როდის არ შეიძლება კლივიას მორწყვა და როგორ უნდა ჩარგათ ამაზონიის ნარცისის ბოლქვი
– როგორ მოვუაროთ კლივიას ზაფხულში?.
– ზაფხულში ამ მცენარეს უყვარს კარგი განათება, ოღონდ, უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. მას არ სჭირდება ფოთლებზე წყლის დასხმა. ზომიერად მორწყეთ და მორწყვიდან მეორე მორწყვამდე მიწის კომი ცოტათი გამოაშრეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ მცენარის ლამბაქზე წყლის დატოვება. ორ კვირაში ერთხელ შენაცვლებით მიაწოდეთ ორგანული და მინერალური სასუქი. ეს დაეხმარება მცენარეს ზრდასა და განვითარებაში.
– რა დაემართება მცენარეს არასაკმარისი განათების შემთხვევაში?
– ასეთ დროს კლივია შემდეგ წელს აღარ იყვავილებს და ძალიან ნელა გაიზრდება. ნორმალური ყვავილობისთვის ის სექტემბერ-ოქტომბერში უნდა დაასვენოთ. რაც უფრო დიდი ზომისაა კლივია, მით მეტი დრო სჭირდება დასასვენებლად.
– რაში მდგომარეობს კლივიას დასვენება?
– სექტემბრიდან მორწყვა საერთოდ შეწყვიტეთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, ფოთლების ცვენა არ დაიწყოს. თუ შეამჩნევთ, რომ ფოთლები სცვივა, მსუბუქად მორწყეთ. მცენარე ძნელად ეგუება ფოთლების დაკარგვას და დასვენების რეჟიმში შემდეგ რთულად გადადის. ამიტომ მუდმივად ყურადღების ცენტრში გყავდეთ, განსაკუთრებით ასეთ დროს. ზამთარში დაბალ ტემპერატურაზე – პლუს 10 გრადუსსზე უნდა ამყოფოთ.
– როგორი ნიადაგი მოსწონს კლივიას?
– კლივიას ფოთლები წვნიანი და მსხვილია, მათში ინახება საკვები და წყალი. მოტეხილი ფოთოლი ან ღერო ხშირად სწრაფად ლპება. კლივიას საკვებად და გასამრავლებლად სჭირდება ფხვიერი და ჯანმრთელი ნიადაგი, რომელშიც უნდა შეურიოთ ფოთლის მიწა, ნეშომპალა და ტორფი. ის კარგად ეგუება სხვა ფხვიერ, მცირემჟავიანი შემადგენლობის ნიადაგსაც. კარგია, თუ ასეთ ნიადაგს დაუმატებთ ფოსფორის შემცველ მინერალურ სასუქს.
– რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადაირგას ეს მცენარე?
– კლივიას უჭირავს საშუალო ადგილი ბოლქვოვან და ფესვიან მცენარეებს შორის. მისი ძირები ცუდად რეაგირებს გადარგვაზე, ამიტომ ეს მცენარე ფრთხილად უნდა გადარგათ, რადგან ამ დროს შეიძლება დაზიანდეს ფესვები, რომელზეც ფოთლებია მიმაგრებული. მისი გადარგვა შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ეცადეთ, ფრთხილად მოაცილოთ შვილობილები, ისე, რომ არ დააზიანოთ ძირითადი მცენარე. კლივიას არ უყვარს, როდესაც ხშირად ეხებიან. ახალგაზრდა შვილობილ მცენარეს მინიმუმ ოთხი ფოთოლი უნდა ჰქონდეს განვითარებული, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, გაიტანოთ ის ქვიშისა და ტორფის ნაზავში შემდგომი დაფესვიანებისთვის. გახსოვდეთ, რომ ჭარბი წყალი იწვევს მცენარის ფოთლებისა და ფესვების ლპობას. შეგიძლიათ, კლივია თესლითაც გაამრავლოთ, მაგრამ თესლის მომწიფებას 8-9 თვე სჭირდება, ჩარგვიდან მის შემდგომ აღმოცენებას კი – მინიმუმ ერთი თვე. ამიტომ გირჩევთ, შვილობილი მცენარით გაახაროთ ახალი კლივია.
– შეიძლება, დაავადდეს კლივია?
– ეს მცენარე ავადდება ობობით. როგორც კი შეამჩნევთ, მაშინვე ხელით მოაშორეთ.
– რით განსხვავდება ამაზონიის ნარცისი სხვა მცენარეებისგან?
– ამაზონიის ნარცისი თეთრი ქათქათა ყვავილით გამოირჩევა. ამ მცენარეს არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. თუ კარგ პირობებს შეუქმნით, შეიძლება, რამდენიმე ყვავილიც კი გამოიღოს. ასევე, უნდა ეცადოთ, რომ შეუნარჩუნოთ მას თავისი ლამაზი, ხასხასა მწვანე ფოთლები, რადგან მათი დაკარგვა ნარცისზე ცუდად იმოქმედებს. უფოთლო ბოლქვის ყიდვისასაც კი სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები, რომ მან ზრდა დაიწყოს.
– რა ზომების მიღებაა ამ დროს საჭირო?
– თუ ბოლქვი უფოთლოა, ისე უნდა ჩარგათ, რომ თავი ნიადაგის სიმაღლეზე ჰქონდეს. ეს საშუალებას მოგცემთ, კარგად დააკვირდეთ მცენარის ზრდას. ეცადეთ, ქოთანი განიერი იყოს, რადგან ბოლქვები ამონაყარს იკეთებს და მრავლდება. თუ მას ამისთვის არე არ ექნება, ეს ყვავილობას შეუშლის ხელს. ამავე დროს, გასათვალისწინებელია მცენარის ზომაც. ის 60 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. ამიტომ, სასურველია, თუ შესაფერისი ზომის ქოთანი ექნება. ბოლქვის ჩათესვა შეიძლება ნებისმიერ სიღრმეზე. ყველაზე კარგი დრო ჩარგვისა და ჩათესვისთვის მარტია. დაფესვიანების დასაჩქარებლად, ნიადაგი თბილი უნდა იყოს. გახსოვდეთ, ნესტიან და ცივ მიწაში ბოლქვი, შეიძლება, დალპეს. ამის შემჩნევა კი არც ისე იოლია, რადგან ლპობა ქვემოდან ეწყება. ერთი თვის შემდეგ ბოლქვებიდან გამოჩნდება ფოთლების ამონაყარი, მწვანე ღეროები. ამის მერე საჭიროა, მიაწოდოთ როგორც მინერალური, ასევე ორგანული სასუქი. ეს უნდა მოხდეს რიგრიგობით, ორ კვირაში ერთხელ. ამ მცენარის ნიადაგი მზადდება შემდეგნაირად: ოთხი წილი ფოთლოვანი მიწა, ორი წილი კომპოსტი, ორი წილი მსხვილი სილა და ერთი წილი თიხანარევი მიწა. ამაზონიის ნარცისს უყვარს კარგად აფხვიერებული და წყალგამტარი ნიადაგი.
– როგორ მოვრწყათ ეს ნიადაგი?
– მიწა ძალიან არ გამოაშროთ. ახლა მორწყეთ სამ-ოთხ დღეში ერთხელ. სხვა სეზონებზე შედარებით უფრო ნაკლები სიხშირით დაასხით წყალი. ამ მცენარეს წყლის მიპკურება უყვარს და, შეგიძლიათ, ეს პროცესიც ჩაატაროთ.
– რა ტემპერატურაზე და სად დავდგათ მცენარე?
– ამაზონიის ნარცისს საკმაოდ უყვარს სითბო. უმჯობესია, ტემპერატურა 18 გრადუსზე ქვემოთ არ დასწიოთ. 7-10 გრადუსზე მცენარე იღუპება. მისთვის იდეალური ადგილი დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე ფანჯრებია. თუ ზამთარში ბინაში სითბო ნაკლებია, მაშინ მისთვის მინი სათბური უნდა გააკეთოთ. მცენარე რამდენიმე წელიწადში ერთხელ გადარგეთ და ეცადეთ, ცივ ადგილებში არ გაახაროთ, რადგან მას მაღალი ტემპერატურა მოსწონს.