ხელოვნური პაემანი
მეთერთმეტეკლასელი ვიყავი. სწავლით მაინცდამაინც თავი არც მანამდე მომიკლავს, მაშინაც ერთი სული მქონდა, ბოლო წელი ჩამემთავრებინა. მერე რუსეთში მაგზავნიდნენ მშობლები, ბიძაჩემთან. მათი აზრით, იქ უნდა გამეგრძელებინა სწავლა, რომ პროფესიონალი სპეციალისტი ვყოფილიყავი. იმ წელს ახალი რუსულის მასწავლებელი მოვიდა, ახალგაზრდა გოგო, ასე, 25-26 წლის. თავიდანვე არ მოვუვედი თვალში, არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. თვითონ ძალიან გამომწვევად იცმევდა. უყვარდა, ბიჭები თვალებს რომ კარკლავდნენ მის თეთრ ფუმფულა ძუძუებზე, როცა გაჯავრებული მერხზე ხელებით დაეყრდნობოდა და წიგნში უთითებდა რაღაც საზეპიროს, მაგრამ არ იმჩნევდა. ერთხელ წერილი დავუდეთ შინაარსით: „საღამოს თუ გცალია, შევხვდეთ სკოლის უკან, ბაღში“. წერილი ჩვენ წინ დახია და მე გადმომხედა ალმაცერად. მართალია, წერილის დაწერაში ან დადებაში მე საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მან მაინც ასე ჩათვალა. მას მერე, ყოველ გაკვეთილზე თუ არ მიძახებდა, ადგილზე მაინც მკითხავდა გაკვეთილის შინაარსს. აბა, ყოველთვის გაკვეთილი ვინ იცოდა და ისიც ორიანებს არ მაკლებდა. მეც გადავწყვიტე, შური მეძია უსამართლო მასწავლებელზე. ჭორის დონეზე ვიცოდი, რომ ფიზკულტურის მასწავლებელი მოსწონდა. კლასელმა გოგოებმა მითხრეს – ჩვენ რა გამოგვეპარება, თვითონ ვნახეთ, ბუფეტში როგორ ეკურკურებოდნენ ერთმანეთსო. მეც ონავრული გეგმა შევადგინე და განხორციელებას შევუდექი. ერთხელ, როცა ფიზკულტურის გაკვეთილი გვქონდა, მასწავლებელს ტელეფონი ვთხოვე, მამაჩემს ერთ მესიჯს გავუგზავნი, რაღაც საქმე მაქვს-მეთქი. იმანაც, რა პრობლემააო, მე კი მესიჯი რუსულის ახალგაზრდა მასწავლებელს მივწერე, ვითომ ზურა (ფიზკულტურის მასწავლებელი) ვიყავი, ვთხოვდი შეხვედრას გაკვეთილის მერე სპორტულ დარბაზში. მერე ჩემი ნომრით ზურას მეუღლეს დავურეკე და ვუთხარი: ქალბატონო, ზურა მასწავლებელმა მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, ზუსტად 2 საათზე სკოლაში გადმოვიდეს, სპორტულ დარბაზში ვიქნებიო. გაკვეთილი ორს რომ ხუთი წუთი აკლდა, მაშინ გამოდიოდა. სანამ ჩვენ დავცილდებოდით დარბაზს და რუსულის მასწავლებელი ჩამოვიდოდა, ეს ხუთი წუთიც გავიდოდა. ზუსტად კარგ დროს მოვიდოდა ზურას ცოლიც და მეტი რაღა მინდოდა. ესეც არ ვიკმარე და როცა კიბეზე ამოვდიოდი, ერთ გოგონას ვუთხარი, დარბაზის კარი დაეკეტა, რომ ვინმე მოსწავლე არ შესულიყო და ხელი არ შეეშალა მათი შეხვედრისთვის. მე თვითონ იქვე, ბუფეტში შევედი და მოვლენებს დაველოდე. მალე რუსულის მასწავლებელი გამოჩნდა და დარბაზში შევიდა, ფრთხილად, უხმაუროდ დახურა კარი. ზურას ცოლმა ცოტა დააგვიანა, გული მისკდებოდა, ვაითუ არ მოვიდეს-მეთქი, მაგრამ ისიც მალევე გამოჩნდა. დარბაზში სიჩუმე იყო, უცებ ხმამაღალი ლაპარაკი მომესმა. ახლად მოსული ილანძღებოდა, ქმარს უტევდა. მე არ დავაყოვნე და დირექტორთან გავიქეცი. დარბაზში რაღაც ყვირილია-მეთქი, – მოვახსენე. ისიც იმ წამსვე გამომყვა. ზურას ცოლი უკვე გამოსულიყო გარეთ და ახლა აქედან ლანძღავდა. „ამათმა ბავშვებს რა უნდა ასწავლონ, ატეხილები არიან! სულ გაირყვნა ეს ხალხი!“ და ამისთანებს იძახდა კიდევ. დირექტორმა იცნო ქალი და რა მოხდაო, ჰკითხა. იმანაც: ეს ახალი რუსულის მასწავლებელია თუ ვინ არის, ჩემს ქმარს ზედ ახტებაო. ამ წუთას მივუსწარი დარბაზში, მუხლებზე ეჯდაო. მოკლედ, ამ ყველაფერს დიდი სკანდალი მოჰყვა. სამი თვე სალაპარაკო არ გამოლევიათ სკოლის განთქმულ ჭორიკნებს. ის რუსულის მასწავლებელი აღარ გამოჩენილა. ახალი კი კაცი მოგვივიდა, რომელსაც დიდად არ ვაინტერესებდი, არც ჯინში მედგა და ოთხიანიც გაიმეტა სემესტრის ბოლოს.