კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის უფლებას არ აძლევს ქართველი მოციგურავე ოთარ ჯაფარიძე ამერიკელ მეწყვილეს და როგორი ურთიერთობა აქვს მას ამერიკაში ელენე გედევანიშვილთან


ელენე გედევანიშვილთან ერთად ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საციგურაო მოედანზე ოთარ ჯაფარიძემაც დაიცვა საქართველოს ღირსება – ოთარმა თავის ამერიკელ მეწყვილესთან ერთად წყვილებს შორის სპორტულ ცეკვებში საუკეთესო გამოსვლა აჩვენა, რამაც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა. 22 წლის ოთარი უკვე ორი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს. ის ცნობილი მოციგურავეების ოჯახურ დინასტიას ღირსეულად აგრძელებს და ყველა სპორტსმენისთვის სანუკვარი ოცნებისკენ მიილტვის...


ოთარ ჯაფარიძე: ფიგურულ სრიალთან არის დაკავშირებული მთელი ჩემი ოჯახი, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მეც სპორტის ეს სახეობა ავირჩიე. საკმაოდ დიდი მიღწევები ჰქონდა დედაჩემს მარინა ცერცვაძეს, მან ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი და პირველმა შეასრულა შეჯიბრებაზე სუფთა სამმაგი ნახტომი საბჭოთა მოციგურავე ქალებს შორის. დედამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე – 7 წლის ვიყავი, როდესაც პირველად დავდექი ყინულზე, თავიდან ჩემთვის ვერთობოდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ სრიალის გარეშე ვეღარ ვძლებდი. იმ პერიოდში ჩვენ ავსტრიაში ვცხოვრობდით, რადგან დედა და მამა იქ მუშაობდნენ. თბილისში ვარ დაბადებული, მაგრამ ბულგარეთში, ხორვატიასა და ავსტრიაშიც მოგვიწია ცხოვრება. დედა და მამა სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდნენ მწვრთნელებად, ამიტომაც მთელი ბავშვობა მოგზაურობაში მაქვს გატარებული. დროდადრო ჩამოვდიოდით თბილისში, ვსწავლობდი სკოლაში, ყაზბეგის ქუჩაზე. ძალიან ხშირად ჩანთაში წიგნების ნაცვლად „კანკები“ მეწყო, რადგან სკოლიდან სავარჯიშოდ გავრბოდი ხოლმე (იცინის).

– სპორტის ეს სახეობა თბილისელ ბიჭებში პოპულარული არ იყო. როგორ ხვდებოდნენ ამას შენი მეგობრები?

– გადასარევად. იმის მიუხედავად, რომ სპორტის ამ სახეობაზე საკმაოდ ცოტა ბავშვი დადიოდა, როდესაც ტელევიზიით უჩვენებდნენ ხოლმე ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებს, მაინც ყველა უყურებდა. ყველამ იცოდა ცნობილი მოციგურავეების გვარები, მეგობრები სულ მეკითხებოდნენ რაღაცეებს შეჯიბრებებზე, სრიალზე, მეც სიამოვნებით ვუზიარებდი ხოლმე მათ ჩემს შთაბეჭდილებებს. 13 წლის ვიყავი, როცა მოსკოვში გადავედი სავარჯიშოდ. პოლიტიკური ვითარება რომ დაიძაბა, ამერიკაში წავედი და, უკვე რამდენიმე წელია, რაც ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ მოუნტლაურელში ვვარჯიშობ.

– მალე კანადის ოლიმპიადაზე შენი დებიუტი შედგება, სადაც შენ საქართველოს სახელით გამოხვალ. ამ გამოსვლისთვის, ალბათ, განსაკუთრებულად ემზადები.

– რა თქმა უნდა, ოლიმპიადაზე გამოსვლა ყველა სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე გამოვედი მსოფლიო ჩემპიონატზე „იუნიორებს“ შორის და მეთოთხმეტე ადგილი მოვიპოვე, სხვადასხვა სერიაში დავიკავე მეოთხე და მეხუთე ადგილები. „იუნიორებში“ საკმაოდ წარმატებული გამოსვლები მქონდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ახლახან გაიმართა ტალინში, მე და ჩემი მეწყვილე, ალისონი, შევედით საუკეთესო ოცეულში. ეს იყო ჩვენი მესამე გამოსვლა ასეთ მასშტაბურ ტურნირზე და, შესაბამისად, ეს იყო დიდი მიღწევაც. ახლა ოლიმპიადისთვის ვემზადებით. ვანკუვერში, ოლიმპიადაზე, სპორტული ცეკვების ტურნირი 19 თებერვალს დაიწყება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ოლიმპიადაზე მოხვედრა. სპორტის ამ სახეობაში ლიცენზიის აღება ძალიან რთულია, ამისთვის მე და ალისონმა შემოდგომაზე რთული შესარჩევი ტურნირი გავიარეთ. ვანკუვერში შედგება ჩვენი ოლიმპიური დებიუტი. ჩვენ მოვამზადეთ სამი პროგრამა. ორიგინალურ ცეკვას სუხიშვილების „ასა ფართის“ მუსიკაზე შევასრულებთ. ეს პროგრამა წარმოვადგინეთ ტალინში, რამაც მაყურებლის ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

– ტალინში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდით, შენი ამერიკელი მეწყვილეც გააცანი სააკაშვილს?

– რა თქმა უნდა, გავაცანი. პრეზიდენტი ძალიან კარგად შეხვდა ალისონს, ჩვენ ერთად ვისრიალეთ საციგურაო მოედანზე, პრეზიდენტი ძალიან კარგად სრიალებს, ჩვენი დახმარება არ დასჭირვებია (იცინის). სრიალის შემდეგ იგი გულთბილად გაგვიმასპინძლდა კიდეც, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე მას პირადად შევხვდი. ალისონი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი პრეზიდენტით, ტალინში პირობაც კი დამადებინა, რომ სეზონის დასრულებისთანავე საქართველოში ჩამოვიყვან (იცინის). უკვე რვა თვეა, რაც ალისონ რიდი ჩემი მეწყვილეა. ნახევრად გავაქართველე კიდეც, ხშირად ათვალიერებს ფოტოებს ინტერნეტში, ეძებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ. ძალიან უხარია, საქართველოს სახელით რომ გამოდის, თვლაც კი ვასწავლე ქართულად, ახლა ჰიმნში უნდა დავაოსტატო. ნიჭიერი გოგოა, მაგრამ ვარჯიში ნამდვილად დასჭირდება (იცინის).

– მოციგურავე წყვილებს შორის ძალიან ხშირად სასიყვარულო ურთიერთობებიც იბმება, რა ხდება თქვენ შორის, ალისონს ქართველების რძლობა ხომ არ ელის?

– არა, ჩვენ ეს ტრადიცია დავარღვიეთ (იცინის). ერთმანეთთან მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა გვაკავშირებს ერთად ვმუშაობთ, ვართ კარგი მეგობრები, ასე რომ, ჩვენ შორის რომანი და „სიყვარულობანა“ გამორიცხულია. მე ჯერ არ ვფიქრობ პირად ცხოვრებაზე, ჯერჯერობით მთელი ჩემი გეგმები ფიგურულ სრიალს უკავშირდება.

– შენი მშობლები პროფესიონალი მოციგურავეები არიან. მათ კრიტიკას ხშირად იმსახურებ?

– პირიქით, ისინი ყველაფერში მეხმარებიან და სტიმულს მაძლევენ. როდესაც პროფესიონალები გყავს გვერდით, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურ რჩევებს მოგცემენ და ყველაზე ერთგული ადამიანები არიან, ამას რა ჯობია? ჩემი მშობლები ყველაზე მკაცრი შემფასებლები არიან. ერთხანს ისინიც მავარჯიშებდნენ, მაგრამ, უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვა მწვრთნელებს ჩააბარეს ჩემი თავი (იცინის).

– ელენე გედევანიშვილს ამერიკაში ხშირად ნახულობ?

– მე და ელენე სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ და ვვარჯიშობთ. ეს ქალაქები ერთმანეთისგან საათ-ნახევრის სავალზეა, ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ, თუმცა, ამერიკაში ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, რადგან ორივე ძალიან დატვირთული რეჟიმით ვვარჯიშობთ, უფრო შეჯიბრებებზე ვხვდებით ხოლმე. იქ, სადაც მე ვვარჯიშობ, ორი ძალიან კარგი საციგურაო მოედანია. ამერიკაში სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია, ყველა ქალაქში საკმაოდ ბევრი და კარგი საციგურაო მოედანია, მე მინახავს, როგორ ვარჯიშობენ მსოფლიო ჩემპიონები. ხაკინ საკში, სადაც ელენე ვარჯიშობს, ვარჯიშობს მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის იუნა კიმი, ასევე ბევრი სხვა ცნობილი მოციგურავეც. მე მათ ვხვდები ტურნირებზე, ძალიან მომწონს ევგენი პლუშენკო, რომელიც კვლავ დაუბრუნდა სპორტს. ოდესმე მის დონემდე რომ მიმიყვანა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი, ალბათ, არავინ იქნებოდა (იცინის).

– როგორ ცხოვრობ ამერიკაში მარტო?

– მე ვვარჯიშობ სხვადასხვა ქვეყნის მოციგურავეებთან ერთად, ჩვენს ჯგუფში არიან ამერიკელები, ასევე, მოციგურავეები დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ერთმანეთთან და საციგურაო მოედანთან ახლოს, მთელ დროს ვატარებთ ერთად. ბინას ვქირაობ კანადელ მოციგურავესთან ერთად, რომელიც საბერძნეთის სახელით გამოდის. სიმართლე გითხრათ, გასართობად ბევრი დრო არ გვაქვს, მთელ დღეს ვარჯიშში ვატარებთ, საღამოს კი ისეთი დაღლილები ვართ, ერთი სული გვაქვს სახლებში მივიდეთ. სამაგიეროდ, უიქენდებს ვატარებთ საინტერესოდ – ყველა ერთად მივდივართ ნიუ-იორკში. თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში, მიყვარს ჰოკეიც, რამდენჯერმე ვცადე ბედი ჰოკეის მოედანზე და არცთუ ცუდად გამოვედი. ხანდახან ფეხბურთის პატარა ჩემპიონატებს ვაწყობთ ბიჭები, სადაც ჩვენს მეწყვილეებს მოედანზე არ ვუშვებთ და მხოლოდ გულშემატკივრობის უფლებას ვაძლევთ (იცინის).

– საქართველოში ხშირად ჩამოდიხარ?

– არა, წელიწადში ერთხელ, მაქსიმუმ – ორჯერ. მამაჩემი ჩამოდის ხოლმე ჩემთან ორი კვირით, ხანდახან ძალიან მომენატრება ხოლმე თბილისი, მაგრამ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავიდან მჭირდა – როცა ჩამოვედი ძალიან გამიჭირდა მარტოობა, მაგრამ მერე მივეჩვიე. ასეთი იყო ჩემი არჩევანი და მე ამით კმაყოფილი ვარ. როცა თბილისში ჩამოვდივარ, მონატრებულ ნათესავებსა და ახლობლებს ვნახულობ, ქართულ საჭმელებს ყველაფერს ერთად მახვედრებენ, რადგან ძალიან მენატრება ჩვენებური კერძები. დედას უნდა ვთხოვო, რომ ხინკლის გაკეთება მაინც მასწავლოს და ამერიკაში გავაკეთებ ხოლმე (იცინის). როგორც მითხრეს, ნიუ-იორკში არის რამდენიმე ქართული რესტორანი, მაგრამ მე არ ვყოფილვარ.

– საქართველოდან არ გიგზავნიან ქართულ ნობათს?

– კი, შემოდგომაზე ვითხოვ ხოლმე ჩურჩხელას, რადგან ჩურჩხელა აქ დიდ პატივშია. თავიდან ჩემი კანადელი მეგობარი გაოცებული იყო ჩურჩხელით, ვერ მიხვდა, რა იყო, რაღაც ეგზოტიკური ნივთი ეგონა, ისე მოეწონა, რომ შესაჭმელად დაენანა. ვისწავლო ხინკლის გაკეთება! – მერე ნახეთ ჩემი კანადელი მეგობრის გადარევა საქართველოზე... (იცინის). ახლა უკვე მეგობრებისთვის ვითხოვ ჩურჩხელებს, შემოდგომობით ქართული დღესასწაული აქვთ ხოლმე... ამერიკული ცხოვრების წესი მომწონს. იქ ყველაფერი განსხვავებულ რეჟიმშია და მომწონს ეს რეჟიმი, თუმცა, ჩემი მეგობრები სულ ამბობენ, რომ, როგორც ქართველი, მათგან ძალიან განვსხვავდები. ვფიქრობ, ეს არის მენტალიტეტი, რომელიც მხოლოდ ჩვენ, ქართველებს გვაქვს.

– 22 წლის ბიჭს, რომელიც ცხოვრების დიდ ნაწილს სხვაგან ატარებს, ქართული მენტალიტეტი გაქვს?

– რატომაც არა! მე, როგორც ქართველების უმეტესობა, ემოციურობით გამოვირჩევი, თუმცა, საინტერესო ისაა, რომ ეს ხასიათი ჩანს მხოლოდ და მხოლოდ საციგურაო მოედანზე – იქ ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, მაგრამ, როგორც კი მოედნიდან გამოვდივარ, მშვიდი, დინჯი და ბუნჩულა რაჭველი ვხდები (იცინის).


скачать dle 11.3