ვის გაკეთებულ მასაჟზე ეძინება ნინი სუხიტაშვილს და რატომ გადაპარსა მას ძმამ თმა ბოლომდე
16 წლის ნინი სუხიტაშვილი საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ყოველთვის უვლის თმას, სახის კანს, იკეთებს ნიღბებს და ამ მხრივ საკმაოდ ბევრი რჩევაც აქვს.
ნინი სუხიტაშვილი: სანამ „ჯეოსტარში“ შევიდოდი, მანამდე საერთოდ არ ვხმარობდი დეკორატიულ კოსმეტიკას, თორემ თავის მოვლის საშუალებებს დიდი ხანია ვიყენებ. გოგონა რომ ვარ, ეს ინსტინქტი უფრო ნელ-ნელა მიჩნდება. ვცდილობ, გავიპრანჭო, ფორმაში ვიყო. ისე, უკვე რამდენიმე წელია, დავდივარ ჩემს კოსმეტოლოგთან – რა მდგომარეობაშიც მაქვს სახის კანი, იმის მიხედვით მინიშნავს გამწმენდ კრემებს. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ სწორ კვებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და თავის მოვლის ნებისმიერ საშუალებას აღემატება.
– რით იკვებები?
– სულ ნატურალური პროდუქტებით ვიკვებები: მაწონი, ხაჭო, რძე, ხილი, ბოსტნეული, ცომეულს არ ვეკარები, ხორცეულს, ცხიმიან კერძებსაც იშვიათად ვჭამ. ყოველთვის ვაკონტროლებ ჭამას. ყველას ვეუბნები, არ შეჭამოთ მზა პროდუქტები-მეთქი. გიორგი დამცინის სოფლის უკანასკნელი არისტოკრატი ხარო.
– თმაზე ჩაგიტარებია ექსპერიმენტები?
– მიყვარს ექსპერიმენტები, ვიჭრიდი თმას მოკლედ, მერე ისევ ვიზრდიდი, სულ ამ დღეში ვიყავი. ამას წინათ თმა სულ გადავიპარსე, არ მომწონდა ხარისხი და უფრო კარგი ამომივიდა. სახლში ვიყავი, თავში დამარტყა და ისეთი გაკრეჭილი დავხვდი გიორგის – ჩემს ძმას, რომ ადგა და სულ გადამპარსა. მამა, რადგან საქართველოში არ არის, ვერ დამიშლიდა, დედა შეეგუა, რადგან, როდესაც რაღაცას ამოვიჩემებ, ისეთი ჯიუტი ვარ, მაინც ჩემსას გავიტან. ბუნებრივი საშუალებებითაც ვიღებავდი, მაგრამ მაშინვე გადამდიოდა.
– ნიღბებსაც იკეთებ?
– კი, ყველაფერს ვიკეთებ, თავს ძალიან ვუვლი. თმას ხშირად ვიბან გვირილის ნაყენით, კვერცხის გულს ვიზელ, სახეზეც სულ ვიკეთებ ნიღბებს. ჩამოწერილი მაქვს მათი მომზადების წესი. იმისდა მიხედვით, როგორ მდგომარეობაშიც მაქვს სახე, ვამზადებ ნიღაბს და ვიკეთებ.
– „ჯეოსტარამდე“ განსხვავებული ჩაცმის სტილიც გქონდა.
– კი, შარვლით, კედებით, „კაპიშონებით“ დავდიოდი, მაგრამ მომიწია სტილის შეცვლა. ადრე ვერავინ მცნობდა, ახლა უკვე მცნობენ და გაჩეჩილი ვეღარ ვივლი ქუჩაში. პირველად, ქუსლიანი ფეხსაცმელი რომ ჩამაცვეს, ერთი კვირა ვრეპეტიციობდი – სახლში ხან სად წავიჩეხებოდი, ხან კიდევ სად, სულ ვიქცეოდი. ბოლოს იმ შედეგს მივაღწიე, რომ გავიარე. საკუთარ თავს რომ შევხედე, ძალიან მომეწონა. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, მომიხდა.
– მაკიაჟიც იქ გაგიკეთეს პირველად?
– კი და მე საერთოდ არ ვერეოდი, როგორც უნდოდათ, რაც უნდოდათ, იმას მიკეთებდნენ, ძალიან მომწონდა. თმა ისედაც მოკლე მქონდა, უბრალოდ სტილი შემიცვალეს. ახლა ხანდახან, როცა მჭირდება, ჩემი ხელითაც ვიკეთებ მაკიაჟს. სხვათა შორის, ადრე, ვიკეთებდი მაკიაჟს და ვიღაც ბიჭებს ვეპრანჭებოდი. მაშინ რომ გენახეთ, შეიძლება გაგიჟებულიყავით, რას ვგავდი. მაგრამ, მე იმ დროს ჩემი თავი ულამაზესი მეგონა. დედაჩემის პომადებს, „ტენებს“ ვისვამდი, გამონათებები მქონდა, ამით ბიჭებს ვაწონებდი თავს. არადა, მგონი, მარტო მე მომწონდა ჩემი თავი. დედა, რომ მეუბნებოდა რას გავხარო, ვფიქრობდი, ნეტავ, შენ რა იცი-მეთქი. ჩემი ჭკუით ვქალობდი. მერე მივხვდი, რომ თუ ბიჭს მოსწონხარ, მაკიაჟის გარეშეც მოეწონები და რაღაცეების წასმა აღარ არის საჭირო. ახლა ორსაათ-ნახევარი მჭირდება ტონალურის, ტუჩის საცხისა და ტუშის წასმაზე. თუ კონცერტი მაქვს, მერე ვინმეს დავიხმარ ხოლმე.
– ვარჯიშობ კიდეც?
– ადრე სულ ფორმაში ვიყავი, სტადიონზე დავრბოდი და აერობიკის ვარჯიშებს ვაკეთებდი. ახლა ძალიან ბევრი სასწავლი მაქვს და ღამეც ვერ ვიძინებ. სულ ვსწავლობ, მაგრამ მაინც უნდა დავიწყო ვარჯიში.
– დუშ-გელები, ბოდი-ლოსიონები გიყვარს?
– კი მიყვარს, თუმცა უფრო დიდ უპირატესობას ტანის დეზოდორანტებს ვანიჭებ. სასტიკად არ მიყვარს, როდესაც სუნამოს ტკბილი სურნელი აქვს, უფრო ისეთი სურნელი მოწმონს, რომელიც მამაკაცის სუნამოს ჰგავს.
– იკეთებ მასაჟებს?
– კი, ძალიან მიყვარს. ვგიჟდები მასაჟებზე. რომ დავწვები მასაჟის გასაკეთებლად, მაშინვე მეძინება და იქიდან ადგომა აღარ მინდა. მასაჟი ძალიან კარგი განტვირთვის საშუალებაა, სხეულისთვის, ბეჭებისთვის, კისრისთვის. მასაჟისტი მყავს და ის მიკეთებს.
– შენც იცი მასაჟის გაკეთება?
– ჩემს ძმებს ვუკეთებ ხოლმე, ისიც თუ ძალიან ჩამაცივდებიან. ვიცი, რომ ცუდად ვაკეთებ, მაგრამ მაინც მეუბნებიან, კარგია, კარგიაო.
– როგორ რეაგირებ ხოლმე კომპლიმენტზე?
– მსიამოვნებს კომპლიმენტები, მაგრამ, როდესაც ბიჭს ეს საუბარი სხვა მიზნისკენ მიჰყავს, იმ დროს ცუდად ვხდები, მაშინვე ვფეთქდები ხოლმე.
– როგორ ფიქრობ, ბიჭიც უნდა უვლიდეს თავს?
– ჩემს ოჯახში ყველა კაცი უვლის თავს. მამაჩემი „ნარცისია“, საკუთარ თავს არის გადაყოლილი. ჩემი ძმებიც ძალიან უვლიან თავს. არ მომეწონება ისეთი ბიჭი, რომელიც დასაბანი თავით, მოუწესრიგებელი გადის სახლიდან. მიყვარს, როდესაც ბიჭს კარგი სუნამო ასხია, მოწესრიგებული და წვერგაპარსულია, თითებზე უფერო ლაქი უსვია. ლევანი სოლარიუმში დადის და სულ დავცინი. მგონი, სოლარიუმში სიარული, უკვე ნამეტანია. თორემ მასაჟი, სახის მოვლა, ეს აუცილებელი და ჩვეულებრივი ამბავია.
რჩევა: ყველას ვურჩევ, თავს მოუაროს – მოწესრიგებულები იყვნენ, ჯანსაღად იკვებონ, ინდივიდუალიზმი შეინარჩუნონ, ბუნებრივები იყვნენ და ვინმესთვის თავის მოწონების მიზნით ზედმეტად არ გაიპრანჭონ.