ქმარმა ცოლს ყელი შვილების თვალწინ გამოჭრა
ზუსტად 9 თვის წინ, 2009 წლის 24 აპრილს, თბილისში, ნაქირავებ ბინაში, შვილების თანდასწრებით, ქმარმა ცოლი დანით მოკლა. შემდეგ ბინა დაუყოვნებლივ დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. თუმცა, გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, რომ ეჭვიანობის ვერსია აბსურდია. მათი თქმით, მკვლელობა ქმრის ლოთობის გამო მოხდა. ის კი არა, მომხდარში ისინი პატრულსაც კი ადანაშაულებენ.
თამაზ კიკლიაშვილს სულ ახლახან თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ის დამნაშავედ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის სცნეს და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ოფიციალური განმარტებაც გაკეთდა, რომელშიც ვკითხულობთ: „თამაზ კიკლიაშვილი და თეა ქვარიანი ქორწინებაში 1992 წლიდან იმყოფებოდნენ. კიკლიაშვილის მხრიდან ალკოჰოლური სასმელების სისტემატურად მიღების გამო, ოჯახში უთანხმოება გაჩნდა, რაც ხშირად თეა ქვარიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდილა. 2009 წლის 23 აპრილის საღამოს, სახლში დაბრუნებულმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თამაზ კიკლიაშვილმა, მეუღლეს ოჯახური თანაცხოვრების ერთად გაგრძელება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნულზე განაწყენებულმა კიკლიაშვილმა, კარადიდან დანა აიღო და მეუღლეს ყელის არეში გამოუსვა. თეა ქვარიანი ადგილზევე გარდაიცვალა, კიკლიაშვილი კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი, ნებაყოფლობით, ბრალის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში“. ასეთია გამოძიებისა და სასამართლოს ბუნდოვანი, მაგრამ ოფიციალური ვერსია.
ნაქირავებ ბინაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები
დაკავებულმა თამაზ კიკლიაშვილმა დანაშაული მაშინვე აღიარა. ჩვენებაში ის აცხადებს: „იმ დღეს მონასტერში წასვლას ვაპირებდი. იქ უნდა დავრჩენილიყავი, რომ რამენაირად მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, განვტვირთულიყავი. თუმცა, ისე არ მინდოდა წასვლა, რომ აქეთ დაულაგებელი ოჯახური ამბები დამეტოვებინა. მე და ჩემი ცოლი ამაზე ვლაპარაკობდით. ნათქვამი, ჰქონდა ერთად ვერ ვიცხოვრებთო და მინდოდა, რამენაირად გული გამეთბო მისთვის. უარი მივიღე... თაროზე დანა იყო, ავიღე და ყელში გამოვუსვი“.
33 წლის თეა ქვარიანი ქმარმა, თამაზ კიკლიაშვილმა ფაქტობრივად, შვილების თანდასწრებით მოკლა. უფრო სწორად, დედის ყვირილზე გაღვიძებული ბავშვები საძინებლიდან მშობლებთან გამოვარდნენ, სადაც შემზარავი სურათი დახვდათ – დედა ყელში იყო დაჭრილი. შვილები მის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა...
საგულისხმოა, რომ მკვლელობა ნაქირავებ ბინაში მოხდა – კიკლიაშვილების ოჯახი წერეთლის 72-ში, 150 დოლარად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი ორი შვილით მათ კორპუსში თითქმის ოთხი წელი ცხოვრობდა. ორივეს – ცოლსაც და ქმარსაც ისინი დადებით პიროვნებად ახასიათებენ.
რა მოხდა ცოლ-ქმარს შორის? ამაზე ზუსტად ვერავინ ვერაფერს ამბობს. მეზობლების ჩვენებით ბოლო დროს თამაზ კიკლიაშვილმა სისტემატური სმა დაიწყო, რის შემდეგაც ცოლს სცემდა.
– ბოლო თვეებია, მათი სახლიდან სულ ჩხუბისა და ყვირილის ხმა გამოდიოდაო – აცხადებენ ისინი.
თამაზ კიკლიაშვილი წარმოშობით ახმეტიდან არის, ხოლო მისი მეუღლე ქუთაისიდან იყო. თუმცა, მრავალი წელია თბილისში ქირით ცხოვრობდნენ – მათი შვილები, 18 წლის გიორგი და მისი და სკოლაში თბილისში სწავლობდნენ.
როგორც მეზობლების ნაამბობიდან ირკვევა, გარდაცვლილმა თეა ქვარიანმა მუშაობა მკვლელობამდე არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაიწყო. მეზობლები ამბობენ – კარგი სამსახური იშოვაო. რაც შეეხება მის მეუღლეს – თამაზ კიკლიაშვილი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომელიც არა მხოლოდ რუსეთში, უცხოეთშიც მოღვაწეობდა. დაკავებამდე კი ის გლდანში მდებარე საფეხბურთო სკოლა „ამერში“ მწვრთნელად მუშაობდა. იმავე სკოლაში დადიოდა მისი შვილი გიორგიც. როგორც ბავშვის მეგობრები ამბობენ, გიორგი არათუ სკოლაში სწავლობდა სანიმუშოდ, ფეხბურთსაც არაჩვეულებრივად თამაშობდა. ეს ყველაფერი კი მშობლების, განსაკუთრებით დედის დამსახურება ყოფილა, რომელიც შვილებს ყველანაირად ეხმარებოდა.
„საუკეთესო ოჯახი“ ასე ახასიათებენ ცოლ-ქმარს. თუმცა, მათ შორის ბოლო დროს ურთიერთობა დაძაბულა. მეტიც, თეა ქვარიანს ადვოკატი აუყვანია და სასამართლოში განქორწინებაზე შეუტანია განცხადება. მეზობლების ვარაუდით, ნათიამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მისი ქმარი ხშირად სვამდა და შემდეგ სცემდა. თუმცა, რატომ შეიცვალა ქმარი ცოლის მიმართ და საერთოდ, რატომ დაიწყო კიკლიაშვილმა სმა, ამას მეზობლები ვერ ხსნიან. მართალია, გამოძიება ამბობს, რომ მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდაო, მაგრამ მეზობლები ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, თამაზ კიკლიაშვილს ცოლთან განქორწინება არ სურდა და სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მოკლა ცოლი.
ლიანა ნაჭყებია – მეზობელი: „ოჯახის შიგნით რა ხდებოდა ვერ გეტყვით. ორი ბავშვი ჰყავდათ, გოგო და ბიჭი. ბიჭი 18 წლისაა, გოგონა მეშვიდე კლასშია. დაჭრილი დედა შვილებს დააკვდა, რადგან მკვლელობისას ისინიც სახლში იყვნენ. ზუსტად რომელ საათზე მოხდა მკვლელობა, ვერ გეტყვით, მაგრამ ღამის პირველი საათი იყო, როდესაც პოლიცია მოვიდა.
ზოგადად, თამაზ კიკლიაშვილი ძალიან კარგი პიროვნება იყო – „ბოდიში“, „მობრძანდით“, უზომოდ თავაზიანი გახლდათ. ისიც ვიცით, რომ თავის დროზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო. ადრე ოჯახს ძალიან უჭირდა, მაგრამ ბოლო დროს, რაც თეამ მუშაობა დაიწყო, ნორმალურად იყვნენ. ამ კორპუსში რომ გადმოვიდნენ, თავიდან ძალიან წყნარ ოჯახად მივიჩნევდით, მაგრამ, ბოლო დროს სულ ჩხუბობდნენ. ამის მიზეზი ის გახდა, რომ თამაზი მუდამ სვამდა და ცოლს სცემდა. როგორც ჩანს, ვეღარ აიტანა თეამ ამდენი ცემა და ქმართან გაცილება გადაწყვიტა. ადვოკატიც დაუქირავებია, მაგრამ ქმარი გაყრის წინააღმდეგი იყო. მეზობლები ვვარაუდობთ, რომ სწორედ ამის ნიადაგზე მოკლა მან ცოლი. თანაც რა საშინლად. თეას რომ უყვირია, ხმაზე ბავშვები გამოვარდნილან ოთახიდან, ცდილობდნენ, დედას დახმარებოდნენ, მაგრამ ვერ უშველეს. ქმარმა კი მას შემდეგ, რაც ცოლს ყელი გამოჭრა, დანა გარეცხა, მაგიდაზე დადო და სახლიდან გავიდა. მეოთხე სართულიდან რომ ჩამოდიოდა, ბავშვებს მამისთვის უყვირიათ – სად მიდიხარო, მაგრამ ის მაინც წავიდა. ამის შემდეგ სასწრაფო და პოლიცია მოვიდა.
გარდაცვლილი თეა ქვარიანი ჩემი შვილის თანატოლი იყო და ხშირად შემოდიოდა ჩემთან. მეუბნებოდა, პრობლემები მაქვსო. აღდგომის წინა დღეებშიც მითხრა, რომ ოჯახური პრობლემები ჰქონდა, რა ვქნაო – მეკითხებოდა, მაგრამ კონკრეტულს არაფერს ამბობდა. როგორც ჩანს, გულში ინახავდა წყენას, ამბობდა, ბავშვები მეზრდება, სირცხვილია, მეგობრები ჰყავთო.
მკვლელობამდე დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ქმარმა ისე სცემა, თეამ პატრულსაც კი გამოუძახა. სთხოვა მათ, რომ მისი ქმარი წაეყვანათ ან რამე ეღონათ. მაგრამ, პატრულს უთქვამს, რომ ამის უფლება არ გვაქვს, რადგან პირველად გამოგვიძახეთ, ასე წაყვანა არ შეიძლებაო. არადა, მაშინ რომ მიეღო პოლიციას ზომები, ეს გოგო ცოცხალი იქნებოდა, ყველაფერი პატრულის ბრალია.
თუმცა, როგორც ვიცით, პატრულის წასვლის შემდეგ, ქმარი შინ დაბრუნებულა და ცოლისთვის უჩხუბია – როგორ გაბედე პოლიციის გამოძახებაო და კიდევ უცემია. ამის შემდეგ თეა ბავშვებიანად ნათესავთან გადავიდა, მაგრამ ქმარმა მოძებნა, იქაც ერთი ამბავი აუტეხა და უკან დააბრუნა.
თეას დედა იტალიაშია. უნდოდა, დედასთან თვითონაც წასულიყო, მაგრამ ქმარს უთქვამს – შენ თუ გინდა წადი, ბავშვებს არ გაგატანო. არადა, თანხმობას თუ არ მისცემდა, ბავშვებს ვერ წაიყვანდა. მეზობლებს ძალიან გვტკივა გული. ნაქირავებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ძალიან გვიყვარდა ეს ოჯახი. არ გვეგონა, ეს ბიჭი თუ ასე მოიქცეოდა...“
თამაზ კიკლიაშვილის ამ საქციელით გაოგნებულები არიან გარდაცვლილის შვილის მეგობრებიც. გარდა იმისა, რომ ისინი ბავშვებთან მეგობრობდნენ, დაკავებული თამაზ კიკლიაშვილი მათი მწვრთნელიც იყო. ბავშვები ამბობენ, რომ ის ძალიან წყნარი ადამიანი იყო და მისგან მსგავს საქციელს ვერ წარმოიდგენდნენ.
იგივე განაცხადა ახალგაზრდული გუნდის „ამერის“ მწვრთნელმა გია ხიზანიშვილმაც: „თამაზი ძალიან წყნარი ადამიანი იყო და ალბათ, დეპრესიული მომენტებიც ჰქონდა. წელიწად-ნახევარია ერთად ვმუშაობთ და ყველასთვის წარმოუდგენელი იყო ის, რაც მან გააკეთა. მართალია, ამბობდა რომ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უფრო ფინანსურ პრობლემებზე საუბრობდა. მისი ბიჭი ჩემთან ვარჯიშობდა. ვიცოდი, რომ ოჯახში არ ჰქონდათ ნორმალური სიტუაცია. ბავშვი არაფერს ამბობდა, მაგრამ გულჩათხრობილი იყო. როცა ვიკითხე, რატომ იყო ბავშვი ასე, მითხრეს, ოჯახში არეული სიტუაცია აქვთო. მაგრამ, თამაზი ამას თუ გააკეთებდა, ვინ წარმოიდგენდა. ბავშვის დედასაც ვიცნობდი, ისიც აკითხავდა ბავშვს თამაშებზე. ბოლოს თამაზი მკვლელობამდე ორი დღით ადრე ვნახე. თამაში გვქონდა და აინტერესებდა, რომელ საათზე იყო დანიშნული. მეორე დღეს კი უკვე ეს ამბავი მოხდა...“
გარდაცვლილი თეა ქვარიანის ნათესავებმა პანაშვიდები ნაქირავებ ბინაში გამართეს თუმცა, მშობლიურ ქუთაისში დაკრძალეს. რაც შეეხება იტალიაში მყოფ დედას, თბილისში ის შვილის მკვლელობის გამო დაბრუნდა.