ფედერერს სახლი „აახიეს“
შვეიცარიაში, ციურიხის გარეუბანში, ვოლერაუს ტბასთან ცხოვრება არა მარტო ამ ქვეყანაში, არამედ მსოფლიო მასშტაბით პრესტიჟულად ითვლება. ტბის სიახლოვეს სულ 6 500 კაცი ცხოვრობს, საიდანაც 80 მილიონერია, 8 კი – ოფიციალური მილიარდერი. შესაბამისად, ამ სანაპიროზე კვადრატული მეტრის ღირებულება 50 ათასი ევროა და, რა თქმა უნდა, მას რიგითი მოკვდავნი ვერ შესწვდებიან. მოკლედ, რამდენიმე წლის წინ, ხანგრძლივი დავის შემდეგ, ტბის სიახლოვეს ერთ-ერთი სპორტული მოედანი გააუქმეს და მის ადგილზე პატარა კორპუსი წამოჭიმეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ კორპუსში ბინების შესაძენად რამდენი ადამიანი აილესავდა კბილებს და, მათ შორის მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერიც გახლდათ. როჯერმა 300 კვადრატული მეტრის შეძენა გადაწყვიტა და მზად იყო, 15 მილიონიც გადაეხადა, თუმცა...
„ბინა, რომელიც ფედერერს უნდა ეყიდა, სხვაზე გაიყიდა. საქმე ისაა, რომ ჩოგბურთელთან არანაირი ხელშეკრულება არ იყო დადებული, უბრალოდ, მშენებელ კომპანიას მასთან ჯენტლმენური შეთანხმება ჰქონდა, მაგრამ ეს შეთანხმება დაირღვა, რადგან ახალმა მყიდველმა არარეალური ფასი გადაიხადა,“ – ასეთია შვეიცარიული მედიის ინფორმაცია.
– ახალი მეპატრონე კი რუსი ბიზნესმენი, ვინმე ანატოლი ორუჟევი გახლავთ. მისი აქტივობის ჩამოთვლას არ დავიწყებთ, უბრალოდ, გეტყვით, რომ ორუჟევს რუსეთში ცხენების ფერმა აქვს და მისი ცხენსაშენი ას მილიონად არის შეფასებული.