კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუყვარდათ თავწაკრულ ქართველ ნატოელებს რუსეთი და ვინ დგას რიგში რუსეთის გვამში შესაძრომად


თუ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ და ზედაც დავამატებთ, რომ აშშ-ის სახდეპარტამენტს ჩვენდამი გრძნობები უცივდება, სავარაუდოა, რომ ერთგული და საიმედო მოკავშირეების გარეშე ვრჩებით. ხოლო, რადგან ამ ბოლო დროს თითქმის ყველა გვითაქუნებს, ვისაც არ ეზარება და, მით უმეტეს, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, სრულიად მარტო დარჩენილები, ბუნებრივია, მათ ამ მისწრაფებას კიდევ უფრო გავუძლიერებთ. შესაბამისად, ჩვენ გარშემო ყველა ეცდება, იხეიროს ჩვენი ქვეყნის დასუსტებით. ამ არცთუ სახარბიელო პერსპექტივებსა და გამოსავალზე გუბაზ სანიკიძე გვესაუბრება.


– დავრჩით მარტო, მოკავშირეების გარეშე?

– სამწუხაროდ, უკრაინის მოვლენებმა, ფაქტობრივად, დაადასტურა ის მოსაზრება, რომ საქართველო არის სახელმწიფო-პროვოკატორი. საქართველო არის მოკვეთილი სახელმწიფო. რეგიონში ის მიიჩნევა უცხო ძალად, რომელიც არ ითვალისწინებს არც ერთი მეზობლის ინტერესებს და, რაც მთავარია, არაფერი იცის საკუთარი ეროვნული ინტერესების შესახებაც. აგვისტოს ომიდან მოყოლებული, ჩვენმა მეზობლებმა ნახეს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობს, ეს არის სახელმწიფო-„ხალტურა“. სააკაშვილის სოროში შეძრომა ქართული სახელმწიფოს სიმბოლო იყო. მხოლოდ სააკაშვილი კი არ შეძვრა გორში სოროში, სოროში შეძვრა მთელი ქართული სახელმწიფო. თან ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, სადაც სისუსტე ნიშნავს სიკვდილს! ჩვენი რეგიონისთვის გაუგებარია სან-მარინოს, ანდორის, ლუქსემბურგის ან ლიხტენშტეინის მსგავსი სახელმწიფოების არსებობა. სან-მარინო იტალიის შუაგულშია და იტალიას არასდროს მოუვა თავში ანდორის დაპყრობა. მაგალითად, ანდორაში ნადირობა აკრძალულია, იმიტომ რომ ტყვია შეიძლება, ან საფრანგეთში ჩავარდეს, ან ესპანეთში.

– მგონი, მალე ჩვენც, დაახლოებით, მასე ვიქნებით.

– თბილისს, ალბათ, დატოვებენ, იმიტომ რომ თბილისი მაინც ქართველობის ბუდეა. ჩვენმა მეზობლებმა ნახეს, რომ იმის განხორციელება, რაზეც ვერც კი იოცნებებდნენ, შესაძლებელია. თურმე 100 000 აფხაზს შეუძლია დამოუკიდებლობის მოპოვება; თურმე 25 000 ოსს შეუძლია, დამოუკიდებლობის მოპოვება ერთადერთი საშუალებით, თუ თოფს მოჰკიდებენ ხელს და, აქედან გამომდინარე, დაისვა „ლეგიტიმური“ შეკითხვები: რა ქნას იმ 200 000-მა სომეხმა, რომელიც ჯავახეთში ცხოვრობს? რა ქნას იმ ნახევარმა მილიონმა აზერბაიჯანელმა, რომელიც ქვემო ქართლში ცხოვრობს? იომონ, რომ თავიანთი უფლებების უზრუნველყოფა მოითხოვონ, თუნდაც, ავტონომიის დონეზე?! ამ სახელმწიფოს უდღეურობა, ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში არის სეპარატიზმის პირდაპირი წახალისება! როდესაც ქმნი არარსებული „სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად ორ „სამხრეთ ოსეთს“ და ახალგორს, რომელიც არასდროს და არსად არ განიხილებოდა კონფლიქტის ზონად, მას უერთებ; როდესაც აღადგენ „სამხრეთ ოსეთს“, რომელიც თავის დროზე რუსეთმაც კი გააუქმა. გაგახსენებთ ყაზბეგის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ელცინმა და გამსახურდიამ, სადაც შავით თეთრზე ეწერა: „ბივშაია იუჟნაია ოსეტია“, ანუ იურიდიული სტატუსი „სამხრეთ ოსეთს“ აღარ ჰქონდა, ეს იყო სუფთა კულტურულ-გეოგრაფიული ტერმინი. მეტსაც გეტყვით, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ საერთოდ გაქრა.

– მე ზუსტად მახსოვს, როდის შემოვიდა: ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორც სახელმწიფო მოხელეები, ისე „რუსთავი-2“ პერმანენტულად იმეორებდა ამ ტერმინს, მაგრამ, როდესაც დავკარგეთ, „სამხრეთ ოსეთი“ უცბად გახდა სამაჩაბლო.

– ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ქმნის დროებით ადმინისტრაციას და არარსებული „სამხრეთ ოსეთის“ მაგივრად ვიღებთ ორს: ერთს – პროქართულს, სანაკოევისას და მეორეს – პრორუსულს, კოკოითისას. ეს ხელისუფლება უფრო შორსაც მიდის და კოდორის ხეობას არქმევს ზემო აფხაზეთს. არასდროს არც ერთ ისტორიკოსს, მათ შორის, მიკერძოებულ აფხაზ ისტორიკოსსაც კი, არ დაუწერია, რომ კოდორის, ანუ დალის ხეობა იყო აფხაზეთი, ის ყოველთვის მიიჩნეოდა სვანეთად. საინტერესოა, რომ ქართულ პარლამენტში „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიის აღდგენას მხარი დაუჭირა ქართულმა ოპოზიციამაც: ორად-ორმა ადამიანმა არ მისცა ამას ხმა – გოჩა ჯოჯუამ და ილიკო ხაინდრავამ. მაშინ, როდესაც იმთავითვე მე და „ეროვნული ფორუმი“ ვაცხადებდით, რომ ეს იყო „სამხრეთ ოსეთის“ ჩაბარების გეგმა. მეტიც, მეორე „სამხრეთ ოსეთის“ არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინეს ახალგორის მოსახლეობას. აი, ეს არის ჩვენი სიბრიყვის შედეგი და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა, იყო „ეროვნული ფორუმი“. შემდეგ რომ ვიღაცეებს რაღაც-რაღაცეები არ მოეწონათ, ამას აღარ ვთვლი. დღეს კი ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და ამ პროექტს მხარი დაუჭირეს. ამიტომ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არ ნიშნავს ვინმეს ციხეში გაშვებას, მაგრამ დგება მორალური საკითხი: აქვთ ასეთ ადამიანებს პოლიტიკაში ან ოპოზიციაში ყოფნის უფლება?! მაგრამ ეს ვინ უნდა განსაზღვროს?

– საზოგადოებამ, რა თქმა უნდა.

– ახლა ხომ ხედავთ, ყურის გახედვნა დაიწყეს იმ მიმართულებით, რომ პრორუსულობაა მოდაში და ამას ვინ აკეთებს?! ის, ვინც ერთი წლის წინათ თავწაკრული ნატოელი იყო. „ეროვნულმა ფორუმმა“ სამი წლის წინათ დასვა შეკითხვა: არის კი ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი? გახსოვთ, როგორი ქოქოლა დაგვაყარა ხელისუფლებამ და არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გამოგვესარჩლა, დღეს კი რიგში არიან ჩამდგარი, რუსეთის გვამში შესაძრომად.

– მე ასე ვიტყოდი: სასუნთქ აპარატზე მიერთებული საქართველოს რუსეთისთვის მისართმევად.

– დიახ. ხონჩით უნდათ მირთმევა. გუშინ ყველა ნატოში გარბოდა, იმის გაუაზრებლად, ეს რას მოგვიტანდა ან რას არ მოგვიტანდა, დღეს პირიქით ამბობენ. როდესაც პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა დაიწყოს სუფთა ფურცლიდანო, ვერ ხვდება, რომ სწორედ ეს უნდა რუსეთს?! სუფთა ფურცელი ნიშნავს იმას, რომ არ მომთხოვო აფხაზეთი და ცხინვალიო. მე ასეთი სუფთა ფურცლების უკან დიდი სუნი ვიგრძენი: ქვეყნის გაყიდვის და კოლექტიური ღალატის აყროლებული სუნი. რამდენიმე წლის წინათ ვთქვი, საქართველო იძირება-მეთქი, ახლა ხვდებიან ამას და პანიკაა, არიქა, ჩავბარდეთ რუსეთს, სტავროპოლის მხარის სტატუსითო. ბელორუსიაც კი არ ვიქნებით, იმიტომ რომ ლუკაშენკო საკმაოდ ეშმაკი და ჭკვიანი კაცია; არც თათარსტანი ვიქნებით, ჩეჩნეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

– უკრაინის არჩევნების შემდეგ საქართველოს ბედი გადაწყვეტილიაო, ვგულისხმობ, რუსეთის მიერ ჩვენს შეხრამუნებას?

– ჯერ ერთი, მე ისედაც არ მჯეროდა საქართველო-უკრაინის მოკავშირეობის, იმიტომ რომ, მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა, ეს ხალხი რეალურად არ არსებობს: აღმოსავლეთ უკრაინელი არის რუსი, დასავლეთ უკრაინაში კი ცხოვრობს 6-7 მილიონი კათოლიკე. ერის ერთობას განსაზღვრავს ისტორიული მეხსიერებაც. მაგალითად, თემურ ლენგი არ უყვართ როგორც კახელებს, ისე მეგრელებს; გურული და ხევსური თამარ მეფეს აფასებს ერთნაირად. ანუ მოვლენების საერთო აღქმა აქვთ. უზბეკსა და ქართველს შორის ბევრი სხვაობაა და მათ შორისაა ისიც, რომ უზბეკისთვის თემურ ლენგი არის დიდი აღმაშენებელი, ჩვენთვის – დიდი დამაქცევარი. ამიტომ თეორიულადაც კი გამორიცხულია უზბეკი და ქართველი ერის აღრევა. ხოლო უკრაინაში, ლვოვში რომ გმირად მიიჩნევენ, ის დონბასში ფაშისტია, იმიტომ რომ მათ არ აქვთ საერთო ისტორიული მეხსიერება. საქართველოს არ სჭირს ის, რაც უკრაინას და საქართველოს არც ორად გახლეჩა ემუქრება, მაგრამ საქართველოს ემუქრება დაშლა-დანაწევრება. ორივე უბედურებაა, ამიტომ იმის მტკიცება, რომ იანუკოვიჩი პრორუსია, არის სისულელე. იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც ხელი მოაწერა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას. ტიმოშენკოს ეს ხელისუფლება ჩვენს გასასულელებლად უჭერს მხარს, თორემ ეს ის ტიმოშენკო არ არის, პუტინთან ერთად რომ იკრიჭებოდა სააკაშვილის ჰალსტუხის ჭამაზე და ისიც არ ვიცი, ტიმოშენკო უფრო პრორუსია თუ იანუკოვიჩი?! მეტსაც გეტყვით, უკრაინა, გინდა ტიმოშენკომ მოიგოს და გინდა – იანუკოვიჩმა, შედის რუსულ პოლიტიკაში და თანამედროვე ამერიკული ადმინისტრაცია გაუმართლებლად უთმობს ყველაფერს რუსეთს! ჩვენ გაყიდულები ვართ, ძვირფასო მკითხველებო და ასე გაგყიდიან ყოველთვის, როდესაც შენი ფეხით მიხვალ ბაზარზე!

– დღეს დაახლოებით ასეთი ვითარებაა: ხელისუფლების აზრით, ქვეყნის გადარჩენაა, თუნდაც, მისგან ნაგლეჯი დარჩეს, შეელეწოს რუსეთს ამერიკის ინტერესებისთვის; მაგრამ გამოჩნდა მეორე ჯგუფი, ყოფილი ხელისუფლება.

– „ნაცმოძრაობა“ მინუს მიშა.

– სხვებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთს უნდა შევერწყათ. მართალია, ისინი ამას სხვაგვარად ამბობენ, მაგრამ, როგორც მე ვიცი, რუსეთი საქართველოს მხოლოდ თავის წიაღში განიხილავს. გამოსავალი?

– თუ ასე გავაგრძელეთ, გამოსავალი არ იქნება. ჩვენ გვაქვს ორი ბასილის პრობლემა, ერთი ნაწილი ბასილ კობახიძის ჭკუაზე დადის, მეორე – ბასილ მკალავიშვილის, არადა ჭეშმარიტება შუაშია. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, რა არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი; რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა; რა არის მისი ამოცანები ერთი, 10 და 100 წლის შემდეგ. ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, დღეს რა იქნება. საზოგადოება ერთ საკითხზეც ვერ შეთანხმებულა. ჩვენ ისიც ვერ გაგვირკვევია, აფხაზები ჩვენი მოსისხლე მტრები არიან თუ ჩვენი ცივილიზაციის ნაწილი, დღეს ჩვენგან განდგომილი?! თან მშვიდობა გვინდა, თან მათი სისხლის დალევა. რატომ იყო პოპულარული მილიტარიზაცია? იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს უნდოდა ომი, ოღონდ გათვლილი ჰქონდა, რომ მოვიგებდით. იმაზე აღარ ჰქონდათ ნაფიქრი, რომ წავაგოთ, რა გვეშველებაო. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა არის პრევენცია. თუ რაიმეს დაგეგმავ და თავიდან აიცილებ, ქართველი გეტყვის, ეს მაინც არ დაგვემართებოდაო. ჩვენი სიბრძნე ასეთია: დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო. ქართველს აქვს ორი ეროვნული ხასიათი: ავთანდილი და ნაცარქექია. ორივე ჭკვიანი და ნიჭიერია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ნაცარქექიას არ აქვს იდეალები. მისი იდეალური მდგომარეობაა ნაცრის ქექვა, ყველაფერი უნდა გააკეთოს: სამყარო, კოსმოსი უნდა მოატყუოს, ოღონდ სახლში დაჯდეს და იზარმაცოს. ავთანდილი კი იდეალებისთვის იბრძვის, თორემ ტყუილებს ისიც ამბობს, ოღონდ რას ემსახურება ეს ტყუილი?! ჩვენთან ხშირად ამბობენ, მაკიაველმა თქვა, მიზანი ამართლებს საშუალებასო, ოღონდ იმ გამონათქვამს გაგრძელებაც აქვს: ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც საკუთარ სამშობლოს ემსახურებიო. აი, ასე ზერელედ ვექცევით ყველაფერს. ამბობენ, სააკაშვილს აქვს დრაკონული კანონებიო და, ვინც ამას ამბობს, ჰგონია, რომ დრაკონში ურჩხული იგულისხმება. არადა დრაკონტი იყო ათენის არქონტი, რომელმაც შემოიღო დაუნდობელი კანონები: კაცის კვლისთვისაც და ათენის ბაზარში ოხრახუშის ქურდობისთვისაც სიკვდილით სჯიდა. ქართლის ცხოვრებაში არის ასეთი პასაჟი: უმეცრად უსამართლოო. უსამართლობას იწვევს უწიგნურობა, უმეცრება. გამოჰყავთ მინისტრის მოადგილე, პანღურს ურტყამენ და ამოცანა რა არის, იცით? ღირსეული არავინ არ უნდა დარჩეს, ყველა პანღურამორტყმული უნდა იყოს. ვინც პანღურს არ ამოირტყამს, უნდა მოკვდეს, როგორც სანდრო გირგვლიანი.

– ამ შემთხვევაშიც იბადება ლეგიტიმური კითხვა, ოღონდ ბრჭყალების გარეშე, უნდა ამძიმებდეს ნაცარქექია მიწას?

– კახა შარტავამ იცის კარგად თქმა: ის კი არ არის მთავარი, რომ ჩვენ, ქართველები, ვამბობთ უარს ამ მიწაზე, ისე ხომ არ არის საქმე, რომ ეს მიწა ამბობს ჩვენზე უარს, როგორც მის მფლობელზეო. ერი ქრება მაშინ, როდესაც მიწა ამბობს მასზე უარს. ეს არ არის მისტიკა, ეს არის ისტორიული კატეგორია. ხომ ამბობს ქართული მიწა უარს ქართველებზე?! აი, ეს არის ტრაგედია, თორემ ჩვენ რომ დედლები ვართ და, თოფი გავარდება თუ არა, თბილისში გამოვრბივართ, ეს ცალკე თემაა.

– საქართველოს ორი რეგიონი პირწმინდად დაიცალა ქართველებისგან და მათ შორისაა, ქართლი? მისტიკაა თუ ისტორია, ძალიან სახიფათო ტენდენციაა?

– ამბობენ, ისტორიულად ამაზე უარესადაც ვყოფილვართო. არ ვყოფილვართ, რადგან მაშინაც კი, როდესაც საქართველო დაშლილ-დანაწევრებული იყო, არასდროს ყოფილა ქართველების ეთნიკური განსახლების არეალი ასე შევიწროებული. შიდა ქართლი არასდროს ყოფილა ქართველის გარეშე, ქვემო ქართლი არასდროს ყოფილა ქართველის გარეშე, აფხაზეთი ქართველის გარეშე არასდროს ყოფილა; ჯავახეთი არასდროს ყოფილა ქართველის გარეშე. ჩვენი პოლიტიკურ რუკა რომ ნახოთ, გული ხომ გაგისკდებათ და ამაზე უარესია ჩვენი ეთნიკური რუკა! ჩვენ, რაც დაგვრჩა, იმ ტერიტორიის 40-პროცენტზე ვართ დასახლებული და დანარჩენი პოტენციურად დასაკარგავადაა განწირული. ისე დავდედლდით, გვგონია, ლევან სანიკიძე რომ წერს დიდგორის ომზე, გვატყუებს, იმიტომ რომ ვფიქრობთ, მე ხომ არ შემიძლია, რომ დიდგორი მოვიგო?! ჩვენ ხომ პატარა შეტაკების მოგებაც კი არ შეგვიძლია?! ჩვენ ხომ გამარჯვება აღარ გვინდა?! ჩვენ ხომ საკუთარი გუნდის კარში გაგვაქვს გოლები?! ვინც ამას წაიკითხავს, ვკითხოთ ჩვენს თავს: ვმუშაობთ საკუთარ თავზე?! მამები მამობენ? დედები დედობენ? რამდენი მამა იცით, სახლში რომ მივა საღამოს და თავის შვილს „ვეფხისტყაოსნის“ გმირებზე, ვაჟა-ფშაველაზე დაელაპარაკება?! რამდენი დედა იცით, რომელიც თავის ქალიშვილს პატიოსნებაზე ელაპარაკება?! შემდეგ ქუჩაში რომ გამოგაგდებს შვილი, აღარ უნდა გაგიკვირდეს. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და ხედავ, შენს ხალხს პრობლემები აქვს სიმამაცესთან, თავზე კი არ უნდა დააჯდე, ამის გამოსწორებას უნდა ეცადო. ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც დედას, არადა ის არ არის დედა, ის ჩვენი შვილია და ჩვენ უნდა გავზარდოთ.


скачать dle 11.3