ნიღბების მგლეჯელები
დერეფნის დერეფანი
საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-ელი კოლეგისთვის საქართველოსგან დარჩენილი ტერიტორიის (აი, იმის, ბუშის პრეზიდენტობის შემდეგ რომ დარჩა „შუქურაში“) დერეფნად შეთავაზება სამხედრო ექსპერტთა ერთმა ნაწილმა, ერთი მხრივ, სააკაშვილის მიერ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებად (თანხმობის შემთხვევაში, ბუნებრივია, მხარდაჭერა გარანტირებულია, ვინაიდან, ცოტა ვინმე თუ მოინდომებს ისედაც გაცეცხლებული რუსეთისთვის ნავთის მისხმას), მეორე მხრივ კი, თალიბებისთვის სამხედრო დარტყმის საქართველოდან მიყენების თხოვნად შეაფასა. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე თავად აშშ-ა თავშეკავებული, რადგან ჩვენსავით „უხორცო უშიში“ არ არის და გადაწყვეტილებების მიღებისას რუხ ნივთიერებასაც ამოძრავებს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება გაცილებით მშვიდად იქნება, თუკი საქართველოს პორტები და აეროდრომები ამერიკული სამხედრო გემებითა და თვითმფრინავებით აივსება (რადგან, აბა, ხელისუფლებაზე უკეთ ვინ იცის მათი გამოჭედილი ხმლისა, ანუ აღშენებული ქართული ჯარის ბრძოლის შნო და ლაზათი), ასე რომ, ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გაუშვებდა. არც გაუშვა და ახლა, ალბათ, პასუხს პენტაგონიდან ელოდება (ამ უკანასკნელს, ცხადია, სრულებითაც არ აღელვებს, თუკი საქართველოსგან მხოლოდ დერეფანი დარჩება). მაგრამ, თუ ამ შეთავაზებით ვიმსჯელებთ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს, მაინცდამაინც, არც შემთავაზებელს უნდა აღელვებდეს, ოღონდ, სავარაუდოდ, განსხვავებული მიზეზით: ამ შეთავაზების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, უდავოა, რომ არც თალიბები დაგვრჩებიან ვალში და ახლა უკვე ტერორისტებიც დაგვცხებენ „ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“. აქედან გამომდინარე კი, შესაძლოა, პრეზიდენტის ამ ინიციატივის მიზანი სწორედ თალიბებისთვის ნიღბის ჩამოგლეჯაა, რადგან რუსეთთან უკვე ისე დავოსტატდით, რომ მათაც კი ვაგლეჯთ, ვინც უკვე კარგა ხანია, უნიღბოდაა!