როგორ ზრუნავდა სტალინი საქართველოზე
იოსებ სტალინი შემთხვევას არ უშვებდა, რომ უცხოეთიდან ჩამობრძანებული პოლიტიკოსებისა თუ დელეგაციებისთვის არ გაეცნო საქართველო. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც საფრანგეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ტეროზი, 1951-1952 წლებში მოსკოვში ჩამობრძანდა დასასვენებლად და სამკურნალოდ. ავადმყოფობის პერიოდში იგი რამდენჯერმე მოინახულა ბელადმა. როგორც მოლოტოვი იხსენებს, გამოჯანმრთელების შემდეგ ბელადი კიდევ შეხვდა ფრანგ სტუმარს. მათ კარგა ხანს ისაუბრეს. ბოლოს საუბარი საქართველოზეც ჩამოვარდა. თქვენ ცხადია, ერთხელაც არ ხართ ნამყოფი საქართველოში, ამხანაგო ტეროზ, არ გსურთ იქ ჩასვლა? – ჰკითხა სტალინმა ფრანგ სტუმარს.
– მოვინახულო ის ქვეყანა, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ? სიმართლე გითხრათ, ჩემი დიდი ოცნებაა, – იყო პასუხი.
– თუ ასეა, ხელს რა გიშლით? – დაინტერესდა საბჭოთა ბელადი.
– ჯანმრთელობის გარდა – არაფერი, – უთხრა მან.
– ექიმებს და ჩემს თვალებსაც თუ დავუჯერებთ, ამხანაგო ტეროზ, იმდენად კი ხართ გამოჯანმრთელებული, რომ საქართველოში ჩასვლას გაუძლოთ. ჩაბრძანდით იქ და, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართველები ჩინებულ მასპინძლობას გაგიწევენო.
ამ საუბრის შემდეგ ტეროზმა მართლაც იმოგზაურა საქართველოში, სადაც საკმაო ხანი დაჰყო. საქართველოდან დაბრუნების შემდეგ კვლავ შედგა საბჭოთა ბელადისა და ფრანგი სტუმრის შეხვედრა. ტეროზი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. აქებდა ქართულ ჭედურ ხელოვნებას, აღტაცებული იყო მხატვრობით, განსაკუთრებით კი – ნიკო ფიროსმანით, თბილისით, ფუნიკულიორით...
– ძალიან კარგი, – კმაყოფილი სახით სთქვა სტალინმა, – მაშ, მოდი, საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ.
– დიდი სიამოვნებით შევსვამ საქართველოსა და ქართველი ხალხის სადღეგრძელოს! – ამ სიტყვებით ტეროზმა ღვინით სავსე ჭიქა ასწია და ფეხზე წამოდგა. – ბრძანდებოდეთ, ფეხზე დგომა არ არის საჭირო, – აღნიშნა სტალინმა.
– არა, ამხანაგო სტალინ, ნება მიბოძეთ, ამ შემთხვევაში არ დაგემორჩილოთ.
ბელადმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია. ფრანგმა სტუმარმა სადღეგრძელოში ჩამოაყალიბა ყველაფერი რაც, კი რამ გაგონილი ჰქონდა საქართველოს შესახებ; მოგზაურობის დროს როგორ მოიხიბლა ამ ქვეყნით, მისი სტუმართმოყვარეობით, კულტურით, ისტორიით, „ვეფხისტყაოსნით“. იდიდოს და იდღეგრძელოს ქართველმა ერმაო, – თქვა ბოლოს და ჭიქა მოიყუდა. ხოლო, როდესაც გამოცალა, სასმისი ამოატრიალა და თქვა: ასე მტერი და ორგული დაეცალოს საქართველოსა და ქართველებსო. „ამინ“! – თქვა სტალინმა და აღნიშნა: ასე, ფეხზე წამოდგომით, განსაკუთრებულ სადღეგრძელოს სვამენ საქართველოში და სასმისში ერთ წვეთსაც არ ტოვებენო. მეც საქართველოში მასწავლეს, ამხანაგო სტალინ, საფრანგეთში ჯერ არ იციანო, – უპასუხა ტეროზმა.
მრავალი მაგალითი მოიძებნება იოსებ სტალინის ბიოგრაფიაში, თუ როგორ უწევდა იგი საქართველოსა და ქართველ ხალხს, მათ ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებს პროპაგანდას. იალტის კონფერენციის მსვლელობისას, დიდი სამეულის ერთ-ერთ მორიგ სადილზე, სტალინმა ქართული მშრალი ღვინო შეაქო, შემდეგ კი მიუბრუნდა რუზველტსა და ჩერჩილს და ჰკითხა: იცით, რა არის ჭაჭის არაყი? რა თქმა უნდა, რუზველტსა და ჩერჩილს გაგონილიც არაფერი ჰქონდათ ჭაჭის არყის შესახებ.
– ქართული ჭაჭის არაყი საუკეთესოა ყველა არყებს შორის, თუმცა, მე არ ვსვამ, – მსუბუქი მშრალი ღვინის მოყვარული უფრო ვარ, – მიუგო სტალინმა. ამ სადილის შემდეგ ჩერჩილი ძალიან დაინტერესდა ქართული ჭაჭის არყით: – როდის გავსინჯოთ ქართული არაყი? – ჰკითხა მან სტალინს. იოსებ სტალინმა აღუთქვა, რომ უახლოეს დღეებში შეეცდებოდა, სტუმრებისთვის გაესინჯინებინა ქართული არაყი. მეორე დღეს, მართლაც, გადასცეს ჩერჩილსა და რუზველტს სტალინისაგან გაგზავნილი ქართული არაყი – ჭაჭა.
საბჭოთა ხელისუფლება ეჭვითა და, შეიძლება ითქვას, ზიზღითაც კი იყო განწყობილი დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილის მიმართ. 1926 წელს იგი აიძულეს, გადამდგარიყო მის მიერ დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობიდან, ოღონდ, ამ ყველაფერს ოფიციალურად სხვა სახე მისცეს, რის მიხედვითაც დიდმა ქართველმა ისტორიკოსმა თითქოს და, ავადმყოფობის გამო დატოვა თანამდებობა. ოცდაათიან წლებში ჯავახიშვილი დაუნდობლად გააკრიტიკეს, მიწასთან გაასწორეს და, შეიძლება ითქვას, იდეოლოგიურად ჩაქოლეს. მოგვიანებით კი, მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისრის მოადგილეს, ლავრენტი ბერიას მოახსენეს უნივერსიტეტში დიდი არალეგალური ორგანიზაციის „აღმოჩენის“ შესახებ, რომელშიც ვკითხულობდით: „ძიების ყოველმხრივ შემოწმებული მასალებით დადგენილია, რომ იდეოლოგი და შთამაგონებელი ამ კონტრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციისა, მთელი მისი ანტისაბჭოთა საქმიანობის განმავლობაში, გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც თავის გარშემო შეაკოწიწა ქართული ინტელიგენციის ყველაზე რეაქციულად განწყობილი ნაციონალური ნაწილი. კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის რიგი დაპატიმრებული მონაწილე ხელმძღვანელობის ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, არის რა დაკავშირებული ფაშისტური გერმანიის მთავრობის წევრებთან, ახორციელებს აქტიურ საჯაშუშო საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. დაბოლოს... კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაციის დაპატიმრებულმა ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ მთლიანად აღიარა თავისი საქმიანობა, სავსებით დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ.“
დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, ვიღაცამ მოახერხა და ივანე ჯავახიშვილის ამბავი აცნობა იოსებ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი კრემლიდან თითი დაუქნია – ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაპატიმრებას და სუკის ჯურღმულში სიკვდილს.
საბჭოთა ბელადის ამ ცნობილი ჩარევის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის გარშემო საბოლოოდ დათბა სიტუაცია. ამის გამოხატულება იყო, თუნდაც 1939 წლის იანვარში დიდი ისტორიკოსის არჩევა აკადემიკოსად.
როგორც ცნობილია, იოსებ სტალინთან ყოველთვის წინასწარ შეჰქონდათ ხელმოსაწერად სტალინური პრემიით დასაჯილდოებელთა სია. ერთხელ მან ვერ აღმოაჩინა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი პირველი ხარისხის პრემიაზე წარდგენილთა სიაში. როდესაც სტალინმა იკითხა, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხეს: კენჭისყრისას ხმა არ ეყოთო. ჩემი ხმა თუ ეყოფაო, – უკითხავს ორაზროვნად სტალინს. ასე მიენიჭა სახელოვან ქართულ ანსამბლს პირველი ხარისხის პრემია.
მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებიდან თბილისი იყო პირველი, სადაც მეტროს გაყვანას შეუდგნენ. ეს, რა თქმა უნდა, იოსებ სტალინის ბრძანებით მოხდა. 1953 წელს, დიდი ბელადის გარდაცვალების შემდეგ, მოხდა მისი კონსერვაცია – ხრუშჩოვმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელს გაბრაზებითა და ღვარძლიანად უთხრა: რად უნდა თბილისს მეტროპოლიტენიო და მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვა იმ მოტივით, რომ „ქართველები განებივრებულები არიანო“ – ასე მიაჩნდა მას და ხშირადაც იმუქრებოდა: შეგიცვლით მდებარეობას, ვაგონებს ჩაგიყენებთ და ჩრდილოეთში მიგაბრძანებთო.
მიუხედავად იმისა, რომ თვალი კვლავ ბევრს უჭირავს, საქართველოს მდებარეობა დღემდე არ შეცვლილა. რაც შეეხება საკითხს, მართლა ანებივრებდა თუ არა სტალინი საქართველოს და საერთოდ, ახსოვდა თუ არა მას თავის სამშობლო, ამაზე ისტორიკოსთა აზრი დღემდე ორად იყოფა.
იგორ კვესელავას მასალების მიხედვით