რატომ ჰყავს სამი დედა სოფო ბედიას შვილს და რატომ უნგრევენ მას სიყვარულით შექმნილ ოჯახს
მართალია, სოფო ბედია „ჯეოსტარი 2010“ ვერ გახდა, მაგრამ, როგორც მისივე საუბრიდან შევიტყვეთ, ის ამას არ ნანობს. მან ამ პროექტის წყალობით საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა, უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი შეიძინა. მას საკუთარი საქმეც აქვს, საყვარელი ადამიანიც გვერდით უდგას და, რომ იტყვიან, საწუწუნოც არაფერი აქვს. სოფო ძალიან გულახდილი და თბილი ადამიანია, თუმცა არის შემთხვევები, როცა მეგრული ხასიათის გამომჟღავნებაც უწევს.
სოფო ბედია: ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. მიყვარს ურთიერთობა ხალხთან, მაგრამ მუდო ადამიანს ვერანაირად ვერ გავუგებ, რადგან თავად ბუნებით ხალისიანი, ოპტიმისტი და სიცოცხლით სავსე ვარ. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მიყვარს. მათთან ურთიერთობა მიიოლდება. უკვირთ ხოლმე, როგორ შეიძლება, ყველას გაუგო და ყველასთან კარგი ურთიერთობა გქონდესო. მე ეს გამომდის.
– სოფო, შენი ახლობლები ამბობენ, თუ გაჯიუტდა, მტრისასო. მართლა ასეთი ხარ?
– მართლა ძალიან ჯიუტი ადამიანი ვარ. ამოჩემება ვიცი. არ გადავუხვევ ჩემს აზრს და რქებით ვაწვები ხოლმე ჩემს პირველ ჩვენებას (იცინის). ხარის წელში ვარ დაბადებული და ხანდახან რქიანი ვარ. თუმცა მეუღლესთან ურთიერთობაში დათმობებზე მივდივარ და რქებსაც ვიტეხ. ყოველ შემთხვევაში, სულ ვცდილობ ცოლქმრულ ურთიერთობებში სიჯიუტე დავიოკო. ჩემი აზრით, ოჯახში მამაკაცია მთავარი და მისი სიტყვა უნდა იყოს გადამწყვეტი.
– არ მეთანხმები, რომ ქალი მაინც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ოჯახში და თუ მოინდომებს, ტკბილი სიტყვით ნებისმიერ მამაკაცს დაიყოლიებს?
– ამაშიც გეთანხმებით, მაგრამ როგორც დიასახლისი, დედა და უბრალოდ, ქალი, პირველ ადგილას უნდა იდგე ოჯახში. მაგრამ, თუ ჯიუტობაში გინდა პირველობა, არაფერი გამოუვა ქალს. ჩემი აზრით, ოჯახურ ურთიერთობებში ქალი არ უნდა იყოს ჯიუტი, უნდა მიდიოდეს დათმობაზე და ქმრის სიტყვასაც ითვალისწინებდეს. მეც ასეთი ვარ. ყოველთვის მიზანსწრაფული ვიყავი, რქებით ვაწვებოდი ცხოვრებას, ვიბრძოდი, საუკეთესო ვყოფილიყავი და დღესაც ასეთი ვარ. მინდა გითხრათ რომ, იოლად არაფერი მოდის ჩემს ცხოვრებაში. თუ დიდი შრომა არ ჩავდე და არ ვიბრძოლე, კარიერა იქნება თუ პირადი ცხოვრება, ისე არაფერი გამოვა. ვიცი, რომ იმ საქმეს, რომელსაც ხელს მოვკიდებ, აუცილებლად გამომივა და წარმატებას მივაღწევ. ყოველთვის ჟანა დარკი ვარ. (იცინის) დღეს ჩემი სიმღერით ბევრი ვთქვი და კიდევ ბევრი სათქმელი დამრჩა. ამ საქმეში ჟანა დარკივით ბევრი ბრძოლა, შრომა და ნებისყოფის გამოვლენა მიწევს და მეც არ ვიხევ ხოლმე უკან.
– რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის საყვარელი მამაკაცის მხარდაჭერა და გჭირდება თუ არა მისი სტიმული, როგორც პირად, ისე კარიერულ წინსვლაში?
– ჩემი მეუღლე ჩემთვის ყველაფრის სტიმულია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ის შემახვედრა. მთავარი ჩემი საზრუნავი და ცხოვრების მთავარი სტიმული ჩემი ოჯახი, საყვარელი მეუღლე და პატარა ნიკოლოზია. ხან მეუღლე მითმობს, ხან მე და ვცდილობთ, ერთმანეთს დავუდგეთ მხარში. მიშიკო ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარულია და ნამდვილად გამიმართლა. როცა მიყვარს, ძალიან ვიცვლები, მისთვის ვლამაზდები, ვკოხტავდები, ყველაფერი მიხარია; ვცდილობ, ვასიამოვნო საყვარელ ადამიანს და ის ერთადერთი ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. ახლა როცა ოჯახი შევქმენი და შვილიც მყავს, სიყვარული გაღრმავდა. ორმაგად ბედნიერი ვარ. მე შეყვარებული ვარ და დამიჯერეთ, შეყვარებული ადამიანი სულ სხვანაირად, უფრო გულით და ემოციით მღერის. საერთოდ არ ვარ დეპრესიული ადამიანი. იშვიათად ვვარდები დეპრესიაში და მახსოვს, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. იმ დროს გვერდით მედგნენ საყვარელი ადამიანები და მათ გადამატანინეს დეპრესიის შემოტევა. ჩემი დეპრესია მხოლოდ საათების და წუთების განმავლობაში გრძელდება. ჩემი თავის კარგი ფსიქოლოგი ვარ და ვიცი, რასაც აღარაფერი ეშველება და რასაც ვეღარ შევცვლი ამაზე არ უნდა ვიდარდო ავადმყოფურად. ახლობლები მეუბნებიან, ძლიერი ბუნების ადამიანი ხარო. რომ დავდგე და გოდებას მოვყვე, ვაიმე, რა მეშველება და რაღა ვქნა-მეთქი, ამით რას უშველი იმას, რაც უკვე მოხდა?
– მეგრელი ქალების გაბრაზება, ცოტა არ იყოს, საშიშია. როდის იწყებს სოფო ბედია კაპასობას?
– (იცინის). სიტყვა კაპასი არ მიყვარს. ვიტყოდი, რომ მეგრელი ქალები კაპასები კი არა, ცოტა ენამწარეები არიან. ძალიან უნდა გამოვიდე მდგომარეობიდან, რომ ჩემი ენამწარეობა და სიკაპასე გამოვაჩინო. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ თუ მოხდა, ისეთ მწარეს გეტყვი, მტრისას და ამას არც ვინანებ, რადგან მიმაჩნია, რომ მე არ ვტყუი და უბრალოდ სიტყვებს არ ვისვრი. თუ შემეშლება და აღელვების და აღშფოთების გამო ზედმეტი მომივიდა, არც ბოდიშის მოხდა გამიჭირდება. ისე, ხშირ შემთხვევაში, სწორად ვიქცევი (იცინის) და შესაბამისად, არც ბოდიშის მოხდა მიწევს. ასე რომ, მეგრული ხასიათი სიკაპასეში სწორად მადგება. ზოგადად, არ ვარ ჩხუბის მოყვარული. მშვიდ გარემოში ცხოვრება მიყვარს.
– ეთანხმები იმ აზრს, რომ ამბობენ, წარმატებული მაშინ არის ადამიანი, თუ პირადი ცხოვრება და კარიერა აწყობილი აქვსო? თავად თუ მიგაჩნია თავი წარმატებულ ადამიანად?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, კარიერაშიც მივაღწიე წარმატებებს და ხალხის სიყვარულსაც ვგრძნობ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ზოგს ჰგონია, რადგან „ჯეოსტარის“ პროექტი დავტოვე, დავითრგუნე და საკუთარ თავში ჩავიკეტე, ეს ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, ამ პროექტმა ბევრი მომცა. გადავწყვიტე ის 500 ლარი, რომლითაც დამაჯილდოვეს, შოპინგებზე დამეხარჯა და ცუდი განწყობა ასე გამენეიტრალებინა. დამიჯერეთ, ქუჩაში უცნობები მაჩერებდნენ, მკოცნიდნენ ყელში, ხელებზე. უბედნიერესი ვიყავი. მაღაზიაში თავის ფასში მაძლევდნენ ტანსაცმელს, ძვირადღირებულ პალტოს მჩუქნიდნენ, მაგრამ გადავირიე და არ გამოვართვი. ბოლოს და ბოლოს, ის მათი ბიზნესია და ხომ არ დავაზარალებდი?! დამიჯერეთ, უდიდესი სითბო და სიყვარული მივიღე. ახლა კი იმდენად ვარ გადართული კარიერულ წინსვლაზე, იმდენად მიწყობს ხელს ამაში ჩემი მეუღლე, რომ ხანდახან არც იმას განვიცდი, საკუთარი ბინა რომ არ მაქვს და ქირით ვცხოვრობ. იმედი მაქვს, შრომის შედეგად ამასაც მივაღწევთ და საკუთარ პატარა ბინასაც შევიძენთ. დღეს უკმაყოფილო არაფრით არ ვარ. როგორიც ვარ, ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ. დედა და ბებია ძალიან მეხმარებიან პატარის გაზრდაში. ვხუმრობ ხოლმე, ჩემს შვილს სამი დედა ჰყავს-მეთქი. ყველანაირად მიწყობენ ხელს ახლობელი ადამიანები, რომ კარიერაში წარმატებებს მივაღწიო.
– ერთი ეს მითხარი, შენ და შენი ძმა რას ვერ იყოფდით და რაზე დავობდით მთელი ბავშვობა?
– (იცინის). სულ „დიდგორის ბრძოლები“ გვქონდა სახლში. ყველა დედმამიშვილი ბავშვობაში ჩხუბობს, მაგრამ მე და ბორისს ნამეტანი მოგვდიოდა. ტყუპებივით გავიზარდეთ. წელიწადი და ორი თვეა ჩვენ შორის სხვაობა. ახტაჯანა, ანცი და გიჟი ბავშვი ვიყავი, ბორისი კი – მშვიდი და წყნარი. ის დღემდე ასეთად დარჩა, მე გამოვსწორდი. (იცინის) სულ მიზეზს ვეძებდი, რომ ჩხუბი დამეწყო. ახლა რომ ვუფიქრდები, ბავშვობაში უფრო მეგრელი ვიყავი (იცინის). ხშირ შემთხვევაში მე ვიყავი დამნაშავე, მაგრამ მამა მე მიცავდა ყოველთვის. ჩემი ძმა რომ არ დაჩაგრულიყო უსამართლოდ, მას დედა ესარჩლებოდა. ერთ კლასში ვიყავით და არც დავალებას ვაწერინებდი და არც საკონტროლოზე ვეხმარებოდი. ჩანთების დარტყმით რომ დავიწყებდით, ბოლოს ჩემი თმის თრევით გრძელდებოდა ჩხუბი. სულ ხელჩართული ბრძოლა გვქონდა. მასწავლებელი გიჟდებოდა, რა გჭირთ, რა გაჩხუბებთ, და არ ხარ, გადააწერინე დავალება. სახლში მაინც დაარიგეთ ეს ბავშვები, რომ არ დაგლიჯონ ერთმანეთიო. ასეთი ბოროტი ბავშვი ვიყავი. (იცინის) დღეს კი არაჩვეულებრივი დაძმობა გვაქვს.
– შენი ძმის პირად ცხოვრებაში თუ ერევი?
– არ ვერევი, მაგრამ თუ რჩევა მკითხა, პასუხს გავცემ. მე ვინ მეკითხება, მან უნდა იცხოვროს მის გვერდით, მაგრამ თუ გოგო გამაცნო და არ მომეწონა, ვეტყვი. პირდაპირობა და სიმართლე მიყვარს, მაგრამ, თუ კარგი გოგოა და ერთმანეთი უყვართ, მე რა უფლება მაქვს მათ პირადულ ცხოვრებაში ჩავერიო?! ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ძმა სიყვარულით შექმნის ოჯახს და ჩემსავით ბედნიერი იქნება მისი რჩეულის გვერდით. ჩემი მეგობრების მეგობრები და მათი ახლობლები მთხოვდნენ ბორიკოს გაცნობას. როცა ვკითხე, მივცე შენი ტელეფონის ნომერი-მეთქი, მიპასუხა – გოგო, რომელიც ასე აქტიურობს, ჩემთვის უინტერესოაო. ამაში მეც ვეთანხმები და შუამავლად და მაჭანკლად არ გამოვდგები (იცინის).
– სოფო, ბოლო დროს შენზე არაერთი ჭორი გავიგე. თავად თუ გსმენია და რა რეაქცია გაქვს?
– მეც გავიგე, თითქოს, ქმარს გავშორდი, მერე მეორედ გავთხოვდი ვაკეში, მულტიმილიონერზე; რამდენიმე შვილიც მყავს, ჩემსავით ჩაცმულ-დახურული არავინ დადის და ერთი სიტყვით, უზრუნველი ცხოვრება მაქვს. ამ ჭორების მოგონება რაში დასჭირდათ, ვერ გეტყვით. მათ გასაგონად კი ვიტყვი, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხალხო, ერთი შვილი მყავს და ერთი ქმარი. ასე რომ, ულტრამილიონერ ქმარზე უარს ვამბობ, არ მინდა (იცინის). აი, იმ ვარდებზე უარს ნამდვილად არ ვამბობ, რომელსაც რესტორან „ფაეტონში“, სადაც ვმღერი, თაყვანისმცემლები მჩუქნიან.