მცოდნოდა, ვინ არის ჩემი ბიოლოგიური მამა და ახლა ვიცი, მაგრამ, არასდროს მინახავს. ძალიან მინდა მისი პოვნა და გაცნობა, თუკი, რა თქმა უნდა, მასაც ენდომება. იმის შემდეგ, რაც მამა საქართველოში დაბრუნდა, დედასთან მიმოწერა ჰქონდა, მან იცოდა ჩემი არსებობის შესახებ.
– მამის შესახებ კიდევ რას გვეტყვით? ესე იგი, მამათქვენმა თქვენი არსებობის შესახებ იცის. როგორ ფიქრობთ, ის თუ გეძებთ?
– ვიცი, რომ მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა. სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მამა თბილისში ცხოვრობს. ადრე თურმე ის რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მაგრამ დაზუსტებული მისამართი არ ვიცი. მამის ფოტო არ გამაჩნია, რომ მის მოძებნაში დავიხმარო. არ არის გამორიცხული, რომ მამაც მეძებს. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, ასე ვიფიქრო. თუ ის მე მეძებს, ჩემი პოვნა მას უფრო გაუჭირდება, ვიდრე მე მისი, რადგან, როგორც გითხარით, გვარი და მამის სახელი მამინაცვლის მაქვს. როგორ მიპოვის, თუკი ეს ინფორმაცია არ გააჩნია.
– თუ გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ მამათქვენს შეიძლება უკვე თავისი ოჯახი ჰქონდეს და რა რეაქცია ექნებათ მათ, შენს გამოჩენაზე?
– 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მამაჩემი ბელორუსიიდან საქართველოში დაბრუნდა. სწორედ ამდენი წლის ვარ მეც. საკმაოდ დიდი დროა გასული და ბუნებრივია, მას ოჯახი ექნება. ალბათ, მამის მხრიდან და-ძმებიც კი მყავს. ეს ამბავი ჩემთვის ძალიან სასიხარულო იქნებოდა. მამაჩემისგან არაფერს ვითხოვ. არც მაქვს ამის უფლება. უბრალოდ, მინდა, ვნახო და გავიცნო ის ადამიანი, ვისაც მამაჩემი ჰქვია. ვფიქრობ, ჩემ ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი სურვილით მის ოჯახს ზიანს არ მივაყენებ. ვიცი, რომ ქართველებისთვის ოჯახი წმიდა ცნებაა, ჩემთვისაც ასეა. გამიხარდება, თუ მამას ვიპოვი და გავიცნობ. სულ ეს არის ჩემი სურვილი.
– თუკი აღმოჩნდა, რომ მამა არ გეძებდათ, ამას თუ აპატიებთ მას?
– მე მას ყველაფერს ვაპატიებ. მიტევება ყველაზე დიდი სათნოებაა, რაც კი ადამიანს შეუძლია, რომ გაიღოს. ჩემი სისხლი და ხორცია, როგორ არ ვაპატიო?
– ღმერთმა ქნას და, რომ იპოვოთ ერთმანეთი, სად ან როგორ აპირებთ მასთან შეხვედრას?
– ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ისე ძალიან მინდა, ეს დღე რომ დადგეს როდისმე, არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. ალბათ, ვეცდები, თბილისში ჩამოვიდე, თუ რა თქმა უნდა მამა ვიპოვე, მან მიმიღო და ჩემთან შეხვედრის წინააღმდეგი არ იყო. მისთვისაც ხომ საინტერესო უნდა იყოს ჩემი გაცნობა!