რა ეკრძალება ეკა ამირეჯიბს გვიან ღამით და ვინ გაიმეტა ის „ნაადრევი პენსიისთვის“
მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემა ნატო ნიჟარაძემ დატოვა, ჟურნალისტის როლს პროფესიით დიპლომატი, 22 წლის ეკა ამირეჯიბი მოერგო. ხალისიანი და აქტიური ეკა ახალ ამპლუას მშვენივრად შეეჩვია, დილის რეჟიმში მუშაობის გამოცდილება კი რადიოში მიიღო, სადაც დღემდე „დიჯეიდ“ მუშაობს. ეკას კიდევ ერთი „დიდი სიყვარული“ აქვს – იყო დრო, როცა ის კლუბებში მღეროდა, თავისუფალ დროს მუსიკალურ ჯგუფში ახლაც მღერის და მეგობრებთან ერთად არც „დევჩატნიკებზე“ ცელქობას უკრძალავს საკუთარ თავს...
– ეკა, როგორ მოხვდი „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემაში?
– ამ გადაცემაში მოვხვდი „ვარსკვლავების აკადემიისა“ და გეგა ფალავანდიშვილის დახმარებით – ერთ დღეს სპონტანურად დავდგით სცენა, სადაც „კურიერის“ წამყვანი ვიყავი. როგორც მერე გავიგე, ყველას ძალიან მოეწონა ჩემი ახალი ამპლუა და გაჩნდა იდეა, რომ დილის გადაცემაში მეცადა ბედი. მე ნამდვილად არ მყოლია მფარველი და პროტეჟე, თუმცა, გეგასგან რომ არ გამეგო, რომ დილის ეთერისთვის ჟურნალისტი სჭირდებოდათ, მე ამის შესახებ ვერ შევიტყობდი.
– დილის გადაცემაში მუშაობა საკმაოდ მძიმე რეჟიმში ცხოვრებას მოითხოვს. როგორ შეეჩვიე ამ რეჟიმს?
– რამდენიმე წელია, რაც რადიო „ფორტუნას“ დიჯეი ვარ და, შესაბამისად, ვიცოდი დილის ეთერის სირთულე. ღამეებიც ბევრჯერ გამითენებია მეორე დღის სამზადისში და დილაადრიანადაც გავსულვარ სახლიდან. საერთოდ, მირჩევნია, ღამე გავათენო და დილას გამოვიძინო, მაგრამ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა – ზუსტად ის რეჟიმი მაქვს, რაც არ მიყვარდა.
– შენ დილის გადაცემაში საკმაოდ ენერგიული და აქტიური ნატო ნიჟარაძე შეცვალე. დაეწიე მის ტემპს?
– ნატოს ჰქონდა თავისი შარმი, თუმცა, მე მგონი, არც მე ვარ მძინარა (იცინის). ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიჰბაძო სხვას. როგორც კი იქნები ყალბი, მაშინვე „გაიჭედები“ და ამას აუცილებლად შეგატყობს მაყურებელი. ყველა მიხვდება, საით მიდის შენი გადამეტებული აქტიურობა. როცა პირდაპირ ჩართვებზე გიწევს მუშაობა, ეს ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს, მით უმეტეს, როცა დამწყები ჟურნალისტი ხარ. ხანდახან „ჩეპეებიც“ ხდება, მაგრამ გამოსავალს ვპოულობ – საკუთარ შეცდომაზე თავად უნდა გაიღიმო, რომ მას სხვაც იუმორით შეხვდეს – იმდენი თემა არსებობს, სადაც შეიძლება, „გაიჭედო...“ (იცინის). პირდაპირი ეთერი მოითხოვს იმპროვიზაციის უნარსაც, რაც მე ნამდვილად მაქვს. ბოლოს და ბოლოს, მსახიობობაზე ვოცნებობდი...
– რატომ ვერ აისრულე ეს ოცნება?
– არაა გამორიცხული, რომ ავისრულო კიდეც. სერიოზული როლი არ შემისრულებია, თუმცა, სტუდენტობის დროს პატარ-პატარა წარმოდგენებში ვმონაწილეობდი. მე მიყვარს სიახლეები, ექსპერიმენტები. იმის მიუხედავად, რომ მუსიკალური შვიდწლედიც დავამთავრე და ათწლედიც, კონსერვატორიაში კი არა, საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, თუმცა, პარალელურად მსახიობობაც მინდოდა. მუსიკა დღემდე რჩება ჩემს სისუსტედ, ფორტეპიანოზე ვუკრავდი 12 წელი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დღეში რვა საათს ფორტეპიანოსთან ვერ დავჯდებოდი. დედა და ბებია მუსიკასთან არიან დაკავშირებულნი, ასე რომ, მე ცოტა ვუღალატე ოჯახურ ტრადიციას, თუმცა, ვაღიარებ, მუსიკა ჩემი ცხოვრების „ზეწერტილია.“ იყო პერიოდი, როდესაც ბარებსა და კლუბებში ვმღეროდი, გვაქვს ჯგუფი „ქეთრინ ენდ მი“, რამდენიმე სიმღერის ავტორიც ვარ, თუმცა სიმღერებით ძირითადად ერთი ჩემი მეგობარი მანებივრებს (იცინის).
– ოჯახი როგორ ეგუებოდა, ბარში რომ მღეროდი?
– მშობლები აპროტესტებდნენ, სიმღერა ჩემთვის მთავარი იყო, როგორც სულიერი საზრდო, ეს იყო შემოსავლის გარკვეული წყაროც. ხომ იცით, ტრადიციულ ოჯახებში ცოტა განსხვავებული გაგება არსებობს, თუმცა, მე საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს იოლად ვერ ვეგუები (იცინის). საკმაოდ პატარა ვიყავი, როდესაც სასწავლებლად წავედი პოლონეთში, მაგრამ იქ ბოლომდე ვერ გავძელი და, ერთ დღესაც, საშინელ ამინდში, ჭექა-ქუხილსა და წარღვნაში, მოვკიდე ხელი ჩემს ჩემოდნებს და თბილისში გამოვიქეცი, მაშინ ბავშვი ვიყავი, ახლა რომ სადმე მოვხვდე, იქიდან ნამდვილად არ გავუკეთებ საკუთარ თავს ნაადრევ დეპორტს (იცინის).
– რა ხდება სამსახურს მიღმა, როგორია შენი პირადი ცხოვრება?
– ამ მხრივ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ისეთი რეჟიმით ვცხოვრობ, რა დროს პირადი ცხოვრებაა?! ჩემი რეჟიმის გამო ძალიან ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა – ასეთი რეჟიმი ავტომატურად გიწესებს აკრძალვებს. მაგალითად, როცა ჩემი მეგობრები გვიან ღამემდე შეიძლება გაერთონ, მე კი ამის საშუალება არ მაქვს – სახლში უნდა წავიდე და დავიძინო, რომ მეორე დღეს არ მოვკვდე. ამის გამო მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ: მუშაობა ვის არ დაუწყიაო. მეხუმრებიან, „პენსიონერსაც“ მეძახიან, მაგრამ, რა ვქნა? (იცინის).
– ვერ დავიჯერებ, რომ მხოლოდ რადიოზე და საქმეზე ხარ შეყვარებული და სიყვარულის სხვა ობიექტი არ არსებობს...
– არიან თაყვანისმცემლები, მაგრამ ისეთები არა, რომ სერიოზულ ურთიერთობებზე ვიფიქრო. ბევრი გოგო ჩივის, რომ ქართველ კაცებს პრობლემები აქვთ, მაგრამ ეს მარტო კაცების ბრალი არაა, უამრავი სხვა გარემოებაც არსებობს. ჩემს ცხოვრებაში იმედგაცრუებებიც ყოფილა და კარგი მომენტებიც, მაგრამ ამ ყველაფერს ვიღებ მშვიდად, ნევროზებისა და ტრაგედიების გარეშე.
– ასე შეხვდი შენი ოჯახის დანგრევასაც?
– თითქმის. ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, ჩემი აზრით, როცა მიხვდები, რომ არ ხარ ისეთი ბედნიერი, როგორიც გინდა რომ იყო, ნებისმიერ დროს უნდა დაასრულო ურთიერთობა და ბედნიერებისთვის იბრძოლო. მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მანამდეც ორი წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ურთიერთობა ცივილურად, სკანდალების გარეშე დავასრულეთ. ვფიქრობ, ერთ დიდ სიყვარულსა და ბედნიერებას კიდევ ვიმსახურებ (იცინის).
– თაყვანისმცემლები „გიტევენ?“
– ვუძლებ (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ ამ ბოლო დროს ვინმე ამწეთი ამოძვრა ჩემთან, მეხუთე სართულზე, მაგრამ მსუბუქი შემოტევები არის, თუმცა, ორიგინალობით არ გამოირჩევიან, მე არ მაქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები მამაკაცების მიმართ, მაგრამ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ (იცინის). მაგალითად, ჩემს გულს ვერ მოიგებს მამაკაცი, რომელსაც არ აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო. სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს მამაკაცი მხატვარი ან მუსიკოსი იყოს, მაგრამ შემოქმედებითად უნდა აზროვნებდეს, კარგი მუსიკალური გემოვნებაც თუ ექნება, ამას რა ჯობია! მამაკაცს, რომელსაც რეაქცია და ემოცია არ აქვს არაფერზე, ის „ჩემი“ არ არის. არ გამომდის ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომელსაც არ ეტყობა, ბედნიერია თუ არა. კაცი უნდა იყოს ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, ისეთ მამაკაცთან ცხოვრებას, რომელიც პრობლემებს შემიქმნის, ნამდვილად მარტოობა მირჩევნია...
– შენ რა გხდის ბედნიერს?
– ძალიან ბევრი რამ: ადამიანები, ვისაც უყვარს მუსიკა, ხელოვნება, ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებიც ხან მე მავსებენ ენერგიით, ხან კი ჩემგან ითხოვენ „დატენვას“; ამ ადამიანებთან ერთად იმის გაკეთებაც შემიძლია, რასაც სხვებთან ვმალავ, მათთან ერთად კი ბევრს ვცელქობ კიდეც „დევჩატნიკებზე“ (იცინის).
– ქსოვა და კერვა ახსენე. ხელმარჯვეც ხარ?
– ვინაიდან მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, საოჯახო საქმის კეთება არ მიწევს, თუმცა, იყო დრო ესეც გამომდიოდა. ხელმარჯვე ვარ, ქსოვაც ვიცი და კერვაც. იყო პერიოდი, ძალიან ხშირად ვქსოვდი, ვაკეთებდი სამკაულებსა და თმის სამაგრებს, რომლებსაც მეგობრებს ვჩუქნიდი. რომ მომენდომებინა, ბიზნესსაც მოვკიდებდი ხელს, მაგრამ, ვინაიდან ამაზე არ ვიფიქრე, ეს ბიზნესიც ჩაიშალა... (იცინის).