ბოსტონში გიგანტურ არკოლოკს ააგებენ
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ ბოსტონში შესაძლოა, გიგანტური ნაგებობა აშენდეს, რომელშიც 15 ათასი ადამიანი განთავსდება. კომპანია „ბოსტონ არკოლოკის“ პროექტის თანახმად, დაგეგმილია მრავალსაფეხურიანი კონსტრუქციის აგება, რომლის შიგნითაც საცხოვრებელი სათავსოები, ოფისები, სასტუმრო ნომრები, მაღაზიები და მუზეუმები იარსებებს. გარდა ამისა, არკოლოკში შესაძლოა, ქალაქის ადმინისტრაციაც განთავსდეს. ახალი პროექტის განსახორციელებლად ადგილის გამოყოფა საჭირო არ იქნება, რადგან ის ქალაქის ყურეში სპეციალურ, მცურავ პლატფორმაზე აიგება. კომპლექსი ელექტროენერგიას მზის ელემენტების, ქარისა და წყლის ტურბინებით მიიღებს, რაც მას ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოს გახდის. ორიგინალური პროექტის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორი კევინ შოპფერია. პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს და რთული სათქმელია, რა დაჯდება ის. მიუხედავად ამისა, უკვე ცნობილია, რომ მის განხორციელებას დაახლოებით 10 წელიწადი დასჭირდება. გამორიცხული არ არის, კიდევ ერთი ორიგინალური ნაგებობა – 365-მეტრიანი პირამიდის ფორმის კონსტრუქცია უახლოეს პერიოდში ახალ ორლეანშიც აშენდეს.