მინისტრების რისხვა
ბაღი – ეკონომიკური მამების სამჭედლო
თვით საქართველოს მონოლითურ ხელისუფლებაშიც კი გატოკდება ხოლმე აკაკისეული ჭეშმარიტება („მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს, განა?!“); ჰოდა, რაკი გატოკდება ხოლმე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი საპენსიო გზას გაუყენეს. ბ-ნ ჟვანიას, მართალია, მთლად ისეთივე პერსპექტიულ ახალგაზრდადაც არ მიიჩნევდნენ, როგორც, მაგალითად, ბ-ნ ახალაია-უმცროსს, მაგრამ არც ბევრი უკლდა. ასეა თუ ისე, ტრადიცია მაინც გაგრძელდა და ეკონომიკური განვითარების ახალ მინისტრად კვლავაც დიპლომატი მოგვევლინა (პრინციპით, „თხა თხაზე ნაკლებიო“) – მოგეხსენებათ, თავის დროზე, ბ-ნ ჟვანიასაც წარმატებული დიპლომატის ნიშნით ჩააბარეს ეკონომიკა. ბ-ნმა გილაურმა (მას უკვე თავისუფლად შეიძლება, ვუწოდოთ, „მინისტრების რისხვა“) აგვიხსნა, რომ ბ-ნმა პოლოლიკაშვილმა ნულიდან ააწყო ესპანეთთან ურთიერთობებიო (თუმცა აღარ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ან „აწყობაში“, ან „ნულში“). სამაგიეროდ, თავად ახალმა მინისტრმა არ დაგვიმალა, რომ მისთვის ეს შეთავაზება მოულოდნელი იყო (ბუნებრივია, მოულოდნელი იქნებოდა, რადგან ესპანეთთან ურთიერთობები პლუს უსასრულობაში ჰქონდა გადასაყვანი). უფრო მეტიც, დრო მოითხოვა ახალ პროგრამაზე დასაფიქრებლად (ვითომ, არ აჯობებდა, უკვე დაფიქრებული დაენიშნათ? მაგრამ, აბა, რას გაუგებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტს?!), თუმცა უკვე იცის, რომ სამინისტროში საკუთარი გუნდით მივა (აი, ის კი აღარ ვიცით, გუნდი უკვე დაფიქრებულია თუ აწი აპირებს რუხი ნივთიერების ეკონომიკური მიმართულებით აფუთფუთებას). თუ ბ-ნი გილაურის არგუმენტს გავიხსენებთ, ნულიდან ააწყოო, უნდა ვივარაუდოთ, რომ აწყობასთან მწყრალად არც ბ-ნი პოლოლიკაშვილის გუნდი იქნება, ოღონდ, საქმეც ის არის, რის აწყობასთან?! ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აწყობისადმი (მაგალითად, სათამაშო სახლების) მიდრეკილებით ბაღის ასაკის ბავშვებიც გამოირჩევიან, იქნებ მათი ნიჭიც წაეხმარებინათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის?!