კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწუნა ხელისუფლებამ თავისივე განათლების რეფორმა და რატომ იქნება რეფორმის მეორე ტალღა პირველზე უარესი


განათლების რეფორმას ოპონენტები იმთავითვე ჰყავდა, თუმცა მათი კრიტიკა ახალ ქართველ განმანათლებლებს არასდროს ყურადაც არ უღიათ. შესაბამისად, ხუთი წლის განმავლობაში ბევრი ფული და ენერგია (მათ შორის, რაც ოპონენტებმა რეფორმის კრიტიკას მოახმარეს) დაიხარჯა, რომ ძველი სისტემა დანგრეულიყო და ქართულ განათლებას ფანჯარა ევროპისკენ გაეჭრა. სულ ახლახან აღმოჩნდა, რომ ის, რაც უდიდეს მიღწევად ითვლებოდა (თავის ერთიან ეროვნულ გამოცდებიანად, ატესტატის გაუფასურებიანად, ინტეგრირებული სწავლებიანად, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებიანად და ასე შემდეგ), უდიდესი რეგრესი ყოფილა და ახლა იმდენივე ფული და ენერგია იმის აღსადგენად უნდა დაიხარჯოს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, წარმატებული რეფორმის ეგიდით, ინგრეოდა. რაკი ხელისუფლება განათლების რეფორმის არაეფექტურობაზე ალაპარაკდა, ლოგიკურად იგულისხმება, რომ მისი მიზანი დიადი და ნათელია: მომავალი თაობის უგზო-უკვლოდ განათლება. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენში კვლავაც ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნაა პრიორიტეტული (ამას მერიის ნოვაციაც მოწმობს), უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსაზრება – ტურიზმი ააყვავებს საქართველოს – კვლავაც ძალაშია. ხოლო, თუ ეს მოსაზრება კვლავაც ძალაშია, მომსახურე პერსონალს უგზო-უკვლოდ განათლება არ სჭირდება. რატომ აღიარა ხელისუფლებამ შეცდომად ერთ დროს ყველაზე წარმატებული რეფორმა და რა მიზანს ისახავს განათლების რეფორმის მეორე ტალღა, ამ საკითხებზე ფსიქოლოგი (განათლების რეფორმის პირველი ტალღის ოპონენტი) შოთა ნადირაშვილი გაგვიზიარებს თავის მოსაზრებებს.



– რატომ დააყენა ხელისუფლებამ ეჭვქვეშ თავისივე რეფორმა?

– როდესაც დააყენეს ეს საკითხი და ძველ, საბჭოთა სისტემას დაუპირისპირდნენ, არც მაშინ იყო ეს პროგრესული ნაბიჯი: უმაღლეს განათლებას 32 000 სტუდენტი იღებდა, ახლა იღებენ იმის ნახევარს, ანუ, განათლების გაფართოების თვალსაზრისით წინ არ წავსულვართ; ადრე ყველა სტუდენტს ეძლეოდა სტიპენდია, თუ ორიანს არ მიიღებდა გამოცდაში, ახლა კი ყველა იხდის გადასახადს – ანუ, მატერიალური მდგომარეობის მიხედვითაც უარესობისკენ წაიყვანეს საქმე. ბევრი უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც დამოუკიდებლობის შემდეგ გაიხსნა, დახურეს და, ეს არ ნიშნავს, რომ, რაც დატოვეს, მაინცდამაინც უკეთესობის ნიშნით გამოარჩიეს. ახლა განათლების შინაარსზე ვისაუბროთ: საბჭოთა კავშირში არსებობდა განათლების რაღაც საშუალო დონე. როჯერსი, ფსიქოლოგი, რომელიც დღეს პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში კლასიკოსად ითვლება, დადიოდა მთელ მსოფლიოში და ბევრჯერ ჩამოვიდა საქართველოშიც, ბოლოს 1988 წელს იყო. მისი მოწაფეებიც ხშირად ჩამოდიოდნენ, რომ შეესწავლათ სკოლის მდგომარეობა, რადგან ამერიკაში, როგორც როჯერსი ამბობდა, ცუდი სკოლა ჰქონდათ. თუმცა ამერიკაში მაღალ დონეზე იყო უმაღლესი განათლება, რადგან ლექციებს კითხულობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული პედაგოგები. გაცილებით უკეთესი სკოლა ჰქონდათ ევროპაში, მაგრამ ჩვენებმა მაინცდამაინც, ამერიკულ სკოლას მიჰბაძეს.

– განსაკუთრებით რა მოსწონდა როჯერსს ქართულ საბჭოთა სკოლაში?

– კლასების მიხედვით ფუნქციების სწორი განაწილება. პირველ ოთხ დაწყებით კლასში ასწავლიდნენ წერა-კითხვას, წიგნის კითხვას, მოყოლას, უყალიბებდნენ აზრის ჩამოყალიბების უნარს. შემდეგ, სხვადასხვა საგნის დამატებით, იწყებოდა აზროვნების განვითარება – ეს არის აზროვნების გასავითარებელი ლოგიკური მოთხოვნები, რაც გათვალისწინებული იყო საბჭოთა სკოლაში არა იმიტომ, რომ საბჭოთა სკოლა იყო კარგი, არამედ იმიტომ, რომ ევროპული განათლების სისტემის მიხედვით იყო აგებული. საფრანგეთში მასლოუმ შექმნა ტესტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა ადამიანის ლოგიკური აზროვნების დონის გარკვევა. ამერიკელებმა ეს მაშინვე აიტაცეს და ამის მიხედვით არჩევდნენ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ემიგრანტებს, ვინ მიეღოთ და ვინ – არა. აღმოჩნდა, რომ ევროპაში შედგენილ ტესტებს ამერიკელები უფრო ცუდად პასუხობდნენ, ვიდრე ევროპელები. შემდეგ ამერიკელებმა თვითონ დაიწყეს საკუთარი ტესტების შედგენა. სხვათა შორის, ამერიკელმა სტუდენტებმა იჩივლეს, რომ მათ აბარებინებდნენ იმ ტესტების მიხედვით, რომლებიც არ უსწავლიათ და გაიმარჯვეს კიდეც. სასამართლო პროცესი 3 წელს გაგრძელდა და ამასობაში იმ სტუდენტებმა უკვე დაამთავრეს კიდეც უმაღლესი სასწავლებელი, მაგრამ მათ ფულადი ანაზღაურება მაინც მისცეს.

– ამერიკა ტესტებზე რატომ ორიენტირდა, უფრო მარტივი იყო?

– დიახ, მარტივი იყო. შემდეგ ამერიკაში ძალიან დაწვრილებით დაიწყეს ტესტების შესწავლა. არსებობს რამდენიმე სახის ტესტი: პირველი, რომელიც გამოხატავს საერთო განათლების დონეს; მეორე, რომლითაც ხდება აზროვნების უნარის შემოწმება; მესამე, რომლითაც მოწმდება, რამდენად შესწევს ადამიანს უნარი ნასწავლის გამოყენებისა ცხოვრებაში და მეოთხე, რომელიც ამოწმებს, რამდენად ადვილად შეუძლია ადამიანს ახალი ცოდნის მიღება. მახსოვს, როდესაც ლომაიასა და მის გუნდს ვკითხე, რომელი ტესტების შემოტანას აპირებთ-მეთქი, არც კი იცოდნენ, რომ რამდენიმე სახის ტესტი არსებობდა. ტესტი კარგი საშუალებაა, მაგრამ კარგად უნდა იცოდე მათი შედგენა. უცბად დღეს გახდა ნათელი ჩვენი პრეზიდენტისთვის, რომ ეს არ ვარგა, არადა, მაშინ ლომაიას რეფორმები უდიდეს მიღწევად ითვლებოდა. ჩვენმა ხელისუფლებამ მთავარ საქმიანობად და დარგად აქცია ტურიზმი. ხალხს უკვირდა: რატომ დგამენ შადრევნებს, აკეთებენ ქუჩებს, ღებავენ სახლების წინა ფასადებს, ხსნიან კაფეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს? იმიტომ, რომ აქ ჩამოსულმა ტურისტმა უნდა დაისვენოს! ჩვენი ხალხი კი თანდათან უნდა იქცეს მომსახურე ერად. მომსახურება ქცევის ფორმაა, ღირებულებების შექმნა კი – შრომა. ანუ შრომად იქცა არა მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნა, არამედ მათი მომსახურება, ვინც ამას ქმნის თავის ქვეყანაში.

– თვითონ ხელისუფლებამ რატომღა დაიწუნა თავისივე რეფორმა? უნდათ, რომ უფრო განათლებულები გავხდეთ? უნდა ვაღიარო, ამის ნაკლებად მჯერა.

– განათლების იმ სისტემამ, რომელიც ჩვენში დაინერგა, ნათლად დაგვანახვა, რომ, როდესაც ჩვენი მოსწავლე ან სტუდენტი მიდის უცხოეთში, არ არის განათლებული დასავლური მოთხოვნების მიხედვით. ეს კი იმის ბრალია, რომ პირდაპირ მიჰბაძეს უცხოურ ქვეყნებს, იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენზე განვითარებულნი არიან. მათ ასეთი ამოცანა დაისახეს: გავზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოეთში განათლებულს, ამისთვის კი საჭიროა, პასუხობდეს იმ ტესტებს, რომლებსაც პასუხობს უცხოელი ბავშვიო. მაგრამ, ამ ტესტების გარდა, უცხოელ ბავშვებს სხვა განათლებასაც აძლევენ. ჩვენს სკოლებში დაირღვა განათლების სისტემურობა, ბიოლოგიას ასწავლიდნენ მეექვსე კლასში, აღარ ასწავლიდნენ მეშვიდე კლასში და მერვეში ისევ ასწავლიდნენ. სისტემურობა კი აუცილებელია აზროვნების განვითარების ეტაპებისთვის. შემოვიდა ტესტებით ცოდნის დონის შემოწმება, ამის შესატყვისი საგანი კი სკოლებში არ ისწავლება, ესე იგი, ისეთ რამეს უმოწმებ, რასაც არ ასწავლი.

– გამოდის რომ, დროა, ჩვენმა სტუდენტებმა მიჰბაძონ ამერიკელ სტუდენტებს. თუ სწორად გავიგე, იმიტომ გადახედეს განათლების რეფორმას, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების დონე ვერ აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს?

– დიახ. ახლა ასე შევხედოთ საკითხს: ის, რის გაკეთებასაც აპირებენ, გამოასწორებს ამ ხარვეზებს? არა! ეს ძველი შეცდომის გაგრძელებაა! ჩვენს უპირველეს საერთო ამოცანად ისევ ტერიტორიული მთლიანობა რჩება და ამიტომაც სკოლებში ახლა შემოგვაქვს სამხედრო-პატრიოტული აღზრდა.

– მეორე მხრივ, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას რომ აღარ ასწავლი, როგორ უნდა აღზარდო პატრიოტი?

– ეროვნულობა უნდა იყოს განათლების სისტემის სერიოზული მოთხოვნა და ამის საფუძველზე უნდა აიგოს სწავლების სისტემა. მართალია, ჩვენს ხელისუფლებას „ნაციონალები“ ჰქვია, მაგრამ ეროვნულები არ არიან. ერი, ისევე, როგორც პიროვნება, სულიერი არსებაა. ერი, პიროვნებისგან განსხვავებით, 30-40 საუკუნეს ცოცხლობს და ისიც ისევე შეიძლება, მოკვდეს, როგორც პიროვნება. გავიხსენოთ, რამდენი ერი გაქრა?! ისინი ან გაჟლიტეს ან სხვა ერებს შეუერთეს. ამიტომ ერს მოვლა სჭირდება. ერის მოვლა კი მისი ისტორიის, ენის, კულტურის, ცხოვრების წესის, მისი სოციალური ინსტიტუტების მოვლაა. სწავლასთან ერთად აღზრდაც უნდა ხდებოდეს. ქართველი კაცი უნდა აღიზარდოს თავისი კულტურის მიხედვით და ამერიკის მიბაძვა არ არის გამოსავალი. ამერიკელებმა თავიანთი ქვეყანა შექმნეს სხვადასხვა ერისგან გაქცეული ადამიანებისგან, რომლებიც თავიანთ ერებს კი არა, საკუთარ თავს იცავდნენ. მათ ერი არ ჰქონდათ და ამიტომ მათი კულტურა განვითარდა პიროვნების დაცვის მიმართულებით. მათ შექმნეს პიროვნების დაცვის ქარტია და იმ ქარტიაში ერი ნახსენები არ არის, ამიტომ ამერიკელს არ აწუხებს ერი, მისი ბედი, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ერის უგულებელყოფა იმ ქვეყნის კულტურის განადგურებას ნიშნავს. გაჩნდა გლობალიზმი, რომელიც ცდილობს ერებს შორის საზღვრების წაშლას და ერთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ერთი კულტურის შექმნას. ამერიკელებმა ევროპელებს შესთავაზეს, შეექმნათ ევროპის შეერთებული შტატები. ევროპელებმა ბევრი იფიქრეს და შექმნეს ევროპის კავშირი, რომელიც არ არის ამერიკის მსგავსი ქვეყანა. მართალია, საერთო პრეზიდენტი ჰყავთ, საერთო კანონები აქვთ, მაგრამ კანონს ვერ მიიღებენ, თუ ერთი ქვეყანა მაინც წავა წინააღმდეგი. ასე შეინარჩუნეს მათ თავიანთი თავისუფლება. ჩვენი ქვეყანაც ამ პრინციპების გათვალისწინებით უნდა აიგოს. ჩემი მეცნიერება, ფსიქოლოგია, ამბობს, რომ, თუ ერთი მეორის მტერია, მეორემ არ უნდა გააძლიეროს ეს მტრობა, პირიქით, უნდა შეასუსტოს, ამის ნაცვლად კი, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიწვია რუსეთთან ომი იმ იმედით, რომ ევროპა და ამერიკა დაგვიცავდნენ, მაგრამ რუსეთთან ომი მსოფლიო ატომური ომია და, ამიტომ, ძნელია, ვინმეს მოსთხოვო, დაგიცვას. რუსეთი მართლაც დამპყრობელია და ეძებს მიზეზებს, რომ ჩვენს ქვეყანასთან კიდევ დაიწყოს ომი, იმიტომ რომ, მისთვის ომი სასარგებლოა, ჩვენ კი დაგვღუპავს. ჩვენ უნდა გვეცადა, რუსეთთან დაძაბულობა შეგვერბილებინა და დადებითი დამოკიდებულება დაგვემყარებინა აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ ჩვენ აფხაზებსაც შევაძულეთ თავი და ოსებსაც, ისევე, როგორც რუსებს, შედეგად კი აფხაზები და ოსები რუსებს დაუმეგობრდნენ.

განწყობის კანონია: თუ შენ ვინმეს მტერი ხარ და ის მტერი მოყვარეს გაიჩენს, მისი მოყვარეც შენი მტერი ხდება. ამდენად, რაც უფრო გავაძლიერებთ რუსეთის მტრობას, მით უფრო გააძლიერებენ ჩვენდამი მტრობას აფხაზები და ოსები. აი, ასეთი ელემენტარული ფსიქოლოგიური წესები არ იციან ჩვენს ხელისუფლებაში. ყველაფერი ეს კი, საერთო კონტექსტში, იწვევს ჩვენი ქვეყნის არასწორი მიმართულებით სვლას და, სწორედ ამ მცდარი შეხედულების გამო, ახლა სკოლებში ვიწყებთ სამხედრო-პატრიოტულ სწავლებას.

– ითქვა, რომ თითოეული სახლის წინ სანგრები უნდა გავთხაროთ, რომ ქუდზე ქალი უნდა გავიდეთ საბრძოლველად და, მიჩნდება ეჭვი, რომ ახლა ქალების ხარჯზე აპირებენ ომების მოგებას, როგორც თავის დროზე სწორედ ქალებს დააკისრეს ოჯახების რჩენა, როდესაც მამაკაცები ტოტალურ დეპრესიაში იყვნენ უმუშევრობის გამო.

– ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ დამოკიდებულებისა რუსეთისადმი, აფხაზებისადმი და ოსებისადმი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ განავითარა. ეს იყო ცუდი პოლიტიკა და ისევ გრძელდება. ახლა ამ პოლიტიკაში სკოლაც ჩაერთო, სკოლაც მილიტარული ხდება.

– საბჭოთა დროს სკოლებში ასწავლიდნენ იარაღის დაშლა-აწყობას, ბირთვული თუ ბაქტერიოლოგიური და ქიმიური თავდასხმებისას ქცევას. რა იყო ამაში ცუდი? ასწავლონ ახლაც!

– რუსეთი ყოველთვის იყო და არის აგრესიული ქვეყანა. ის ყოველთვის ომისთვის ემზადებოდა და ემზადება, ხალხის მილიტარიზაციაც იმისთვის სჭირდებოდა, რომ ომის მდგომარეობაში იყო სხვა ქვეყნებთან. ამიტომ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც გაიზარდა დაძაბულობა საბჭოთა ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის, საბჭოთა კავშირი ხალხს ამზადებდა საომარი საქმიანობისთვის. დღეს კი, როდესაც ჩვენ სუსტები ვართ და რუსეთის წინაშე მარტო ვდგავართ, ჩვენი მზადება რუსეთს უბიძგებს, რომ თვითონაც გაძლიერდეს. ჩვენთან კი მაინც გრძელდება ძველი ტენდენცია, რომ ძალით შეგვიძლია ტერიტორიების გამთლიანება, რომ ყველას დამარცხება შეგვიძლია, თითქმის რუსეთისაც. არადა, რუსეთი ისეთი აგრესიული, კოლონიზატორი ქვეყანაა თავისი ბუნებით, რომ, არ შეუძლია, ამაზე რეაქცია არ ჰქონდეს: თუ კიდევ იქნება ომი, კიდევ დავკარგავთ ტერიტორიებს. ამდენად, სამხედრო სწავლების სკოლებში შემოტანა ნიშნავს მოსახლეობის სამხედრო რიტორიკაზე გადაყვანას: რომ ჩვენი უახლოესი ამოცანაა ტერიტორიული გაერთიანება. არადა, ეს არ არის ჩვენი უახლოესი ამოცანა, ეს სანუკვარი ამოცანაა, მაგრამ შორეული და მას მომზადება უნდა. ჩვენ დადებითი განწყობა უნდა გამოვუმუშავოთ ოსებსა და აფხაზებს, მაგრამ, თუ ვინმე მოინდომებს რუსეთთან აქტივობას, მას ქვეყნის გამყიდველად აფასებენ. ჩვენი ოპოზიცია კი ვერ ბედავს, მშიშრები აღმოჩნდნენ საიმისოდ, რომ აშკარად თქვან: რუსეთთან დაპირისპირება ცუდიაო. ვერ ამბობს, რომ სამხედრო საქმის სწავლების შემოღება არ არის კარგი, რადგან ქართველი კაცისთვის ეროვნულობის საკითხი ძალიან ღირებულია. იციან, რომ ეს საშიშია, მაგრამ რცხვენიათ, თქვან, არ გვინდა სამხედრო სწავლებაო.

– გამკვირვებია ამათი! იმის არ რცხვენიათ, რომ გამორბიან ბრძოლის ველიდან?!

– ხელისუფლება დაეხმარა მათ, რომ ეს სასირცხვილო ამბები დაევიწყებინათ. ერთი რუსი სამხედრო ამბობდა, ისე გარბოდნენ ქართველები, ტანკებით მივდევდით და ვერ დავეწიეთო.

– ვაიმე!

– ეს იყო აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი, მაგრამ იმ საზიზღარს მივეცით ამის თქმის საშუალება.

– თუ ისევ მცდარი გზით მივდივართ, ეს რით დასრულდება? ჩვენი ტოტალური უცოდინრობით?

– ჩვენ გვაქვს ეროვნული კულტურა და ისტორია, მაგრამ არ ვიცით სახელმწიფოებრივი ურთიერთობა მეზობელთან, უვიცები ვართ. მეზობელთან უნდა შეგეძლოს ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომელიც შენც და მასაც ღირსეულ მდგომარეობაში გამყოფებთ. ჩვენები კი ყოველ გამოსვლაში ცდილობენ, დაამცირონ რუსეთი, არადა, ეს დამცირებული რუსეთი შემდეგ ფიზიკურად გისწორდება. ასეთივე საშიში ტენდენციაა, რომ განათლებაშიც სამხედრო საქმემ დაიკავა გადამწყვეტი ადგილი; პირიქით, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა უნდა წამოვწიოთ. ჩვენს ბავშვებს უკვე მეშვიდე-მერვე კლასში უნდა შეეძლოთ მოვლენების არსებითი ნიშნების განზოგადება და გამოყოფა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდებიან, რა ღირებულება აქვს ხელოვნებას, სწავლას, ცოდნას. ჩვენთან, თავისთავად ცოდნას კი არ აქვს ღირებულება, არამედ იმ ცოდნას, რომელიც უცხოეთში მიიღე. ჩვენი ნიჭიერი მეცნიერი, თუ ამერიკაში არ არის ნამყოფი, არ ფასდება. არიან ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ექვს წელიწადში ოთხი უმაღლესი დაამთავრეს. 4 უმაღლესის 6 წელიწადში დამთავრება როგორ შეიძლება?! უცხოეთში, ხშირად, რომელიმე უნივერსიტეტში, ლექციის მოსმენის შემხთვევაში გაძლევენ დიპლომს, რომ ეს უნივერსიტეტი დაამთავრე. აი, ასეთი დიპლომების მქონე ხალხი ჩვენს კულტურას ვერ განავითარებს, პირიქით, ისინი ქართულ კულტურას აჩერებენ და აკნინებენ. ეს ყველაფერი კი გამოიწვია სამხედრო ტაქტიკით მოქმედებამ, ამიტომაცაა, რომ იმ ამოცანების შესახებ, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს სკოლას, ლაპარაკობს პრეზიდენტი. სად არიან პედაგოგიკის სპეციალისტები, რომლებმაც უნდა დასახონ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ბავშვი, რა ასაკში რა უნარები უნდა განუვითაროთ?!

– თუ ჩვენი სკოლა ვერ ემსახურება იმ ამოცანას, რომ ბავშვმა შეიძინოს აზროვნებისთვის აუცილებელი უნარები, გამოდის, რომ ჩვენი მომავალი თაობა გონებაჩამორჩენილობის გზაზეა?

– ასე გამოდის. ჩვენი დღევანდელი მოწაფე არც აზროვნების და არც ცოდნის დონით არ არის მომზადებული, თუმცა, გამოერევიან ბუნებრივად ძალიან ნიჭიერებიც, რომლებიც გარკვეულ სფეროებში აღწევენ წარმატებებს, მაგრამ ისინი არ არიან ჩვენი სწავლებისა და აღზრდის პროდუქტი. ასეთი მოწაფე ჩვენში ცოტაა და უცხო სხეულივითაა.

– ასეთები, ძირითადად, მიჰყავთ – მათ გონებას სხვები ყიდულობენ და იყენებენ.

– ასეთი მოწაფე თავის იდეალად სახავს ევროპაში ან ამერიკაში წასვლას სასწავლებლად, სადაც, ფაქტია, რომ არაფერს ქართული კულტურისას არ ასწავლიან. ამიტომ ის ვერ განავითარებს ქართულ კულტურას. პირიქით, აქ გახდება უცხოური კულტურის გამავრცელებელი. თვითონაც ვერ განვითარდება, იმიტომ რომ, არ ეცოდინება ჩვენი კულტურის საფუძველი.

– ლოგიკურად იბადება კითხვა: რა შეიძლება, იყოს გამოსავალი, სანამ ჩვენს ბავშვებს ჯერ კიდევ შემორჩათ რუხი ნივთიერება – თავის ტვინი?

– განათლების ახალ, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ სისტემაზე გადაყვანა გამოიწვევს ცნობიერების სხვა ახალ დამახინჯებებს. საჭიროა, რომ ოპოზიციამ მოითხოვოს ეროვნულობის საკითხის განვითარება; ეროვნული განათლება. როგორ შეიძლება, პრეზიდენტის მიერ დასახელებული პროგრამით აიგოს სასკოლო და უმაღლესი სწავლება?! ეს ხომ ერის საშინელი შეურაცხყოფაა?! ასე რომ, ეს სფერო კიდევ უფრო დაკნინდება. დღემდე ასე იყო და აწიც ასე იქნება: დაფასდება ის, ვინც იცის ინგლისური და ამერიკაში ან ევროპაში მიიღებს განათლებას, მოსწყდება თავის კულტურასა და ერს. გაიზრდება უცხოეთში სასწავლებლად წამსვლელთა რაოდენობა, ჩვენში კი უმაღლესი განათლების დონე თანდათან უფრო დაიკლებს. ჩვენი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები არ არის ქართულ კულტურასთან შეზავებული, რაც იწვევს იმას, რომ წინ ვერ მივდივართ.


скачать dle 11.3