რატომ გაუხსნა უკრაინის არჩევნებმა რუსეთს გზა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასარევად
მოსკოვსა და თბილისს შორის დიდი მოძრაობაა, თუმცა პირველი მერცხალი მაინც ზურაბ ნოღაიდელია. მეტიც, მისი პოლიტიკური მოძრაობა აპირებს „ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ინტერნეტით გავრცელებული ცნობით კი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში სრულიად ქართული ოპოზიციური სპექტრის მიწვევას გეგმავს. რისკენ მივყავართ კრემლისკენ მიმავალ გზას, – ამ კითხვაზე პასუხის მიღებას პოლიტოლოგ ალექსანდრ დუგინისგან შევეცადეთ.
– ალექსანდრ გელიევიჩ, რას უკავშირებთ თბილისსა და კრემლს შორის თანამშრომლობის ძაფების გაბმას? ვისი ინიციატივა გგონიათ ეს?
– ვფიქრობ, რომ ამის საჩვენებელი პარალელია უკრაინაში განვითარებული მოვლენები. უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, დემოკრატიული არჩევნების შედეგად როგორ რეაგირებს უკრაინელების უმრავლესობა იუშჩენკოს პოლიტიკურ კურსზე. აქედან გამომდინარე, ბევრი დასკვნის გაკეთება შეიძლება და ერთ-ერთია ის, თუ როგორ განვითარდება ამის შემდეგ მოვლენები საქართველოში. სააკაშვილი და იუშჩენკო ატარებდნენ მსგავს პოლიტიკას რუსეთისა და დასავლეთის მიმართ. ორივე დაკავშირებული იყო ერთმანეთთან და წარმოადგენდნენ ერთსა და იმავე პარადიგმას. ეს პარადიგმა პრინციპულად და ფუნდამენტურად აღმოჩნდა ჩავარდნა არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ამერიკასთან მიმართებაშიც, რომელიც არ ჩქარობს, დაეხმაროს თავის მარიონეტებს და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, ისინი ჩააბაროს.
– როგორ უნდა დახმარებოდა ამერიკა იუშჩენკოს? ალბათ, ის გაქვთ მხედველობაში, რომ მან ხმათა 5 პროცენტი დააგროვა არჩევნების პირველ ტურში?
– რა თქმა უნდა, შეეძლო დახმარება. საქმე ისაა, რომ ამერიკას დიდი გავლენა აქვს როგორც იანუკოვიჩზე, ისე ტიმოშენკოზე და, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ძალიან ბევრ პროცესზე. ამერიკა დაჰპირდა სააკაშვილს დახმარებას რუსულ-ქართულ, უფრო ზუსტად, ქართულ-ოსურ ომში, მაგრამ „გადააგდო“ და ზუსტად ასევე გადააგდო მან იუშჩენკოც. ანუ რუსეთი ხედავს, როგორ „სდაიოტ“ ამერიკა თავის მარიონეტებს და ამიტომ მკაფიოდ აცნობიერებს, რომ ამერიკა ყურს მიუგდებს იმას, თუ რა არჩევანს გააკეთებს ხალხი. ამერიკა ატარებს თავის ინტერესებს, მაგრამ მას არ შეუძლია დემოკრატიის იგნორირება და ეს აგულიანებს კრემლს. რუსეთი ხვდება, რომ ამერიკისთვის დემოკრატიის ფაქტორი არსებითია და ამიტომ რუსეთმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს პროცესებს საქართველოსა და უკრაინაში. უკრაინაში, იანუკოვიჩის კარტისა და პუტინისა და ტიმოშენკოს ურთიერთობის გათვალისწინებით, რუსეთის გავლენა ძალიან სუსტია, ხანდახან ცუდიც კი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატურა ხელს აძლევს რუსეთს. ჩვენთვის ხელსაყრელია როგორც იანუკოვიჩის, ისე ტიმოშენკოს გამარჯვება.
– თუ ვიმსჯელებთ იმ ჩანაწერებით, რომლებიც უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა, სააკაშვილი სწორედ ტიმოშენკოს უჭერს მხარს, რატომ, თუ ტიმოშჩენკო კრემლისთვის ხელსაყრელი კანდიდატურაა?
– ეს სხვა მოდელია. იუშჩენკოს და ტიმოშენკოს საერთო კონკრეტული ინტერესი აქვთ, ჩართონ დესტაბილიზაციის ფაქტორი იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში. ისინი დახმარებას სთხოვენ სააკაშვილს ისევე, როგორც ბენ ლადენს ან „კანონიერ ქურდს“, რომ შეაგროვონ „შპანა“ უკანონო მოქმედებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის კონკრეტული პოლიტიკოსის არალეგალური შეკვეთა. ტიმოშენკო პირველი მიაფურთხებს სააკაშვილს, თუ პრეზიდენტი გახდება.
– ფიქრობთ, სააკაშვილი ასეთი გულუბრყვილოა, რომ ვერ ხვდება, რას დაუპირებს ტიმოშენკო, თუ გაიმარჯვებს?
– უბრალოდ სააკაშვილი, როგორც იუშჩენკო, აღარ არსებობს. როგორც გნებავთ, ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთეთ ჩემს ნათქვამს. სააკაშვილს ანგარიშს არავინ უწევს არც აშშ-ში, არც უკრაინაში, არც რუსეთში. იუშჩენკომ მიაფურთხა რა იმ ხელს, რომელიც აჭმევდა, რუსეთმა მას ამოარტყა პანღური და იუშჩენკო გაფრინდა. ამის შემდეგ, მართალია, კრემლში საუბრობდნენ იმაზე, იქნებ ძვლებიც უნდა გადაგვეყარაო, მაგრამ პანღურიც საკმარისი აღმოჩნდა. როდესაც რუსეთმა დაინახა, რომ ამან იმუშავა და იუშჩენკომ, ადმინისტრაციული რესურსის მიუხედავადაც, 5 პროცენტი მიიღო, რუსეთი მიხვდა, რომ პანღურის ამორტყმა სწორია; სახეში ჩექმიანი ფეხის მირტყმა სწორია და ამის შემდეგ აუცილებელია, იმუშაო მშვიდობიან მოსახლეობასთან. ზუსტად ასეთივე პოლიტიკა გატარდება საქართველოსთან მიმართებაშიც. სააკაშვილს ჰქონდა შანსი, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ რუსეთი დაინახავდა, რა ხდებოდა უკრაინაში. იუშჩენკოს ჩავარდნამ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მსოფლიო პოლიტიკას აჩვენა სააკაშვილის სრული კრახი. ვფიქრობ, რუსეთი ახლა იგნორირებას გაუკეთებს სააკაშვილს და დაიწყებს ურთიერთობას საქართველოსთან. რუსეთი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი აღარ არსებობს, ისევე, როგორც იუშჩენკო, უკრაინა და ქართველი ხალხი კი რჩება. მართალია, არის პრობლემა ტიმოშენკოსთან, არანაკლები პრობლემები – იანუკოვიჩთან, მაგრამ ეს სხვა სახის პრობლემებია. ზუსტად ასევე, გვექნება პრობლემები საქართველოსთან, ქართველ პოლიტიკოსებთან, რადგან ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის ნაცვლად მოვა, რუსეთისგან აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“ მოითხოვს. ამიტომ რუსეთი, რომ არ გაიმეოროს უკრაინაში დაშვებული შეცდომა, აქტიურად იმუშავებს საქართველოში. რა თქმა უნდა, ხალხი არ არის დამნაშავე, თუმცა ის შეიძლება, ხანდახან შეცდეს კიდეც, მაგრამ კრემლში უკვე დარწმუნდნენ ქართველი ხალხის გონიერებაში.
– მაინც რით დარწმუნდნენ?
– კრემლში მიხვდნენ, რომ ცალკეული ავტორიტარული პიროვნების ძალაუფლება არ არის უსაზღვრო. ასეთ დროს დიდ გავლენას ახდენს საკუთარი გამოცდილება და რუსეთში, რა თქმა უნდა, ყვლაფერს ერთი ადამიანი წყვეტს, „კტო პრეზიდენტ, ტოტ ი მოლოდეც“ და ნდობის იმდენად დიდ კრედიტს იღებს, რომ აკეთებს, რაც მოუნდება. რუსეთში შესაძლებელია, აიძულო ხალხი აირჩიოს 3-პროცენტიანი რეიტინგის მქონე პიროვნება და რუსეთს სულ ეშინოდა, რომ უკრაინაში ან საქართველოშიც იგივე არ განმეორებულიყო: რომ არაპოპულარული ადამიანი იძულებით აერჩიათ ადმინისტრაციული რესურსით. თუ ეს არ გამოვიდა უკრაინაში და ამერიკელებმა ხმა არ ამოიღეს, ესე იგი, რუსებმა დაასკვნეს, მათთან სხვანაირადაა, ვიდრე ჩვენთან. ამერიკელებისთვის დემოკრატიის ფაქტორი უფრო მეტს ნიშნავსო.
– უკრაინაში იუშჩენკოს დამსახურებად სწორედ დემოკრატიულ არჩევნებს მიიჩნევენ, მაგრამ საქართველოში ასე ტკბილად არ არის დემოკრატიის საქმე, განსაკუთრებით, არჩევნების დროს?
– საქმე ის არის, რომ იუშჩენკო არც ისეთი დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რა რეპრესიები ტარდებოდა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ, ამას გარდა, იუშჩენკოს კიდევ აქვს შემონახული სამი-ოთხი დიქტატორული პროექტი. ანუ იუშჩენკოსაც აქვს ძალისმიერი პოტენციალი და ჩვენ არ ვიცით, მოიყვანს თუ არა ის ამას მოქმედებაში იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში. ასე რომ, წინასწარ ნუ შევაფასებთ იუშჩენკოს დემოკრატიულობას, თუმცა არ მგონია, იუშჩენკო ასე მოიქცეს. ქართველებიც ხომ ხედავენ, რა ხდება უკრაინულ არჩევნებში?! ქართველებს ხომ ესმით, რომ იუშჩენკო და სააკაშვილი თანამოაზრეები არიან, ერთი და იმავე გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ერთი და იმავე გზით აღმოჩნდნენ წუმპეში. ქართველები დაინახავენ ამ პარალელს, ხელახლა გაიხსენებენ, რა როლი აქვს მათ ცხოვრებაში რუსეთის ფედერაციას და, ჩემი აზრით, ქართველი პოლიტიკური ელიტა „ხლინეტ“ მოსკოვში. სააკაშვილი, რა თქმა უნდა, შეეცდება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას; მას შეუძლია მოაწყოს არეულობა, აი, ეს უკვე საკუთრივ საქართველოს თავისებურებაა. ამიტომ არავინ ამბობს, რომ ყველაფერი იოლად მოხდება, მაგრამ მოსკოვი ქართული პოლიტიკით სერიოზულად დაკავდა და მხოლოდ ისინი, ვისთანაც მოსკოვი იმუშავებს, შეძლებენ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას.
– რატომ ერგო პირველობა ნოღაიდელს?
– ეს ნამდვილად არ ვიცი.
– საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა?
– ჩემი ინფორმაციით, კრემლთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა გამოთქვა. ვიღაცამ მოაღწია, ვიღაცამ – ვერა. ზოგიერთები თავისიანებმავე შეავიწროეს. აქაც ხომ არიან ქართველები?! სადაც უნდა მიხვიდე, ერთ კაბინეტში ათი ქართველი ზის, მეორეში – კიდევ ათი და ასე შემდეგ. მე ვხედავ, როგორ გამოცოცხლდნენ რუსეთში ქართული დიასპორის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პირები და ვხედავ, როგორ მოდის მათგან ენერგიები, პუტინს უბრალოდ დაუხვავდება შეთავაზებები.
– არ არის დამამცირებელი პოლიტიკოსისთვის, ერთი-ორი წლის წინათ ამტკიცებდეს, დასავლური ღირებულებების გამო თავს გავწირავო და ახლა კრემლის კარს ატალახებდეს?
– სამწუხაროდ, ასეთივე სიტუაციაა ამერიკასთან მიმართებაშიც. პატარა ქალაქის სოფლის საბჭოში ასეთივე დამოკიდებულება აქვთ დიდი ქალაქის მთავრობისადმი. ადრე მსოფლიოში ორი პოლუსი იყო, ახლა ერთი პოლუსია. უბრალოდ რუსეთი აღმოჩნდა უფრო ახლოს და საჭირო, ვიდრე ამერიკა. საქართველომ, უმცროსმა ბოსმა, გადაწყვიტა, გადახტომოდა შუათანას და უფროსი ბოსისთვის, ამერიკისთვის, მიემართა. მაგრამ ისე მოხდა, რომ უფროსმა ბოსმა თქვა, აბა, შევხედავ, რის გაკეთება შეგიძლიაო. აღმოჩნდა, რომ უმცროსმა ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო და ის შუათანას გადასცეს. მესმის, ეს საწყენია, მაგრამ მეც მწყინს, რომ სისტემა ერთპოლარულია და რუსები იძულებული არიან, ამერიკას მიმართონ. მე უფრო მომწონს ორპოლარული სამყარო, სადაც პატარ-პატარ ბოსებს არანაირ ანგარიშს არ უწევენ. ჩემი აზრით, ჩვენ, რუსები, უფრო დამამცირებელ მდგომარეობაში ვართ. ამაში საწყენი არაფერია: პატარებმა გადაწყვიტეს შუათანების გვერდის ავლა და ამ შუათანისგან მიიღეს ცხვირში. რომ არ იყო სუსტი ქართველი რუსულ-საბჭოთა კლასში, საჭიროა რუსულ ელიტაში ინტეგრაცია – გახდე ისეთი, როგორიც იყო სტალინი, ბერია, თუნდაც, შევარდნაძე და მართო არა მხოლოდ საქართველო, არამედ ეს ქვეყანა. აი, ეს არის ჩვენი კლასის სპეციფიკა. ჩვენს ელიტაში გაცილებით ბევრი არარუსია, რომლებიც ჩვენ გვმართავენ. რუსულ-საბჭოთა კლასში ყველას შეუძლია, მიაღწიოს მაღალ თანამდებობებს. ამიტომ მინდა, ხაზი გავუსვა: ქართველებს დიდ პოლიტიკაში ნებისმიერი თანამდებობის დასაკავებლად გზა ხსნილი აქვთ. ყოველთვის გახსნილი იყო და ახლაც გახსნილია, ვისაც უნდა ამაღლდეს თავის კოლმეურნეობაზე, ყველას ვთხოვთ იმპერიულ ელიტაში.
– საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა სიმაღლეებს მიაღწევს იმპერიულ ელიტაში ჩვენი ესა თუ ის თანამემამულე, არამედ ის, თუ რა ბედი ეწევა საქართველოს და რა ადგილს დაიკავებს საქართველო ერთ თუ ორპოლარულ სამყაროში?
– კოლმეურნეობის ბედი არ არის დამოკიდებული კოლმეურნეებზე. პროვინციის ბედი არ არის დამოკიდებული პროვინციის მმართველებზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ცენტრსა და იმ მოდელზე, რომელსაც ეს დაბალი ინსტანციები შეიმუშავებენ უმაღლეს ინსტანციასთან. ასეთია დიდი პოლიტიკის კანონი. ქართველებზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ვიღაცას შეიძლება, გულწრფელად უნდოდა და სჯეროდა, რომ საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი, მაგრამ საქართველო დამოკიდებულია და არა მხოლოდ ერთ ცენტრზე. როგორი კონფიგურაცია უნდა შეიქმნას ცენტრებს შორის, რომ საქართველომ გადაჭრას თავისი პრობლემები, – აი, რა ამოცანა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა. ნებისმიერი იდეა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შესახებ არის ბრიყვული იდეა. ეს არ წყდება საქართველოში. გონიერი იქნებოდა ის პოლიტიკოსი, რომელიც ისე დაალაგებდა ცენტრებს შორის ურთიერთობას, რომ მიაღწევდა საქართველოს აყვავებას ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. სააკაშვილი ასეთ პოლიტიკოსთა რიცხვს არ მიეკუთვნება. საბჭოთა სისტემის კრახის შემდეგ იგივე შეიძლება, ითქვას რუსებზეც: ჩვენი ბედი აღარ არის რუსი ხალხის ხელში, არამედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ სისტემას მოაწყობენ პუტინი და მედვედევი შტატებთან. თუ სწორ კონფიგურაციას მიაღწევენ, შეიძლება, რაღაც ეტაპზე შევძლოთ დაკარგულის ანაზღაურება და გავხდეთ თანაზომადი ძალა. ხოლო, თუ ყველა რუსი ნაციონალისტი იყვირებს, გაუმარჯოს რუსეთსო, უბრალოდ, როგორც ლეკვებს, შტატები ერთად დაგვიჭერს და განავალში ჩაგვაყოფინებს თავს. საერთოდ, ვისაც ფული აქვს, მხოლოდ მას აქვს მოგების ან წაგების უფლება. ვისაც ფული არ აქვს, მას რულეტკას არც მიაკარებენ. საქართველოს იდეა კი, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა, იგივეა, რაც კაზინოში უფულოდ თამაში. შესაძლებელია, ბედმა გაგიღიმოთ, მაგრამ, როდესაც ფული არ გაქვს, დაცვა ქეჩოში გწვდება და გამოგაგდებს კაზინოდან. ზუსტად ასე ცდილობდა სააკაშვილი, რომ უფულოდ ეთამაშა კაზინოში. ის ცდილობდა ეთამაშა ძალოვანი პოლიტიკა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა. იუშჩენკოც, როგორც პატარა ბოსი, თავს დაესხა თავის შუათანა ბოსს, ახლა შუათანა და უფროსი გაერკვევიან და პატარას დასჯიან და იუშჩენკო იქნება ან ნარებზე, ან გაიქცევა, ისევე, როგორც სააკაშვილი.
– ახსენეთ, რომ პროვინციის ბედი არ არის დამოკიდებული პროვინციულ ხელისუფლებაზეო. გასაგებია, რომ, თქვენი აზრით, საქართველო პროვინციაა. კიდევ ვინ არის პროვინცია?
– რუსეთსაც კი პროვინციად განვიხილავ ამ ერთპოლარულ სამყაროში. ჩემი საყვარელი რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა მსოფლიო „დერჟავების“ წინაშე, ხანდახან გამოსდიოდა, ხანდახან – არა. დღეს კი იძულებული ვართ, პროვინციის პოზიციებიდან ვილაპარაკოთ შტატებთან. მართალია, ჩვენ ვართ ბირთვული პროვინცია, უდიდესი ნავთობური პროვინცია, თავხედი პროვინცია, მაგრამ მაინც პროვინცია! მით უმეტეს, ჩვენთან შედარებით საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი უბრალოდ კოლმეურნეობაა. ჩვენ გვქონდა ისტორიული მომენტები, როდესაც საკმაოდ დამოუკიდებლები ვიყავით.
– ჩვენც.
– მაგრამ მაშინ სხვა პირობები იყო. როგორც კი დიდ მასშტაბებზე გადავიდა ისტორია, თქვენ ეს სამუდამოდ დაკარგეთ.
– ცუდ ადგილას ვართ ძალიან.
– პირიქით, ადგილი ძალიან კარგი გაქვთ. უბრალოდ რუსებთან ახლოს უნდა ყოფილიყავით და გემართათ ჩვენთან ერთად და ჩვენც გემართეთ, რაც ქართველებს შეეძლოთ, ოღონდ, როგორც რუსეთის იმპერიალისტებს. ეს პერსპექტივა ახლაც გახსნილია. ამიტომ ადამიანები, რომლებიც კრემლში მოდიან, საქართველოს კი არ ღალატობენ, არამედ ეხმარებიან. მართალია, ადრე ისინი ამბობდნენ რაღაც სისულელეებს, როდესაც ეგონათ, რომ ამერიკას შეეძლო რუსეთის დამარცხება, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ ეს არ გამოვა, ყველამ რუსეთისკენ მოაშურა.
– და ის პოლიტიკოსი, რომელიც ამდენს ვერ გათვლის, იმპერიის მმართველად გამოდგება? მათ ელემენტარული შორსმჭვრეტელობა არ ჰქონიათ?
– ამიტომაცაა ეს კოლმეურნეობა, თორემ ამერიკელთანაც უნდა ეთამაშათ და რუსთანაც, შორსმჭვრეტელები რომ ყოფილიყვნენ.
– თქვენი აზრით, არჩევანს როგორ ქართველ პოლიტიკოსზე შეაჩერებს კრემლი?
– რუსეთი რამდენიმეზე ჩამოვა ფსონს. აშკარა პრორუსული ხაზის დეკლარირება უკვე შესაძლებელია, რადგან სიტუაცია შეიცვალა. თუმცა რამდენიმე თვის წინათ ეს შეუძლებელი იყო. მას, ვინც იტყვის, რომ სწორედ რუსეთი გადაარჩენს საქართველოს, ექნება შანსი, გახდეს საქართველოს იანუკოვიჩი. მეორე საკითხია, რუსეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს ქართველ ნაციონალისტებს, რომლებიც იტყვიან, რომ რუსეთიც საჭიროა, ამერიკაც და ევროპაცო. მაგრამ არ იქნება ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტყვიან, სააკაშვილი იყო მედასავლეთე, მაგრამ არასაკმარისადო. ასეთებს რუსეთი არ დაელაპარაკება, ისინი, ალბათ, ისევ ვაშინგტონში ივლიან. საქართველოს პრორუს პოლიტიკოსს სერიოზული კარტ-ბლანში ექნება რუსეთისგან. ასეთი ძველი რუსოფილი ვერ გახდება. ახალი რუსოფილი, შეიძლება, იყოს ახალგაზრდა და რუსული არც კი იცოდეს, მაგრამ ის პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რუსეთთან ყოფნა ჩვენთვის, როგორც ქართველებისთვის, ხელსაყრელიაო, იქნება კონკურენციის გარეშე პოლიტიკოსი, თუ მოიპოვებს კრემლის მხარდაჭერას, მას დიდი პერსპექტივა ელის.