ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-3(473)
ადამიანის წესიერების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა კრიტერიუმით აფასებს მას, ანუ, გააჩნია, ვის რა მიაჩნია წესიერებად. ზოგისთვის ამორალობა ნორმაა, ზოგისთვის კი – პირიქით, სწორედ ნორმაა ამორალობა...
***
ლევანს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლებოდა, შეიცვლებოდა უკეთესობისკენ – ნატუკასთან საუბარმა ჩაუსახა ამის იმედი. ერთი შეხედვით სერიოზული პრობლემა სწორედ რომ, სარფიანად მოაგვარა, თან, ერთი წუთითაც არ უფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა, გოგო მართლაც მისგან ყოფილიყო ფეხმძიმედ. ამიტომ, „ბავშვზე“ ისე ლაპარაკობდა, როგორც აბსტრაქტულ მოვლენაზე, რომელსაც მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ნატუკას ორსულობა თვითონ არ დაუგეგმავს და, როცა გოგოს ნიკუშასთან გზავნიდა, ამ შესაძლო ვარიანტზე საერთოდ არ უფიქრია. თუმცა მერე, ნატუკას განცხადების შემდეგ, როცა პირველმა შოკმა გაუარა და სიტუაცია საღად შეაფასა, მიხვდა, რომ ეს ისევ მის წისქვილზე დაასხამდა წყალს...
ლევანი ნელა ატრიალებდა საჭეს... „ახლა მთავარია, იმ შტერმა გოგომ არაფერი აურიოს. თუმცა, უნდა ვაღიარო, არც ისეთი შტერი ყოფილა, როგორიც მეგონა. ნეტავი, მართლა ფეხმძიმედ არის? მე ვერ გამიბედავდა, ასეთი ტყუილით ვერ მომადგებოდა და პრეტენზიებს ვერ წამომიყენებდა. მიცნობს და იცის, რა შემიძლია. არა, ბავშვს ნამდვილად ელოდება და, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დროულია ეს ორსულობა. მორჩა, ნიკუშა უკვე ხელში მყავს, ვეღარსად წამივა. მე არა ვარ კორუმპირებული მინისტრი და, ჩემი სიმამრისგან, ვერასოდეს ვიშოვი ძალიან ბევრ ფულს. ის კი, რაც მაქვს, არ მაკმაყოფილებს. მილიონიც არ არის ბევრი, მაგრამ, არც ცოტაა. ნატუკას ჰგონია, მართლა ჩემი პარტნიორია და ამ საქმიდან ნახევარს მიიღებს. ჰმ, თუ ნიკუშა ცოლად შეირთავს, ჩათვალოს, მაგრად გაუმართლა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან ვერაფერს მიიღებს, მაგრამ, ჯობია, ამის შესახებ არაფერი იცოდეს. საერთოდაც, რაც ნაკლები ეცოდინება, მით უკეთესი... ნიკუშა კი ჯერ მე უნდა „დავამუშავო“, ჩემებურად...
ლევანმა საათზე დაიხედა. თიკას ნაჩუქარი ეს აქსესუარი განსაკუთრებით მოსწონდა... არასდროს უკითხავს ცოლისთვის, რამდენი გადაიხადა მასში, მაგრამ, ხვდებოდა, რომ საკმაოდ ძვირფასი იყო. თიკა ყოველთვის ცდილობდა, გაენებივრებინა ქმარი: შოულობდა მისთვის განსაკუთრებულ ტანსაცმელს, ყიდულობდა საუკეთესო პარფიუმერიას, ჰალსტუხებს... ლევანის კარადაში ყოველთვის იდო ორი-სამი წყვილი ჩაუცმელი ფეხსაცმელი... თიკა ამას მალულად აკეთებდა, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, ისე, რომ ლევანს მხოლოდ სიამოვნება მიეღო იმ კომფორტისგან, რომელსაც ცოლი უქმნიდა. მას კი არც ერთხელ არ უთქვამს მისთვის მადლობა... ლევანს უცებ თავისი უმადურობის შერცხვა. თიკა ნამდვილად იმსახურებდა მადლიერებას და სიყვარულსაც, რომელსაც დროდადრო ითხოვდა კიდეც – აგრძნობინებდა ქმარს, რომ სჭირდებოდა ეს სიყვარული. „რა უსინდისო ვარ... ცოლად შევირთე და ახლა ვცდილობ, სამაგიერო გადავუხადო ამისთვის. თუმცა, გაუგებარია, რატომ... ჩემი სისუსტისთვის? თუ ეს ჩემი სისუსტე იყო, მან რატომ უნდა აგოს პასუხი, რა დააშავა? მხოლოდ ის, რომ შემიყვარა?! მე რა მოვიგე ჩემი სიყვარულით? – არაფერი! გამამასხრეს და პირდაპირ მითხრეს, არარაობა ხარო. მერჩივნა, სიტყვებით ეთქვა ეს, ვიდრე იმ იდიოტს ჩასწოლოდა ლოგინში. არა, ნიკუშამ უნდა იცოდეს, ვინ უყვარდა მთელი ცხოვრება. ისე, ეგეც მაგარი იდიოტია, მაგრამ არც მე ვარ მასზე ნაკლები...“ – ლევანმა საჭე მოატრიალა – რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და მისი განხორციელების გადადება არც უფიქრია...
***
ნიკუშამ სპორტული ჩანთა გადმოიღო, კარადის კარი გამოხსნა და თავისი მწირი გარდერობის დანახვაზე გაეღიმა. ძირითადად, ვახოს ნაჩუქარი ტანსაცმელი ჰქონდა – ჯინსები და სპორტული პერანგები. არავის უთხოვია, ვახოს თვითონ მოჰქონდა და ტოვებდა. ნიკუშა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ის დრო გაახსენდა, როცა მისი მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამ კარადიდან ტანსაცმლის დატაცებაში. ყველაზე მოხერხებული და აქტიური დათო იყო. ვახო უფრო მოკრძალებულად სთხოვდა. ლევანს კი არც ერთხელ არაფერი უთხოვია, ნიკუშა თვითონ აძლევდა და უკან არ აბრუნებინებდა. ლევანიც დიდად არ იკლავდა თავს ტანსაცმლის უკან დაბრუნებით. თავი ყოველთვის მაღლა ეჭირა, რაღაცნაირი ჩუმი მედიდურობით, მის მზერაში კი დაფარული შური და ბოღმა მოჩანდა...
ოთახში ჟანი შემოვიდა. ხელში ორი ფინჯანი ეჭირა. ერთი ნიკუშას გაუწოდა, გვერდით მიუჯდა და ჩანთაზე ანიშნა.
– აი, ეს ზედმეტია. ყველაფერს იქ ვიყიდით.
– რა საჭიროა. რაც აუცილებელია, მაქვს. არ ვარ ჩაცმაზე გაგიჟებული.
– მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, რატომ უნდა გაწვალდე ჩანთის აქეთ-იქით ტარებით? გაცილებით კომფორტული იქნება, თუკი იქ შეიძენ საჭირო ნივთებს. ახლა ყველა ასე იქცევა.
– ჰო, მდიდრები ასე იქცევიან, – ცუდად დაფარული გაღიზიანებით ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
ჟანმა გაიღიმა:
– მომისმინე, ნიკ! ასე არაფერი გამოვა, გეუბნები. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მოვასწარი შენი გაცნობა და ვიცი, რომ ასეთი არ ხარ.
– როგორი არ ვარ?
– ბოღმიანი... და, ნუ ცდილობ, ასეთად მომაჩვენო თავი. მე ადამიანებს კარგად ვიცნობ, ძალიან კარგად.
ნიკუშამ სცადა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ჟანმა ხელის მკვეთრი აქნევით არ მისცა ამის საშუალება.
– არ გინდა, ნურაფერს იტყვი. მე არ შემიძლია, არ გითხრა ის, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ. სიმართლე თუ გაინტერესებს, არ მქონდა იმედი, რომ ასე კარგად გავუგებდით ერთმანეთს.
– და... მაინც წამოხვედი?
– ჰო. ეს ელენესთვის უნდა გამეკეთებინა, სხვანაირად არ შეიძლებოდა. მარტო ჩემი სიყვარული მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ელენეს შენ სჭირდები. ძალიან უყვარხარ...
– მე ჯერ კიდევ არაფერი გადამიწყვეტია, არც არაფერს დაგპირებივარ.
– ვიცი, მაგრამ, რადგან მოდიხარ, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს... ძალიან.
ნიკუშა უხერხულად შეიშმუშნა. ამ კაცის წინაშე თავს პატარა ბიჭივით გრძნობდა, დატუქსული და კუთხეში მიმწყვდეული ბიჭივით. თუმცა სიჯიუტე მაინც სძლევდა და ბოლო მომენტში უკან იხევდა, თავისი „ბუნაგისკენ“, რომ ისევ ღრმად შემძვრალიყო შიგნით და უცხო თვალს დამალვოდა.
ჟანმა მეგობრულად დაადო მხარზე ხელი:
– იცოდე, მე შენკენ ვარ, და ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი!
– გმადლობ. ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
– არა... მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, განსაკუთრებული ღირსებები არ გამაჩნია. თუმცა, მაქვს პატარა უპირატესობა, მხოლოდ ერთი და, თანაც – პატარა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი – შეყვარებული ვარ.
– გასაგებია, – თავი დაუქნია ნიკუშამ, – ჩემთვის ნაცნობია ეგ გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ არ გამიმართლა.
– იმ ქალს გულისხმობ, რესტორანში რომ იყო? რატომ არ გაგიმართლა! მე ასე არ ვფიქრობ... ყოველ შემთხვევაში, იქ ეს არ მიგრძნია. უფრო – პირიქით... შეიძლება, ეს არ არის ჩემი საქმე, მაგრამ, მგონი, შენ მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს.
– არ მინდა ამაზე ლაპარაკი, – შეიჭმუხნა ნიკუშა.
– მართალი ხარ, მეც არ უნდა ჩავრეულიყავი შენს საქმეში.
– არა, არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, იას თემა ჩემთვის უკვე დაიხურა. ძალიან ვაწყენინე და, არა მგონია, მაპატიოს.
– ქალები ყველაფერს პატიობენ საყვარელ მამაკაცებს. მე ფრანგი ვარ და ასეთ საკითხებში კარგად ვერკვევი, – გაიღიმა ჟანმა.
– შეიძლება. მაგრამ ქართველი ქალები ფრანგ ქალებს არ ჰგვანან. თანაც, – ნიკუშა გაჩუმდა და ცოტა ხანს ფიქრობდა, – თანაც, მეც აღარ ვიცი, მინდა კი ამ ურთიერთობის გაგრძელება?!
– ჰოო! ეს ბევრ რამეს ცვლის!... მაგრამ, არა უშავს, შორს რომ იქნები მისგან, იფიქრებ და რაღაცას მოიფიქრებ, კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიხვალ – აი, კიდევ ერთი მიზეზი, რომ წამოხვიდე.
– მე ისედაც მოვდიოდი.
– ვიცი, მაგრამ, რატომ არ უნდა ისარგებლო და არ მოაგვარო კიდევ ერთი პრობლემა?
– ვნახოთ, ჯერ ვერაფერს ვიტყვი. გააჩნია, რა არის პრობლემა. იქნებ, იქ უფრო დიდი პრობლემა დამხვდეს.
– სიყვარულის გარეშე ცხოვრება, – ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.
– ჭეშმარიტი ფრანგის სიტყვებია, – ნიკუშამ გაიცინა. სულ უფრო მოსწონდა ეს კაცი.
– ჭეშმარიტი მამაკაცის სიტყვებია, – ღიმილით შეუსწორა ჟანმა.
– მეც ვფიქრობდი ამას. ოღონდ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მერე მივხვდი, რომ მხოლოდ ასეც არ ყოფილა. ჟან, სულ მინდოდა, მეკითხა: რა ხდება იმ სურათთან დაკავშირებით?
– რომელ სურათთან? – ჟანი წამით ჩაფიქრდა, – აა, გამახსენდა! ისეთი არაფერი არ ხდება. დედაშენს განსაკუთრებულად უყვარს და, ალბათ, ვერ შეელევა. არადა, ძალიან მონდომებულები არიან, რომ გაყიდოს.
– ვინ არის მონდომებული? – ნიკუშას მოუსვენრობა დაეტყო.
– კოლექციონერები. ნახატი ავტორის იმ პერიოდს ეკუთვნის, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებს განსაკუთრებით აინტერესებთ. სამწუხაროდ, ფერწერაში ისეთი ძლიერი არ ვარ, როგორც ცხენებში, მაგრამ, ორ-სამ მილიონს რომ მასში თავისუფლად გადაიხდიან, ზუსტად ვიცი.
– ვერაფრით ვიხსენებ, როგორ აღმოჩნდა ეგ სურათი ჩვენს ოჯახში. მგონი, სანამ დავიბადებოდი, მანამდეც გვქონდა.
– ელენემ, ალბათ, ზუსტად იცის, მაგრამ მე მისთვის არაფერი მიკითხავს.
ნიკუშამ კარადის კარი მიხურა და სწორედ ამ დროს გაისმა ზარის ხმა.
– ვიღაც მოვიდა, – თქვა ჟანმა.
– მე არავის ველოდები, – ნიკუშამ მექანიკურად გაიხედა საათისკენ, – საკმაოდ გვიანია.
– მგონი, უნდა ნახო, ვინ არის, – გაიცინა ჟანმა.
– ვახო ან გოგიჩა იქნება. დიდი ხანია, აღარ გამოჩენილა, – გაახსენდა ნიკას მეზობელი და კარის გასაღებად გაემართა.
– შენი ექსტრავაგანტური მეზობელი... – ჟანი უკან გაჰყვა ნიკუშას და ზღურბლზე აღმართულ ლევანს გაოცებულმა შეხედა.
– ეს გოგიჩა არ არის!
– გოგიჩას ელოდით? – ნაძალადევად გაიღიმა ლევანმა, – გადავწყვიტე, შემომევლო. გავიგე, ხვალ მიფრინავთ.
– ხვალ, არა, ზეგ, – შეუსწორა ნიკუშამ, რომელიც ცდილობდა, მეგობრის მოსვლის მიზეზი ამოეცნო.
– ხვალ, ალბათ, ვერ მოვიცლი, დღეს კი მქონდა დრო, მოვსულიყავი... მე მალე წავალ.
– შემოდი, შემოდი... – ნიკუშა გამოერკვა, მეგობარს მხარზე მოხვია ხელი და ოთახში შეუძღვა, – დაჯექი. ჩანთას ვალაგებდი... დალევ რამეს?
– ღვინო მოვიტანე, ცოტა დავლიოთ... სამივემ, – ლევანმა მეგობარს შეხედა, – გაგიკვირდება, მაგრამ, რომ წარმოვიდგინე, შეიძლება, დიდხანს ვერ გნახო, სევდა მომეძალა.
– შენ და – ასეთი სენტიმენტები?! – გაეღიმა ნიკუშას. ლევანს ბოთლი გამოართვა და ჟანს გაუწოდა. ჟანმა ეტიკეტს დახედა.
– ძალიან კარგია. თუ არ ვცდები, ამ ღვინოს ის ყველი მოუხდება, დილით სუპერმარკეტში რომ აღმოვაჩინე. თქვენ ისაუბრეთ... მე ახლავე ყველაფერს მივხედავ.
– კარგი ადამიანია. ძალიან გაგიმართლა, – თქვა ლევანმა, როცა ჟანი გავიდა.
– ჰო, – მოკლედ მიუგო ნიკუშამ, – გამიმართლა.
– რაღაცით უკმაყოფილო ჩანხარ. არ გინდა წასვლა? – ლევანი ცნობისმოყვარედ მიაშტერდა მეგობარს.
– არ მინდა, – ნელა გაიმეორა ნიკუშამ, – მაგრამ, ფაქტია, რომ მივდივარ, – ვიზა მაქვს, ბილეთი ნაყიდია.
– სწორად იქცევი. დედაშენს შენ მეტი არავინ ჰყავს.
– ვიცი, – ნიკუშამ წარბი შეიკრა, – არ მითხრა, რომ აქ ამის სათქმელად მოხვედი.
– არა, ამის სათქმელად არ მოვსულვარ. რა იყო, არ გიხარია ჩემი ნახვა?
– ეგ არაფერ შუაშია, უბრალოდ... – ნიკუშა გაჩუმდა.
– დათო ხომ არ ყოფილა შენთან? – ჰკითხა ლევანმა.
– არა. უნდა მოსულიყო?
– რა ვიცი. რატომღაც, ვიფიქრე, რომ აქ დამხვდებოდა. იმან ჩემზე ადრე იცოდა ის, რის თქმასაც შენთვის ვაპირებ. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ შენ ეს უნდა იცოდე. ახლა გაქვს შანსი, ცხოვრება თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყო და ისევ შენთვის იქნება უკეთესი, თუ ილუზიები არ შეგაწუხებს.
ნიკუშა შეიჭმუხნა.
– არ მიყვარს, როცა „ნამიოკებით“ მელაპარაკები, ნერვები მეშლება და მოსმენის სურვილი მიქრება. პირდაპირ მითხარი, რა მოხდა!
ლევანი ადგა, ნიკუშას წინ გაჩერდა და სახეში ჩააშტერდა:
– ოღონდ, პირობა უნდა მომცე, რომ მშვიდად შეხვდები ამ ამბავს.
– ლევან, თქვი, რისი თქმაც გინდა, ვერაფრის პირობას ვერ მოგცემ! – გაბრაზდა ნიკუშა.
ლევანმა სიგარეტის ღერი თითებით მოსრისა და, ისე, რომ მეგობრისთვის არ შეუხედავს, ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– იას ეხება. უნდა დაივიწყო ეგ გოგო...
ნიკუშა გაფითრდა:
– ჰოო? ია ჩემი ცხოვრების გადაშლილი ფურცელია, მაგრამ, შენ რატომ მეუბნები ამას, რამე იცი?
– ჰო, ვიცი.
– ვიღაც ჰყავს, – გაეცინა ნიკუშას, თვითონვე ვერ დაიჯერა, რომ, შეიძლებოდა, იას საყვარელი ჰყოლოდა.
ლევანმა თავი დაუქნია.
– რას მეუბნები! – ისევ გაეცინა ნიკუშას, – და შენ ამ „ვიღაცას“ იცნობ?
– ვიცნობ. შენც იცნობ.
– მართლა? მეტყვი, ვინ არის?
– ვახო, – ლევანმა დაახველა და საფერფლეს დაუწყო ძებნა.
– მოიცა, რა ვახო... ხუმრობ? ვახო საერთოდ რა შუაშია! რადგან ერთად მოვიდნენ, ეგ დასკვნა იმიტომ გააკეთე?
– არანაირი დასკვნა არ გამიკეთებია. დეტალებში ნუ ჩამეძიები. უბრალოდ, სიტყვაზე მენდე. თუმცა, ესეც შენი გადასაწყვეტია – შეგიძლია, არ დამიჯერო!
– რა სისულელეა! ვახო და ია? ნუ მაცინებ!
– როგორც გინდა... იცინე, მაგრამ მაინც იფიქრე იმაზე, რაც გითხარი.
ოთახში ჟანი შემოვიდა. ლანგარზე დაწყობილი თეფშებით ყველი და ზეთისხილი მოჰქონდა.
– ჭიქები სად არის? ვერ მივაგენი. შესაფერის ბოკლებს ვგულისხმობ.
– სასტუმრო ოთახშია, შემინულ კარადაში, – ნიკუშა ცდილობდა, მღელვარება არ შეემჩნია.
ჟანმა მაშინვე შეაფასა სიტუაცია და აჩქარდა:
– ბარემ ბოთლის გასახსნელსაც მოვიტან და ხელსახოცებსაც, – ლანგარი დადგა და გასვლისას კარიც გაიხურა. ლევანმა ცოტა შეიცადა, ნიკუშასთან მივიდა და მხარზე დაადო ხელი:
– კიდევ არის რაღაც...
ნიკუშამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– ნატასთან შენი ურთიერთობა ძალიან შორს ხომ არ წასულა?... არა, ვიცი, რომ ეს მხოლოდ შენი საქმეა, მაგრამ, რაღაც პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ. ბოლოს და ბოლოს, მე გაგაცანი.
– რა პასუხისმგებლობაზე მელაპარაკები, ლევან, გაგიჟდი?
– ნიკუშა, ნატუკა ის ქალი არ არის, შენ რომ გჭირდება.
– ამას რატომ მეუბნები, ცოლად კი არ მომყავს, – გაღიმება სცადა ნიკუშამ.
– რა ვიცი, ისე არ მოხდეს, რომ ჩემი საქციელი ვინანო. იცოდე, ნატუკა იმიტომ გაგაცანი, რომ მინდოდა, ცოტა გული გადაგეყოლებინა. კარგად დაიმახსოვრე.
– ლევან, მოიცა. კარგად გამაგებინე, რა ხდება. ჯერ იაზე დაიწყე ლაპარაკი, ახლა, რატომღაც, ნატუკას გამო შეიძლება ვინანო. პირდაპირ მითხარი, რას გულისხმობ ამ ყველაფერში?
– არაფერს არ ვგულისხმობ იმის გარდა, რაც გითხარი. კარგია, რომ მიდიხარ, ძალიან კარგია.
ნიკუშამ თავი გადააქნია.
– ჯერ კიდევ არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, ამას მარტო მაშინ გავიგებ, როცა იქ ჩავალ. ნატუკაზე კი, შეგიძლია, არ იღელვო. იასი არ იყოს, ეგეც ჩემი ცხოვრების გადაშლილი ფურცელია.
– ჰოდა, ძალიან კარგი, გულზე მომეშვა, – ვითომ შვებით ამოისუნთქა ლევანმა და ხელები მოიფშვნიტა, – ახლა შეგვიძლია, ღვინოც დავლიოთ და ეს მშვენიერი ყველიც მივირთვათ...
***
... თვითმფრინავი სულ უფრო სწრაფად იღებდა სიმაღლეს. ნიკუშამ ქამარი გაიხსნა და სავარძელში უფრო მოხერხებულად მოეწყო. არ უნდოდა ეფიქრა ელენესთან მოსალოდნელ შეხვედრაზე, რომელიც უკვე გარდაუვალიც იყო და შემაშფოთებლად მოახლოებულიც.
– რატომ არ გინდოდა, შენს მეგობრებს გაეცილებინე? – ჰკითხა ჟანმა.
– რა საჭირო იყო! ვერ ვიტან ამ იდიოტურ ტრადიციას – ერთი მიფრინავს და ორმოცდაათი აცილებს. ეს მარტო საქართველოში ხდება. მერე ის ერთი მიდის და აეროპორტის დარბაზიც იცლება. არ არის კრეტინიზმი?!
ჟანმა მხრები აიჩეჩა:
– რა გითხრა, შეიძლება, ამას საკმაოდ ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები ჰქონდეს. ამაზე არ გიფიქრია?
– არა, ფსიქოლოგიასთან ცოტა მწყრალად ვარ, თუმცა, მაინც არ მგონია, გაცილება ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყოს.
– პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი მაინც მგრძნობიარე არსებაა და მის საქციელს ძირითადად ემოციები განსაზღვრავს. როცა ამდენი ადამიანი გაცილებს, შენში ბუნებრივად ჩნდება და დიდხანს მოტივირებს დაბრუნების სურვილი.
– იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ მე იქ დაბრუნების სურვილი არ გამიჩნდება?
– არაფრის თქმა არ მინდა, მხოლოდ ჩემი ვარაუდი გამოვთქვი, – გაეღიმა ჟანს, – შენ ჯერ კიდევ ბევრი წინააღმდეგობა გაქვს დასაძლევი და, როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, ძალიან ცუდად იცნობ ცხოვრებას.
– ანუ, არ ვიცნობ?
– ასეც შეიძლება ითქვას.
– მე კი პირიქით მგონია, იმიტომ, რომ ცხოვრებამ უკვე ჩამიტარა რამდენიმე კარგი გაკვეთილი.
– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ მთავარი გაკვეთილი წინ გაქვს. ახლა კი ბოდიშს მოგიხდი – მგზავრობისას ძილს ვამჯობინებ. შენ შეგიძლია, ისაუზმო ან სასმელი მოითხოვო, აქ დიდი არჩევანი აქვთ.
– გმადლობ. იქნებ, მეც წავუძინო.
– ძილი კარგია. თუ რამე ცუდი უნდა მოხდეს, ჯობია, მას ფხიზელი თვალით არ შეხედო... – თვალი ჩაუკრა ჟანმა და მუხლებზე უჯრულა პლედი გადაიფარა.
***
თქვენ ჯიუტი ხართ? არა?! მაშინ, გაგიჭირდებათ, გაუგოთ ადამიანს, რომელსაც საკუთარ სიჯიუტესთან ბრძოლა უწევს. იმიტომ არა, რომ ეს ძალიან უნდა. იბრძვის იმიტომ, რომ ამის აუცილებლობას გრძნობს. რეალობა აიძულებს, შექმნილი სიტუაცია უბიძგებს ხელის კვრით და კიდევ ერთხელ გაჯიუტების საშუალებას არ აძლევს. ჯიუტი ადამიანი ყოველთვის საკუთარ თავს მეტად აზარალებს, ვიდრე გარშემო მყოფებს. ბუნებრივია, არც ისინი არიან კომფორტში, მაგრამ, სიჯიუტესთან მებრძოლი, ჯიუტის განცდებთან ახლოსაც ვერ მოვა. თუ თქვენ ჯიუტი არ ხართ, ამას ვერ გაიგებთ. ამიტომ, შეგიძლიათ, ეს აბზაცი საერთოდ არ წაიკითხოთ...
***
ნიკუშას ყოველთვის მოჭარბებულად ჰქონდა სიჯიუტე, დედისგან მოსდგამდა მემკვიდრეობით. თვითონაც იცოდა ელენესთან ამ მსგავსების შესახებ და ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა. თვითმფრინავში თვალი არ გაუხელია. დაძინებას ცდილობდა, მაგრამ, ვერ შეძლო. წარსულის კადრები ცოცხლდებოდა, მოკლე-მოკლე ეპიზოდებად... ნიკუშა არასოდეს გამოსტყდომია საკუთარ თავს იმაში, რომ არანორმალურად უყვარდა დედა. ყოველთვის საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობდა. ელენეს აგრძნობინებდა და სიტყვითაც არაერთხელ უთქვამს, რომ მამა უფრო უყვარდა, მაგრამ ეს ფარსი იყო, შირმა, რომლის მიღმაც ბიჭი რეალობას მალავდა. რატომ? – ნიკუშას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ის პროტესტი, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ გაუჩნდა, უფრო იმედგაცრუებით იყო გამოწვეული, ვიდრე მშობლის გარდაცვალების ტკივილით. იმედი ელენემ გაუცრუა. ის მითი გაუქარწყლა, რომელიც თვითონ შექმნა დედაზე – ელენე არაფრით აღმოჩნდა სხვაზე უკეთესი. უარესი კი ის იყო, რომ მთლიანად შეურყია წარმოდგენა იმ იდეალზე, რომელიც ქალებზე დედამისის გავლენით შეექმნა. პროტესტი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ საერთოდ უარი თქვა დედაზე. და ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, დედამისთან შესახვედრად მიდიოდა... იმ ქალთან შესახვედრად, რომელიც ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარდა...
***
თინიკო არ დაწოლილა. ძილის დასათრგუნავად უკვე მერამდენე ჭიქა მაგარ ყავას სვამდა. ქმართან საუბრის ყველა წვრილმანს იხსენებდა და იმ ეჭვის გაქარწყლებას ცდილობდა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სულ თან სდევდა: „ლევანი გულწრფელი იყო. ჰო, იყო გულწრფელი. მითხრა, რომ ვჭირდები და მის გვერდით უნდა ვიყო – ეს არ არის სიყვარულის დადასტურება?! რა თქმა უნდა, არის. პირდაპირ ხომ არ მეტყოდა – „მე შენ მიყვარხარ, თინიკო!“ რა სისულელეა! არც მე ვარ იმ ასაკში და არც ლევანია ის კაცი, რომ ეს გააკეთოს. მაშინ, რატომღა ვნერვიულობ და ვერ ვმშვიდდები? ყველაფერი ჩემი ეჭვიანი ბუნების ბრალია, დროა, გავთავისუფლდე ამ ეჭვისგან და ჩემი ქმრის მიმართ ნდობა დავიბრუნო – ამის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდება... რატომ ვერ ვწყნარდები?.. ამდენი ყავა არ უნდა დამელია“...
ლევანს არ გაჰკვირვებია სავარძელში მჯდარი ცოლის დანახვა, მაგრამ ამჯერად საყვედურისგან თავი ვერ შეიკავა:
– თინი, უკვე მესამე ღამეა, ასე მხვდები. რატომ არ იძინებ?
– არ ვიცი. არ მეძინება, – გაუღიმა ქალმა.
ლევანმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– ვიცი, რატომაც არ გეძინება! ამჯერად რამდენი ლიტრი ყავა დალიე?
– ლევან, ძალიან ვნერვიულობ.
– ნერვიულობ? კი მაგრამ, რაზე? მე შენთან ვარ, ნიკუშა გაემგზავრა და, წესით, უკვე ჩასული უნდა იყოს.
– რა იცი, შენ გააცილე?
– არა, მე არ გამიცილებია, მაგრამ, ხომ ვიცი, რომელ რეისზე ჰქონდა ბილეთი!
– ესე იგი, ნიკუშა წავიდა. ახლა რა მოხდება?
– ჯერ არაფერი, უნდა დაველოდოთ.
– იცი, მგონი, ცუდად ვიქცევით. რომ გთხოვო, არაფერი გააკეთო-მეთქი, რას იზამ?
– მე არაფერს ვაკეთებ, საყვარელო, აბსოლუტურად არაფერს. შენ ხომ არ გგონია, მკვლელებს მივუგზავნი ან ღამით მათ სახლში შევძვრები და სურათს მოვიპარავ? რა სისულელეა!
– სიმართლეს ამბობ?
– თინი, გეყოფა, უკვე ძალიან მანერვიულებ. მოეშვი ნიკუშაზე დარდს და ჩვენს ოჯახს მიხედე.
„ჩვენი ოჯახი“ თინიკოს სმენას სასიამოვნოდ მოელამუნა. მისი წინააღმდეგობა თოვლივით დადნა და ქმარს მკერდზე მიეხუტა.
– როგორ მინდა, ყველაფერი ჩვეულებრივად გვქონდეს. იცი, სხვა მართლა არაფერი მინდა!
– რას ნიშნავს – „ჩვეულებრივად“ – ლევანს გაეცინა.
– მე ვარ ცოლი, შენ – ქმარი. გვყავს შვილი და ერთმანეთთან ჩვეულებრივი, თბილი, ადამიანური ურთიერთობები გვაქვს, ძალიან, ძალიან ადამიანური... მერე კიდევ გვეყოლება შვილი და იმასთანაც ადამიანური ურთიერთობა გვექნება. არ შეიძლება, ჩვენც ისეთივე პრობლემები გვქონდეს, როგორც სხვებს აქვთ?
– კარგი რა, თინი! იცი, სხვებს როგორი პრობლემები აქვთ? – საღამოს იმაზე დარდით წვებიან ლოგინში, დილით რა ჭამონ, ან ფული სად იშოვონ. იმედი მაქვს, ეს არ გინდა და ამას არ გულისხმობდი.
– ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობდი, – წყენით შეხედა თიკამ ქმარს, – მშვენივრად ხვდები და რატომ ცდილობ, ჩერჩეტად გამომიყვანო? მშვიდი ცხოვრება მინდა, მიყვარხარ და არ მინდა, რამე უსიამოვნება შეგემთხვას.
– რა უსიამოვნება უნდა შემემთხვას? კარგი რა, თიკა, საყვარელო, ბოლოს და ბოლოს, ნიკუშა ჩემი ძმაკაცია, მისთვის ცუდს არ მოვინდომებ.
– ვიცი, მაგრამ, რაღაც გაქვს ჩაფიქრებული, გამოხედვაზე გატყობ.
ლევანმა ნაძალადევად გაიცინა და ცოლს თავზე აკოცა.
– ჩემი ფსიქოლოგი!... გეხვეწები, მოვრჩეთ ამაზე. ნიკუშა წავიდა. თუ მოგვენატრება, შეგვიძლია, მასთან სტუმრად ჩავიდეთ. ოღონდ, ცოტა მოგვიანებით. ჯერ ვაცალოთ დედამისთან შერიგება.
– და... თუ ის მაინც ძმაა? – ყოყმანით ჩაილაპარაკა თიკამ.
– ღმერთო, ეს უკვე რაღაც მანიას ჰგავს! თიკა, არ გინდა, მუშაობა დაიწყო? ფიქრისთვის რომ აღარ გეცლება, იქნება, ეგ სისულელეებიც დაივიწყო.
თიკამ თავი გადააქნია:
– არც შენ და არც მამაჩემი არ მოეშვებით იმ მილიონებს. ორივეს გიცნობთ, თანაც, ძალიან კარგად. სანამ მოხვიდოდი, ვფიქრობდი, ბოლომდე რატომ ვერ ვენდობი ჩემს ქმარს-მეთქი...
– არ მენდობი? კი მაგრამ, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ? თინიკო, დამშვიდდი და სამსახურზე იფიქრე.
– სამსახურზე ვიფიქრო? კარგი, ვიფიქრებ, მაგრამ, რა უნდა გავაკეთო?
– მშვენიერი პროფესია გაქვს, სამხატვრო აკადემია ტყუილად დაამთავრე? თუ ფული გინდა, მოგცემ და საკუთარი სადიზაინერო სტუდია გახსენი. რა ვიცი, მოიფიქრე რამე...
– შენ გინდა, მუდამ მოუცლელი, საქმიანი ცოლი გყავდეს?
– მე მინდა, ჩემს ცოლს სისულელეებით არ ჰქონდეს თავი გამოტენილი და ტყუილუბრალოდ არ ნერვიულობდეს, – გაღიზიანდა ლევანი.
– მაშინ, ხომ არ აჯობებს, ბავშვი გავაჩინო? – თქვა უცებ თიკამ.
ლევანი შეკრთა:
– რა თქვი?
– ხომ არ აჯობებს, ბავშვი გავაჩინოთ-მეთქი. ძალიან მინდა შენგან შვილი. რამდენი ხანია, ამაზე ვფიქრობ.
– კარგი, გავაჩინოთ, – უხალისოდ დაეთანხმა ლევანი და მაშინვე სულელურად იხუმრა: – ჩემი მარტო ნებართვა გჭირდება თუ სხვა რამეც უნდა გავაკეთო.
– ლევან, რა მოგდის? ექიმთან უნდა მივიდეთ ორივე.
– ორივე რატომ?
– იმიტომ, რომ მარტო ჩემს მისვლას აზრი არ აქვს, ორივე უნდა გამოგვიკვლიონ.
– გამოსაკვლევი არაფერი გვჭირს, ჯანმრთელები ვართ და შვილიც გვეყოლება.
– ჰო, მაგრამ... ძალიან გაგვიჭიანურდა ეგ ამბავი, – გაჭირვეულდა ქალი.
– თიკა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ძალიან დიდხანს სწორედ შენ იკავებდი თავს ბავშვის გაჩენისგან, – გაღიზიანება დაეტყო ლევანს.
– ვიკავებდი, მაგრამ თითქმის ერთი წელია, აღარაფერს ვსვამ.
– საყვარელო, რამდენი ხანია, ჩვენ მხოლოდ გვძინავს ერთად, – ლევანი ცოლისკენ დაიხარა და ტუჩები შუბლზე შეახო, – ყველაფერი კარგად იქნება, შვილიც გვეყოლება, აი, ნახავ, წამოდი, დავიძინოთ...
***
ნიკუშა პირველად არ იყო პარიზში, მაგრამ, მას შემდეგ იმდენი წელი გავიდა, რომ წარსული ახლა ოდესღაც ნანახ სიზმარს ჰგავდა, მეხსიერებაში ბუნდოვნად ჩარჩენილსა და გაფერმკრთალებულს. მიუხედავად უსიამოვნო მოლოდინისა, ქალაქმა მაინც პირველივე წუთიდან მოხიბლა, მაშინვე როგორც კი საფრანგეთის მიწაზე დადგა ფეხი.
აეროპორტში მძღოლი დახვდათ.
– შენ, ალბათ, გერჩივნა, ტაქსით წავსულიყავით. მაგრამ ზოგჯერ, უბრალოდ, მოვალე ვარ, ეტიკეტი დავიცვა, – მოუბოდიშა ნიკუშას ჟანმა, – თანაც, ჩვენი ავტომობილი ძალიან კომფორტულია. თვითონ ნახავ.
– საბოდიშო არაფერია, მიყვარს კომფორტი, – ნიკუშამ მანქანის კარი გამოაღო.
– მოდი, ჯერ საყიდლებზე წავიდეთ. ვიყიდოთ, რაც გჭირდება და სახლში მერე მივიდეთ. ელენეს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ცოტა გვაგვიანდება.
– სიამოვნებით, – ნიკუშა გაახარა იმის გაგებამ, რომ ელენესთან შეხვედრა კიდევ რამდენიმე საათით გადაიდებოდა.
მძღოლმა ჩუმად მოისმინა ჟანის ბრძანება სავაჭრო ცენტრში წასვლის შესახებ.
– ქალბატონი მოუთმენლად გელით, – თქვა, სანამ გასაღებს გადაატრიალებდა.
– ვიცი და ახლავე დავურეკავ.
– კარგი იქნება, – ჩაილაპარაკა მძღოლმა. ჟანი გააკვირვა მისმა შენიშვნამ.
– რამე მოხდა? – იკითხა დაეჭვებულმა.
– არ ვიცი, მესიე. შეიძლება, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ქალბატონი ძალიან აფორიაქებული მომეჩვენა.
მძღოლს წესიერად დამთავრებულიც არ ჰქონდა ფრაზა, რომ ჟანი უკვე ცოლთან რეკავდა. ნიკუშაც უნებლიეთ დაიძაბა.
– საყვარელო, ჩამოვედით. კარგად ხარ? სავაჭრო ცენტრში ვაპირებდით გავლას. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად არის. ელენე, რა ხდება? გატყობ, რაღაცაზე ნერვიულობ. არა, ახლავე მითხარი! ღმერთო ჩემო, ტირი? რა მოხდა, ელენე? ხომ იცი, ვერ მოვითმენ, სანამ არ მეტყვი!... როგორ? შეუძლებელია! კი მაგრამ, რანაირად?.. არ იტირო... ახლავე მოვალ და ყველაფერს გავარკვევ!.. არ იტირო-მეთქი! არაფერია, გესმის, არაფერი არ მიღირს შენი ცრემლების ფასად... – ჟანმა მობილური გათიშა, – ჩქარა იარე! – უბრძანა მძღოლს.
ნიკუშამ შეშფოთებით შეხედა გაფითრებულ მამინაცვალს.
– რა მოხდა, დედაჩემს რამე მოუვიდა?
– ელენეს – არაფერი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა. ჩვენი სახლი გაუქურდავთ.
– რა?!
– ჰო, ელენემ მითხრა, გაგვძარცვესო. ჯერ არ ვიცი, რა არის დაკარგული და არც მაინტერესებს, სანამ ელენეს არ დავინახავ. შიშის ჟრუანტელი მივლის, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლებოდა, შემთხვეოდა.
ნიკუშამ გაუბედავად შეახო ხელი მუხლზე ჟანს, რომელიც წამში შეიცვალა და სხვა ადამიანად იქცა: თვალები ჩაუსისხლიანდა და თითქოს სხეულიც დაეკუნთა. ნიკუშამ მასში უჩვეულო ძალა იგრძნო და, ამ უცნაური კაცის მიმართ უნებლიეთ, უზომო პატივისცემით განიმსჭვალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში