ჩამომაკდონალდსებულები
ანუ კუკიიდან
არა მხოლოდ საქართველოში, „ნაცმოძრაობა“ უკრაინაშიც ყოფილა და იმდენად დაკვირვებული წევრებიც ჰყოლია, რომ ერთ-ერთ მათგანს, კიევურ „მაკდონალდსში“ წასახემსებლად შესულს, კიდეც წაუხემსებია და იქვე დამონტაჟებულ მონიტორზე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის შესახებ კლიპისთვისაც უცქერია. შემდეგ ეს ამბავი პრესისთვისაც უცნობებია და ამის შედეგად, ქართული ელმედიის ცნობით, უკრაინულ მედიაში „მაკდონალდსი“ სკანდალშიც გახვეულა. და მერე რა, რომ იმავე ქართულ ელმედიას უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები (ჩვენი პრეზიდენტის, შს მინისტრისა და უშიშროებისა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის შესრულებით) სკანდალად არ შეუფასებიათ. ვერც შეაფასებდნენ, რადგან კეისრებიც და მათი ცოლებიც ჩვენს ქვეყანაში მუდმივ ეჭვში უნდა იყვნენ.
შესაბამისად, ქართულ ელმედიაში მქუხარე სიუჟეტებიც დახვავდა – „მაკდონალდსმა“ აფხაზეთი აღიარაო, ქართულმა ოფიციოზმა კი, ჩვეულებისამებრ, ბრტყელ-ბრტყლად იუბნა თემაზე, როგორ ებრძვიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი და მისი დამქაშები. თავისი ბრძნული სიტყვა ბ-ნმა მალაშხიამაც შეგვაწია – რუსეთს ძვირი უჯდება აფხაზეთის აღიარება სხვა ქვეყნების მოსყიდვის სახით, ანუ გადახდის თავი არ აქვს და იოლად გამოდისო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი მალაშხია აგერ უკვე ორი მოწვევის პარლამენტია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიას თავმჯდომარეობს, დაკარგული ტერიტორიების რაოდენობა კი მხოლოდ იზრდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრის თავით ვერც ის დაიკვეხნის. მეორე მხრივ, მართალია, რუსეთს მხოლოდ ვეშაირებით, ისიც, იმ იმედით, რომ ჩვენი შემწუხებელი აშშ-ის სახდეპარტამენტის შემწუხებელია (თუმცა, ისიცაა, რომ ჯერჯერობით კუკიაზე ისევ ჩვენ ვართ), სამაგიეროდ, კიევურ „მაკდონალდსს“ კლიპი უკვე ამოვაღებინეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ჩვენ ვყოფილვართ ჯაბანნი (განსაკუთრებით, თუ საქმე კვების ობიექტს ეხება) და, ისიც საქმეა, რომ ჩამოვმაკდონალდსდით.