ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემს მშობლებს შარდკენჭოვანი დაავადება ჰქონდათ. ორივეს აწუხებდა თირკმელები და თირკმლის მძიმე უკმარისობა განუვითარდათ. მე 42 წლის ვარ. ბოლო დროს ვატყობ, რომ წელის არეში პერიოდულად ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მიჩნდება. შეიძლება თუ არა, ეს დაავადება მემკვიდრეობით მიმეღო მშობლებისგან?
პასუხი: სამწუხაროდ, ასეთი რამ შესაძლებელია. მემკვიდრეობითი ფაქტორი შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უფრო ზუსტად, მემკვიდრეობით გადადის ნივთიერებათა ცვლის თავისებურება. ამასთანავე, მშობლებსა და შვილებს, ჩვეულებრივ, ერთნაირი გარემო პირობები აქვთ, ერთნაირად იკვებებიან, რაც კენჭების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილების რეალიზებას უწყობს ხელს. თუმცა, დღეისთვის არსებობს ამ დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის უამრავი საშუალება, რომელთა მეშვეობით შეგვიძლია მდგომარეობა ვაკონტროლოთ და საქმე უკმარისობის განვითარებამდე არ მივუშვათ.
გირჩევთ, დროულად ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, გაიკეთოთ შარდის საერთო ანალიზი და კონსულტაციისთვის მიმართოთ უროლოგს.
კითხვა: მაქვს ჩიყვი. ნაცნობებისგან ხშირად გამიგონია, ვიმკურნალე, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ აღმომაჩნდაო. უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მივდივარ. გთხოვთ, მოგვითხროთ ფარისებრ ჯირკვალზე. არსებობს თუ არა რაიმე ხალხური რეცეპტი მისგან განსაკურნებლად?
პასუხი: ფარისებრ ჯირკვალსა და მის პათოლოგიებზე ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით. თქვენი კითხვის პასუხად კი გეტყვით, რომ დიფუზური, ტოქსიკური ჩიყვი ქრონიკული დაავადებაა და მისი კომპენსირება აბსოლუტურ განკურნებას არ ნიშნავს. პაციენტი გამუდმებით უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და დროდადრო, მდგომარეობის კვალობაზე, საჭირო მკურნალობა ჩაიტაროს. როდესაც პაციენტი მკურნალობას თვითნებურად წყვეტს ან დანიშნულებას ცვლის, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ისევ გამოვლინდება ხოლმე.
კითხვა: ვარ 30 წლის. ბავშვობიდან მცივანა გახლავართ, მაგრამ ბოლო წლებში გამუდმებით მცივა, მაშინაც კი, როცა სხვებს სცხელათ. ხშირად შეციება ჟრუანტელით მეწყება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? ვის მივმართო?
პასუხი: შეიძლება, შემცივნება რომელიმე პათოლოგიის სიმპტომი იყოს. ასეთი რამ ხშირად ახლავს ქოლანგიტს, ჰიპოტენზიას, ჰიპოთირეოზს. ყველა ამ პათოლოგიას სხვა მახასიათებელი ნიშნებიც აქვს, რომელთა ამოცნობაც თერაპევტს შეუძლია. ასე რომ, სწორედ მას უნდა მიმართოთ სავარაუდო დიაგნოზის დასაზუსტებლად და საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად.
კითხვა: ვარ 18 წლის. 5 თვეა, რაც გავთხოვდი. აღმომაჩნდა ვაგინიზმი, რაც წინასწარ გაგონილმა ცრუ საშინელებებმა გამოიწვია. გთხოვთ მირჩიოთ, რა გზას დავადგე.
პასუხი: ვაგინიზმი ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობაა, რაც სქესობრივი აქტის დროს მენჯის ღრუს მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას იწვევს. გირჩევთ, ვიდრე პრობლემა კიდევ უფრო გართულდებოდეს, მეუღლესთან ერთად სექსოპათოლოგს მიმართოთ. კარგი იქნებოდა ფსიქონევროლოგის კონსულტაციაც, რადგან ვაგინიზმის მიზეზი ყველაზე ხშირად ფსიქიკური ტრავმა გახლავთ.
კითხვა: წავიკითხე, თითქოს ზრდასრულსაც შეუძლია არასწორად განვითარებული კბილების გასწორება. გთხოვთ, მითხრათ, მართლა შესაძლებელია თუ არა ეს და ვის მივმართო?
პასუხი: დღეს სტომატოლოგიაში მართლაც ჩნდება მკურნალობის ახალი ტექნოლოგიები. ყველაზე მეტად ეს სტომატოლოგიურ ორთოპედიაზე ითქმის. თუმცა, შედეგი თქვენს ინდივიდუალურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ამისთვის ორთოპედ-სტომატოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: მყავს ორი წლის ბიჭუნა, რომელიც დაძინებამდე დიდხანს წრიალებს საწოლში. ნორმალურია თუ არა მისი ქცევა?
პასუხი: თქვენი პატარას ქცევაში პათოლოგიური არაფერია. ბავშვების უმრავლესობა ჩაძინებამდე მოუსვენრად წრიალებს საწოლში. ეს დაახლოებით, ნახევარ საათს გრძელდება. მიზეზი მარტივია, ყოველდღიურად ბავშვი იმდენ ახალ რამეს იგებს, რომ საღამოს იოლად ვერ მშვიდდება. შინაგან დაძაბულობას კი მსგავსი რიტმული მოძრაობებით იხსნის. ორი წლის ასაკის შემდეგ ასეთი ქცევა თანდათან იკლებს და ხუთი წლისთვის მთლიანად გაქრება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი კახა ჯანაშია