ინტიმური საუბრები
ქმარმა სიცოცხლე გამიმწარა
გავთხოვდი იმიტომ, რომ უნდა გავთხოვილიყავი. სხვათა შორის, ეს ფრაზა თქვენს რუბრიკაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში წავიკითხე და მაშინვე გულზე მიჩხვლიტა. ის ისტორიაც რაღაცით წააგავდა ჩემსას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ წერილის ავტორი ახალგაზრდა ქალი იყო და ეყო საიმისოდ თავმოყვარეობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო თავისი ნაძირალა ქმრის, მსუბუქად რომ ვთქვათ, თავხედობისთვის და წასულიყო ქმრისგან. მე კი ეს ვერასდროს ვერ გავბედე. უფრო სწორად, მხოლოდ ერთხელ გავბედე და ბავშვიანად გავიქეცი დედაჩემთან, მაგრამ მომაკითხა თუ არა, ცხვარივით გამოვყევი უკან, თუმცა, ვიცოდი, ამ საქციელის გამო რაც მელოდა. ჩემი წინათგრძნობა ასრულდა: მივედით თუ არა სახლში, ისე მცემა, ვის გაუბედე, სახლიდან რომ წახვედიო, მთელი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი და ეს ყველაფერი 6 წლის შვილის თვალწინ ჩაიდინა. ბავშვის ისტერიულმა კივილმაც კი ვერ მოიყვანა გონს. ჩემი დედამთილიც კი, რომელიც სულ ჩემ წინააღმდეგ ამხედრებდა ქმარს, ცრემლს ვერ იკავებდა ჩემი შემხედვარე, თუმცა, შვილს ვერაფერი გაუბედა. მამა არ მყავდა, საწყალმა დედაჩემმა კი თითქმის არაფერი იცოდა, რა დღეში ვიყავი, რადგან ჩემი ქმარი მას კარგ ბიჭად, მზრუნველ ქმრად და მამად აჩვენებდა ხოლმე თავს. ერთხელ თავი ვერ შევიკავე და დედას ვთხოვე, წამომიყვანე იქიდან-მეთქი, მაგრამ ისეთი ამბავი ამიტეხა, ლამის თვითონაც მცემა: შე ჩერჩეტო, ამისთანა ბედს ეწიე, ასეთი ქმარი გყავს, ასეთ ოჯახში შეხვედი ცარიელ-ტარიელი და უპატრონო (მამა რადგან არ მყავდა, დედაჩემი პატარაობიდან „უპატრონოს“ მეძახდა და ვერ ხვდებოდა, ამით როგორ მთრგუნავდა და მამცირებდა) და, იმის ნაცვლად, გაისუსო და თვალებში უყურო ქმარ-დედამთილს, ასეთ სისულელეებს მეუბნებიო. რაღა უნდა მექნა, გავჩუმდი. თავიდანვე ისე მკაცრად გამზარდეს, ზედმეტად მორჩილ ადამიანად ჩამოვყალიბდი, ელემენტარული წინააღმდეგობის გაწევისაც კი მეშინოდა და მერიდებოდა.
ჩემი ქმარი მაძალებდა, რომ სამი შვილი მაინც გამეჩინა, მაგრამ ჯერ ერთი, პირველი ორსულობა და მშობიარობა ისეთი მძიმე მქონდა, ძლივს გადავრჩი, თანაც, ვინ იცის, ამდენი ნერვიულობისა და ცემა-ტყეპის შემდეგ, ნორმალური ბავშვი გამიჩნდებოდა? ეს ერთი, ღვთის წყალობით, ჯანმრთელი იყო, მაგრამ რისკზე წასვლა ნამდვილად არ მინდოდა. ამიტომ, ქმრის ჩუმად ათას საშუალებას ვხმარობდი, რომ არ დავფეხმძიმებულიყავი.
ძალიან მრცხვენია, რომ ამ ხნის ქალი ასეთ პირადულ ამბებზე გწერთ, მაგრამ, ლამის გული გამისკდეს, ისეთ დღეში ვარ. ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემს ქმარს მუდამ ჰყავდა საყვარლები და ხანდახან კვირაობით და თვეობით არ მოდიოდა სახლში. სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ მწყინდა, რადგან მერჩივნა, სხვაგან ყოფილიყო, უფრო მშვიდად ვიყავი ხოლმე. სხვა თუ არაფერი, სახლში თუ არ იქნებოდა, როგორღა მცემდა. მაგრამ, ჯერ ერთი, ასეთი საქციელით მაინც დამცირებულად ვგრძნობდი თავს, მეორეც, ჩემი დედამთილი არ მასვენებდა – შენ გამო გაგიჟდა და გაგარეულდა ჩემი უწყინარი შვილიო. არადა, უწყინარი კი არა, მთელი უბანი თავზე ჰქონდა წამოცმული. ამათი რძალი რომ გავხდი, ხნიერი ქალები აღარც კი მერიდებოდნენ და პირდაპირ მეუბნებოდნენ, პატრონი არ გყავდა, შვილო, ამას როგორ გამოგაყოლესო.
ასე გავიდა წლები. ჩვენმა ქალიშვილმა სკოლის დამთავრებისთანავე დაჰკრა ფეხი და თავის თანაკლასელთან ერთად გაიპარა – აბა, ბოლომდე ხომ არ შეგაჭმევინებთ თავსო. ღვთის წყალობით, ჩემი სიძე კარგი ბიჭი გამოდგა, მშობლებიც სათნო ადამიანები ჰყავს, თან ჰყვებიან ჩემს შვილს. რომ მეგონა, ჩემი ქმარი ერთ ამბავს ატეხდა – ეს როგორ გამიბედა ჩემმა შვილმაო, პირიქით მოხდა – იმავე საღამოს მითხრა, ძალიანაც კარგი ქნა, ერთით ნაკლები სარჩენი მეყოლებაო.
ჩვენი გოგო და სიძე ხშირად მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან. მერე შვილიც რომ ეყოლათ, უფრო მოუხშირეს სიარულს, ხანდახან ერთი-ორი დღით ბავშვსაც გვიტოვებდნენ ხოლმე. შვილიშვილის დაბადებამ ჩემი ქმრის სიმხეცე თითქოს ოდნავ დააცხრო, ისე აღარ მიყვიროდა და მეჩხუბებოდა და, მეც ვიფიქრე, სიბერე მაინც მექნება ოდნავ მშვიდი-მეთქი. მაგრამ, ამ ერთი თვის წინ ისევ ააფრინა, თანაც ისე, რომ ამის პატიება უკვე ნამდვილად აღარ შემიძლია. მით უმეტეს, რომ ჩემი შვილიც მაძალებს, თუ არ გაეყრები მამაჩემს, შენთან ფეხის მომდგმელი აღარ ვარო.
საქმე ისაა, რომ ამ ერთი თვის წინ ბავშვი დაგვიტოვეს საღამომდე. შუადღეზე რომ ვასადილე, ეზოში ჩავიყვანე – ვიფიქრე, დაძინების წინ ცოტას ჰაერზე გავასეირნებ-მეთქი. ბავშვი წაფორხილდა, წაიქცა და მუხლი ოდნავ გადაეტყავა. რა თქმა უნდა, ტირილი დაიწყო. მე ხელში ავიყვანე და სახლში შევიყვანე, რომ მუხლი მომეწმინდა და შემეხვია. ჩემი ქმარი სახლში იყო და ატირებული ბავშვი რომ დაინახა, უშვერი სიტყვებით დამიწყო გინება და ყვირილი. მე თავი ვიმართლე – ძალით ხომ არ მიქნია. რა მოხდა, ყველა ბავშვი წაქცეულა, ახლავე მივხედავ-მეთქი. ამ დროს ჩემი სიძე და ქალიშვილიც შემოვიდნენ. აქეთ ჩემი ქმარი ღრიალებდა, იქით – ბავშვი გაჰკიოდა, უფრო შიშისგან, ვიდრე ტკივილისგან და გაგიჟდა ჩემი სიძე – რა ხდება, რა მოგივიდათო. ჩემმა ქმარმა უთხრა, ამ დებილს (ანუ – მე) ბავშვს რომ უტოვებთ, თავში ტვინი გამოგელიათ? შეხედეთ, რა დღეშია თქვენი შვილიო. მე ისევ წამოვიკნავლე – არაფერი ისეთი არ არის, ოდნავ გაეკაწრა მუხლი-მეთქი. ვის უბედავ წინააღმდეგობის გაწევასო – მომვარდა, ბავშვი ხელიდან გამომგლიჯა, სიძეს მიაჩეჩა და მე ისე ძლიერად გამარტყა სახეში, რომ თავი ვეღარ შევიკავე და იატაკზე დავენარცხე. ჩემმა სიძემ ბავშვი თავის ცოლს მისცა და ჩემს ქმარს ეცა შესაჩერებლად (რადგან ის ჩემს ფეხით ცემას აპირებდა) – დაუჭირა ხელები და მკაცრად უთხრა, ძალიან გთხოვთ, უკადრის საქციელს ნუ ჩაიდენთო. ჩემი ქმარი გაგიჟდა – სიძემ ეს როგორ გაბედაო და ახლა მას ეცა: შე ლაწირაკო ნაბიჭვარო, ჩემს სახლში პრავებს მიკაჩავებ და კუნთებს მითამაშებ? მე შენ გაჩვენებ სეირსო, – გაითავისუფლა თავი მისი ხელებიდან და სახეში მუშტი მოუქნია, მაგრამ, ჩემმა სიძემ აიცილა და გაგიჟებულმა ჩემმა ქმარმა ინერციით მის ფეხებთან მოადინა ბრაგვანი. ამაზე სულ გაცოფდა, ძლივს წამოდგა და ისევ მე მეცა საცემრად, მაგრამ სიძემ აღარ აცალა – ისეთი მუშტი უთავაზა ყბაში, უგონოდ დასცა იატაკზე.
ჩემმა ქალიშვილმა იმ დღესვე ჩამალაგებინა ნივთები და თავისთან წამიყვანა. ვინ მოასულიერა ჩემი ქმარი, ახლაც არ ვიცი. მეორე დღეს კი ჩემს გოგოს არც კი უკითხავს ჩემთვის, ისე შეიტანა გაყრაზე განცხადება (ჩემ ნაცვლად).
პროცესი სამი თვის შემდეგ დანიშნეს, ანუ მანამდე კიდევ ორი თვეა დარჩენილი. ჩემი ქმარი დღეში ასჯერ რეკავს (მოსვლას ვერ ბედავს) და მე და ჩემს ქალიშვილს პატიებას გვთხოვს და გვპირდება, ოღონდ შემირიგდით და ნახეთ, როგორ მოვიქცევიო, მაგრამ, მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. დავიღალე. უკვე ხანდაზმული ქალი ვარ და, სხვა თუ არაფერი, სირცხვილია, მთელმა უბანმა იცის, რომ ქმარი ლამის ყოველდღე მიბაგუნებს, თანაც სიძემ მითხრა, თქვენი საქმისა თვითონ იცით, მაგრამ თუ აპატიებთ და შეურიგდებით, ჩვენი სახელი და მისამართი დაივიწყეთ, თანაც იცოდეთ, რომ ბავშვსაც აღარ გაჩვენებთო. ცხადია, ამათ დაკარგვას იმ პირუტყვის დაკარგვა მირჩევნია. ჩემს შესარიგებლად ახალი ფანდი გამოძებნა – თუ გამეყრები, ვერც შენ და ვერც შენი შვილი ვერაფერს მიიღებთ ამ სახლიდანო. არც გვინდა. ოღონდ თავი დაგვანებოს და იქით მივცემთ კიდევ რამეს. იმის უფლებაც აღარ მაქვს, სიკვდილის წინ ორიოდე წელი მშვიდად ვიცხოვრო?
თამრიკო, 60 წლის.
რატომ დავრჩი უცოლოდ
35 წლის ვიყავი, ცოლი არ მყავდა და, ოჯახიც, ახლობლებიც და მეგობრებიც, გულს მიწყალებდნენ – ქორწილი როდის უნდა გვაჭამოო.
ნონა ნათესავთან გავიცანი, წვეულებაზე. მერე წლების შემდეგ გაირკვა, რომ იმ წვეულებაზე ორივე სპეციალურად ვიყავით დაპატიჟებული, მაგრამ არც ერთმა არ ვიცოდით. როგორც იმ ნათესავმა მითხრა, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ, ჯერ ერთი, რომელიმე არ აღმოჩენილიყავით უხერხულ მდგომარეობაში (ხომ შეიძლებოდა, რომ მე არ მომწონებოდა ან მას არ მოვწონებოდი?!), მეორეც, თუ ერთმანეთი მოგვეწონებოდა, ყველაფერი ბუნებრივად მომხდარიყო და გაგრძელებულიყო. პრინციპში, ასეც მოხდა – ჩვენ ერთმანეთი მოგვეწონა, იმ საღამოს სახლში მე მივაცილე და მეორე დღეს უკვე პაემანი გვქონდა. 3-4 თვე ვხვდებოდით და რაღაც დონეზე ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ცოლობა ვთხოვე. ეგრევე დამთანხმდა. პირდაპირ მითხრა, 16 წლის თინეიჯერები ნამდვილად არ ვართ და, ჩვენს ასაკში (ნონა 28 წლის იყო) თუკი ერთად ცხოვრებას ვაპირებთ, რაც მალე გადავწყვეტთ საკითხს, უკეთესი იქნებაო. ცოტა კი გამიკვირდა ასეთი პირდაპირობა და პრაქტიკულობა, მაგრამ სადღაც, მომეწონა კიდეც, რადგან დაღლილი ვიყავი ქალების პრანჭვით, თავის გამოდებით, ხუშტურებითა და ხელოვნური რომანტიზმით, ნონა კი საღად და რეალურად უყურებდა ცხოვრებას და, როგორც მაშინვე მივხვდი, არასდროს ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა გაუაზრებლად, დაუფიქრებლად და დაუგეგმავად. ხასიათიც მშვიდი ჰქონდა, გაწონასწორებული; შესახედავად, შეიძლება, მზეთუნახავი არ იყო, მაგრამ ძალიან დახვეწილი და ინტელექტუალური გარეგნობა ჰქონდა. თან, უნდა გამოგიტყდეთ, „მისმა „ანკეტურმა“ მონაცემებმაც იქონია გავლენა ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე: ახალგაზრდა მშობლები, საკმაოდ ძლიერი ოჯახი, დედისერთა, კარგი სამსახური, საკუთარი შემოსავალი, სასიამოვნო სამეგობრო და სანათესაო წრე, ბინაზე, აგარაკსა და მანქანაზე აღარაფერს ვამბობ. გულში სულ მიკვირდა, ასეთი პიროვნული და მატერიალური (ცხადია, სოციალურიც) მონაცემების პატრონი, ამდენ ხანს როგორ ვერ გათხოვდა-მეთქი. ერთხელ, ვერ მოვითმინე და ვკითხე კიდეც, შეყვარებული არ გყოლია-მეთქი? მთავარი მიზანი რომ შემენიღბა, ჩემს შეკითხვას ასეთი ფონი გავუკეთე, ვითომ წავიეჭვიანე, მაგრამ ნონა მაშინვე მიხვდა, საით ვისროდი კენჭებს და პირდაპირ მითხრა:
– სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში იყვარდა ჩემი მეზობელი. წესიერი ბიჭი იყო, მაგრამ – უსაქმური. ჩვენი სიყვარულის შესახებ ჩვენმა ოჯახებმა იცოდნენ. ერთხელ, მათთან ვიყავი და კოკას ოთახში ვისხედით და ვსაუბრობდით. დედამისს ვიღაც დაქალი ჰყავდა სტუმრად. კოკა სამზარეულოში გავიდა ყავის შემოსატანად და ოთახის კარი ღია დარჩა. უცებ დედამისის ხმა მესმის (იმ თავის დაქალს ეუბნებოდა) – ენაცვალოს დედა, ისეთ გოგოს ხვდება, მთელი ცხოვრება თითის განძრევა აღარ დასჭირდებაო. მაშინვე ავდექი და სამუდამოდ წამოვედი იქიდან. მსგავსი კავალრები მერეც მყოლია, მაგრამ ჩემთვის ისინი არ არსებობდნენ, მე ვეძებდი კაცს, რომელიც ჩემს პირად ღირსებებს დაინახავდა და დააფასებდა და არა ჩემი ოჯახის ქონებას. გარდა ამისა, ერთი მთავარი პრეტენზია მქონდა: ჩემი რჩეული ყოფილიყო კაცი – ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. აი, ამიტომ დავრჩი 28 წლამდე გაუთხოვარი...
– გამოდის, რომ საქართველოში კაცების დეფიციტია? – გამეცინა მე.
– კატასტროფული. კაცობა მარტო შარვლის ჩაცმა, გინება და ყანწის ტრიალი არ არის. ქართველი კაცების დიდი უმრავლესობის კაცობა რომ ამის იქით არ მიდის, იმიტომ გადაგვარდნენ ქალებიც.
– როგორ თუ გადაგვარდნენ? – დავინტერესდი, რას მეტყოდა, რადგან გულში მეც ასე ვფიქრობდი.
– ქალმა, მდედრობითმა სქესმა, შეითვისა კაცის, მამრობითი სქესის თითქმის ყველა ფუნქცია, გარდა განაყოფიერებისა. მარტო განაყოფიერების მიზნით კი, მერწმუნე, არც ისე სასიამოვნო იქნება დაღლილი, დამცირებული, შეურაცხყოფილი და უკვე ორსქესიანი არსებისთვის, რომ ძილითა და არყით მოთენთილ ქმარს დაუწვეს და მერე მისი გვარის გამგრძელებელი ატაროს ცხრა თვის განმავლობაში.
ჩვენი უცნაური დიალოგი ჩემი დაბნეული ღიმილით და, საბოლოოდ, ჩვენი დაშორებით დამთავრდა.
სახლში რომ მივედი, დიდხანს ვიფიქრე ნონას სიტყვებზე და გულში ნაწილობრივ დავეთანხმე კიდეც, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ ჩვენი ოჯახი ვერ შედგებოდა. მე ნონას მოთხოვნებს (მისი აზრით, ელემენტარულს), უბრალოდ, ვერ გავუძლებდი. ისე გავიდა რამდენიმე დღე, არ დამირეკავს, არც მან დამირეკა. ამან იმაშიც დამარწმუნა, რომ მართალი ვიყავი და იმაშიც, რომ ნონამ, როგორც გულთამხილავმა, ზუსტად ამოიცნო ჩემი აზრები და ასე უსიტყვოდ დამემშვიდობა.
მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. სიმართლე გითხრათ, ცოლის შერთვაზე აღარ მიფიქრია, – სად მაქვს შარის თავი! მე რომ ბედი მაქვს, ნონაზე უარესი პრეტენზიული ქალი შემხვდება.
ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ალბათ, არც ნონა გათხოვილა, რადგან, ის რომ ეძებს, ისეთი კაცები ბუნებაში არ არსებობენ (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში). ვიცი, ჩემი თანამოძმეები გამინაწყენდებიან, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთია რეალობა.
ნიკო, 37 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.