როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, თითებს ილოკავს ან რაიმე უნებლიე „წიკი“ აღენიშნება
განვითარების პროცესში ბავშვის პიროვნება ყოველგვარი განსაკუთრებული ჩარევის გარეშე ყალიბდება, თუმცა მისი დეფორმირებაც ადვილია. ბავშვის გარემოცვაში ნებისმიერმა დარღვევამ ან დისჰარმონიამ შეიძლება, გავლენა იქონიოს მის საქციელზე. ბავშვებს სწრაფად უვითარდებათ ქცევის სტერეოტიპები და ადვილად ითვისებენ ზოგიერთ ჩვევებს, რომლებიც მშობელთა აზრით, არ არის გამოწვეული აღმზრდელობითი პროცესით. ასეთი მოქცევა, ან ბავშვური მავნე ჩვევები, უმრავლეს შემთხვევაში, გამოვლინდება თითების ლოკვით, ფრჩხილების კვნეტით, თვალების სრესით, სივრცეში რიტმულად ქანაობით. ზოგჯერ აღენიშნებათ „წიკებიც“.
უსიამოვნოა, როდესაც ბავშვები გამუდმებით იჭამენ ფრჩხილებს, ილოკავენ თითებს ან ცხვირში იქექებიან. მაგრამ, კიდევ უფრო უსიამოვნოა, როდესაც აღმოჩნდება, რომ საკმაოდ რთულია გადააჩვიო ბავშვი ცალკეულ მავნე ჩვევას. მშობლები ბავშვის მავნე ჩვევებთან ბრძოლის დროს ხშირად სავალალო შეცდომებს უშვებენ. ზოგიერთი იმასაც კი ფიქრობს, რომ ბავშვი ასეთ საქციელს ძალით, მშობლების ჯინაზე სჩადის, სინამდვილეში კი, ამ დროს ინსტინქტური ქცევის ღრმა მექანიზმი მოქმედებს. თითების ლოკვა ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა. ფაქტობრივად, წოვა ბავშვის პირველი რეფლექსია და დაბადებიდანვე სიამოვნებას ანიჭებს მას. ეს ინსტინქტი თითქმის ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილების წყაროა – ჭამის, სითბოს, უსაფრთხოებისა და სიყვარულის. წოვა, პირველია, რაც ახალშობილს აკავშირებს გარე სამყაროსთან. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც სამყაროს დაუნდობლობით გაწბილებული ბავშვი ან თუნდაც, უკვე მოზრდილი ადამიანი, დაუფიქრებლად ეძებს „საწოვარას“. როდესაც ადამიანი არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში, დამოუკიდებლობა აკლია ან ნერვიულობს – თითქმის მექანიკურად მიაქვს რაიმე საგანი პირთან, იქნება ეს თითი, ტანსაცმელი, სათამაშო თუ ფანქარი. ამ გზით ბავშვი, ან ზრდასრული ადამიანი სიმშვიდეს ინარჩუნებს და ახერხებს თავის ხელში აყვანას. ნორმის მიხედვით წოვითი რეფლექსი თანდათანობით ქრება 2-3 წლის ასაკისთვის. თუ ამ ასაკში ბავშვი მაინც არ იცილებს „საწოვარას“, ეს უკვე პრობლემაა და მიუთითებს იმაზე, რომ ის ამ სამყაროში თავს არაკომფორტულად გრძნობს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, კვალიფიციური ჩარევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, რასაც მშობლები შვილების მავნე ჩვევებთან ბრძოლის დროს უშვებენ, არის ის არასწორი აზრი, რომ თუ ბავშვი არ იჯერებს უფროსის ნათქვამს, მაშინ ის უნდა დაისაჯოსო. თუ ბავშვს დავსჯით იმის გამო, რომ თითებს ილოკავს, ცხვირში იქექება და თმებს აწვალებს, ჩვენ მასში კიდევ უფრო მეტ ტრავმირებას გამოვიწვევთ და ვუბიძგებთ იმისაკენ, რასაც ვებრძვით. სიმკაცრე მავნე ჩვევებთან ბრძოლის გაუმართლებელი მეთოდია.
მშობლები მიიჩნევენ, რომ მსგავს პრობლემასთან გამკლავებას თავადვე შეძლებენ და ხშირ შემთხვევაში ექიმს არ მიმართავენ. ეს დაუშვებელია. ბავშვებში მავნე ჩვევების განვითარების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ასეთი ჩვევები ხშირია იმ ბავშვებში, რომელთაც მშობლები მკაცრად ექცევიან, იშვიათად ეფერებიან და ამით მათ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებენ. თუმცა, მავნე ჩვევის მიზეზი შეიძლება, იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია გამოწვეული დედის მძიმე ორსულობით ან გართულებული მშობიარობით. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი – განვითარებაში ჩამორჩენა. შეიძლება, სამივე მიზეზი ერთდროულად არსებობდეს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ბავშვთა ფსიქონევროლოგს შეუძლია, გაარკვიოს რომელი მიზეზი არის პირველადი და შესაბამისად, რა უნდა განხორციელდეს: უბრალოდ თბილი და ალერსიანი გარემოს შექმნა თუ თავის ტვინის გამოკვლევა, ყველა კომპენსატორული მექანიზმის გამოყენება, რათა ბავშვი ასაკის შესაბამისად განვითარდეს.
აქედან გამომდინარე, ბავშვის მავნე ჩვევებთან საბრძოლველად მშობლებმა, უპირველესად, ექიმს უნდა მიმართონ. ნევროპათოლოგთან ერთად უნდა მოგვარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, თუ ის არსებობს. ფსიქოლოგის დახმარებით უნდა გაირკვეს ვითარდება თუ არა ბავშვი ასაკის შესაბამისად. მავნე ჩვევა უნდა შეიცვალოს საზოგადოებისთვის მისაღები ქმედებით. როდესაც ნორმალური განვითარების შინაგანი და გარეგანი პირობები უზრუნველყოფილია, მავნე ჩვევა თავისთავად ქრება, ის უკვე აღარ არის კმაყოფილების უკმარისობის კომპენსაცია. ბავშვს თითების ლოკვის მაგივრად შესთავაზეთ კანფეტი, საღეჭი რეზინი. თმის წვალების მაგივრად ეცადეთ დააინტერესოთ სხვადასხვა თავსატეხით, მოზაიკით, ახალი სათამაშოებით. ბავშვი არ მოისურვებს სკამზე ჯდომისას აქეთ-იქით ქანაობას, თუ დღის განმავლობაში უკვე იჯდა საქანელაზე, ირბინა, იხტუნავა და რიტმული მოძრაობების მოთხოვნილება დაიკმაყოფილა. ძილის წინ გაუკეთეთ მსუბუქი დამამშვიდებელი მასაჟი. ექიმები სწრაფ შედეგს არ გვპირდებიან, მაგრამ ასეთი მიდგომით ბავშვი თანდათანობით მოიშლის მავნე ჩვევებს.
სხვაგვარადაა საქმე, როდესაც საქმე ნერვულ „წიკებთან“ გვაქვს. „წიკებს“ მიეკუთვნება თვალების უნებლიე, ხშირი ხამხამი, ლოყის, მხრის, თავის ხშირი განძრევა... მისი განვითარების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. „წიკები“ ძირითადად ვითარდება 5-6 წლის ასაკში, როდესაც ყალიბდება თავის ტვინის სტრუქტურები, რომლებიც პასუხს აგებს მოძრაობაზე. ბავშვები შესუსტებული ნერვული სისტემით მწვავედ რეაგირებენ ნებისმიერ ფსიქიკურ ტრავმაზე და „წიკები“ ხშირად ჩნდება, როგორც საპასუხო რეაქცია მშობლების ჩხუბზე, ოჯახურ სკანდალსა ან შიშზე. „წიკის“ ჩამოყალიბებას შეიძლება უბიძგოს გარემოს სწრაფად შეცვლამ. მაგალითად, ბაღში ან სკოლაში შეყვანამ, განსაკუთრებით თუ ბავშვი ამისთვის მზად არ არის. ზოგჯერ მათ განვითარებას ხელს უწყობს მწვავე ან ქრონიკული ინფექციები, როგორიცაა: გრიპი, ანგინა, ჰაიმორიტი, რომლებიც კიდევ უფრო ასუსტებენ ბავშვის ნერვულ სისტემას. „წიკის“ საფუძველი შეიძლება, იყოს ზოგიერთი ჩვევა, მაგალითად თუ ბავშვს დიდხანს არ შეჭრიან თმებს, ის დაიწყებს თავის მოძრაობით მათ მოცილებას. ეს მოძრაობა ბავშვის გონებაში ფიქსირდება და უნებლიეთ ვითარდება თმის შეჭრის შემდეგაც. თვალების უნებლიე ხამხამი შეიძლება გაჩნდეს კონიუნქტივიტის შემდეგ, ან არასწორად შერჩეული სათვალის შედეგად. სხეულის სხვადასხვა ნაწილის უნებლიე კრუნჩხვითი მოძრაობები შეიძლება, სხვადასხვა სისტემის სერიოზული დარღვევის სიმპტომი იყოს. ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ მსგავს ნიშნებს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტი გაარკვევს თუ რა არის მიზეზი კონკრეტულ შემთხვევაში.
მშობლები ხშირად არაადეკვატურად იქცევიან, როცა საქმე ბავშვის „წიკს“ ეხება. ზოგიერთი მათგანი ანებივრებს ბავშვებს, უსრულებს ნებისმიერ კაპრიზს, სხვები კი გამუდმებით აძლევენ შენიშვნას უნებლიე მოძრაობების შესაწყვეტად. ორივე მიდგომა არასწორია. იმისთვის, რომ ბავშვი „წიკისგან“ გათავისუფლდეს აუცილებელია, გარშემო მყოფების დახმარება, განსაკუთრებით მშობლების, ექიმებთან ერთად. თუ „წიკი“ არ არის მკვეთრად გამოხატული, ბავშვის ყურადღება მასზე არ უნდა დავაფიქსიროთ, არ უნდა განვასხვავოთ სხვა ბავშვებისაგან. ასეთი ბავშვი ჩვეულებრივ უნდა შრომობდეს და ერთობოდეს, დასაშვებია კომპიუტერთან თამაშიც, მაგრამ დღეში არაუმეტეს ერთი საათისა. აუცილებელია, დღის რეჟიმის მკაცრად დაცვა, ბავშვი უნდა იძინებდეს და დგებოდეს თავის დროზე. ძილის დროს ნერვული სისტემა ისვენებს და აგზნება, რომელმაც „წიკი“ განაპირობა იხსნება. ასეთი ბავშვებისთვის არ შეიძლება კლიმატის მკვეთრი გამოცვლა. კარგია ტყეში ან მდინარესთან დასვენება. თუმცა, სადაც არ უნდა ისვენებდეს ბავშვი, დაუშვებელია, მზეზე დიდხანს ყოფნა. ბავშვის დატვირთვა უნდა იყოს ზომიერი და არ უნდა იწვევდეს გადაღლას. საკვებში მკვეთრი ცვლილებების შეტანა აუცილებელი არ არის. სასურველია, ცხარე და მარილიანი საკვების შემცირება. არ არის რეკომენდებული ასეთი ბავშვების სპორტით დაკავება. სპორტი მოითხოვს ისეთ ფიზიკურ და ფსიქიკურ დატვირთვას, რაც შესუსტებული ნერვული სისტემის მქონე ბავშვის ძალებს აღემატება. თუმცა, სულ რომ ჩამოვაცილოთ ბავშვი ფიზკულტურას, არც ეგ იქნება სწორი. რიტმული, გლუვი მოძრაობები საკმაოდ სასარგებლოა, მაგალითად ცურვა და თხილამურებზე სრიალი.