როგორ მიუსაჯეს 69-წლიანი პატიმრობა ქართველ მზვერავს ამერიკაში
ჩავარდნა
1965 წლის 30 მაისს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ნიუ-იორკში 36 წლის ბრიუს კოენი დააპატიმრეს და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მუშაობის ბრალდება წაუყენეს. ოფიციალური საბუთებით, ბრიუს კოენი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და წვრილმანი ბიზნესმენი იყო – ტყავის ბიზნესს ეწეოდა. სინამდვილეში კი, კოენი, 1929 წელს, ქალაქ თბილისში დაბადებული საბჭოთა მზვერავი თენგიზ რამიშვილი იყო. რამიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1954 წლიდან მუშაობდა. 1963 წლიდან კი, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი იყო და ყველა მნიშვნელოვან ოპერაციას პირად კოორდინაციას უწევდა. რამიშვილი უცოლო, 6 ენის მცოდნე და კარგად კონსპირირებული მზვერავი გახლდათ. ამიტომ, მისი ჩავარდნა თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა, საბჭოთა რეზიდენტი „კაგებეს“ კონტრდაზვერვის პოდპოლკოვნიკმა, 1965 წლის 20 მაისს ამერიკაში გაქცეულმა, არმენ გეორქიანმა გასცა. პოდპოლკოვნიკი გეორქიანი პირადად იცნობდა რამიშვილს, მასთან ძველი ანგარიშები ჰქონდა და პირველი ის დააბეზღა. თუმცა, არც სხვები დაინდო. ყველა საიდუმლო ინფორმაცია „დაფქვა“ და საბჭოთა სადაზვერვო ქსელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ზიანი მიაყენა... მიუხედავად იმისა, რომ გეორქიანი პირზე დაადგა რამიშვილს, მედგარმა ქართველმა საბჭოთა მზვერავმა ყველაფერი უარყო, თავი კოენად გამოაცხადა და გეორქიანს შეშლილი პროვოკატორი უწოდა. ამის შემდეგ კი მშვიდად შეხვდა უზენაესი სასამართლოს განაჩენს, რომელმაც მას 69-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა... ლუბიანკაზე აღშფოთებას ვერ მალავდნენ სადაზვერვო ქსელის ჩავარდნის გამო და არმენ გეორქიანზე ნადირობა გამოცხადდა...
შურისძიება
მიუხედავად იმისა, რომ გეორქიანის სალიკვიდაციოდ „კაგებეს“ საუკეთესო ძალების მობილიზება მოახდინეს, მოღალატე პოდპოლკოვნიკის აღმოჩენა დიდი ხნის განმავლობაში არ ხერხდებოდა. გეორქიანი „ცეერუს“ მფარველობაში გადავიდა და მას სახის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს, ახალი საბუთები დაუმზადეს და ბინით და ფულით უზრუნველყვეს. ამგვარად, გეორქიანი სტივენ ჰოლის საბუთებით ჩიკაგოში ცხოვრობდა და ფეხსაცმლის დასამზადებელ ატელიეს ფლობდა. თუმცა, არალეგალურად „ცეერუსთან“ თანამშრომლობდა და მათ სხვადასხვა კონსულტაციას უწევდა. 43 წლის ყოფილმა პოდპოლკოვნიკმა უსაფრთხოდ სულ რაღაც 11 თვე გაატარა. მასზე მონადირე „კაგებეს“ სპეცაგენტებმა, გეორქიანს 1966 წლის აპრილში მიაგნეს... გარეგნობაშეცვლილი მოღალატის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც „ცეერუში“ შეღწეულ საბჭოთა აგენტს, ეგრეთ წოდებული მოწმეთა დაცვის პროგრამის სია ჩაუვარდა ხელში. ნუსხაში სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს შორის გეორქიანიც ფიგურირებდა. დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო. 1966 წლის 18 აპრილს, ჩიკაგოში მდებარე ფეხსაცმლის სამკერვალოში ახალგაზრდა კაცი შევიდა, მეპატრონე სტივენ ჰოლს (გეორქიანს) ეახლა და 3 წყვილი ფეხსაცმელი შეუკვეთა. შემდეგ მშვიდად წავიდა და ჰოლისგან შეუმჩნევლად, მისი თითების ანაბეჭდებიც თან გაიყოლა, რომელიც ჰოლიმ ვისკის ჭიქაზე დატოვა... მეორე დღეს 3 წყვილი ფეხსაცმლის შემკვეთი ახალგაზრდა (სინამდვილეში საბჭოთა სპეცაგენტი) დარწმუნდა რა, რომ ჰოლის და გეორქიანის თითის ანაბეჭდები იდენტური იყო, მოღალატის ლიკვიდაციის ოპერაციის მზადებას შეუდგა... მიუხედავად იმისა, რომ 3 წყვილი ფეხსაცმელი 28 აპრილისთვის უნდა დაემზადებინათ, შემკვეთი მეორე დღესაც ესტუმრა ჰოლის. შემკვეთს თან შეფუთული ყუთი ჰქონდა და შეფის კაბინეტში რომ შევიდა, მაგიდაზე დადო. მოულოდნელად მან ჰოლის სახეში სპეციალური სითხე შეასხურა და გათიშა. შემდეგ დააბა, პირში ჩოგბურთის ბურთი ჩასჩარა და რომ გამოფხიზლდა, უთხრა:
– მე განაჩენის აღსასრულებლად ვარ აქ. თქვენ საბჭოთა კავშირის მოღალატე ხართ და ხალხისგან სიკვდილი გაქვთ მისჯილი.
ჰოლი გეორქიანი შიშჩამდგარი, გაფართოებული თვალებით უცქერდა ახალგაზრდას და თავის გათავისუფლებას ამაოდ ცდილობდა. „კაგებეს“ სპეცაგენტმა მოღალატეს მშვიდად წაუკითხა განაჩენი, შემდეგ ყუთი გახსნა, იქიდან სპეციალურად ამ ოპერაციისთვის დამზადებული, სწრაფად აალებადი სითხე ამოიღო და გეორქიანს გადაასხა. ბოლოს კი ანთებული ასანთი ესროლა და მშვიდად დატოვა იქაურობა... ყოფილი საბჭოთა პოდპოლკოვნიკი, არმენ გეორქიანი ჩიკაგოს ცენტრში მდებარე სახელოსნოში ჩაიფერფლა. „ცეერუს“ მესვეურებს არ გასჭირვებიათ იმის მიხვედრა, რომ ეს შურისძიების აქტი იყო.
P. S. თენგიზ რამიშვილმა ამერიკის ციხეში 9 წელი გაატარა და „ცეერუს“ არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მათთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რამიშვილი და 6 საბჭოთა მზვერავი, 1974 წლის მაისში 7 ამერიკელ მზვერავში გაცვალეს. ისინი საბჭოთა დაზვერვამ მოსკოვში, ლენინგრადსა და თბილისში დააპატიმრა. რამიშვილს გამოჩენილი მამაცობისთვის პოლკოვნიკის ჩინი და ლენინის ორდენი გადასცეს...