მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ანანასი?
პასუხი: ამ მცენარეს განათება მთელი წლის განმავლობაში სჭირდება, რადგან მას დასვენების პერიოდი არ აქვს. ანანასი სითბოს მოყვარული მცენარეა და ზამთარში მისთვის მინიმალური ტემპერატურაა 16 გრადუსი. ეს მცენარე მუდმივად იზრდება, ამიტომ ზაფხულობით ხშირად მორწყეთ, მიწა ზამთარშიც ტენიანი უნდა იყოს. რაც უფრო მშრალია ზამთარი, ანანასს მით მეტი ტენი სჭირდება. მისთვის საუკეთესო პირობებია: სითბო, კარგი განათება, ნორმალური ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე, ბრომელიებისთვის განკუთვნილი მიწა. ოთახის პირობებში ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე თვე სჭირდება, თანაც, ვერც საკმარისად იზრდება და საკვებადაც უვარგისია. მისთვის საუკეთესო ადგილი ზამთრის ბაღია.
კითხვა: რას მირჩევთ, ბინაში როგორი დიზაინით განვალაგო მცენარეები, რომ უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური იყოს?
პასუხი: ბინაში საგნების გამეორება სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას ბადებს. თუ ერთნაირ მცენარეებს ერთნაირ ქოთანში მოათავსებთ და საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილას ჩაამწკრივებთ, მშვენიერ შედეგსაც მიიღებთ და არც მცენარეების მოვლა გაგიჭირდებათ. გამოკვეთილი ფორმის მცენარეებს უბრალო ქოთნები მოუხდება. რაც უფრო ბევრჯერ გაიმეორებთ ელემენტს, ეფექტი მით უფრო შთამბეჭდავი იქნება.
კითხვა: ბინაში მაქვს ყოჩივარდა, ვატყობ, რომ ლპობას იწყებს. რა არის ამის მიზეზი და რით შეიძლება, რომ დავეხმარო?
პასუხი: თქვენ, ალბათ, ზამთრის განმავლობაში ბევრი წყალი დაასხით. ეს მცენარე მანამ არ უნდა მორწყათ, სანამ ფოთლები ცოტათი არ მოიწყენს. ბევრი წყლის გარდა, ლპობის გამომწვევი მიზეზი არის დამჭკნარი ყვავილები და გაყვითლებული ფოთლები. როგორც კი ამას მცენარეზე შეამჩნევთ, მაშინვე ყუნწიანად მოაცილეთ, რათა თავიდან ააცილოთ ლპობა.
კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, შევიძინო და გავახარო ეუფორბია, მაგრამ არ ვიცი მისთვის სასურველი მოვლის პირობები, იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვუარო ამ მცენარეს?
პასუხი: ზამთრის სეზონზე ის ყველაზე მზიან ადგილას უნდა დადგათ. მთელი წლის განმავლობაში ძალიან უყვარს განათება. ზაფხულობით იშვიათად მორწყეთ, მისი ნიადაგი მორწყვიდან მორწყვამდე ცოტათი უნდა გამოაშროთ, ხოლო ზამთარში იმ შემთხვევაში დაასხით წყალი, როდესაც მიწა საკმაოდ გამოშრება. ზაფხულობით თვეში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. აუცილებლად მოერიდეთ მის თეთრ წვენს, რომელმაც, შეიძლება, თქვენი კანი დააზიანოს. მისი გახარება სასურველია, ზამთრის ბაღში. ეს მცენარე სიცხესაც კარგად იტანს. მისთვის ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი 10 გრადუსია.