ძმრის ამომდენები
„მესაწვავე ბიჭი ვარ, საწვავივით დამწვარი“
მართალია, ახალი წლის საზეიმო განწყობა თითქმის მიინავლა (თუ არ ჩავთვლით ოპონენტთა კიჟინას, მაინც რამდენი დაჯდა ბათუმური საახალწლო ღამეო, თუმცა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ მათი ეს ხმა მღაღადებლისად იქნებოდა განწირული), სამაგიეროდ, მოქალაქეთა განწყობას ცეცხლი მესაწვავეებმა გაუკიდეს. რაკი საქართველოს საწვავის ბაზარი არანაირ საერთაშორისო ლოგიკას არ ემორჩილება (ვერც დაემორჩილება, რადგან, მაშინ, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა კრიზისშია, საქართველოში აღმშენებლობა თვით 31 დეკემბერსაც კი არ შეწყვეტილა!), საწვავზე ფასი აგერ უკვე ორი კვირაა 10-იოდე თეთრით გაძვირდა. მესაწვავეებმა აქეთ დაგვამუნათეს: მოსახლეობას ახალი წლის დღეები არ ჩავამწარეთ და მხოლოდ ახლა გავზარდეთ საწვავზე ფასიო (ანუ ახლა ამოვადენთ ძმრადო). ცნობილია, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საქართველოში საწვავის ფასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს გავლენას, როდესაც ფასი იზრდება და არავითარ შემთხვევაში პირიქით (მიზეზად ის სახელდება, რომ საწვავის ტრანსპორტირებას დიდი დრო სჭირდება, ამასობაში კი ფასები იზრდებაო). თუმცა ამჯერად გაძვირების მიზეზად ქართველმა მესაწვავეებმა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ვარდნა დაასახელეს და, რა თქმა უნდა, ის აღარ გახსენებიათ, რომ ლართან მიმართებაში აშშ დოლარის კურსის ვარდნისას საწვავი არასდროს გაუიაფებიათ. არც გააიაფებდნენ, რადგან აძვირებენ და გასდით. მეტიც, სულ ახლახან მესაწვავეებმა კონკურსიც კი ჩაატარეს – ბიუჯეტში ყველაზე მეტი გადასახადის შემტან მესაწვავეთა გამოსავლენად. ხოლო, რაკი ბიუჯეტში (და, როგორც ამბობენ, არა მხოლოდ ბიუჯეტში) სწორედ საწვავზე არაადეკვატური ფასის გამო შეაქვთ მსხვილ-მსხვილი ფულები, ლოგიკურია, რომ გასდით. საწვავის გაძვირებას ბ-ნი ნოღაიდელის „სამართლიანი საქართველოც“ გამოეხმაურა: ფასები სახელმწიფოს ჩარევის გამო იზრდებაო. ბუნებრივია, ორგზის ფინანსთა მინისტრსა და ერთგზის „ნაციონალურ“ პრემიერ-მინისტრს ტყუილიც დაეჯერება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ქვეყანაში საწვავის ფასები ბ-ნი ნოღაიდელის თანამდებობებზე ყოფნის დროსაც ამავე მდგომარეობაში იყო, იქნებ ისიც გაემხილა, თვითონ რამდენი ხვდებოდა?!