რით აოცებენ „აკიმ ერისთავის“ შვილს პარიზელი მეზობლები და როგორ მოხვდა ის ფრანგ დედოფლებში
ვისაც გენიალური ქართული ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ ერთხელ მაინც უნახავს, ძალიან კარგად ახსოვს ერისთავების დიდი ოჯახის მოუსვენარი აკიმი. დღეს მას, იგივე ჯაბა წულაძეს, ზუსტად იმ ასაკის შვილი ჰყავს, რამხელაც თვითონ იყო, როცა „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ გადაიღეს. მამა 6 წლის სერგის მოფერებით ხშირად „აკიმსაც“ ეძახის. პატარა სერგიც აკიმივით მოუსვენარი, საყვარელი და უცნაური ბიჭია. ფრანგული სკოლის მოსწავლე პარიზში „გადასახლებაზე“ ოცნებობს, ისიც „მამასთან ერთად მუშაობს“ და, როცა სჭირდება, სახალხოდ „ტრუსიკსაც“ კი იხდის...
– მე ვარ სერგი, ხანდახან მამაჩემი აკიმსაც მეძახის, მაგრამ მე სერგი მირჩევნია. ისე მინდა, რომ მერქვას აკიმი და სერგი მქონდეს გვარი. მე ვარ 6 წლის და გაზაფხულში ვხდები 7 წლის, ვსწავლობ სკოლაში. ჩემი სკოლა ძალიან მაგარია, მათემატიკასაც კი ფრანგულად გვასწავლიან. 6 წლის ბავშვებს „სეპე“ გვქვია, 7 წლის ბავშვებს – დედოფალი მარგო. სკოლაში გვყავს დარტანიანიც და არამისიც, ისინი უფრო დიდი ბიჭები არიან. დედოფალი მარგოები ყველანი გოგოები არიან, მაგრამ ნამდვილ დედოფალს არც ერთი არ ჰგავს. დედოფლები უფრო მაგრები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ, მეფე ხომ კარგია, მასე, მაშინ, ჩვენც ვიქნებით მეფე ლუდოვიკოები...
– ხომ არ გჩაგრავენ დედოფლები ბიჭებს?
– ხანდახან ეცდებიან ხოლმე, ჩხუბიც მოგვდის. არა გვაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ, ერთად მაინც ვთამაშობთ დაჭერობანას. ერთხელ ცხოველების კლუბიც გავაკეთეთ, მე ლეოპარდი ვიყავი, იმიტომ რომ, მაგრად დარბის და ცოცავს. ცოცვა მეც ვიცი, კლდეზეც მიცოცია ვაკის პარკში. იქ კარგად ვთამაშობთ და სპორტს ვაკეთებთ. სკოლაში კარგად გვაჭმევენ – ერთხელ მოვდივართ და სამჯერ გვაჭმევენ. პირველი ჭამა არ არის გემრიელი, მეორე უფრო გემრიელია, მესამე კი – ძალიან, ძალიან გემრიელი.
– ამ სკოლაში რატომ მოგიყვანეს?
– იმიტომ, რომ მაგარია, თან, მამაჩემი ფრანგია: თავისი დედაა ფრანგი, მამა კი – გურული. ჩემი ფრანგი ბებია პარიზში ცხოვრობს, მეც ოთხჯერ ვარ ნამყოფი და იქაურიც ვარ, დიპლომატიური პასპორტივით მაქვს, ხელს ვერავინ მახლებს. თბილისი ხომ კარგია, მაგრამ, პარიზი უფრო ლამაზია, სახლებიც კარგია და ქუჩებიც, ერთი მარტო მეზობლები არ მომწონს, იქ საერთოდ არ მინახავს არც ერთი მეზობელი, მარტო ვიცი, რომ იქ ცხოვრობენ. მე მგონი, რომ სახლიდან სახლში თოკებით გადადიან, თბილისში არ დადიან თოკებით, ამიტომაც აქ ყველა მეზობელს ვიცნობ.
– თუ პარიზი უფრო კარგია, იქ რატომ არ ცხოვრობ?
– იმიტომ, რომ მამაჩემს არ უყვარს და არ მივყავარ, ცოტა დიდი რომ გავიზრდები, პარიზში ვისწავლი. იქ ცხოვრება ძალიან მინდა, პარიზელი ბებიაჩემი ისეთი კარგი ქალია, სულ საჩუქრებს მიგზავნის. თბილისელი ბებიაც კი კარგია, მაგრამ პარიზელი უფრო პრანჭიაა. ისე, ნელი ბებიაც ისვამს „საკრასკავებს“. პარიზელი ბებიაჩემი გვარით არის ვერდო, ქართულად, როგორც ვარდი...
– დიდი ბიჭი რომ გახდები, ფრანგი ცოლი უნდა მოიყვანო თუ ქართველი?
– ფრანგი. დილით რომ მეტყვის, ლოგინში ყავა მომიტანეო და არ მივუტან, სახლიდან გამომაგდებს, იმიტომაც, საერთოდ არ მინდა ცოლი, არც ქართველი და არც ფრანგი. ყავას ვერავის მოვუდუღებ და უცოლოდ მირჩევნია.
– შენი მამიკო ვინ არის?
– მიშა.
– ვინ მიშა?
– მიშა – რა! როგორც პრეზიდენტი მიშა. მამაჩემი სააკაშვილივით პრეზიდენტია, არა, პრეზიდენტი კი არა, თავმჯდომარე.
– რისი თავმჯდომარეა?
– სახლის და ამხანაგების (გულისხმობს საბინაო ამხანაგობას, – თ.ს.). მამაჩემი აკეთებს კრიშებს, ლიფტს, კედლებს, მაგრამ ფული მაინც არა აქვს. მიშას უფრო მაგარი სამსახური აქვს, რა! იმიტომ არის კარგი, თუ ერთად პრეზიდენტიც ხარ და თავმჯდომარეც, ერთი დღე რომ იყოს მამა პრეზიდენტი, მაგარი იქნებოდა. ყველაფერს უფულოდ ვიყიდიდით, ფული არაფერში დაგვჭირდებოდა. პრეზიდენტებს იმდენი ფული აქვთ, ბუხარში ცეცხლს ფულით ანთებენ.
– სერგი, მამიკო რომ ფილმში მონაწილეობს, ის ფილმი გინახავს?
– ათასჯერ. მაშინ მამა კინოში მუშაობდა. მამა რომ ტრუსიკს ჩაიხდის, ნანახი გაქვთ? იმ კინოში ერთი ის ვერ გავიგე, რომ ბაბუაჩემი იყო სერგი ბაბუაჩემი თუ პიპინია? სინამდვილეში იყო სერგი, რომელიც ეხლა ცაშია და ვერ გავიგე, იმ კინოში რომ კაცია, იმას რაღა უნდოდა. კინოში მამაჩემი იმასაც ამბობს, მე და მამა ვმუშაობთო...
– შენ და მამაც მუშაობთ?
– კი... (იცინის) ჩემი დანით რაღაცეებს ვაკეთებთ. მკვდრების ძეგლებს არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ, ქვის საჭრელი არა მაქვს. ჩვენ ხით ვმუშაობთ. ეხლა აკიმის ძეგლი უნდა დადგან თბილისში ერთ ბაღში. ვინც მაგ ძეგლს გააკეთებს, მეც უნდა დავეხმარო, თუ მექნება ძეგლის საჭრელი.
– ისე, მამიკოს არ შერცხვა ტრუსიკი რომ ჩაიხადა?
– არა, პატარა იყო. მეც ჩავიხადე ტრუსიკი. კუს ტბაზე ვიყავით და ვიღაცეები მომეფერნენ: რა ლამაზი გოგო ხარო, მე ჩავიხადე ტრუსიკი და დავანახე, რომ გოგო არ ვიყავი.
– თქვენთანაც მოაქვთ სახლში ტომრებით მჭადის ფქვილი?
– არააა, ერთხელ მოიტანა მამამ რაღაცეები და ჰამბურგერის პურები, ისე, რომ დედას არ დაუვალებია. ისე კი, მამა ჭამის პრეზიდენტია.
– მამიკო ახლაც კინოში მუშაობს?
– არა, აკიმის ბლინებს აცხობს კაფეში. იქ იცის ბლინების გამოცხობა, სახლში რომ მოდის, ავიწყდება.
– ძეგლის საჭრელი რომ გქონდეს, ვის ძეგლს გააკეთებდი?
– ყველასას. იმ კაცის ძეგლს გავაკეთებდი, ვინც დედამიწაზე პირველად გაჩნდა. კიდევ სარკოზის ძეგლს გავაკეთებდი.
– მიშა სააკაშვილმა რა დაგიშავა?
– სარკოზივით მაგარი არაა, სარკოზიმ ეიფელის კოშკი ააშენა, მიშას აშენებული ფუნიკულიორი კი მახინჯია, იქ ვერავინ ვერ ადის. თავისთვის აიშენა ლამაზი სახლი, მაგრამ ეგ სახლი მოსამსახურეებმა ააშენეს და იქ გამვლელები ვერ შედიან. ნუთუ არ შეიძლება, რომ მამაჩემი თბილისის დასუფთავების უფროსად დანიშნოს? სარკოზი რომ ვნახო, იმას მაინც ვთხოვდი, მამიკოს პარიზში სამუშაო უშოვოს. მამაჩემი ისეთ კარგ რაღაცეებს იგონებს, პრეზიდენტადაც კარგად იმუშავებდა, დედაჩემიც პრეზიდენტის ცოლი იქნებოდა და მუსიკას აღარ ასწავლიდა. ისე, მიშას კარგი ცოლი ჰყავს. ერთი პრეზიდენტის ცოლი რომ ტიტველი იყო, ისიც კი არ გატიტვლდა! თან, ეგ ქალი ღარიბ და ავადმყოფ ბავშვებსაც ეხმარება.
– როცა გაიზრდები, შენ ვინ უნდა გამოხვიდე?
– ძეგლების გამკეთებელი და რაკეტების გარაჟის უფროსი. იმდენი რაკეტა მეყოლება, რომ, სადაც მოვინდომებ, იქ გავფრინდები. კიდევ, ძალიან მინდა, რომ მქონდეს თხილამურები და გორებზე ვისრიალო, მაგრამ მამას ფული არ აქვს და ჯერ ვერ მიყიდა.
– აბა, ფული თუ არ გაქვს, შენს სკოლაში ფულს ვინ იხდის?
– სარკოზი. ჩვენი სკოლა პარიზის საელჩოსია, აქ სულ დიპლომატები დადიან. სარკოზი არც ერთხელ არ მინახავს პირისპირ. ერთხელ, ომი რომ დაიწყო, ის თბილისში მოფრინავდა, ჩვენ პარიზში გავფრინდით და გზაში ავცდით ერთმანეთს. უცებ გაგვაფრინეს თბილისიდან. პარიზში რომ ვიყავი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ პუტინს ჩემი ველოსიპედი არ მოეპარა – ვაკეში ბუტკაში მქონდა დატოვებული.
– დაგხვდა ველოსიპედი, როცა ჩამოხვედი?
– დიახ. პუტინს თავისი ქალაქები და სოფლები მობეზრდა და ჩვენის მითვისება უნდოდა. მერე იფიქრა, ცოდოები არიანო, თან, ქართველებმაც შეაჩერეს მტრები და პუტინმა ვაკეში მოსვლა გადაიფიქრა. რომც მოსულიყო, ბუტკას რკინის კარები აქვს და მაინც ვერ გახსნიდა...