რა ოცნება აუხდინა ლექსენმა ახალშერთულ უკრაინელ ცოლს თბილისში
მაშინ, როცა უკრაინაში საარჩევნო პერიპეტიები კულმინაციას აღწევდა, ლექსენი უკრაინელების სიძე გახდა. მისი რჩეული 23 წლის ტატიანა ბურლაია. ტატიანა პროფესიით იურისტია, ის კიევის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, თუმცა, შეყვარებულის გამო კიევში სამსახურიც დატოვა, მშობლებიც და თბილისელ რეპერს დაუკავშირა ცხოვრება. მათ ერთმანეთი კიევის ერთ ქუჩაზე გაიცნეს. ამ შეხვედრას ლექსო ბედისწერას უკავშირებს და ძალიან მომხიბვლელ ტატიანას დიდ სიყვარულს ყოველდღე ორიგინალურად უხსნის.
– ლექსო გილოცავთ დაოჯახებას! როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი, სად გაიცანი მომავალი მეუღლე?
– ტატიანა ორი წლის წინ გავიცანი კიევში. მაშინ უკრაინაში ხშირად მიწევდა წასვლა სხვადასხვა საქმეზე, ჩემს იქაურ კოლეგებთან ერთად ერთობლივ პროექტზე ვმუშაობდი. ეს პროექტი ვერ შედგა, მაგრამ, სამაგიეროდ შედგა ჩემი და ტატიანას პროექტი. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოხდა, თორემ ახლა, ალბათ, სავიზო რეჟიმი გართულდება და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კი არა, საქმეზე გამიჭირდებოდა იქ ჩასვლა, მე და ტატიანამ აშკარად მოვასწარით... (იცინის). ჩვენი შეხვედრა იყო ნამდვილი ბედისწერა, ტატიანა პირველად დავინახე ქუჩაზე, რომელზეც იყო ინსტიტუტი, სადაც ის სწავლობდა და საპროდიუსერო ცენტრიც, სადაც მე დავდიოდი საქმეებზე.
– კიევის ქუჩებში ბევრ ლამაზ უკრაინელ გოგონას ნახავდი, მაინცდამაინც ტატიანა რატომ ამოირჩიე?
– ჩემდა ბედად, იმ სტუდიაში ბევრჯერ მომიწია მისვლა, ხან დისკები მივიტანე, ხან დირექტორი არ დამხვდა. საპროდიუსერო ცენტრთან ბევრი ახალგაზრდა გოგო იყო ხოლმე შეკრებილი, თავიდანვე შევნიშნე ტატიანა, რამდენიმე დღეში ქართულად, ჯიგიტივით „მივაჭერი“ მასთან და გავეცანი.
– ტატიანა, რა იფიქრეთ თავიდან ლექსოზე?
– მეც მომეწონა ლექსო, სიმპათიური, ლამაზი ბიჭია. უკრაინელი ბიჭები ძალიან მორიდებულები არიან, ლექსო კი ძალიან თამამად მოვიდა ჩემთან და ეს ძალიან მომეწონა. მკითხა – სად სწავლობო. მე ვუთხარი, იურისტი ვარ-მეთქი. სამი-ოთხი შეხვედრის მერე ტელეფონის ნომერი მთხოვა, მერე კაფეში დამპატიჟა. მოგვიანებით მითხრა, რომ მომღერალი იყო, მაგრამ ჩვენთან იმდენი ლამაზი მომღერალია, ამის გამო ყურადღების მიქცევა არ ღირდა. როცა მითხრა, რომ ქართველი იყო, ცოტა შევშინდი, რადგან იქ ზოგიერთი ქართველი უკრაინელ გოგონებთან საკმაოდ ცუდად იქცევა, თუმცა, რაც ჩამოვედი ძალიან გაოცებული ვარ – აქ ქართველები ძალიან კარგები არიან.
ლექსო: უკრაინაში ბევრ გოგოს ვიცნობდი, რომლებიც პირიქით, აქეთ გადმოდიოდნენ „შეტევაზე.“ ტატიანა იმითაც მომეწონა, რომ თავს კარგად იჭერდა, ხშირად მაწვალებდა კიდეც, არ მხვდებოდა, ან, მეუბნებოდა, რომ ბევრი დრო არ ჰქონდა ჩემთვის. ქართულ ხრიკებს მეც კი ვუწყობდი, მაგრამ, მერე ორივე მივხვდით, რომ ჩვენი სიყვარული ამ გამოცდებს უძლებდა. როცა თბილისში მოვდიოდი, ტელეფონით ვკონტაქტობდით, მერე ვეღარ ვძლებდი ხოლმე მის გარეშე დიდხანს, საქმეებს ვაბრალებდი, მაგრამ, სინამდვილეში, ტატიანას გამო დავრბოდი კიევში. (იცინის). ქალი მაინც უმართავი არსებაა და არ იცი, როდის გადაუტრიალდება „შარიკი“ თავში, უცებ შეიძლება გაიცნოს ვინმე და ცოლად გაჰყვეს. მე თვითონ მივეცი ტატიანას დრო, რომ თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულიყო და არჩევნის საშუალება ჰქონოდა.
– შენ თავად როგორ მიხვდი, რომ ტატიანა სწორედ ის ქალი იყო, რომელიც ცოლად უნდა შეგერთო?
– სხვათა შორის, გაცნობიდან საკმაოდ მალე, მისი აზრები, ინტერესები და ცხოვრების წესი ჩემთვის ძალიან მისაღები აღმოჩნდა. ტატიანა ძალიან ტრადიციულ ოჯახშია დაბადებული, იმდენად ტრადიციების დამცველი მშობლები ჰყავს, რომ მათთან ხელის სათხოვნელადაც კი მივედი (იცინის).
– იოლად გამოგატანეს?
– დასაწუნი რა მჭირდა?
– რეპერის ფონზე ძალიან ტრადიციული ხარ... არ გინდოდა, რომ ქართველი ცოლი გყოლოდა? ალბათ ბევრს კი დაწყვიტე გული..
– როცა იცავ კარგ ტრადიციებს, ეს, მე მგონი, ცუდი არაა. რატომღაც, ისე მოხდა, რომ ქართველ გოგონასთან ვერ ამეწყო ურთიერთობა. იმის მერე დიდი დრო გავიდა და მე თვითონაც კი არ მჯეროდა, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამდი. საკმაოდ ბევრი გატაცება მქონდა, მაგრამ ყველაფერი დასრულდა. ჩემი ბედი ყოფილა ტატიანასთან შეხვედრა, ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში, სულ ვამბობდი ხოლმე, თუ ბედია, ეს ურთიერთობა გამოვა-მეთქი და, მართლაც, გამოვიდა.
– ტატიანა, კიევში რას საქმიანობდით?
– მე ვმუშაობდი იურიდიულ ფირმაში ადვოკატის თანაშემწედ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ალბათ, მოვა დრო, როცა ჩემი პროფილით საქმიანობას აქაც გავაგრძელებ.
– ლექსოს გამო მიატოვეთ ყველაფერი – საქმე, ოჯახი, მეგობრები. ხომ არ მოიწყენთ თბილისში?
– არა, არ მოვიწყენ. როცა ადამიანი გიყვარს, მის გამო მსხვერპლზეც წახვალ. დედაქალაქებში ყოველთვის მოიძებნება გასართობი. ჩემი მშობლები არ ელოდნენ, რომ სხვა ქვეყანაში გავთხოვდებოდი, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ. მე თუ კარგად ვიქნები, ისინიც კარგად იქნებიან.
– საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით?
– ლექსო უფრო ხშირად ჩამოდიოდა კიევში, მე ვერ ვახერხებდი აქეთ ჩამოსვლას. თბილისში წელს ზაფხულში ჩამოვედი პირველად, ბათუმიც დავათვალიერე. თბილისი პატარა, მაგრამ ლამაზი ქალაქია, აქ ბევრი სიარული არ გჭირდება, ყველგან უცბად მიხვალ. ისე მომეწონა აქაურობა, რომ შემოდგომაზე კიდევ ორჯერ ჩამოვედი, ახლა უკვე ჩამოვედი და ჩამოვედი (იცინის).
ლექსო: ჩემოდნით დამადგა თავზე (იცინის). ჯერ მე ჩავედი, დაველაპარაკე მის მშობლებს. კიდევ ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ მერე ტატიანამ მითხრა: რატომ უნდა იწვალო, ან ზედმეტი ხარჯი რატომ უნდა გასწიო, მე თვითონ ჩამოვალო. მეც აქ რაღაც-რაღაცეები მქონდა მოსაგვარებელი. ტატიანას ხასიათში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა და ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, უფრო მეტიც – სულ უფრთხილდება ჩემს ფინანსებს: როცა მაღაზიაში შევდივართ და რაიმეს ყიდვა მინდა მისთვის, მეუბნება: ეს არ გინდა, ძვირია. ტატიანა არაა მომთხოვნი, არ მთხოვს კოშკების აშენებას, პარიზში წაყვანას, თუმცა, ერთი მოგზაურობა ნამდვილად დაიმსახურა (იცინის). თბილისშიც, რესტორნებში სიარულს მეგობრებთან ერთად ყოფნა ან სახლში ჯდომა ურჩევნია. მარტოები ვცხოვრობთ და ოჯახში იდილია გვაქვს (იცინის).
– როგორც ვიცი, ქორწილიც საკმაოდ მოკრძალებული გქონდათ.
ლექსო: ძალიან უნდოდა, რომ თეთრი კაბა ჩაეცვა და ეს ოცნება აისრულა. ჯვარი დავიწერეთ ჯვრის მონასტერში, ძალიან ცოტა სტუმარი გვყავდა: ტატიანას მშობლები ჩამოვიდნენ უკრაინიდან, ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ და რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი. ტატიანა უკვე ისე კარგად ერკვევა თბილისში, რომ გიდის ფუნქციებს მე აღარ ვასრულებდი მის სტუმრებთან.
– ტატიანა, ქართველ მამაკაცებს ცოტა მძიმე ხასიათი აქვთ, იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ბევრი სადილის კეთება და რეცხვა მოგიწევთ, რთული ხომ არ იქნება ასეთი ცხოვრება თქვენთვის?
ტატიანა: მე მომწონს, როცა მამაკაცს მკაცრი ხასიათი აქვს. როცა კიევში ქუჩებში დავდიოდით, მგელივით იყურებოდა ხოლმე აქეთ-იქით. სულ ვეუბნებოდი, რომ მშვიდად ყოფილიყო.
ლექსო: კრიმინოგენური სიტუაცია არ მაძლევდა მშვიდად ყოფნის საშუალებას, მაგრამ, მე, როგორც ყოფილ მოკრივეს, კიევში იმდენი კარატისტი მეგობარი მყავს, რომ გადავჭამდით ყველას, ჩვენთვის რომ პრობლემა შეექმნა ვინმეს. კიევში ჩატარდა „ბრძოლა წესების გარეშე“, სადაც ქართველებმა დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეც მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ფიზიკურად არ ვიყავი მომზადებული.
ტატიანა: ლექსოს გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, ვიცი, რომ მასთან მშვიდად ვიქნები. სიურპრიზებიც გამოსდის – მეტყვის, ცოტა ხნით გავალო და ულამაზესი თაიგულით ბრუნდება. რაც შეეხება ქართულ საჭმელებს, ქართველებს ძალიან გიყვართ ხორცი, მეც როგორმე ვისწავლი ხაჭაპურისა და ხინკლის გაკეთებას, მანამდე კი ჩვენებურ საჭმელებს ვაკეთებ.
– ლექსო, გამოდის, რომ უკრაინული ბორშჩი უკვე ყელში გაქვს ამოსული.
ლექსო: ასეც არაა საქმე, ტატიანამ სალათების გაკეთებაც იცის, ქართული საჭმელების გაკეთებაში მე დავეხმარები და დავაოსტატებ. მე სულ არ ვაპირებ, რომ ჩემი ცოლი სახლში გამოვკეტო და საქმეები ვაკეთებინო. რატომ უქმნით ასეთ ცუდ წარმოდგენას ქართველ კაცებზე? (იცინის). რა მნიშვნელობა აქვს, სარეცხის მანქანას „კნოპკას“ რომელი მივაჭერთ ხელს? ბოლოს და ბოლოს, მორიგეობას დავაწესებთ (იცინის).
– მეუღლეს სიმღერა თუ მიუძღვენი?
– კლიპი გადავიღე და ეს კლიპი მთლიანად მას ეძღვნება. კლიპების დიზაინი ჩავაბარე ტატიანას, ძალიან მეხმარება ამ მხრივ. მას მაშინ ვუმღერი, როცა მთვრალი ვარ (იცინის).
– შვილების რაოდენობაზე შეთანხმდით?
– შევთანხმდით იმაზე, რომ გოგოს ეს დაარქმევს სახელს, ბიჭს – მე. ეს შეთანხმება ჩვენ შორის ნამდვილად შედგა.
– ბოლო პერიოდში მართალია, „დაიკარგე“, თუმცა, ხმები გავრცელდა, რომ არჩევნებში აპირებ მონაწილეობის მიღებას.
– არა, ეს ჭორია. პოლიტიკა არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესების სფერო, მე ჩემი სფერო მაქვს სამუშაოდ, თუმცა, თუ ჩემს ქვეყანას ამის გარდა კიდევ რამეში გამოვადგები, უკან არაფერში დავიხევ. რაც შეეხება ჩემს დაკარგვას, არ ვფიქრობ, რომ დავიკარგე. მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა დროა. ახლა ორი კლიპი გადავიღე, რომელიც უკვე დატრიალდა. შოუ-ბიზნესში ძალიან ცუდი სიტუაციია, ამის გამო გავაკეთე გადაცემა „პირველ სტერეოზე“ და, მინდა, რომ ქართული ჰიტები გავაცოცხლო. კიდევ ბევრი გეგმა მაქვს და, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მით უფრო, რომ ტატიანაც მედგება გვერდში, რაც მეტ სტიმულს მომცემს... (იცინის).