როდის ხდება საჭის ტრიალი საბედისწერო
მოახლოებულ ყინვებთან ერთად, ალბათ, ყველა მძღოლისთვის საინტერესოა, როგორ ვიმოძრაოთ მოყინულ გზაზე, რა ნიუანსები უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ მოულოდნელად გზაზე დახვედრილი გაყინული გუბე ჩვენთვის ავარიის მიზეზი არ გახდეს. მევლუდ მელაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დავიზღვიოთ ამ დროს თავი და რა სიტუაციებია ყველაზე საშიში.
მევლუდ მელაძე: ყველაზე საშიში, რაც შეიძლება ყინვების დროს შეგვემთხვას, ეს მოყინულ დაღმართზე მოხვედრაა. ნებისმიერი მძღოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, თუ დაღმართზე მუხრუჭი აღარ იჭერს, ან ავტომობილი მოყინულ აღმართზე ვერ ადის და უკან გორდება. თუმცა, ეს სიტუაციები იმდენად ტრაგიკულიც არ არის, რომ პანიკაში ჩავვარდეთ. გამოსავალი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც არსებობს. თუ აღმართზე გავჩერდით, პრობლემა უკვე წარმოიშვა და ადგილიდან ვეღარაფერს ვიზამთ, ამიტომ, უმჯობესია, ისევ სწორზე ჩამოვგორდეთ ნელ-ნელა და თავიდან შევეცადოთ აღმართის დაძლევას. ანუ, თუ აღმართზე გაჩერდით, ეს იმას ნიშნავს, რომ შეცდომა თავიდანვე იქნა დაშვებული. თუ მივხვდით, რომ აღმართი მოყინულია, სანამ მას შევუდგებით, სიჩქარე მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, აღმართზე კი ყინულის დაძლევა ინერციის ხარჯზე უნდა მოვახერხოთ. ანუ აღმართზე სიჩქარე ძალიან ნელა, მაგრამ ინტენსიურად უნდა დავაკლოთ, აჩქარების პედალს ფეხი ნელ-ნელა უნდა ავუშვათ. ნელი გაზით, უბრალოდ, უნდა მივეხმაროთ საბურავებს იმაში, რომ ოდნავ მაინც დარჩეს გზის საფართან მოჭიდებაში, დანარჩენი კი ინერციამ უნდა გადაიყვანოს. მთელი ოსტატობა ისაა, რომ მანძილი აჩქარებისთვის და სიჩქარე აღმართამდე სწორად შევარჩიოთ. პირველი სიჩქარე და ზედმეტი გაზი ამ შემთხვევაში უარესს იზამს. აღმართს მინიმუმ მეორე სიჩქარით და ოდნავ დაშვებული საბურავებით უნდა შეეჭიდოთ. თუ საშუალება გვაქვს მესამე და მეოთხე სიჩქარეც ავამოქმედოთ არაჩვეულებრივი იქნება.
– რატომ?
– პირველი სიჩქარის დროს გაზზე ოდნავი ფეხის მიჭერის დროსაც კი, ის ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც იწვევს იმას, რომ საბურავები გზის საფარს მოსწყდება და „ბუქსაობას“ დაიწყებს. მეორე სიჩქარეში და ზევით საბურავები ნაკლებად „დაბუქსავდება“, რადგან ავტომობილს არ ეყოფა ძალა, საბურავი გზის საფარიდან მოწყვიტოს. მოყინულ აღმართზე განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება – ანუ მუხრუჭი, აჩქარება, ზედმეტი მანევრი ჩვენთვის არასასურველია, რადგან ის აღმართის ავლას ხელს შეუშლის. ამ დროს ავტომობილი ან „დაბუქსავდება“, ან მოგვიცურდება და სხვა. თუმცა, ერთი რამ დაიმახსოვრეთ: როდესაც აღმართის დროს გაზის პედალს ოდნავ შეუშვებთ ფეხს, ეს არავითარ შემთხვევაში ბოლომდე არ გააკეთოთ. ანუ გაზს ბოლომდე ფეხი არ აუშვათ.
– თუ სწორად ვერ შევარჩიეთ სიჩქარე?
– თუ მიხვდებით, რომ ავტომობილი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ მალე „დაბუქსავდება“, მაშინ ძალიან მალე ეცადეთ, გზის ისეთი მონაკვეთი იპოვოთ, რომელიც უფრო მეტად არის მოდებაში. ესენია: გზის კუთხე ან თოვლიანი ადგილი, სადაც ყინული ჯერ არ არის მოლიპული. ალბათ, იცით, რა რთულია აღმართიდან უკუსვლით ჩამოსვლა, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, გააჩეროთ. უკუსვლის დროს საჭის ნებისმიერი მოხვევა ავტომობილისთვის სერიოზული მანევრის ტოლფასია და, ეს, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს. რთულია ამ დროს მანევრის ზუსტად შესრულება, რადგან წინა ანუ წამყვანი საბურავების მოდება სამ-ოთხ პროცენტს უტოლდება, რომლის საჩვენოდ გამოყენება მაქსიმალურად უნდა შევძლოთ. დაღმართზე ჩამოსვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მუხრუჭზე ფეხდადგმული. მუხრუჭზე ფეხი ხან უნდა ავუშვათ, ხან – დავადგათ, საბურავები ასე უფრო იპოვიან მოდებას. დამუხრუჭების დროსაც ასევე მოიქეცით. თუ მუხრუჭს ფეხს ადგამთ და ავტომობილი არ ჩერდება, წყვეტილად უნდა დავამუხრუჭოთ და ის მაინც გაჩერდება. მართალია, მძღოლს ამ დროს ეჩვენება, რომ წარმოუდგენელი სისწრაფით მიექანება ქვევით, მაგრამ, სინამდვილეში ასე არ არის, არ დაიბნეთ და მოდებას აუცილებლად იპოვით. რაც მთავარია, საჭე უაზროდ არ ატრიალოთ, რადგან მოდებაში მოსვლის შემდეგ, შესაძლოა, ავტომობილი მოწყდეს.