კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნია ნანა ბედიაშვილს საკუთარი კოლექცია მისი არსებობის გამართლებად


ცვილის ფიგურების კოლექციონერ ნანა ბედიანიძის კოლექციაში ასამდე ქმნილებაა, რომელთა ავტორადაც თავად ქალბატონი ნანა გვევლინება. თუ როგორ იქმნება ეს ფიგურები და თოჯინები, რამდენი წლისაა კოლექცია და როგორ გააცოცხლა პროფესიით პედაგოგმა რამდენიმე ცნობილი მხატვრის გმირი, ამას ჩვენი რესპონდენტი ნანა ბედიაშვილი გვიამბობს.

ნანა ბედიაშვილი: სკოლის პერიოდში არც კი მიფიქრია, რომ აკადემიაში ჩამებარებინა, ჩემ დროს ცოტა რთული იყო და ვერ გავბედე, თუმცა, ხატვის ნიჭი, ეტყობა, მქონდა და ვერც ის განვახორციელე.

– საბოლოოდ რა პროფესიას დაეუფლეთ?

– პროფესიით ვარ ფრანგული ენის პედაგოგი.

– ამ კოლექციას როდის ჩაეყარა საფუძველი?

– ამ კოლექციის შეგროვება დავიწყე დაახლოებით 9-10 წლის წინ. მასში მხოლოდ ჩემი ნამუშევრებია თავმოყრილი.

– როგორ შეიქმნა პირველი ცვილის თოჯინა ამ კოლექციისთვის?

– სრულიად შემთხვევით. ამ ცვილის ფიგურების კოლექციის შექმნა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში იყო უშუქობა და, ასე ვთქვათ, სანთლების დაღვრა (იცინის). ჩემდა უნებურად, დავიწყე ხელში ამ სანთლის ნაღვენთით თამაში. სანთელი რბილია და სითბოში ფორმას ადვილად იცვლის. მოვიფიქრე, რომ გასამაგრებლად მასში თაბაშირი შემერია. მივიღე მყარი მასა, რომელსაც, კი არ ვძერწავ, არამედ ვთლი, როგორც ქანდაკებას. შემდეგ ამ ქანდაკებას ჩავაცვი ტანისამოსი. კერვა ბავშვობიდან მეხერხებოდა და ასე შეიქმნა „ჭორიკანა ქალი“, რომელიც მეც მომწონდა და სხვებსაც. ნელ-ნელა ჩემი ნამუშევრები სიმაღლეში იზრდებოდა, სერიოზულდებოდა და შედეგად ჩემი კოლექციაც მდიდრდებოდა. ამიტომ შევუდექი იმის შექმნას, რაც მიყვარს.

– მაგალითად?

– მიყვარს კლასიკური მუსიკა. მუსიკის აკომპანიმენტის ქვეშ ვმუშაობ, თან, თუ მარტო ვარ, აბსოლუტურად ჩემს სტიქიაში ვგრძნობ თავს. ბეთჰოვენი მიყვარს ძალიან და მისი ფიგურა გავაკეთე.

მამიდაჩემი ოპერაში მუშაობდა და მეც ხშირად დავყავდი ხოლმე სამსახურში. იმ პერიოდიდან შემიყვარდა ბალეტი და მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ბალერინობაზე. სამწუხაროდ, ეს ოცნება ვერ ავისრულე. ჯერ მეუბნებოდნენ, პატარა ხარ და, რომ გაიზრდები, შეგიყვანთო; მერე მითხრეს – უკვე დიდი ხარ და აღარ მიგიღებენო. სიყვარული ბალეტისადმი დღემდე შემომრჩა და ეს ჩემს კოლექციასაც ემჩნევა – მასში ბალერინის რამდენიმე ფიგურას იხილავთ. მაგალითად ეს ბალერინა შევქმენი დეგას ქანდაკების – „ბალერინას“ მიხედვით. დეგა, საერთოდ, ბალერინებს ხატავდა და ეს მისი ერთადერთი ქანდაკებაა.

ამ კოლექციაში ნახავთ მრავალ ჩემთვის საყვარელ პერსონაჟს. ვერმეერს აქვს ნახატი „გოგონა მარგალიტის საყურით“, ფილმიც არის ამ სახელწოდებით. ეს ფილმი ძალიან მომეწონა. შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, მოვინდომე ამ გოგონას გაკეთება. მინდოდა გოგონას სახე აღმედგინა, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე მისი პორტრეტი. შემდეგ სულ შემთხვევით ჩამივარდა ხელში ჟურნალი, სადაც აღმოვაჩინე ინტერვიუ იმ მსახიობთან, რომელიც ამ პერსონაჟს ასახიერებს ფილმში და სურათიც იყო ფილმიდან დაბეჭდილი. სწორედ მის მიხედვით შევქმენი, გავაცოცხლე და გავაკეთე ეს გოგონა მარგალიტის საყურით. ძალიან გავწვალდი მისი სკამის გაკეთებისას. სადურგლო ხელსაწყოები არ მაქვს, მაგრამ რაღაც შევაკოწიწე და სკამს მივამსგავსე.

ეს „შოკოლადნიცა“ ძალიან ბევრ სამზარეულოში აღმომიჩენია, მეც მინდოდა, რომ სამზარეულოში დამედგა და ამიტომ გავაკეთე. შემდეგ მისაყვედურეს, შენს კოლექციაში ქალები ჭარბობენო და ამიტომ გავაკეთე ნაცარქექია – როგორც კაცი და როგორც ქართველი.

– ნაცარქექიას გარდა, კიდევ რომელი ზღაპრის გმირები არიან ამ კოლექციაში?

– აქ არის წითელქუდა და დედამისი. ჯადოქარი, ბებია...

ძალიან მიყვარს ფიროსმანი. მისი ნახატის მიხედვით გავაკეთე ეს მეეზოვე, რომელიც კართან დავაყენე, როგორც შვეიცარი, რათა სტუმრებს შეეგებოს. მერე, რომ არ მოსწყენოდა, მარგალიტაც გავუკეთე. მინდა, თვითონ ფიროსმანიც გავაკეთო მის მიერ დახატული ავტოპორტრეტის მიხედვით.

ამ კოლექციის ნაწილია ეს გეიშაც. ძალიან მომწონს მათი ჩაცმულობა და ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა ამისა.

– დღეისათვის რამდენი ცვილის თოჯინაა თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– ამ კოლექციაში, ალბათ, ასამდე თოჯინა იქნება თავმოყრილი. ბევრი თოჯინა გაჩუქებული მაქვს. ვჩუქნი მხოლოდ მათ, ვინც ძალიან მიყვარს. მსიამოვნებს, როდესაც მივდივარ სტუმრად და იქ ჩემი ქმნილება მხვდება. ერთი ნამუშევარი თოჯინების სახელმწიფო მუზეუმს ვაჩუქე, ეს იყო „არლეკინი“. „არლეკინს“ ძალიან ბევრი კინომოყვარული იცნობს, ის ფილმ „არ დაიდარდოში“ იყო გადაღებული, ალბათ, გახსოვთ. ნამდვილი „არლეკინი“ მუზეუმიდან დაიკარგა. ფილმის მიხედვით ფერები აღვიდგინე და ვეცადე, მისი ასლი შემექმნა.

– რამდენი ხანი სჭირდება თითო თოჯინის შექმნას?

– რომ დავიწყებ ახალი თოჯინის შექმნას, ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ. ის მამოძრავებს, რომ ყველა სხვა საქმე დროზე მოვრჩე და ისევ თოჯინებს მივხედო. საშუალოდ ერთ თვეს ვანდომებ თითო თოჯინის შექმნას. მისი სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება, ცოტა მეტ ან ნაკლებ დროში დავამთავრო. სანამ კარკასს შევქმნი, ბევრს ვფიქრობ, ფორმაზე, სიმაღლეზე... პროპორციის შეგრძნება, ასე თუ ისე, მაქვს. მიჭირს მავთულის მოღუნვა და ხელს სულ ვიზიანებ ხოლმე, ამიტომ, ხანდახან მეუღლე მეხმარება. ასე წვალებით ვამდიდრებ ამ კოლექციას. რატომ ვწვალობ, თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.

გამოფენებშიც მიმიღია მონაწილეობა. რამდენიმე წლის წინ სამების ტაძარში იყო გამოფენა. მე პატრიარქის ფიგურა გავაკეთე, რომელიც გამოფენის შემდეგ ვაჩუქე უწმიდესსა და უნეტარესს.

– რა გამოფენა იყო?

– ხალხური შემოქმედების გამოფენა იყო და მიმიწვიეს. სრულიად შემთხვევით მოხდა, რომ ზუსტად იმ პერიოდში ვაკეთებდი პატრიარქის ფიგურას.

არ დამავიწყდება, როგორ გულდასმით ათვალიერებდა უწმიდესი თითოეულ ნაშრომს, ჩემს ნამუშევარს ჯვარი ეკიდა. გიდმა მოახსენა ილია მეორეს, ეს თქვენი ფიგურა ამ ქალბატონმა გააკეთა, ოღონდ, ჯვარი დაჰკიდაო. არა უშავს, მე ჯვარსაც ვატარებო, – თქვა პატრიარქმა. ისე დავიბენი ამ ადამიანის გვერდით დგომით, სასწაული, საოცრება და დიდი პატივი იყო ჩემთვის. ამის შემდეგ კიდევ ოთხი დღე იდო ეს ფიგურა ამ გამოფენაზე. მსიამოვნებდა და მიკვირდა, როდესაც წირვის შემდეგ ხალხი მოდიოდა, მასთან სურათს იღებდა და ჯვარს იწერდა. ყველას მოსწონდა და, მათი შემხედვარე, მეც დადებითი ემოციებით ვივსებოდი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია თითქოს ჩემი არსებობის გამართლებაა.


скачать dle 11.3