როგორ შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა ორასი წელი და როდის უჩნდება მას ნათების უნარი
ზურაბ ბედიას ფენომენი – ხელებით გამოასხივოს შინაგანი ენერგია და გაანათოს ნათურა, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. მან ეს უნიკალური უნარი გადატანილი ტრაგედიის შემდეგ მიიღო. მაგრამ, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ადამიანის ცნობიერებაში ჩადებული განძი, ჯანმრთელობის, დღეგრძელობისა და შინაგანი ენერგიის მართვის საფუძველი, რომელიც მაშინ ჩნდება, როგორც კი ირღვევა წონასწორობა.
ბატონი ზურაბ ბედიას – „ადამიანი ნათურას“ შესახებ „თბილისელები“ იმ მეცნიერებს ესაუბრა, რომლებიც მასზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებენ და პარალელურად, უნიკალური დიაგნოსტიკური აპარატის შექმნაზეც მუშაობენ, რომელიც თანამედროვე მედიცინაში გადატრიალების ტოლფასი იქნება.
ზურაბ ბედიას ცხოვრება 1999 წელს რადიკალურად შეიცვალა. მის უმცროს ძმას, რომელიც რადიომოყვარული გახლდათ და თვითნაკეთი რადიოგადამცემით მთელი მსოფლიოს რადიომოყვარულებს ეკონტაქტებოდა, მათ შორის, იორდანიის მეფე ჰუსეინსა და რომის პაპ იოანე-პავლე მეორესაც კი, დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ძმის ტრაგედია ზურაბმა მძიმედ გადაიტანა. გონი დაკარგა და დასაფლავებამდე მიცვალებულის გვერდით, ეძინა.“ ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, მას დაესიზმრა გარდაცვლილი ძმა, რომელმაც სთხოვა, დერეფანში ნათურა მოეხსნა და თავის ოთახში გადაეტანა. როცა ზურაბმა ნათურა მოხსნა, ის მის ხელში აინთო... ასე დაიწყო... თბილისში ჩამოსული ზურაბ ბედია, მაშინვე მოექცა მეცნიერების დაკვირვების ქვეშ.
თენგიზ წივწივაძე – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის წევრი, ნიუ-იორკის აკადემიის წევრი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი: ზურაბ ბედიას მსგავსი ფენომენი მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს შემთხვევა მაინც განსხვავებულია – ადამიანი ანთებდეს ნათურას, ასეთი პრეცედენტი მეცნიერებამ არ იცის. ზურაბ ბედიას ძალიან დიდი ენერგია აქვს, მაგრამ მან არ იცის ამ ენერგიის მართვა. ამიტომ, პაციენტთან ურთიერთობისას სერიოზული დაზიანება მიიღო. განვითარდა ინსულტი და დაუზიანდა მარცხენა კიდური.
ლივერი ქადაგიშვილი – კიბერნეტიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი: ზურაბ ბედიამ მიიღო ძლიერი ემოციური დატვირთვა, რის გამოც დაზიანდა მისი სტრუქტურა მთლიანად. კიბერნეტიკა ადამიანს, როგორც სისტემას, ისე განიხილავს. თუ ერთი უჯრედი მაინც დაზიანდა, შეიძლება, დაირღვეს მთელი სტრუქტურა. ბიოველი ძალიან ფაქიზი თემაა და თანამედროვე ექიმებს არ უყვართ ამაზე ლაპარაკი. არ სცნობენ ამას. მიაჩნიათ, რომ სხვა სფეროა. არადა, ლაპარაკია ადამიანის შინაგან ენერგიაზე, შინაგან შესაძლებლობებზე, მის იმუნიტეტზე. ადამიანის ფიზიკა მთლიანად მოიცავს ფიზიოლოგიას. მეცნიერებაშიც ძალიან ბევრი კითხვაა ბიოველის შესახებ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამეა შესასწავლი, გამოსაკვლევი. ექიმები საერთოდ ვერ ხსნიან ზურაბ ბედიას ფენომენს. არადა, შესაძლებელი იყო, სხვისთვისაც ემკურნალა და თვითონაც ჯანმრთელი ყოფილიყო. მას არ ასწავლეს, როგორ გამოეყენებინა თავისი ბიოველი და ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა. პაციენტის ბიოველი აღმოჩნდა ძლიერი, განვითარდა ტორსიული ველი და შეურყია ჯანმრთელობა.
ნოდარ ჩიგოგიძე – ქიმიის აკადემიური დოქტორი, კვების მრეწველობის ექსპერტი, საქართველოს აკადემიის წევრ-კორესპონდენტი: ადამიანის ორგანიზმში მოძრაობს სისხლი, მოძრაობს ლიმფა და სადაც მოძრაობაა, იქ ელექტროველიც არის, მაგნიტური ველიც, და შეიძლება, კიდევ სხვა ველიც არსებობს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამით მკურნალობდნენ.
ლივერი ქადაგიშვილი: ეს ჩვენთან არ აღიარებენ, თორემ მთელ აზიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ბიოველით მკურნალობა მიღებულია და იყენებენ არატრადიციულ მედიცინაში.
– როცა იოგები დროში მოგზაურობენ, ხომ არ ხდება ესეც შინაგანი, დაგროვილი გამოუყენებელი ენერგიის ხარჯზე?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, არ აქვს გაკეთებული ოპერაცია, არ აქვს დაზიანებული არც ერთი ორგანო, არავითარი გამოსხივება მას არ აქვს. აურა ადამიანის ირგვლივ კვერცხისებურია და შეკრული. პარაფსიქოლოგიაც არის არატრადიციული მეცნიერება. რა თქმა უნდა, ის არსებობს; არაცნობიერ ფიზიკურზე კომუნისტების დროსაც მუშაობდნენ. იკვლევდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო.
ნოდარ ჩიგოგიძე: საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მიზნებისთვის რომ გამოეყენებინათ, ადამიანის ქვეცნობიერზე ზეგავლენის მოხდენა იცოდნენ და აკეთებდნენ კიდეც ამას. მაგალითად, სტალინის თითქმის ყველა სურათი ხელოვნურად იყო გაკეთებული.
– ხელოვნურად გაკეთებული რას ნიშნავს?
– სურათი ატარებს ენერგიას, ამიტომ ადამიანის ფოტოსურათით შესაძლებელია მისი ზომბირება. ეს იცოდა სტალინმა, ამიტომ მისი სურათები იხატებოდა საგანგებოდ – მსგავსი ორიგინალთან, მაგრამ არაზუსტი. ნატურალურ სურათზეც კი, სადაც სტალინი ჩიბუხით არის, თვალები დახრილი აქვს. თანაც, მეორე ხელში ანთებული ასანთი უკავია, რომ მისი ენერგია ჩაკეტილიყო და ვერავის მოეხდინა მასზე ზემოქმედება. როგორც გენერატორი გამოიმუშავებს ენერგიას, ისევეა ადამიანიც. იგი ცოცხალი გენერატორია. თითოეულ ორგანოს გააჩნია თავისი სიხშირე – დენის სიხშირეს ვგულისხმობ. ზოგს მაღალი აქვს, ზოგს დაბალი. როცა ორგანო ავადდება, ხდება მისი გადაგვარება, შესაბამისად, იცვლება სიხშირეც.
ლივერი ქადაგიშვილი: მე ვახსენე ტორსიული ველი. ეს არის საშინელი რაღაც, როგორც ქარბორბალა, ისეთი ძალა აქვს, ანადგურებს ყველაფერს: უჯრედს, სისტემას. მე არ ვიცნობდი ბატონ ზურაბ ბედიას მაშინ, როცა ის პაციენტებს მკურნალობდა, თორემ შევძლებდი, ამეცილებინა მისთვის ტორსიული ველის წარმოქმნა. მან ვერ აირიდა თავიდან პაციენტისგან წამოსული ენერგიის ზემოქმედება, რომელიც, შეიძლება, მის ენერგიაზე უფრო ძლიერი იყო. ადამიანებიც და ცხოველებიც შეიცავენ, როგორც პლუსს, ისე მინუს ენერგიას და სწორედ ამ ორ უდიდეს მუხტს შორის ურთიერთქმედება ქმნის ველს, მაგრამ რა ველია ეს, – მაგნიტური, თუ ელექტრული, ჯერ არ არის დამტკიცებული. რა სპეციფიკა აქვს მას, ეს ჯერ კიდევ შესასწავლია. ამიტომ, ჩვენ გვინდა, შევქმნათ ისეთი ხელსაწყო, რომლითაც შევძლებთ ამ სპეციფიკის გამოკვლევას – ბიომეტრის შექმნაზე ვმუშაობთ.
თენგიზ წივწივაძე: როცა უკვე გვექნება ბიომეტრი, თქვენ ექიმთან კი არ წახვალთ, ეს ხელსაწყო დაადგენს, რომელი ორგანოს სიხშირე შეიცვალა, რომელს უჭირს. კი, არსებობს ექოსკოპიის აპარატი, რომელიც მისი სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ გამოძახილს ზომავს. ბიომეტრი იმ ორგანოების მდგომარეობის დადგენის საშუალებასაც მოგვცემს, რომელთაც ექოსკოპიის აპარატი ვერ ხედავს. ჩვენ გვეცოდინება ჯანმრთელი ორგანოს სიხშირე და გადახრის მიხედვით დავადგენთ, მის მდგომარეობას.
ლივერი ქადაგიშვილი: მე ვიკვლევ ბიოკორექტორებს. მე თვითონ მაინტერესებს ეს ფენომენი. არიან ბიოკორექტორები, რომლებიც დიაგნოზს სვამენ ხელით, ზოგი ამას აკეთებს თვალით. მათი ნიშან-თვისებების აღწერა მოგვცემს იმ პარამეტრებს, რომელთა მიხედვითაც შეიქმნება აპარატი. უცხოეთში მსგავსი დანადგარი შექმნილია, მაგრამ ის არ არის სრულყოფილი. თანაც ჩვენ გვინდა, ჩვენი შევქმნათ. უკრაინაშიც მუშაობდნენ ამაზე. სხვათა შორის, ქართველი იყო და თვითონ იყო ბიოკორექტორი, მაგრამ ბიოველი დაიზიანა და დაიღუპა.
აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ასევე ყველა ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებას აქვს ეს თვისება. ძვირფასი ქვები რატომ გამოიყენება სამკურნალოდ, ანუ, მე რა მინდა ვთქვა, ბიოკორექციით შესაძლებელია, დაავადებული ადამიანის სიცოცხლის გარკვეული ვადით შენარჩუნება. ჩვენი ხელსაწყო ზუსტად ამას უნდა მოემსახუროს. ერთი ლირიკული გადახვევაც; ამბობენ, საქართველოში ბიოველის აღქმის უფრო დიდი პოტენციალია, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაშიო.
– რა არის ამისი მიზეზი, ქართველები სხვებზე მეტად ემოციურები ვართ, თუ უფრო ხშირად ვავადდებით?
– არა. მიწაა უნიკალური. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა.
ნოდარ ჩიგოგიძე: ჩვენი წყალიც უნიკალურია. საქართველოს ტერიტორია ძალიან პატარაა და სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში, ზონიდან ზონაში გადავდივართ. არ არის ეს შემთხვევითი.
თენგიზ წივწივაძე: ამ მსჯელობით, ჩვენი მიწის – ქართული მიწის ღვთიურობამდე მივალთ.
– ანუ, თუ იქნება ბიოაპარატი, შესაძლებელი იქნება, ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება?
ლივერი ქადაგიშვილი: სწორედ ამაზე ვმუშაობთ.
თენგიზ წივწივაძე: ცოცხალ ორგანიზმს აქვს ოპტიკური აქტივობა, ასევე დამუხტვის უნარი. ჩვენ ყოველღამე, ძილის დროს ხელახლა ვიმუხტებით. დილით კი ამ ენერგიას გავცემთ. როგორც ბატარეა ჯდება, ზუსტად ისე. ამიტომ არის აუცილებელი, ჯანმრთელი და სრულფასოვანი ძილი. თუ ჩვენ შევძლებთ, ადამიანში არსებული უჭრედებისა და ენერგიის რეგენერაცია მოვახდინოთ, შევძლებთ ადამიანს სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ და მან ორასი წელიც კი იცოცხლოს. ამის მიღწევა შეიძლება 30-40 წლის შემდეგ, ხოლო მერე ადამიანის უკვდავებაზეც ვიფიქრებთ სრულად.