კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით შეივსეს გადეპუტატების შემდეგ პაატა დავითაიამ და ჯონდო ბაღათურიამ თავიანთი ქონება


ისინი, ორივენი, პაატა დავითაიაც და ჯონდო ბაღათურიაც, „გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში; მათზე, ორივეზე, ამბობენ, რომ თითოკაციან პარტიებს თავმჯდომარეობენ და იმასაც ამატებენ, რომ არა „გაერთიანებული ოპოზიცია“, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ვერც ვერასდროს მოხვდებოდნენო. მაგრამ, ასეა თუ ისე, ქართულ ოფიციალურ პოლიტიკურ სცენაზე ისინი მაინც აქტიურად იღვწიან, ჩვენ კი იმის გარკვევას შევეცდებით, როგორ აისახა მათი ეს ღვწა მათსავე ოფიციალურ დეკლარაციებში.

პაატა დავითაია

პაატა დავითაია საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში „გაერთიანებული ოპოზიციის“ (ეროვნული საბჭო, „მემარჯვენეები“) პარტიული სიით მოხვდა და, თანამოაზრეებისგან განსხვავებით, პროტესტს მანდატის აღება არჩია. ამჟამად, ის ფრაქცია „ძლიერი საქართველოსა“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. პაატა დავითაია 1974 წელსაა დაბადებული დაბა გულრიფშში. უმაღლესი იურიდიული განათლება თსუ-ის სოხუმის ფილიალში მიიღო, სამეცნიერო ხარისხით იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორია, სამეცნიერო წოდებით კი – პროფესორი. მისი შრომითი ბიოგრაფია 1992 წელს დაიწყო, აფხაზეთის სამხედრო პოლიციაში, სადაც მან გამომძიებლად 1993 წლამდე იმუშავა. 1995-1996 წლებში სოხუმის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი გახდა; 1996-2001 წლებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მთავარ მრჩევლად მუშაობდა; 2001-2001 წლებში – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ, შემდეგ კი – აპარატის უფროსად; 2002 წელს აფხაზეთის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 2003 წლის აგვისტოში აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა, ოღონდ, მხოლოდ იმავე წლის დეკემბრამდე, რადგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გადაიყვანეს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. 2004 წლის აგვისტოში და, ისევ დეკემბრამდე, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დააბრუნეს, ამჯერად, პირველ მოადგილედ. ამის პარალელურად, 1995 წლიდან 2004 წლამდე თსუ-ის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორიც იყო; 2004 წლიდან კი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა ლექტორობას. ამჟამად საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრია. 2005 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენ თვითონ“ დააარსა, რომელიც 2006 წელს პოლიტიკურ პარტიად გადააკეთა და მისი თავმჯდომარეც გახდა.

2008 წელს პაატა დავითაიამ ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები პარლამენტის წევრობის კანდიდატის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – მაია შერვაშიძე, შვილი – ოთარი და დედა – ქ-ნი ნადია. ისინი, ყველანი ერთად, ცხოვრობენ თბილისში, ვაკე-საბურთალოს დასახლებაში.

დეკლარაციის მიხედვით, პაატა დავითაიას საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი დაბა გულრიფშში, მილიონ ლარად ღირებული; ასევე, აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოფელ მაჭარაში მდებარე აგარაკი, დეკლარანტის განმარტებით, 200 000 ლარად ღირებული; მიწის ნაკვეთი, აგრეთვე, აფხაზეთში, 100 000 ლარად ღირებული და საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით თბილისში, ვაკე-საბურთალოს დასახლებაში, 500 000 ლარად ღირებული.

გადეპუტატებამდე პაატა დავითაია თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის კათედრის გამგე გახლდათ (ის პროფესორია და, როგორც მოგახსენეთ, ამ უმაღლეს სასწავლებელში 2004 წლიდან ეწევა სალექტორო საქმიანობას) და მისი ყოველთვიური ხელფასი 600 ლარს შეადგენდა, იმავდროულად, მისი მეუღლე „ბი პის“ ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა და მის წლიურ ანაზღაურებას 25 500 აშშ დოლარი შეუდგენია. დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, პაატა დავითაიას 30 000, მის მეუღლეს კი 20 000 ლარი ჰქონია.

გასულ წელს მაია შერვაშიძეს 15 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხიც აუღია.

2009 წელს პაატა დავითაიამ ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები, ბუნებრივია, ხალხის რჩეულის ამპლუაში შეავსო. თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობაც და ქონებისაც. მეტიც, დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ მაია შერვაშიძეს ჰქონია – 20 000 ლარი.

რაც შეეხება შემოსავლებს: რაკი ისევ განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას, პაატა დავითაიამ, როგორც თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, 2008 წლის განმავლობაში, 9 000 ლარი აიღო, როგორც პარლამენტის წევრმა და თავმჯდომარის მოადგილემ კი (2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე), 29 800 ლარი. მისი მეუღლე კვლავაც „ბი პიშია“ დასაქმებული ფინანსურ ანალიტიკოსად და მის წლიურ ანაზღაურებას 35 500 ლარი შეუდგენია. ქ-ნ შერვაშიძეს აღებული სესხის ნაწილი – 9 000 აშშ დოლარიც დაუფარავს.

ჯონდო ბაღათურია

საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში ჯონდო ბაღათურიაც „გაერთიანებული ოპოზიციის“ პარტიული სიით მოხვდა, თუმცა, კოლეგისგან განსხვავებით, მოკრძალებული პოლიტიკური სტატუსი აქვს: ის პარლამენტის რიგითი წევრი და ფრაქციის – „ფრაქციის გარეშე“ – წევრია. არის იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტების წევრიც. 1964 წელს დაბადებულმა ჯონდო ბაღათურიამ უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია.

მისი შრომითი ბიოგრაფია 1980 წელს დაიწყო ბათუმის მექანიზაციის სამმართველოში, სადაც მესამე თანრიგის ზეინკლად 1981 წლამდე იმუშავა. 1981 წელს თსუ-ში ჩააბარა და ის 1988 წელს დაამთავრა (სავარაუდოდ, სწავლა იმის გამო გაუხანგრძლივდა, რომ ჯარში მსახურობდა). მანამდე კი, 1987 წლის იანვრიდან, იმავე წლის ოქტომბრამდე, სასკოლო კვების კომბინატის მუშადაც მუშაობდა. 1988 წელს, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, შულავერის ინერტულ მასალათა ქარხანაში გადავიდა, სადაც უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად 1989 წლამდე იმუშავა. 1989 წელს ტრესტ „საქსპეცმშენის“ საწარმოო დაწესებულებათა კომბინატის ეკონომისტად დაიწყო მუშაობა (1991 წლამდე), 1991-1995 წლებში – ტრესტ „საქსპეცმშენის“ სმმკ-132-ის ფინანსისტ-ეკონომისტად, ბოლოს კი – ეკონომისტად. 1998 წელს მისი პოლიტიკური კარიერაც დაწყებულა თბილისის საკრებულოში, სადაც მან 2006 წლამდე დაყო. 2007 წელს „ქართული დასიც“ ჩამოაყალიბა, 2008 წლის ივნისში კი საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტარის მანდატიც გაინაღდა. მანამდე კი (2001 წელს) ევროსაბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლაც დაუმთავრებია. ჯონდო ბაღათურიამ თავისი პირველი დეკლარაცია დეკლარაციების ბიუროში 2008 წლის 29 აპრილს წარადგინა, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატმა. ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – ნათია ფოფხაძე და სამი შვილი: თორნიკე, მაგდა და თეკლა. ისინი ცხოვრობენ თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (დეკლარაციაში არც ბინის მესაკუთრეა მითითებული და არც ღირებულება).

გაპარლამენტარებამდე ბ-ნი ბაღათურია უმუშევარი იყო, არც მისი მეუღლე მუშაობდა, შესაბამისად, ოჯახის უფროსს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე, სულ რაღაც, 210 დოლარი და 86 ცენტი ერიცხებოდა. თუმცა, ამის მიუხედავადაც, დეკლარაციის შევსების დროს, ბ-ნ ბაღათურიას, ნაღდი ფულის სახით, 67 000 აშშ დოლარი ჰქონია.

2007 წელს ბ-ნ ბაღათურიას სესხიც აუღია 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც, წესით, უკვე დაფარული უნდა ჰქონდეს.

2008 წლის დეკლარაციაში ბ-ნი ბაღათურიას ოჯახს ერთადერთ შემოსავლად მითითებული აქვს 27 000 აშშ დოლარი, რომელიც მას ბინის გაყიდვის წყალობით მიუღია.

2009 წელს ბ-ნმა ბაღათურიამაც დეკლარაცია ხალხის რჩეულის ამპლუაში შეავსო. მისი ოჯახის წევრთა შემადგენლობა უცვლელია, მცირეოდენი ცვლილებაა მის ქონებრივ მდგომარეობაში: დეპუტატს 2002 წლის ტოიოტა „ლენდკრუიზერი“ შეუძენია, მანამდე კი ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პასატი“ ჰყოლია, რომელიც 5 000 აშშ დოლარად გაუყიდია (თუმცა ავტომანქანა ბ-ნ ბაღათურიას 2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია). ანაბარზე დეპუტატს, სულ რაღაც, 9 ლარი დარჩენია, თუმცა უცვლელია მის ხელთ 2008 წელს არსებული ნაღდი ფულის ოდენობა და მას 2009 წელსაც, დეკლარაციის შევსების დროს, 67 000 აშშ დოლარი ჰქონია. რაკი უკვე პარლამენტის წევრია, 2008 წელს ოფიციალური შემოსავალიც მიიღო, კერძოდ, 27 200 ლარი (7 თვის განმავლობაში).


скачать dle 11.3