რა კანონზომიერებას ემორჩილება სიყვარულში გიგი დედალამაზიშვილი და რისი რცხვენია მას
შეუძლებელია, იმ სიმღერების შემსრულებელი, რომლებიც ჯგუფ „მგზავრების“ რეპერტუარშია, მუდმივად შეყვარებული არ იყოს. შეყვარებული ცხოვრებაზე, დღეზე, ღამეზე, ქალაქზე, ქალზე... გიგი დედალამაზიშვილის ცხოვრებაში სულ სიყვარულია, რომელიც ზოგჯერ ტკივილის მომტანიც იყო მისთვის. თუმცა, განვლილი და განცდილი გრძნობებიდან მხოლოდ საუკეთესო ახსოვს, ყველაზე მაგარი წუთები, რომელიც ამ სიყვარულმა მის სხეულში დატოვა.
გიგი დედალამაზიშვილი: ქრონიკულად შეყვარებული ვარ, სულ არსებობს ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიყვარს. ხომ არის ხოლმე პერიოდები, როდესაც არავინ მომწონს, არავისზე ვფიქრობ... ცუდად ვარ ხოლმე ამ დროს, საშინლად მაწუხებს. მერე დავასკვენი, რომ ეს სიყვარულის არქონის ბრალია. თუ ადამიანი მომწონს, ამას ეგრევე ვეუბნები; რომც არ ვიცნობდე, მივალ და ვეტყვი, მომწონხარ და ვფიქრობ, რომ კარგი გოგო ხარ-მეთქი. ამაზე გოგოებს სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ ხოლმე: თავიდან ცოტა გაოცებულები არიან, მაგრამ, საბოლოოდ, ყველას მოსწონს. ქართულ სიტუაციაში ეუცხოებათ, თუმცა, კარგი შედეგი აქვს. მეგობრები სულ მეუბნებიან, საშინლად სულსწრაფი ხარო. არადა, კატეგორიულად არ შემიძლია, რომ, თუ ადამიანი მომწონს, ამაზე დიდხანს ვიფიქრო, რაღაცეები გავთვალო და ვითამაშო: „მოდი, ახლა არ დავურეკავ, რომ მან არ იფიქროს, რომ...; არ გავათამამებ; ორჯერ დავურეკე და ახლა თვითონ დამირეკოს; იმიტომ, რომ – ეს, ამიტომ რომ – ის“... – არ შემიძლია. თუ ვარ, ბოლომდე ვარ და ბოლომდე ვიმჩნევ და გამოვხატავ ყველაფერს, რასაც განვიცდი.
– ამის გამო იმედგაცრუებები არ გაქვს? არ ვამბობ, რომ მხოლოდ გოგონები, ზოგადად ადამიანები იშვიათად აფასებენ ასეთ სიყვარულს.
– მართალი ხარ. ხშირად იგივე მეც გამიკეთებია, ჰქონიათ ჩემ მიმართ გრძნობა, რომელიც ვერ დავაფასე. ანუ, ეს გოგოს ან ბიჭის პრობლემა არ არის, ზოგადად ადამიანური პრობლემაა. შეცდომისგან დაზღვეული არავინ ვართ და, როცა რაღაც გწყინს, სულ უნდა იფიქრო: ვინმეს უფრო მეტად შენ ხომ არ აწყენინე?! ამიტომ, სულ ვცდილობ, არავის ვატკინო გული. ზოგადად, ალბათ ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ბიჭს, მირჩევნია, მე მომწონდეს გოგო და მას არ მოვწონდე, ვიდრე – პირიქით. ძალიან უხერხულად ვარ ამ დროს, ქალი მაინც ხომ გესმით...
– რა არის ქალი შენთვის?
– ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, დასაწყისი და დასასრული. მაგრამ ზედამოკიდებულების გარდა მაქვს ძალიან ადამიანური დამოკიდებულებაც. მიყვარს ჭამა, რა ვქნა მიყვარს და მეტყობა კიდეც, პარალელურად, ქალიც მინდა (იცინის). თუმცა, ისეთი „დაყოფა“, როგორსაც ზოგიერთი კაცი აკეთებს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია: „ქალი – ცოლი, ქალი – საყვარელი, ქალი – მეგობარი“... – ეს საშინელებაა. მართალია, ამის მიღწევა ძალიან რთულია, გოგოებსაც უჭირთ ამდენი „ამბის“ შეთავსება, მაგრამ ეს არის იდეალური ვარიანტი, იდეალური ბალანსი, რომლის შედეგადაც ძალიან კარგი ოჯახები იქმნება, ანუ, ცოლი არის შენი ცოლიც, მეგობარიც, საყვარელიც...
– და დედაც, რადგან ყველა კაცი მაინც ინფანტილურია და, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, მაინც მოვლა სჭირდება.
– ვაღიარებ, რომ ასეა (იცინის). დედის ჩანაცვლებას კი არ ვგულისხმობ, მაგრამ, ვაღიარებ, დედობრივი ფუნქციებიც რომ შეითვისოს ცოტა მაინც, გადასარევი იქნებოდა. ძალიან არადამოუკიდებელი ადამიანი ვარ, სულ მჭირდება გვერდით ვინმე, ვისაც „მივეწებები“, უხეშად რომ ვთქვათ. მჭირს ეს და მომკალი. შეიძლება, ეს იმის ბრალიცაა, რომ სახლში გამათამამეს, დედაჩემი დღემდე მაღვიძებს, ჩაის მახვედრებს, ახლა ჭამეო, მეუბნება. თუ არ მითხრა, ჭამეო, შეიძლება, არც გამახსენდეს. ამ არადამოუკიდებლობიდან გამომდინარე, ზრუნვა მჭირდება. ამაზე სულ მეხუმრებიან ხოლმე, მაგრამ, ყველას, ვინც მეხუმრება, დარწმუნებული ვარ ამ ტიპის ზრუნვა და მოვლა ძალიან ესიამოვნებოდა. ერთი-ორჯერ ამის გამო შემრცხვა კიდეც. ჩემს სახლში „ოცნების ქალაქის“ ერთ სცენას იღებდნენ, გადამღები ჯგუფი დილით ძალიან ადრე მოვიდა, მე ჯერ კიდევ მეძინა. რომ გავიღვიძე, სახლში ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა. უცებ დედაჩემი მოდის, რაღაცას მაწვდის და მეუბნება: გიგი, ეს ჩაიცვი, მერე შედი და წვერი გაიპარსე... (იცინის) მეთქი, რას შვრები დედა, მღუპავ?! შენ რომ გიყვარს, კარაქიანი პური მოგიმზადეო... მაგრად შემრცხვა. (იცინის) საერთოდ, ოჯახში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ის მომენტიც მაქვს, რომ, როდესაც ცოლს მოვიყვან, ცალკე არ ვიცხოვრო. ოცნებასავით მაქვს...
– რომ ყველა ერთად იყოთ ერთ დიდ სახლში, ტკბილად და გემრიელად...
– ალბათ. შეიძლება, ეს ფილმების ბრალია, დიდი ოჯახი ერთ სახლში რომ ცხოვრობს, ერთად რომ სადილობენ, მთელი დღის ამბებს ერთმანეთს უყვებიან... მოსამსახურეები არ მინდა, მაგრამ, მომწონს ეს ტრადიცია, როდესაც ოჯახის წევრები: მე, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და ერთად ვსადილობთ, მთელი დღის ამბებს ერთმანეთს ვუყვებით. „როგორ ჩაიარა ჩაწერამ? – მადლობა, საყვარელო, არაჩვეულებრივად“! (იცინის). მთლად ასე არა, მაგრამ, დაახლოებით ასეთი ამბავი მომწონს.
– პირველი სიყვარული როდის მოვიდა შენთან?
– რაც უკვე კარგად მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი. ცეკვაზე დადიოდა ერთი გოგო, რომელსაც, ახლა რომ ვნახო, რა თქმა უნდა, ვერ ვიცნობ. მახსოვს, ქეთი ერქვა. ისე ძალიან მიყვარდა, რომ სახლშიც კი იცოდნენ. მერე, მახსოვს, ვიღაცამ თქვა, გიგის ის გოგო უყვარსო და, ისე შემრცხვა, ისე შემრცხვა, რომ აღარ მიყვარდა (იცინის).
– ნამდვილი და დიდი სიყვარული როდის იყო?
– ნამდვილი და დიდი სიყვარული, ალბათ, უკვე იცის მკითხველმა. (საუბარია მსახიობ ანა სანაიაზე – ავტორი).
– და როდის მოვიდა ეს სიყვარული?
– 20 წლის ვიყავი, თეატრალურში ვსწავლობდით.
– დაინახე და გადაირიე?
– ჰო, დაახლოებით ეგრე მოხდა ეგ ამბავი. სხვათა შორის, ამას მართლა ძალიან გულწრფელად ვამბობ. თუკი რამე გრძნობა მქონია ცხოვრებაში, ყველა კარგად მახსოვს, კარგი მოგონებები მაქვს. შეიძლება, როდესაც ურთიერთობა მთავრდება, ის ნეგატიური, ცუდი, რაც ურთიერთობის დამთავრებას მოჰყვა თან მხოლოდ ერთი დღე გამყვეს, მაგრამ, ერთი დღის შემდეგ ძალაუნებურად სულ კარგი რაღაცეები მახსენდება.
– კარგი რა იყო ამ გრძნობაში?
– თვითონ სიყვარული, რომელიც ძალიან ძლიერი იყო. იცი, როგორ ვხვდები ხოლმე, რომ ვიღაც უკვე სერიოზულად მომწონს?! ჩემდაუნებურად, ვცდილობ, მასთან კარგი გამოვჩნდე. მეგობართან თავს ბევრი სისულელის უფლებას ვაძლევ, იმ კონკრეტულ პიროვნებასთან კი, უფრო კარგის წარმოჩენას ვცდილობ.
– თქვენი სიყვარული, მგონი, მეთვრამეტე საუკუნის სიყვარულს უფრო ჰგავდა, ვიდრე თანამედროვე თინეიჯერულ ამბავს.
– მეც ასე ვფიქრობ. თან, იმ პერიოდში ძალიან უცნაურად ვცხოვრობდით. ცოტა გვიან ჩავაბარე, და მაშინ თეატრალურის პირველ კურსზე ვიყავით. მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, რომლებიც ჩემსავით „აფანატებდნენ“ პოეზიაზე, დავიწყეთ ღამღამობით ლექსების კითხვა, თან, ამას ცოტა თეატრალიზებული ფორმა ჰქონდა. 9 საათზე ვამთავრებდით ლექციებს, მერე სადმე მივდიოდით, ვსვამდით, მერე ავდიოდით მამადავითზე და იქ ლექსებს ვკითხულობდით. თან, როგორ დავდიოდით, იცი?! – პალტოები, შლაპები, ცილინდრები – მთელი ამბავი იყო. ეს ორ თვეს გრძელდებოდა. წარმოიდგინე ათი ბიჭი, ჩემგან განსხვავებით, არც ერთი უჩიოდა გარეგნობას, ყველა ახოვანი, მაღალი, შუა რუსთაველზე მოდის ცილინდრებით, პალტოებითა და კაშნეებით. ამ პერიოდში იყო, რომ ვმღეროდით, სანთლებს ვანთებდით გოგოების ფანჯრების ქვეშ, ლექსების წაკითხვა და სიმღერა უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო. კარგი პერიოდი იყო. მახსოვს, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის სახლში ვიყავით. იმ პერიოდში აკვიატებული გვქონდა, რომ სუფრაზე ქალის სადღეგრძელოს დალევის შემდეგ ჭიქა უნდა დაგვემსხვრია. საწყალ ბიჭს სახლში ჭიქები აღარ დარჩა (იცინის), ახლა მგონია, რომ ასე ვეღარ მოვიქცევი, მაშინ იყო და კარგი იყო. ამან ანასთან ურთიერთობაშიც დიდი როლი ითამაშა, ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა. „მგზავრების“ სიმღერებისთვის ლექსების დიდი ნაწილი სწორედ ანას ეკუთვნის, მართლა ძალიან კარგი ლექსებია.
– დღეს გაქვთ რამე ურთიერთობა?
– თუ ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან ნორმალურად. ცუდი ურთიერთობა არ გვაქვს, მართლა. ძალიან კარგი ადამიანია, მიყვარს, ვაფასებ და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.
– თუმცა, ამ ურთიერთობას გულისტკენაც ახლდა.
– არ დამთავრდა კარგად, მაგრამ, დღეს ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც და ანასთვისაც ასე იყო საჭირო. მაინც კანონზომიერად მოხდა ყველაფერი. „ვსიო კ ლუჩშემუ“ როგორც რუსები იტყვიან. იმ წუთას რთული იყო ამ ყველაფრის გაცნობიერება, მაგრამ, მაინც ღვთის ნებაა ყველაფერი.
– ამ სიყვარულმა ხომ არ გამოიწვია ის, რომ მომავალ ურთიერთობებში ისეთი გულღია აღარ იყავი?
– არა, ნამდვილად. რაღაც თვალსაზრისით, ჩემი უცნაურობები მაქვს, მაგრამ, ჩაკეტვა არ მომხდარა. არიან ადამიანები, რომლებთანაც საოცრად გახსნილი ვარ, თუმცა არიან ადამიანები, რომლებთანაც ვერ ვიხსნები. რაც შეეხება გულისტკენას, ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახლავს ურთიერთობას, სულ რომ აღარ გიყვარდეს და გრძნობა აღარ იყოს, დაშორება მაინც გულის ტკენაა. თან, ამ ყველაფერმა ძალიან გამზარდა. მით უმეტეს, რომ ხელოვნებაში ყოფნას ვცდილობ, სადაც ყველაფერი განცდილი და ნანახი საოცრად შესამჩნევია.
– გიღალატია საყვარელი ადამიანისთვის?
– არა, მართლა არ მიღალატია. თუ ადამიანი მიყვარს, სხვასთან ნამდვილად ვერ მექნება ურთიერთობა. ამის სურვილი თუ გაგიჩნდა, მგონი, ის გრძნობა ჯანმრთელი არ არის.
– უშვებ სიყვარულში შეცდომებს?
– რა თქმა უნდა, ალბათ, ისევე, როგორც ყველა ადამიანი. თუმცა, შეიძლება მეტად, ან ნაკლებადაც, მაგრამ ამ შეცდომებით არის ის ისტორია განუმეორებელი და განსაკუთრებული.