კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჩანს ქორწინება უცხოთა თვალში იდეალური და რა ხდება ამ დროს მის მიღმა


ოჯახურ ცხოვრებას საკუთარი კანონები აქვს. შეყვარებულობის პერიოდი სხვაა და საერთოდ არ ჰგავს წყვილის ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებას. სიყვარულით ოჯახის შექმნა ჯერ კიდევ არ არის გარანტია იმისა, რომ ცოლ-ქმარი ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს. არცთუ იშვიათად, სიყვარულით შექმნილი ოჯახები ინგრევა. რჩება მწარე იმედგაცრუება და პასუხგაუცემელი კითხვა: მაინც რა არის მთავარი ოჯახის ბედნიერი არსებობისთვის, თუკი სიყვარულიც ვერ იქნება ამისი გარანტი? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როცა ცოლ-ქმარი ერთი გუნდია, ანუ როცა ისინი თანამზრახველები არიან, ამ სიტყვის კარგი გაგებით, მაშინ მათი კავშირი მყარია და ჰარმონიული. საერთო ინტერესები, საერთო მეგობრები, ფასეულობები, ეს ყველაფერი დადებით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შვილები ვერ იხსნიან ოჯახს დანგრევისგან, თუ ცოლ-ქმარს შორის გაწყდება ის ძაფი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. სიყვარული კი, შეიძლება, სრულიად მოულოდნელად და უცნაურ მომენტში მოვიდეს.



მარიკა (41 წლის): ქალები ზოგჯერ საკუთარი ხელით ვანადგურებთ ჩვენს ბედნიერებას. ვეძებთ, რაღაც აბსტრაქტულ და გაუგებარ სიყვარულს და არ ვაფასებთ იმას, რაც უკვე გვაქვს. ჩემი ცხოვრება ამის თვალსაჩინო მაგალითია. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ იმდენი გადავიტანე, ზოგჯერ თავი ძალიან ბებერი მგონია. თუ დღეს ოჯახი მაქვს და ხალხი პატივს მცემს, ეს ყველაფერი მთლიანად ჩემი ქმრის დამსახურებაა. ვაღიარებ ამას და ახლა პირველად ვყვები ამბავს, რაც ამდენი წლის განმავლობაში არავისთვის გამიმხელია. ვინც იტყვის, მამაკაცებმა სიყვარული არ იციან და არც ერთგულება შეუძლიათო, ძალიან ცდება. გააჩნია მამაკაცს. ჩემს ცხოვრებაში ღირსეული მამაკაციც არის და უღირსიც იყო. ამიტომაც ბევრი რამის თქმა შემიძლია. უსიყვარულოდ გავთხოვდი, თექვსმეტი წლისა. მე თვითონ ვაიძულე საკუთარი თავი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. გაგიკვირდებათ და მკითხავთ, კი, მაგრამ, რატომო... იმიტომ, რომ ცხოვრებამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა. თექვსმეტი წლის ჯერ არ ვიყავი, მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპა. დავრჩით მე და ჩემი ხუთი წლის და უპატრონოდ. მე, სკოლის მოსწავლეს, უნდა შემეცვალა მისთვის დედაც და მამაც. სამწუხაროდ, არც ნათესავი მყავდა ისეთი, ვინც ჩვენს პატრონობას საკუთარ თავზე აიღებდა. მამის მხრიდან მხოლოდ ბაბუა იყო ცოცხალი, მაგრამ მისი პენსია ვის ეყოფოდა. ჩემი მშობლები ინახავდნენ იმასაც. დედაჩემის დედა კი ამ ამბის მერე ლოგინად ჩავარდა და დეიდაჩემს დააწვა კისერზე თავის სამ შვილთან ერთად. მოკლედ, ამ უბედურებამ ყველანი წელში გაგვტეხა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მერჩინა საკუთარი თავი და ჩემი პატარა და. მეზობლები მირჩევდნენ, ჩემი და უპატრონო ბავშვთა სახლში მიმეყვანა. კინაღამ გავგიჟდი, ეს რომ წარმოვიდგინე. ბავშვს საამისოდ ვერ გავიმეტებდი. ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი.

– უცნაური გამოსავალი გიპოვიათ.

– იმ სიტუაციაში სხვა გამოსავალი ნამდვილად არ მქონდა. დედაჩემის თანამშრომლის შვილს მოვწონდი, ჩემზე თოთხმეტი წლით უფროს კაცს. დედამისი ეუბნებოდა დედაჩემს, მაკვდება შვილი ხელში. იცის, რომ შენი გოგოს შესაფერისი არ არის და ხმას ვერ იღებს, არადა, ხელისგულზე ატარებს. ასაკი ხომ არ არის ყველაფერიო. მე მაშინ მეცინებოდა ამაზე. რა ვიცოდი, რომ ის იყო ჩემი ბედისწერა. მე, პატარა, გამოუცდელმა გოგომ უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ან რა გამოსავალი უნდა მეპოვა. მუშაობას მე ვერ დავიწყებდი ჩემი ასაკით და მინიმალური განათლებით, ალბათ, ოფიციანტადაც არ მიმიღებდნენ. მოკლედ, ისევ უსიყვარულოდ გათხოვებისთვის გავიმეტე თავი. სამაგიეროდ, ზურა ჩემზეც იზრუნებდა და ჩემს დაზეც. დეიდაჩემს გაუხარდა, ეს რომ ვუთხარი. რა ექნა საწყალს, თავის შვილებს ძლივს აუდიოდა. ჩვენზე კი დარდობდა, მაგრამ შველა არ შეეძლო. ზურას მე თვითონ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ძალიან თავდაჭერილი იყო, თითქოს რაღაცას უფრთხოდა, ერიდებოდა ჩემი. მოვიდა, ჩემს დას ტკბილეული მოუტანა. კიდევ მომისამძიმრა, ალბათ როგორ მარტო ხარო. ძალიან, და მინდა, რომ შენ გვერდით მყავდე-მეთქი. რა მექნა, უნდა მეთამაშა, ჩემს სიყვარულში უნდა დამერწმუნებინა. სხვათა შორის, რაღაც პერიოდი, თავი ცოტა შორს ეჭირა.

– რატომ, არ სჯეროდა თქვენი?

– რა გითხრათ. შეიძლება, ფიქრობდა, რომ ძალიან პატარა ვიყავი ცოლის როლისთვის. მე – თექვსმეტი წლის სკოლის მოსწავლე, ის – სერიოზული წარმატებული პიროვნება, მატერიალურად საკმაოდ უზრუნველყოფილი. დედამისმა იაქტიურა. საერთოდ, მოვწონდი – შეიძლება, უკვე ვეცოდებოდი კიდეც. ერთი სიტყვით, ჩვენი ამბავი მოხდა.

– ვერ ხვდებოდა, რომ არ გიყვარდათ?

– არ ვიცი, რას ხვდებოდა. მე ეს მისთვის არ მიკითხავს, მაგრამ ვუთხარი, რატომაც ვჩქარობდი გათხოვებას. ჩემი თქმა რად უნდოდა, ისედაც გასაგები არ იყო? პატრონი მჭირდებოდა. ზურასთვის მე სიყვარული არ ამიხსნია. ანუ, არ მითქვამს, ვგიჟდები შენზე და შენი სიყვარულით ვბოდავ-მეთქი. თუმცა, რომ დამჭირვებოდა, ამასაც გავაკეთებდი. ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა ზურას ცოლის როლთან შეგუება, სულ მის სიახლოვეს ყოფნა. პატარა ვიყავი და ცოლქმრობაზე სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. თანაც აბსოლუტურად სხვანაირი ტიპები მომწონდა: სპორტული აღნაგობის, ლამაზი, მხიარული ბიჭები. ზურა კი კაცი იყო, მოტვლეპილი შუბლითა და ღიპით. ასეთი კაცი არასოდეს მომეწონებოდა. მინდა, სწორად გამიგოთ. ყველა ქალს ჰყავს თავისი ოცნების უფლისწული. მეც მყავდა და ის არანაირად არ ჰგავდა ჩემს ქმარს. შეიძლება, არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ დასამალი აღარაფერი მაქვს. ცხოვრებამ კარგი გაკვეთილი ჩამიტარა და დამარწმუნა, რომ ზოგჯერ რეალობა გაცილებით ჯობია ოცნებას. ზურა ყველანაირად ცდილობდა, ჩემი გულის მოგებას. ცდილობდა, გაელღო ის ყინული, რომელიც მასთან ურთიერთობაში მქონდა. ინტიმურ ურთიერთობასაც ვგულისხმობ. ძალიან ცივი ვიყავი მის მიმართ, ყოველგვარი სურვილის გარეშე ვწვებოდი მასთან. ყველა საშუალებით ვცდილობდი გავქცეოდი მასთან ინტიმურ ურთიერთობას. ალბათ, როგორ განიცდიდა. ჩემს დაზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილზე. სკოლაშიც ჩვენ მივიყვანეთ. ჩვენ ვიყავით ლიზის დედა და მამა. ჩემგან განსხვავებით, ლიზი გიჟდებოდა ზურაზე. დღემდე ყველას ურჩევნია და მისი მთავარი მესაიდუმლეა. ლიზიკო რომ გათხოვდა, ზურამ ისე ინერვიულა, მამები რომ ნერვიულობენ ქალიშვილების გათხოვებაზე. ჩემი დის ქმარი მასზე ამბობს, ჩემი სიმამრიო და დიდ პატივს სცემს. მარტო მე მქონდა თვალები „დახუჭული“, დაბრმავებული ვიყავი და ჩემი სულელური წარმოდგენები სიყვარულზე, არ მაძლევდა იმ ბედნიერების დანახვის საშუალებას, რომელიც მქონდა.

– ანუ, ვერ ხვდებოდით, რომ გიყვარდათ საკუთარი ქმარი?

– არა. არ მიყვარდა. მაშინ ჯერ კიდევ არ მიყვარდა და სწორედ იმისი თქმა მინდა, რომ ფანტაზიებს აყოლილი, ვერ ვახერხებდი ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანის შეყვარებას. გვიან ღამით, თვალებს რომ დავხუჭავდი, ვნატრობდი, მეც მეგრძნო, რას ნიშნავს საყვარელი მამაკაცის გვერდით გაღვიძება, მის მკლავებში ნეტარება და მისი დანახვით განცდილი სიხარული. თუ ეს ჩემს ქმართან იყო შესაძლებელი, ვერაფრით წარმოვიდგენდი ამას. და... უცებ „ის“ გამოჩნდა, ჩემი ოცნების მამაკაცი. ლიზიკო ცურვაზე მივიყვანეთ და ერთ-ერთ ჯგუფს ავარჯიშებდა. შორიდან მანამდეც ვიცნობდი, ჩვენს სკოლაში სწავლობდა. ჩემზე ორი კლასით წინ იყო. მაშინაც მომწონდა. თვითონაც მაშინვე მიცნო. იმ სამი დღით ვცხოვრობდი, როცა ლიზიკო ცურვაზე მიმყავდა. განსაკუთრებით ვემზადებოდი და ვიპრანჭებოდი.

– თქვენი ქმარი ვერ ამჩნევდა ამ ცვლილებას?

– შეიძლება ამჩნევდა კიდეც, მაგრამ მე არაფერს მეუბნებოდა. საერთოდ არაფერი უგრძნობინებია. ჩვეულებრივად ზრუნავდა ჩემზე და ლიზიკოზე. ისევ ისეთი ყურადღებიანი და თბილი იყო. ფულს დაუნანებლად მაძლევდა ტანსაცმლისა და სილამაზის სალონისთვის. იმ პერიოდში გადავირიე ჩაცმაზე. ყველაზე საუკეთესო და მოდურ ტანსაცმელს ვყიდულობდი და ბედნიერი ვიყავი, როცა „იმის“ აღფრთოვანებულ მზერას ვგრძნობდი.

– მისი საყვარელი იყავით?

– „საყვარელი ვიყავი“, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. არ დავმალავ, რაღაც გვქონდა. ვერ გავუძელი ცდუნებას. ვერ შევიკავე თავი და ვერ გამოვიჩინე კეთილგონიერება. ყურებამდე შეყვარებული ვიყავი, მთლიანად გრძნობას ვყავდი შეპყრობილი. ათასგვარ მიზეზს ვიგონებდი, რომ მას შევხვედროდი, მაგრამ ჩემი ფსევდო-ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ძალიან მალე დავენარცხე მიწაზე და თანაც, ძალიან მწარედ. „ის“ ჩემი გმირი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი რაინდი, როგორიც მეგონა. გარეგნობა ძალიან მატყუარა ყოფილა. ნაძვის ხის სათამაშოც ბრჭყვიალებს, მაგრამ შიგნიდან ცარიელია და მყიფე. რაინდობას ვინ ჩივის, ისიც ვერ შეძლო, კაცურად წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან. მესამე შეხვედრაზე პირდაპირ მომახალა, გავერთეთ და მორჩა. მე შენნაირი ათი მყავს კიდევ. სერიოზულად ხომ არ იფიქრე, რომ რამე გამოგვივიდოდა. რაც იყო, კარგი იყო და დავამთავროთ. ორივესთვის ასე აჯობებს. შენ ქმარი გყავს. მეც მომწონს ერთი გოგო ისე, რომ მალე ცოლად მოვიყვან. თუ როდესმე შენთან სექსი მომინდება, დაგირეკავ და პატარა სიხარულს კიდევ მოგანიჭებო. ლამის ენა ჩამივარდა. არ მახსოვს, სახლში როგორ მივედი. ზურა სამსახურში იყო. ვტიროდი და ვტიროდი. ლიზიკო ლამის გადავრიე. ბავშვი ვერ ხვდებოდა, რა მჭირდა, მეფერებოდა და მეუბნებოდა, დედიკო მოგენატრაო? ლამის გული გამისკდა. ზურა რომ მოვიდა, ადამიანს არ ვგავდი. არაფერი უკითხავს. მარტო მომეხვია და ძალიან დიდხანს, პატარა ბავშვივით მეფერებოდა. თავზე მისვამდა ხელს, თან გულში ვყავდი ჩაკრული. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ ყოველთვის, ყველაფრისგან დაგიცავ. არაფერზე იდარდო. შენი სევდაც მე გადმომაბარე და აღარასოდეს იტიროო. უცებ მისი შემშურდა. დიახ, ჩემი ქმრის შემშურდა. ის ჩემზე გაცილებით ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ამხელა სიყვარულით ცხოვრობდა. მე კი, ჯოჯოხეთად ვიქციე ცხოვრება. ხუთი წლის განმავლობაში ვიწამებდი თავს. რას ვეძებდი, რა მინდოდა... ალბათ, ის, რაც მივიღე: გულის ტკენა და საშინელი იმედგაცრუება. არადა, იდეალური მამაკაცი მყავდა გვერდით. რატომ ხდება, რომ, რაც გაქვს, იმას არ აფასებ ადამიანი. საკმაოდ დიდხანს გასტანა ჩემმა დეპრესიამ, მაგრამ ახლა უკვე ის მაწუხებდა, ქმარს რომ ვუღალატე. სულ სხვა თვალით დავინახე ზურა. მივხვდი, რომ ბედმა მისი სახით ნამდვილი პატრონი გამომიგზავნა. კაცი, რომლის იმედიც სულ შეიძლებოდა, რომ მქონოდა. ისეთი საიმედო და მტკიცე დასაყრდენი მყავდა, ყველა ქალი რომ ოცნებობს, მე კი ვიღაც იდიოტს უფლება მივეცი, ჩემთვის უხეშად დაეცინა. რა სულელები ვართ ქალები და ზოგჯერ როგორ საშინელ შეცდომას ვუშვებთ. რამდენი რამე არ ვიცოდი საკუთარი ქმრის შესახებ. საერთოდ არ ვიცნობდი. ხუთი წელი ვიცხოვრე მის გვერდით და წარმოდგენა არ მქონდა, რა პიროვნება იყო, მაგრამ კიდევ ათი წელი გავიდა, ვიდრე საბოლოოდ აღმოვაჩენდი.

– როგორ?

– მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მან ჩემი ღალატის შესახებ არაფერი იცოდა. მაწყობდა კიდეც, რომ ასე ყოფილიყო. სინამდვილეში მან ჩემი ინტიმური საიდუმლო საგულდაგულოდ შეინახა და უფრო მეტიც, არავის მისცა უფლება, ჩემზე რამე ცუდი ეთქვა. დღეს ჩვენი ოჯახი სანიმუშოა და ჩემი შვილი ამბობს, რომ ინატრებდა ქმართან ისეთ ურთიერთობას, როგორიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ, ეს ჰარმონია დიდი წვალებისა და ტკივილის ფასად მოვიდა ჩემთან. ჩემი ფანტაზიები ძალიან დიდი ხანი მაშორებდა ქმრისგან და როგორც გინდა თქვით, ღალატმა მაპოვნინა. ერთბაშად ამეხილა თვალები. ჩემი ქმრის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქორწინება უცხო თვალისთვის თავიდანვე იდეალური იყო. ფარად იყო გადაფარებული ჩემს პატიოსნებას. მე მერეღა გავიგე, როგორ გაუსწორდა მუშტით ჭორიკნებს.

– მუშტით? ვინმეს ეჩხუბა?

– დიახ. თურმე უჩხუბია რამდენიმე ჭორიკანა მეზობელთან. ხალხს პირს ხომ ვერ ამოუკერავ... ჭორაობა დაიწყეს ჩემზე. შვილი რომ გამიჩნდა, ერთ იდიოტს ვარაუდი გამოუთქვამს, ამისი კი არის ეს ბავშვი, ამხელა კაცი ძიძად რომ იქცა და ხელიდან არ უშვებსო? არ ვიცი, როგორ მივიდა ეს სიტყვები ჩემი ქმრის ყურამდე, მაგრამ სხვისი ცხოვრების „დალაგების“ სურვილით შეპყრობილს ცხვირ-პირი გაულამაზა. როცა ქმარი ასეთი თავგამოდებით იცავს ცოლის ღირსებას, იმ ქალზე ზედმეტ სიტყვას ვერავინ იტყვის. ზურა რომ არა, ალბათ, თითით საჩვენებელი გავხდებოდი, ოჯახი რომ არ მექნებოდა, ფაქტია. დავრჩებოდი მარტო, შერცხვენილი და გაუბედურებული.

– როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა თქვენი მეუღლე ასე?

– იმიტომ, რომ ვუყვარვარ. იმიტომ, რომ ღირსეული და ძლიერი მამაკაცია. დიახ, ძლიერია. ყველა კაცს არ შეუძლია ასეთი სიყვარული. აღარაფერს ვამბობ ერთგულებაზე. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემთანაც მოსულიყო სიყვარული. მელოდებოდა ჩუმად, ღირსებით და გაუმართლა კიდეც ამ ლოდინმა: შემიყვარდა. ეს გრძნობა დაგვიანებით მოვიდა ჩემთან. იმიტომ, რომ მე არ მქონდა დრო, ზურა უკეთესად გამეცნო. იმას კი ვუყვარდი, მაგრამ ვერ მოასწრო, ჩემთვის ესწავლებინა, როგორ უნდა გიყვარდეს. ჩვენ რომ რაღაც პერიოდი ერთად გვევლო, ზურას რომ ჰქონოდა საშუალება, თავისი ღირსებები იქამდე გამოევლინა, ვიდრე ცოლად გავყვებოდი, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

– რანაირად, თქვენ ხომ თავიდანვე არ მოგწონდათ ის?

– ხომ გითხრათ, ძალიან პატარა ვიყავი. თექვსმეტი წლის გოგოებს ძალიან იშვიათად მოსწონთ ზურასნაირი მამაკაცები. ისიც მხოლოდ ისეთებს, რომლებსაც პრაქტიკული ჭკუა აქვთ და იციან, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი. მე იმ შეგრძნებით გავთხოვდი, რომ მსხვერპლი ვიყავი, ჩემი დის კეთილდღეობისთვის შეწირული მსხვერპლი. ამან ძალიან შემიშალა ხელი. შეიძლება ითქვას, რომ დამაკომპლექსა. წლები დამჭირდა ყველაფრის მისახვედრად.

– რა იცით, რომ თქვენმა ქმარმა იცის თქვენი ღალატის შესახებ?

– ვიცი. ჩემს შვილს, ჩვენს ქალიშვილს ისეთი რაღაც უთხრა, რომ მივხვდი. „ზოგჯერ სჯობს ბრმა და ყრუ იყო, რომ თვალსა და ხელს შუა არ დაგენგრეს ის ბედნიერება, რომელიც შენ თვითონ, წვალებით შექმენი და რომელიც ძალიან, ძალიან ძვირად გიღირს. ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომები დაუშვას. თუ გიყვარს, თავისი შეცდომებით უნდა გიყვარდეს. თორემ ვინ არის იდეალური. ნამდვილი სიყვარული კი არასოდეს რჩება უპასუხოდო“.

– მართლა ძალიან ყვარებიხართ.

– დიახ. ასე მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ. მე ეს ვიცი და ჩემი ქმრისთვის სიცოცხლეს არ დავინანებ. უბრალოდ, ის წლები მენანება, ტყუილუბრალოდ რომ დავკარგე. მე ხომ გაცილებით ადრე შემეძლო ვყოფილიყავი ბედნიერი.


скачать dle 11.3