სამი – ერთში, ერთი – სამში
„მიუზიკლის გადაღებას რა უნდა“
იყო დრო, როდესაც ის ამაყობდა, დავით აღმაშენებელს ასიოდე ჯვაროსანი თუ ეყოლებოდა, მაშინ, როდესაც პირადად მე ამერიკელი ინსტრუქტორები თავზე საყრელად (ანუ „პაჩკა-პაჩკა“) მყავს, პრეზიდენტი ბუში კი ერთ წელიწადში რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ მიმიღებსო. მაგრამ, ხანი გამოხდა და, მოარული ხმებით, პრეზიდენტი ობამა სათოფეზეც არ იკარებს. ამ თუ სხვა მიზეზით, ქართულმა ელმედიამ (განსაკუთრებით, „იმედის“ საინფორმაციო ფრონტის ხაზზე) ობამას კრიტიკას მოუხშირა სხვადასხვა თემაზე: დაპირებებს ვერ ასრულებსო, მისი რეიტინგი ეცემაო, ვერც ერთი პრობლემა ვერ მოაგვარაო და ამერიკელი ხალხიც განხიბვლის პროცესშიაო. მართალია, პრეზიდენტ ობამას ქართული როგორც ელმედიის, ისე პოლიტოფიციოზის აზრი ნაკლებად ადარდებს, სამაგიეროდ, ეს უკანასკნელები იოხებენ გულს. თუმცა, ცოდვა გამხელილი ჯობია და, ობამასთან ერთ შეხვედრაში ისევე არ დაიშურებდნენ ნახევარ სამეფოს, როგორც რიჩარდი – ერთ ცხენში. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, ვის ცხენი შეხვდება, ვის – ნახევარი სამეფო, მაგრამ, ვიცით, რომ ამ „რეიტინგდაცემულ“ ბარაკ ობამაზე უკვე სამი მიუზიკლი დაიდგა. როგორც ჩანს, ეს ამბავი ჩვენს ხელოვანებს გამოეპარათ (თავად განსაჯეთ, თუ რეიტინგდაცემულს სამი მიუზიკლი მიუძღვნეს, ზერეიტინგულს ერთი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?!). ასე რომ, ალბათ, დროულია, ბ-ნმა მემანიშვილმა მუსიკა დაწეროს, ბ-ნმა დოიაშვილმა მუსსპექტაკლი დადგას, ბ-ნმა ვარსიმაშვილმა კი ფილმად გადაიღოს (და გამოვა სამი – ერთში, გნებავთ, ერთი – სამში).