ვენესუელა სანავთობო ოაზისია?
ბოლო პერიოდში ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, აღმოჩნდა, რომ ვენესუელის ნავთობის მარაგი შესაძლოა, საუდის არაბეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტი იყოს. ამერიკის გეოლოგიური სამმართველოს მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ცნობილ ორინოკოს აუზში არსებული ნავთობის მარაგი, წინა მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტია. მათი აზრით, ამ რეგიონში შესაძლოა 500 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობის მოპოვება. ეს იმაზე ბევრად უფრო ოპტიმისტური შეფასებაა, ვიდრე აქამდე ვენესუელის ამბიციური პრეზიდენტი უგო ჩავესი ჰიპოთეტურად აცხადებდა. ჯერჯერობით ვენესუელის ხელისუფლებასა და ნავთობმომპოვებელ სახელმწიფო კომპანიას ამერიკის გეოლოგიური სამმართველოს მეცნიერთა განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამს, რომ პროგნოზირებადი მარაგის დიდი ნაწილის მოპოვება შესაძლოა, ეკონომიკურად წამგებიანი აღმოჩნდეს. დღესდღეობით ვენესუელა ნავთობის ყველაზე დიდ მარაგს ფლობს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ფარგლებს გარეთ. აქამდე ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში ნავთობის მოსაპოვებელი მარაგის მოცულობად 172 მილიარდი ბარელი სახელდებოდა. ამ მხრივ მსოფლიო ლიდერი საუდის არაბეთია, სადაც ექსპერტები 260 მილიარდი ბარელი ნავთობის მოპოვებას მიიჩნევენ შესაძლებლად.