კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გრძნობს ადრენალინის მოზღვავებას ამირან ქაჩიბაია და რატომ დაშორდა ის თამუნა ნიკოლაძეს


იმ უამრავ სახასიათო სახეს შორის, რომელიც სერიალმა „კლინიკამ“ გამოავლინა, ამირან ქაჩიბაია უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. მის მიერ განსახიერებულმა ბერმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. სერიალის მოულოდნელი დახურვის შემდეგ, ამირანი არც ერთ სატელევიზიო პროექტში არ არის დაკავებული, მაგრამ მოძრაობის თეატრში ახალი სპექტაკლისთვის ემზადება.


ამირან ქაჩიბაია: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მონტინის ქუჩაზე. ხომ არსებობს 14 „ა“, „ბე“, ეს იყო „ჩე“, ანუ 14 „ჩე-ში“. არასდროს მქონია იმის განსაკუთრებული სურვილი, მსახიობი ვყოფილიყავი. ეს პროფესია რომ ავირჩიე, უფრო დედაჩემის ინიციატივა და დამსახურება იყო. თეატრალურში ჩაბარების შემდეგ ორი წელიწადი ვიჯექი და უბრალოდ ვერკვეოდი რა პროფესია იყო ეს. კი ვიცოდი ვერიკო და სერგო ზაქარიაძე ვინ იყვნენ, მაგრამ სუფთა პროფესიულ რაღაცეებს ვგულისხმობ. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი პროფესიაა, ძალიან კარგი და რაც კარგია შესაბამისად, ყოველთვის რთულიცაა. მომწონს ეს სირთულეები, თითქოს ბეწვის ხიდზე გადიხარ, სადაც ერთი ზედმეტი მოძრაობაც კი საბედისწერო შეიძლება გახდეს.

თუმცა, მსახიობობა ცხოვრების წესი უფროა, ვიდრე პროფესია. შეუძლებელია, ამ საქმეს სხვა რაღაც მიაბა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომელთაც კარგად რომ ჩავღრმავებოდი, შეიძლება მესწავლა კიდეც, მაინც ვერ შევუთავსე ვერაფერი. მსახიობი არასდროს არის სამსახურში, თუმცა შესაძლოა, ნებისმიერ სამსახურზე გაცილებით მეტს მუშაობდე. მუშაობის გარდა ბევრს ფიქრობ იმ კონკრეტულ პერსონაჟზე, რომელიც უნდა ითამაშო.

– შენმა გარეგნობამ თუ ითამაშა როლი შენს წარმატებაში?

– მსახიობისთვის გარეგნულ, სახასიათო ნიშნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა იყო ფოტო-ტელეგენური, სცენიური, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა. თუმცა, ჯერ კიდევ ვერკვევი, გამოცდილებას ახლა ვიღებ – რა სჭირდება კინოს, კამერას. სერიალის გადაღებებზე ვიგებდი, სხვათა შორის, გარკვეულ კინოტერმინებს. მუდმივ აღმოჩენებში ვარ. ალბათ იცით, რომ სერიალი მოულოდნელად დაიხურა, რაც მართლა ძალიან მეწყინა.

– რა იყო ამის მიზეზი?

– გულწრფელად გეუბნებით, რომ მართლა არ ვიცი. მიზეზი ვერ გავიგეთ. სხვათა შორის, არც სერიალის ფინალი ვიცი. არადა, ყველა მეკითხება, როგორ მთავრდებოდა ის მაინც გვითხარიო, მაგრამ ვერ ვამბობ, თავადაც არ ვიცი. ჩემთვის მუშაობა გაცილებით უფრო საინტერესო იყო, გზადაგზა ვიგებდი რა ხდებოდა იმ კონკრეტულ სერიებში და სცენარს მივყვებოდი. აბსოლუტურად ყველას, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, დაწყვიტა გული სერიალის გაჩერებამ, რადგან თითოეული ჩვენგანი გულითა და სულით აკეთებდა ამ საქმეს. თან საშინელებაა, როდესაც აზრს გაწყვეტინებენ.

– გავრცელდა ხმა, რომ შესაძლოა, გაგრძელდეს სერიალი.

– ასეთი ინფორმაცია არ მაქვს და ღმერთმა გისმინოთ.

– როგორ მოხვედი ამ სერიალამდე. მახსოვხარ „იდიოტოკრატიიდან“, ლატარიის კომპანიის რეკლამიდან, სადაც სადღაც ჩამოკიდებული, მაღალ სართულზე ფანჯარას წმენდ.

– კი იყო ეს ყველაფერი. ლატარიის რეკლამის გადაღება ძალიან საინტერესო და ცოტა არ იყოს სარისკოც იყო – მართლა იმ სიმაღლეზე ვიყავი ჩამოკიდებული. ჩემთვის ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან მოძრაობის თეატრში ვარ და ამ ყველაფერს ვსწავლობ. ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვემზადებით. მთამსვლელობითაც ვარ გატაცებული, რაც ასევე პროფესიის დამსახურებაა. რაც შეეხება სერიალს: ეკა მჟავანაძემ დამირეკა და ქასთინგზე მივედი. გავიარე ქასთინგი, მეორე დღეს რეპეტიცია იყო და მესამე დღეს დავიწყეთ გადაღება. საკმაოდ ვინერვიულე.

– მთელი საქართველო საუბრობდა შენს „სიმფსონიან“ ტრუსებზე – ბერი სიმფსონიანი ტრუსებით.

– ეს შემთხვევით მოხდა და ის ტრუსი შენახული მაქვს რელიკვიად.

– რამდენადაც ვიცი, შენი მეუღლე იყო „შუა ქალაქის“ ერთ-ერთი მსახიობი.

– კი, თამუნა ნიკოლაძე, თუმცა ამის შესახებ საუბარს ვერიდები ხოლმე.

– ორივე ალბათ ასაკით პატარები იყავით?

– არც ისე პატარები. დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო ეს ყველაფერი და სამი წლის წინ დამთავრდა. კულტურის უნივერსიტეტში ერთ-ერთ სპექტაკლში თამუნა მოიწვიეს და ერთმანეთს იქ შევხვდით. აი ხომ ხედავ, მაინც მალაპარაკებ რაღაცეებს. (იცინის) მერე ეს ყველაფერი დამთავრდა.

– დღეს მარტო ხარ თუ გყავს ცოლი?

– ცოლი არ მყავს, მაგრამ მარტოც არ ვარ.

– რომანტიკული ხარ?

– ნაკლებად. სიმართლე გითხრა, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორი ვარ – არაფერი განსაკუთრებული. საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ამხანაგი ამირან ქაჩიბაია. (იცინის) რეალისტი ვარ, მყარად ვდგავარ მიწაზე. ახლა ვერკვევი, რა მინდა საერთოდ, როგორი ვარ, როგორ მინდა ვიცხოვრო. ჩემს რომანტიკულობაზე ერთი ამბავი მახსენდება. ერთი გოგო მომეწონა არაფხიზელ მდგომარეობაში და მერე სულ არაფხიზელი ვნახულობდი. რომ გამოვფხიზლდი, სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. მერე ეს ისტორიაც დავამთავრეთ.

– შენ თუ იყავი გოგოებში პოპულარული?

– არა, ასეთი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ. მარტივად ვცხოვრობდი. არც საქმენი საგმირონი ჩამიდენია და არც ჩემზე ყოფილა ვინმე გადარეული.

– მთამსვლელობა ახსენე. ეს შენი გატაცებაა თუ სერიოზულად ხარ ამ საქმით დაკავებული?

– როგორ იყო იცი, მოძრაობის თეატრში ჩვენი მეგობარი გიორგი კომახიძე ძალიან სერიოზულად არის ამ საქმით გატაცებული და ჩვენც ჩაგვითრია. რეალურად თეატრისთვის გვჭირდებოდა, საჰაერო შოუები გვაქვს და ამისთვის საჭირო იყო. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაგარი რამეა და დღემდე თუ საშუალება გვაქვს ამით ვერთობით. საქმიდან გამომდინარე, დავიწყე ხრიდოლის შესწავლაც, ერთ-ერთი სპექტაკლში რამდენიმე ილეთის გამოყენება მჭირდებოდა. ეს საქმე იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე აქტიურად ვარ გატაცებული. ასეთ ახალ და საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე.

– როგორც ყველა მთამსვლელი ოცნებობ ევერესტის დაპყრობაზე?

– ძალიან დიდი სურვილი მაქვს და იმედია, ჩემი მეგობარი გიორგი სადმე, ძალიან მაღალ მწვერვალზე, ასასვლელად წამიყვანს. არ ვიცი, რა შეგრძნება აქვს თვითონ მწვერვალზე დადგომას, მაგრამ ის პროცესი სანამ იქამდე მიხვალ საოცრად ექსტრემალურია, უდიდეს ადრენალინს გამოყოფ ამ დროს. ფეხს, რომ დადგამ ალბათ, ეს ყველაზე დიდი მიღწევა იქნება. სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღის წინ დავდექი პირველად თხილამურებზე, პირდაპირ მეორე „კანატკიდან“ გამომიშვეს და გადავრჩი. მერე მაინც წამაქციეს. პირველ ჯერზე ყველა ეცემა და შენც უნდა წაიქცეო. მიხარია, რომ ისეთი მეგობრები მყავს, ძალიან საინტერესო რაღაცეებს აკეთებენ.

– ახალი წელი როგორ გაატარე?

– აბსოლუტურად ფხიზელმა. მთელი ახალი წელი წვეთი არ დამილევია, რადგან შრატი გამიკეთეს. ძაღლმა მიკბინა ქუჩაში და ისე გამოვიდა, რომ ახალი წლის დღეები სულ ახლობლების სმას ვუყურებდი. ჭამის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ იმდენს მელაპარაკებოდნენ, სადღეგრძელოებს ამბობდნენ. სადაც მიხვალ, ყველგან უნდა მოყვე, რატომ არ სვამ. იმ დღეს სახლში ვიყავი, ჩამკეტეს. რეპეტიცია მქონდა და იძულებული ვიყავი მეშვიდე სართულიდან მეზობლის აივანზე გადავმძვრალიყავი. წარმოიდგინე, აივნიდან პირდაპირ სუფრაზე მოვხვდი. (იცინის) უფრო სწორად პირდაპირ ქეიფში შევედი. ახსენი ახლა შენ, აივნიდან შემოსულმა, რატომ არ სვამ და რის გამო გაქვს შრატი გაკეთებული. უკვე რამდენიმე ვარიანტი მაქვს დამუშავებული სხვადასხვა სიტუაციისთვის – რის გამო მაქვს გაკეთებული შრატი. სხვათა შორის, ვცადე, ძველით ახალი წლისთვის დალევა, იქნებ გაიტანოს-მეთქი, მაგრამ საშინელი რეაქცია მომცა. ხომ არის, რომ ზოგს არ ახსოვს ახალ წელს რა ქნა, მე კი ის კაცი ვარ, ვინც მათ ჩადენილ საქციელს ახსენებს. ცოტა რაღაცეებს ვუგონებ კიდეც... ძალიან ბევრს, აღმოჩნდა, რომ ჩემი ვალი აქვს, ზოგს რაღაც უარესები მოვუგონე.

– რა ტიპის გართობა გიყვარს?

– მიყვარს კლუბებიც და ქართული ტრადიციული სუფრებიც. გააჩნია რა ხასიათზე ხარ, რა სურვილები გაქვს.

– ამჟამად რაიმე კონკრეტულზე მუშაობ თეატრში?

– კახა ბაკურაძის შვილი მოძრაობის თეატრში სპექტაკლს დგამს, სადაც ერთ-ერთ როლს ვთამაშობ. ზოგადად, მოძრაობით თამაში საკმაოდ რთულია. ძალიან ბევრი ვარჯიში და მუშაობაა საჭირო, მე კი ცოტა ზარმაცი ვარ. კახა სულ მეუბნება ხოლმე, რომ მეტი შეგიძლია, მეტი იმუშავეო. მეც ვცდილობ. თავიდან ძალიან გამიჭირდა აქ მუშაობა, სიტყვები წინ მისწრებდა და მათ ვერ ამოვთქვამდი. მოძრაობაში სულ ლაპარაკის სურვილი მიჩნდებოდა. მაგრამ, მერე ეჩვევი, მუშაობ იმაზე, რომ ის ემოცია, რომლითაც სიტყვის თქმას აპირებდი, მოძრაობაზე, სხეულზე გადმოვიდეს. ძალიან ბევრი ვარჯიში გვიწევს. კახას შექმნილი აქვს ცეკვის ვარჯიში, რომელშიც ქართული და კიდევ სხვადასხვა ეროვნული ცეკვების ერთგვარი სინთეზია. ის არაჩვეულებრივად ავარჯიშებს სხეულს, პლასტიკას მატებს მას.


скачать dle 11.3