როგორ დავიბანოთ პირი
ალბათ, გაგეცინათ ამ სათაურის წაკითხვისას და იფიქრეთ, ნეტავი, პირის დაბანას რაღა სწავლება უნდაო; ან, გეგონოთ, რომ რაღაც აგვერია ან შეგვეშალა... არა, ბატონო, არაფერიც არ შეგვშლია და სწორედ პირის დაბანა გვინდა, გასწავლოთ, უფრო სწორად კი, ის, თუ როგორი წყლით უნდა დაიბანოთ პირი, რომ თქვენი სახის კანი არ დაზიანდეს.
იმის შესახებ, თუ როგორი წყლით ჯობია პირის დაბანა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: ზოგი ცივ წყალს ამჯობინებს, ზოგი – ცხელს, ზოგი კი – თბილს.
სანამ წყლის ტემპერატურას აირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ ცივი წყალი ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უშლის კანის ქსოვილში სისხლის მიმოქცევას, და აფერხებს კანის ზედაპირზე ოფლისა და ცხიმის გამოყოფას. ყოველივე ეს კი იწვევს სიმშრალეს და აქვეითებს ელასტიკურობას. ცივი წყლით პირის ხშირად დაბანის შედეგად, შესაძლოა, სახის კანი მოდუნდეს, დაკარგოს სიმკვრივე – ერთი სიტყვით, „დაბერდეს“.
ცხელი წყალი კარგად წმენდს კანს – ჩამორეცხავს მტვერს, გამოყოფილ ოფლსა და ცხიმს, მაგრამ მისი ხშირად გამოყენება იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რის შედეგადაც ფართოვდება კანქვეშა კაპილარებიც და კანს წითელი ფერი ედება. გარდა ამისა, ყოველდღიურად ცხელი წყლით პირის დაბანა იწვევს კანის კუნთების (მიმიკური) მოდუნებას და საბოლოოდ, იმავე შედეგს ვიღებთ, რაც ცივი წყლით დაბანის შემთხვევაში გვქონდა – კანი დუნდება და ნაოჭდება.
ამიტომ, ყველაზე უფრო მისაღებია, პირი დაიბანოთ ოთახის ტემპერატურის, ანუ ოდნავ შემთბარი წყლით. ასეთი წყალი ნაკლებად აღიზიანებს კანს და, თანაც, კარგი გამწმენდიცაა.
ნორმალური ტიპის კანი თუ გაქვთ, გირჩევთ, დაიბანოთ პირი ცივი და თბილი წყლის მონაცვლეობით. ბოლო ეტაპი, უმჯობესია, ცივი წყლით ჩამობანა იყოს. წყლის ტემპერატურის ასეთი ცვლა იწვევს სისხლძარღვების ხან შეკუმშვას, ხან – გაფართოებას, რაც ერთგვარ ვარჯიშად შეიძლება ჩაითვალოს და ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას. თუმცა, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და, შესაბამისად, ინდივიდუალურია მათი სახის კანიც. ამიტომ შესაძლოა, ეს მეთოდი ყველასთვის მისაღები არ გამოდგეს. უმჯობესია, თავი დავანებოთ ცდებს (მით უმეტეს – ზამთარში) და პირი ოთახის ტემპერატურის წყლით დაიბანოთ. მსგავსი ექსპერიმენტებისთვის კი უფრო შესაფერისი სეზონი – ზაფხულია.